„ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კანონისთვის თავის არიდების საშუალება არავის მიეცემა.
„ჩვენ ვართ და ვიქნებით ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში. არავის მიეცემა საშუალება, რომ კანონს თავი აარიდონ და არასწორად იმოქმედონ. ზოგადად სისტემა, რომელიც ჩვენი მხრიდან არის დანერგილი, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ეფექტურად მუშაობს და რა თქმა უნდა, ეს შედეგი სამწუხაროა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა უწყების თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, კანონის ფარგლებში იმოქმედონ.
„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები, ეს კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ყველა იყოს ძალიან ყურადღებით და იმოქმედონ კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.