პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძის ღია წერილი ხელისუფლებას

2,104 წაკითხვა

სამხდერო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე, სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს. წერილის ადრესატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, გენერალური პროკურატურა და სახალხო დამცველია.  თავდგირიძე ხელისუფლებას იმ საქმეების გადახედვას და დამნაშავეების დასჯას სთხოვს, ვინც მისი ოჯახის მიმართ  წლების მანძილზე ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ხელისუფლებას, რატომღაც სხვა უამრავ საქმესთან ერთად, ეს საქმეც თაროზე აქვს შემოდებული, ხოლო დამნაშავე პირები დღემდე დაუსჯელები არიან. როგორც წერილშია აღნიშნული, იმ ადამიანებიდან ზოგი დღესაც სხვადასხვა თანამდებობებზეა, ზოგიც პოლიტიკაში.

„ვარ ომის ვეტერანი, რეზერვის პოლკოვნიკი, ღირსების ორდენის კავალერი. 1991 წლიდან ვიყავი საქართველოს შეიარაღებული ძალებში. გარდა საომარი მოქმედებებისა ვმონაწილეობდი ქართული არმიის მშენებლობაშიც, როგორც სამეთაურო რგოლის ოფიცერი, აგრეთვე რიგ მნიშვნელოვან რეფორმებში.

2005 წელს გამანთავისუფლეს თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორის თანამდებობიდან და დამითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან, მიზეზი თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრთან აკადემიის მომავალზე განსხვავებული მოსაზრებები. ჩემი დათხოვნის შემდეგ აკადემიში დაიხურა, ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე საერთაშორისო პროექტი, ხოლო აკადემიის კურსანტები, რამდენიმე ასეული ახალგაზრდა ქუჩაში აღმოჩნდა. არსებულ პრობლემებზე ღიად გამოთქმული პროტესტისა და ოქრუაშვილის კრიტიკის გამო, იმჟამინდელი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურის, ი.ოქრუაშვილისა და მმართველი პარტიის დაკვეთით, 2006 წლის სექტემბერში, ცრუ ბრალდებით დამაკავეს და აღმოვჩნდი საპყრობილეში. სახელმწიფო ორგანოები, დაკავების პროცესში, მოქმედებდა როგორც ბანდიტური ჯგუფი, ჰქონდათ ჩემი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის გატაცების მცდელობა, სავარაუდოდ ჩემზე ზეწოლის მიზნით.
2008 წლის ივნის-ივლისში, დაძაბული პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს

მოყვა, გადაიზარდა ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. მმართველი პარტიის ორგანიზებით, ჩემზე განხორციელდა თავდასხმა, „არმატურებით“ შეიარაღებულმა ჯგუფი ფიზიკურად გამისწორდა. თავდასხმას შემთხვევით გადაურჩა ჩემი ოჯახის წევრები. თავდასხმა ორგანიზებული იყო მმართველი პარტიის მიერ და სამართაალდამცავი სტრუქტურების გამოყენებით, ამაზე მეტყველებს ის, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა მინიმუმ ცხრა ოპერატიული მანქანა. შემთხვევა მოხდა ორშაბათ დღეს, ინტენსიური მოძრაობის პერიოდში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დიდუბის ხიდთან. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მეორე დღესვე, დიდუბის ხიდის სათვალთვალო კამერა მოიხსნა და გაქრა. ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური ანგარიშსწორება დღემდე გამოუძიებელია.

ამ ყველაფერზე არ გავამახვილებდი ყურადღებას, რომ არა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ეს პროცესი დღემდე არ დამთავრებულა, ის ადამიანები რომელიც საფრთხეში აგდებდნენ ჩემ და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, უკვეთავდნენ ან ასრულებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს, დღესაც თანამდებობას ინარჩუნებენ ან კვლავ პოლიტიკაში არიან და იბრძვიან ძალაუფლების დასაბრუნებლად. მათვის, გამოუძიებლად და ჯერ კიდევ რეაგირების გარეშე დარჩენილი ჩემი საქმეები დამოკლეს მახვილივითაა. მათ მიერ ამ სფეროში ჩადენილი დანაშაულების მხილება და ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული კრიმინალური ქმედებებზე საუბარი შეიძლება დაბრკოლება აღმოჩნდეს მათვის, ძალაუფლებისკენ მიმავალ გზაზე.

ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო, მინდა გთხოვოთ, კანონის ფარგლებში, აღმომიჩინოთ დახმარება სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის საკითხში. ვითვალისწინებ, რომ დღევანდელი კანონმდებლობით, განაჩენის გადახედვა შეუძლებელია, ახლად გამოვლენილი გარემოებების აღმოჩენის გარეშე. მაგრამ, ჩემი დევნის საქმის გამოძიების დაწყების შემთხვევაში ( ჯერ კიდე 2014 წელს მივმართე პროკურატურას და იუსტიციის სამინისტროს) უამრავი ასეთი ახალი გარემოება გამოვლინდება.
ასევე, შესაძლებელია ჩემზე თავდასხმის სწრაფად გამოძიებაც, რაკი, სავარაუდოდ მასში იმდროინდელი სახელმწიფო უწყებების რამდენიმე სამსახური მონაწილეობდა. გამოძიების გააქტიურების შემთხვევაში, მათვის აზრს დაკარგავს ჩემ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ფარული მოქმედება.

ვფიქრობ სახელმწიფო ისევე უნდა იყოს ამ საქმეების გამოძიებით დაინტერესებული, როგორც მე, რაკი დანაშაულის გამოვლენასა და დამნაშავეების დასჯის, თავისი პირდაპირი ფუნქციის შესრულების გარდა, ამით მომავალ სავარაუდო დანაშაულების პრევენციასაც მოახდენს. ასევე დაინტერესებული უნდა იყოს მმართველი პარტიაც, რომელიც ამ მიმართულებით თანმიმდევრული და ეფექტიანი ნაბიჯების გატარებით უზრუნველყოფს პოლიტიკური პროცესების გაწმენდას და განთავისუფლებას კრიმინალური მეთოდებისა და ინსტრუმენტებისაგან. დაინტერესებული უნდა იყოს საპარლამენტო უმცირესობაც, რომელიც ამ ქმედებების ინსპირატორი იყო სახელმწიფო სათავეში ყოფნის დროს, თუ მათ მიერ გადაცდომებზე საუბარი, ნამდვილად არის შეცდომების მონანიებისა და კრიმინალური „შლეიფების“ მოშორების სურვილი.
სახელმწიფოში, რომელშიც დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტულ ეროვნულ ინტერესის სფეროს განეკუთვნება, ამ სიკეთით სარგებლობა ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს, მითუმეტეს თუ ამ მოქალაქის შევიწროვების მიზეზი სწორედ დემოკრატიისთვის და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლო იყო.

პატივისცემით, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე
2019 წლის 22 სექტემბერი.
ქალაქი თბილისი.

Next Post

დიდი სამამულო ომის მონუმენტთან მისასვლელ ბილიკზე ახალი საფლავის გაჭრა იგეგმება

კვი სექ 22 , 2019
2,104 წაკითხვაევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე, ქალაქ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს და ვეტერანთა სამსახურის ხელმძღვანელს, ვლადიმერ იმნაძეს მიმართავს. „მედიაპრესი“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: ქალაქ ბათუმის მერს – ბატონ ლაშა კომახიძეს ასლი – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს, გენერალ ვლადიმერ იმნაძეს ბატონო ლაშა, ჩვენი ორგანიზაცია დაკავებულია ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვით და დიდ სამამულო ომთან დაკავშირებული ისტორიული მემკვიდრეობის მოვლა-შენარჩუნებით. ბათუმელი აქტივისტების მხრიდან […]