რას უმალავს ქართულ საზოგადოებას ევროკავშირის  დიპლომატი კაუპო კენდი?

1,441 წაკითხვა

დიპლომატიურ პრაქტიკაში იშვიათობაა, რომ უცხოელმა დიპლომატმა ადგილსამყოფელ ქვეყანაში 3 წელიწადზე მეტი ხანი დაჰყოს, ვინაიდან მოქმედებს როტაციის პრინციპი, რომელიც დიპლომატიური კადრების შეცვლას ითვალისწინებს გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს პერიოდი კი, როგორც წესი, 3-წლიან ვადას შეადგენს. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები, თანაც საკმაოდ ბევრი. მაგრამ, ძალიან დიდი იშვიათობაა, რომ ერთი და იგივე უცხოელი დიპლომატი ადგილსამყოფელ ქვეყანაში 15 წელიწადი და მეტიც მუშაობდეს, თუნდაც სხვადასხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის რანგში.

სწორედ ასეთი იშვიათი გამონაკლისია წარმოშობით ესტონელი კაუპო კანდი თუ კენდი (Kaupo Känd), რომელიც საქართველოში ადრეული 2000-იანი წლებიდან არის მოვლინებული, როგორც ევროკავშირის დიპლომატი. მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში, სადაც ასრულებდა ანალიტიკოსის და პროპაგანდისტის ფუნქციებს, ჩართული იყო შიდა ქართლში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში, ასევე გახდა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის – პიტერ სემნების პოლიტიკური მრჩეველი და ა. შ.   2016 წლიდან არის ჰააგის საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს (ICC) თბილისის ოფისის ხელმძღვანელი და ამ სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, ადმინისტრაციულ დახმარებას აღმოუჩენდა 2008 წლის აგვისტოს ომის ცალკეული ეპიზოდების გამოძიებაში.

პარალელურად, ბ-ნი კანდი ბოლო დრომდე კითხულობს საჯარო ლექციებს.

ძირითადი, ფილოსოფოსის განათლება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული, სადოქტორო ნაშრომი ინგლისში მოამზადა, აქვს სამეცნიერო ხარისხი. არის დახვეწილი, ინტელიგენტი ადამიანი.

ასეთი დიპლომატის „ჩარჩენა“ საქართველოში ცოტა უცნაურია. როგორც ვთქვით, ეს დიდი გამონაკლისია და გარკვეულ ეჭვებს ბადებს. დიახ, ასე მხოლოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შეუძლიათ მუშაობა, თუმცა მათთვისაც ბევრია 15 წელი. მაგრამ საქართველოში ხომ ყველაფერია შესაძლებელი!

ბ-ნი კაუპოს „აგენტობას“ არ ვამტკიცებთ, მაგრამ გონივრულ ვარაუდს გამოვხატავთ, მით უმეტეს, რომ ესტონელმა რადიო „თავისუფალი ევროპის“ და „თავისუფლების“ ჟურნალისტობაც მოასწრო – ვისი „კანტორაა“ ეს რადიოსადგურები, ადრე თუ არ ვიცოდით, ახლა მაინც ვიცით.

კ. კანდის კავშირები აშშ და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან დიდი არაფერი ბედენაა თავისთავად, ვინაიდან საქართველო ისედაც გადავსებულია ათასი ჯურის მზვერავითა და ჯაშუშით, მაგრამ საქმე ეხება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს (ICC)-ს, რომელსაც აშშ არ აღიარებს და ამერიკელი მზვერავებისა და ჯაშუშების ყოფილმა თავკაცმა, უკვე სახელმწიფო მდივნის რანგში, მაიკ პომპეომ, ამ ორგანიზაციაზე და, კერძოდ, მის პროკურორზე, ფატუ ბენსუდაზე, გააფთრებული დიპლომატიური იერიში მიიტანა. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გათვალა, რომ თავისი ბატონი, ამერიკა, ასე მძაფრად დაუპირისპირდებოდა ჰააგის სასამართლოსა და მის ჩინოვნიკებს (არადა, ეს გასაგებია, რადგან ამერიკელი სამხედროები უხვად სჩადიან არაადამიანურ დანაშაულებებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში და ჰააგა მათთვის შესაფერისი „წამალი“ იქნებოდა), თორემ ალბათ საერთოდ უარს იტყოდა ამ სასამართლოსთან თანამშრომლობაზე. ბუნებრივია, ამერიკელებსაც აქვთ თავიანთი ხელი ჩაყოფილი ეგრეთ წოდებულ გამოძიებაში, რომელსაც კაუპო კანდისნაირი „ნეიტრალური“ პაიკები აწარმოებენ. შესაბამისად, ეს ხალხი ამერიკის ინტერესებს განახორციელებს და არა ობიექტურობის ინტერესებს (საქართველოს ინტერესებზე ხომ ისედაც ზედმეტია საუბარი).

