პავლიკ მოროზოვის საქციელის საუკუნეობრივი მეტამორფოზა – ხალხის ბრბოდ გადაქცევის სინდრომი

860 წაკითხვა

გასული საუკუნის 50-იანი წლების ბავშვებისათვის პავლიკ მოროზოვი იყო გმირი. როგორც გვასწავლიდნენ, როდესაც მან ნახა, რომ მისი თანატოლები შიმშილით იხოცებოდნენ, აცნობა ხელისუფლებას, თუ მამამისი სად მალავდა ჭარბ ხორბალს. მამას ხორბალი ჩამოართვეს, გაუნაწილეს მოსახლეობას და ბავშვები შიმშილით სიკვდილს გადაარჩინეს. პავლიკს ეს რაიმე გამორჩენის მიზნით ან ფულადი ჯილდოსთვის არ გაუკეთებია (ბუნებრივია, არც მამისთვის ზიანის მიყენება სურდა), მან ეს ჩაიდინა უანგაროდ, ნებისმიერი ნორმალური, მართლმადიდებლური სულისკვეთებით აღზრდილი ადამიანის მორალური და ზნეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე.

80-იანი წლების ბოლოს, როდესაც საზოგადოებაში ლიბერალურმა სენმა შემოაღწია, დაიწყეს კომუნისტების ლანძღვა, რომ ისინი ახალგაზრდებს პავლიკ მოროზოვის იდეოლოგიით, დამბეზღებლებად ზრდიდნენ – მამა დააბეზღაო, გაიძახოდნენ. მოტივი, რომ მან ეს უანგაროდ, თანატოლების შიმშილით სიკვდილისგან გადასარჩენად გააკეთა, არავის ესმოდა.

მაშინ პირველად შევნიშნე, ჩემდა სამწუხაროდ, ხალხის ბრბოდ გადაქცევის სინდრომი; როდესაც ხალხის დიდი ჯგუფი ავანტურისტულ მოწოდებებს აჰყვება, ამ ხალხს აკლდება საღად განსჯის უნარი.

ეს ისტორია თითქმის დავიწყებული მქონდა, როდესაც ვნახე რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტი. იგი ეხებოდა შეერთებულ შტატებში ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის ფაქტს და ახალი ადმინისტრაციის მიერ დამნაშავეთა გამოსავლენად დაწესებულ ფულად ჯილდოს. აჩვენეს 15-16 წლის გოგო და ბიჭი, რომლებიც ამაყად აცხადებდნენ, რომ მშობლების დაბეზღებისათვის მიღებული ფულადი ჯილდოთი მოაგვარეს თავიანთი სწავლის დაფინანსების საკითხი (შედარებისთვის: პავლიკი, როგორც მახსოვს, 11 წლის იყო, როდესაც გადამალული ჭარბი ხორბლის შესახებ აცნობა სახელმწიფოს).

სიუჟეტის კომენტირებისას წამყვანმა გვამცნო, რომ თურმე ამერიკელებსაც ჰყოლიათ თავიანთი „პავლიკ მოროზოვები“. ჩემი აზრით, ჩამოყალიბებულ არამზადებთან მოზარდი პავლიკის ერთ კონტექსტში მოხსენიება და მათი საქციელის გაიგივება, არა მარტო პავლიკ მოროზოვის, არამედ ზოგადად, მორალის და ზნეობის შეურაცხყოფაცაა.

თითქოს და, შევეჩვიეთ ორმაგ სტანდარტებს. იგი უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ საღ ლოგიკაში არ ჯდება, რისთვის დასჭირდა რუსეთის ცენტრალურ ტელევიზიას ამერიკელი ყმაწვილების მიერ, ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ, მშობლების დაბეზღების ფაქტის გაიგივება პავლიკ მოროზოვის მიერ შიმშილით მომაკვდავი ბავშვების გადასარჩენად ჩადენილ უანგარო საქციელთან?!

განა შეიძლება, მართლმადიდებლური ტრადიციებითა და მორალით აღზრდილი ბავშვის უანგარო ქმედება გავაიგივოთ იმ ყმაწვილების ანგარებიან საქციელთან, რომლებიც ეგოისტური სულისკვეთებით აღიზარდნენ საზოგადოებაში, სადაც უპირველესი ხატი ფულია და მორალსაც და ზნეობასაც იგი განაპირობებს?!

ჩემთვის აღნიშნული სიუჟეტი რუსული სახელმწიფოს სხეულში ლიბერალური პარაზიტის შეღწევის პირველი გამოვლინებაა. პარაზიტი და სარეველა გადამდებია, იგი სწრაფად ვრცელდება, მის აღმოსაფხვრელად სასწრაფო თერაპიული მკურნალობაა საჭირო. მჯერა, რომ დიდი რუსი ხალხი დროზე გააცნობერებს შექმნილ ვითარებას და ქირურგიული ჩარევის გარეშე მოიშორებს ამ დაავადებებს.

მერწმუნეთ: დაბეზღება, ტერორი და სხვა მრავალი უბედურება ლიბერალებმა ისეთი იციან, ნორმალურ ადამიანს წარმოდგენაც კი გაუჭირდება.

 ტარიელ სუხიაშვილი

Next Post

„ამირან გამყრელიძის გათავისუფლების საკითხი განიხილება“ – სერგო ჩიხლაძე

ორშ მარ 1 , 2021
860 წაკითხვასტრატეგია აღმაშენებელის ერთერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება განიხილება.  მან ფორმულას განუცხადა, რომ კულუარული ინფორმაცია უკვე 1 კვირაა, აქვთ. „განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა, ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული. გადაწყვეტილია თუ არა, არ […]