რამდენად რთული მდგომარეობაა კულტურაში, რატომ ადარებენ მინისტრ თეა წულუკიანს ბერიას და ჩანს თუ არა ცენზურის ნიშნები კულტურის მინისტრის განცხადებებში? – ამ საკითხების ირგვლივ ვესაუბრებით მე–9 მოწვევის პარლამენტის წევრს, რეჟისორ ნუკრი ქანთარიას.
–ბატონო ნუკრი, რა შეიცვალა ხელისუფლების მიდგომაში და რამ განაპირობა ამ ეტაპზე კულტურის სამინისტროს განათლების სამინისტროსგან გამოყოფა? თქვენ მუდმივად აცხადებდით, რომ გაერთიანებულ სამინისტროში კულტურა გერის როლში იყო.
– გაერთიანება მცირე მთავრობის ცდუნებით თუ ეგიდით, ძალიან ადვილი პროცესი იყო, რადგან სამი დარგი შეაერთეს ერთმანეთს განათლება, კულტურა, სპორტი და მერე ახალგაზრდობა, მგონი, კანცელარიაში გადაიტანეს. მაგრამ ახლა მისი თავიდან ჩამოყალიბება, მექანიკურად გაყოფა და ისევ იმ სტანდარტზე დაბრუნება, უკვე ადვილი აღარ არის. ამას სერიოზული ძალისხმევა სჭირდება, რადგან თავი უამრავმა პრობლემამ მოიყარა. პირველი, რის გამოც ამ გაერთიანების წინააღმდეგი ვიყავი, იყო ის, რომ ამ დიდ ოკეანეში, რაც განათლება, მეცნიერება, ზოგადი განათლებაა, შეუძლებელი იქნებოდა კულტურას შესაფერისი ყურადღება მიქცეოდა და ასეც მოხდა. გვიან, მაგრამ მაინც ძალიან თვალსაჩინო გახდა, რომ გაერთიანება შეცდომა იყო და კულტურა გამოეყო. ის, რომ პარლამენტში კულტურის კომიტეტი ცალკე შეიქმნა, ესეც ძალიან კარგია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთგვარი ყურადღების ხაზგასმაა, რასაც ასევე რვა წელი ვამბობდი და დაჟინებთ ვითხოვდი.
ითქვა, რომ თეა წულუკიანისთვის შეიქმნა კულტურის სამინისტრო.
– ასეთი რამ ფიქრადაც არ მომდის, რომ კონკრეტული ადამიანისთვის შექმნილიყო სამინისტრო.
წულუკიანის მენეჯერული თვისებები ცნობილია, თუმცა მას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ბერიასაც კი შეადარეს და ცენზურის მცდელობად შეაფასეს მისი გამონათქვამი.
– ეს სრულად ცალმხრივი, მართული პროცესია. გარკვეული პოლიტიკური სიბრტყიდან არის დანახული და არა ხელოვნების პრიზმიდან. რადან წულუკიანი ერთ–ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი და „ოცნების“ სახეა, მის წინააღმდეგ ხელოვნურად აგორდა ტალახი. მის კომენტარებზე აუცილებლად აჟიოტაჟი უნდა ატეხილიყო და იქაც რაც ითქვა – შედარება ბერიასთან, 37 წელთან, ცენზურა, ძერჟინსკი, დასახვრეტთა სიის გაკეთება და ა. შ., ვიღაც რომ გაგულადდა იქ და თქვა, მე არ მეშინია, ეს ყველაფერი არის ძალიან უსუსური მცდელობები. მინისტრის მხრიდან სულ სხვა რამ ითქვა, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები. თუ სპეკტაკლში იქნება კრიტიკა, თუნდაც უკიდურესად შემაშფოთებელი, ამას რა თქმა უნდა, არავინ შეეხება. მაგრამ თუ ვინმე ხელს შეუშლის შემოქმედებით პროცესს, სამინისტრო როგორც შემოქმედების ხელის შემწყობი, ვალდებულია ჩაერიოს და ეს ცენზურას არ ნიშნავს.
ელოდებით, რომ კულტურაში საბოტაჟის ფაქტები იქნება?
– შეიძლება იყოს. აქაც არიან წინა ხელისუფლების მეხოტბეები და მათ არავინ უშლის აზრის გამოთქმას. მე, მაგალითად, აკრძალული მქონდა სპეკტაკლების დადგმა და ვერცერთი თეატრი ვერ ბედავდა, რომ მივეწვიე. უნივერსიტეტში ლექციებსაც რომ ვატარებდი, ვიცი, რომ რამდენჯერმე რექტორსაც გაუგზავნეს შეტყობინება, უნივერსიტეტის გარეთ დავეტოვებინე, როგორც ოპოზიციონერი. მაგრამ მაშინდელმა რექტორმა, როგორც მერე გავიგე, დაარწმუნა, რომ ეს არ გაეკეთებინათ.
კულტურის სფეროსთვის წულუკიანი უცხო სხეული არ არის?
კულტურის მინისტრი ხომ ვერ ასწავლის ვერც მხატვარს, ვერც მსახიობს რეპეტიციის პროცესს?!. მან უნდა გარემო შექმნას, საკანონმდებლო ბაზა. თქვა, რომ კულტურის კოდექსს შექმნის. გეზი ეს უნდა იყოს – ნიჭს უნდა მისცეს ფართო გზა. სამინისტრო ხელის შემწყობი უნდა იყოს და თანხა, რომელიც უწყებიდან მიდის, სამართლიანად იყოს განაწილებული. თანხას, რომელსაც სახელმწიფო აძლევს, უნდა გაუწიოს კონტროლი – რა შედეგი დადგა, რა ხარისხში დაიხარჯა და რისთვის, რა მისცა მან სფეროს. ასევე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გეზი, ფული რაში უნდა დახარჯოს. სამი–ოთხი სპეკტაკლის დადგმის თანხა მაინც უნდა ჰქონდეს თეატრს. მთავარია, რა შეიქმნება და რამდენად იქნება ფასეული.
დაბოლოს, წულუკიანის წინააღმდეგ ამხელა ტალღა იმიტომ წამოვიდა, რომ ძლიერ პიროვნებას ხედავენ თუ უბრალოდ, ფიქრობენ, რომ სფეროში მასობრივი წმენდა დაიწყება და ეს გარკვეული პრევენციაა?
– ისევ ვამბობ, საბოტაჟის ნიშნები თუ გამოჩნდა სადმე სტრუქტურებში და ა.შ, წმენდა კი არ უნდა დაიწყოს, არამედ სისტემა უნდა დალაგდეს, სფერო. თუ ვიღაც გასათავისუფლებელია, თუ ის ამ პროცესს ხელს უშლის, ის მოედნიდან უნდა გავიდეს. თეას მიმართ იმიტომაა ეს დამოკიდებულება, რომ ის მუდმივად გამოირჩევა თავისი პრინციპული არა მარტო მიდგომით, არამედ ლექსიკითაც; მეორე, რადგან ის „ოცნების“ სახეა, ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა ჩათვალეს, რომ ახლა დრო მოვიდა, მივესიოთო. თეას შეუძლია პასუხისმგებლობის აღება გადაწყვეტილებების მიღების დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრი სწორედ ამით უნდა გამოირჩეოდეს, რომ შეუძლია პირადი პასუხისმგებლობის აღება. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. იმედი მაქვს, მისი სამინისტროში მოღვაწეობა წარმატებული იქნება.