ამერიკელებს არ აძლევთ ხელს ICC-ის მიერ ნეიტრალურად და წარმატებით ჩატარებული გამოძიება, რადგან სასამართლოს წარმატება მათ ინტერესებს აყენებს ზიანს. შესაბამისად, ისინი შეეცდებიან, გამოძიება დასრულდეს წარუმატებლად. ჩვენთვის უკეთეს შემთხვევაში, ჰააგის სასამართლო თავის დასკვნაში წყალ-წყალა ფორმულირებებით დაკმაყოფილდება და შეეცდება, ჯოხი უმნიშვნელო პირებზე გადატეხოს, უარეს შემთხვევაში კი ახალი გამწვავების პროვოცირებას მოახდენს საქართველოსა და რუსეთს შორის, სკანდალის ასაგორებლად.

ეს ჩვენი დასკვნაა და მკითხველს არ ვახვევთ თავს. „საქართველო და მსოფლიომ“ უკვე მისცა ტრიბუნა საქმეში ჩახედულ პიროვნებას – ნიკა ჯეირანაშვილს და მასთან ინტერვიუ ყოველგვარი კომენტარის გარეშე გამოაქვეყნა. ასეთ მეორე პიროვნებად კაუპო კანდი გვინდოდა მოგვეწვია. პატივცემულს შესაბამისი კითხვებიც გავუგზავნეთ ინგლისურ ენაზე (რუსული ვითომ არ იცის). თავიდან თავაზიანად გვიპასუხა და ინტერვიუზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ მალევე, როდესაც კითხვები წაიკითხა, „დაგვეკარგა“. აშკარაა, რომ ამ კაცს ქართველებზე ცუდი შეხედულება აქვს, რადგან იგი ძირითადად მლიქვნელების და მონების წრეში ტრიალებს, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა – საქმიანი, არამაამებელი კითხვები კი მწვავედ აღიქვა. თუმცა თავად მკითხველმა განსაჯოს – ვაქვეყნებთ ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლის მიერ პასუხგაუცემლად დატოვებულ კითხვებს:

თქვენ საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით. როგორ შეაფასებთ თავად – რამდენად კარგად იცნობთ საქართველოს, ქართველებს?

გქონდათ თუ არა შესაძლებლობა, შეხვედროდით ცხინვალის რეგიონის ოსებს? რამდენად მნიშვნელოვანია ეს გარემოება თქვენი უშუალო საქმიანობისთვის, როგორც საქართველოში ICC ოფისის ხელმძღვანელისთვის?

რამდენად გადამწყვეტია თქვენი პოზიცია ICC-ის მიერ 2008 წლის ომის გამოძებაში?

საქართველო პირველი ქვეყანაა აფრიკის კონტინენტის მიღმა, რომელთან დაკავშირებითაც ICC -მ ჩაატარა გამოძიება. რამდენად კვალიფიციურად ჩატარდა გამოძიება და რამდენად წონიანი იქნება სასამართლოსთვის საქართველოში შეგროვილი ფაქტები?

ახლა უკვე ICC -ის ყოფილი პროკურორი ფატუ ბენსუდა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გამოძიებაში. მაგრამ მას მძაფრად აკრიტიკებდა ვაშინგტონი, რომელიც არ აღიარებს სასამართლოს უფლებამოსილებას. საქართველო, თავის მხრივ, მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-სთან. თქვენი აზრით, რამდენად ახდენდა ეს გარემოება გავლენას გამოძიებაზე და რამდენად მოახდენს გავლენას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე?

როგორც ცნობილია, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა, შესაძლოა, გამოიყენეს კასეტური ბომბები. აქვს თუ არა ICC -ს უფლება, მოითხოვოს დამნაშავეების (ქართველი პოლიტიკოსების და სამხედროების) დასჯა?

რუსეთი არ აღიარებს ICC -ს, მაგრამ მაინც თანამშრომლობდა გამოძიებასთან. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტი?

ამა წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომის მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი ვერდიქტი გამოაცხადა. საქართველო და რუსეთი ამ გადაწყვეტილებას საკუთარ ინტერპრეტაციას უკეთებენ. ფაქტია, რომ სასამართლომ ადამიანის უფლებების დარღვევა აღიარა 160 კონკრეტულ შემთხვევაში. სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება რამდენად მოახდენს ჰააგის გადაწყვეტილებაზე გავლენას?

ეკა ნასყიდაშვილი

Next Post

„რა არის ეს? ადამიანის სიცოცხლით მანიპულირება?“ - ხათუნა ხოფერია

ხუთ მარ 4 , 2021
1,441 წაკითხვახათუნა ხოფერიას გამოხმაურება რუსულ ვაქციანის საქართველოში შესაძლო შემოტანასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზსა და ამ საკითხზე თენგიზ ცერცვაძის კომენტარზე. ,,რუსული ვაქცინა კარგიც რომ იყოს, მისი შემოტანა პოლიტიკურად მიუღებელია –  თენგიზ ცერცვაძე რა არის ეს? ტრენდული პატროტიზმი თუ ადამიანის სიცოცხლით მანიპულირება? თუ ასეა, ნუ გამოიყენებთ ელექტრომაგნიტურ ტალღებს-ის პოპოვმა დანერგა პრაქტიკულ გამოყენებაში შეაფურთხეთ ბოტკინს, მან ხომ პირველმა აღმოაჩინა ვირუსული ჰეპატიტი(А). ჩამოართვით ნობელის პრემია […]

შესაძლოა მოგეწონოთ