„გამარჯვება რუსეთზე – შარვლების ჩახდისა და უკანალების ჩვენებაც კი აღარ გახდა საჭირო“

1,078 წაკითხვა

ნანა კაკაბაძის გამოხმაურება ვლადიმერ პოზნერის სტუმრობაზე, გამართულ აქციებზე და განვითარებულ მოვლენებზე:

„გამარჯვება რუსეთზე (აბა რა ეგონათ?!)
მამაცი ქართველი პატრიოტები რუსეთზე გამარჯვებას ზეიმობენ! საქართველოში შემოჭრილი ოკუპანტთა 50-კაციანი რაზმი ქვეყნიდან გაძევებულია! ვაშააააა… თანაც, ამისთვის მამაცი ქართველი პატრიოტებისთვის საკმარისი აღმოჩნდა გულზე მჯიღის ცემა, ქართულ-რუსული ბილწსიტყვაობა, სასტვენები, საქართველოს ჰიმნის სიმღერა და კვერცხების სროლა. ისე მოვიპოვეთ სრული გამარჯვება მტერზე, რომ მამაცი პატრიოტების ყველაზე მრისხანე იარაღის – შარვლების ჩახდისა და უკანალების ჩვენების გამოყენებაც კი აღარ გახდა საჭირო.

დღეს ჩვენი მამაცი პატრიოტები გმირებად თვლიან თავს, პარტიული მედიები არანაკლებ ყიჟინას ცემენ და განადიდებენ გმირებს, მართლებიც არიან… ვერავინ იტყვის, რომ პატრიოტებმა უთანასწორო ბრძოლაში გაიმარჯვეს, რადგან მებრძოლთა რაოდენობა ორივე მხარეს დაახლოებით ერთნაირი იყო – 50Х50-ზე.

სამაგიეროდ, პარტიული მედიების მტკიცებით, ჩვენი 50 პატრიოტი მთელ ქართულ საზოგადოებას წარმოადგენდა, ისევე როგორც მხოლოდ კარვებში თუ ოპოზიციის მიტინგებზე შეკრებილი რამდენიმე ათეული, ასეული თუ ათასეული კაცი გამოხატავს ქართული საზოგადოების ნებას. დიახ, მხოლოდ ამ ხალხს და მათ შეფებს (და არავის სხვას!) შეუძლიათ იღაღადონ აბსოლუტური ჭეშმარიტება, ისაუბრონ მთელი საზოგადოების სახელით, ანათემას გადასცენ მათგან განსხვავებულად მოაზროვნეები და გამოხატონ ქართველი ხალხის გულისთქმა.

მერე რა, რომ ჩვენი გმირები და მათი შეფები პირველივე თოფის გავარდნაზე სო-როებში მიძვრებიან ხოლმე?! მერე რა, რომ მათი მამაცი ბელადი თვითმფრინავის გადაფრენაზე სამარცხვინოდ მიატოვებს უცხო ქვეყნის მინისტრს და მიწაზე ფორ-თხავს?! მერე რა, რომ ეს მამაცი პატრიოტები ჯერ ცხინვალის რეგიონის 100-ზე მეტ სოფელს დაკარგავენ და იქ დაღუპული ქართველი მეომრების გვამებს მიატოვებენ, მერე უბრძოლველად ჩააბარებენ მტერს კოდორის ხეობას, ამის შემდეგ რუსთაველზე ტაშ-ფანდურს გამართავენ და ბოლოს დაკარგულ ტერიტორიებს ქვა-ღორღად მოიხსენიებენ?! როცა სჭირდებათ, მთელი მსოფლიოს წინაშე იმასაც აღიარებენ, რომ 2008 რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო და იმასაც, რომ გარეჯი საქართველო არ არის და ა. შ. და ა. შ.

ეს ასეა იმიტომ, რომ აქ ჩამოთვლილი ყველაფერი მეათეხარისხოვანია, მთავარია ქვეყნიდან გავაძევოთ გავრილოვი და პოზნერი, ვიპოზიოროთ ტელეკამერების წინ, ერთმანეთს შევეჯიბროთ ლანძღვა-გინებაში და ველურობაში და იმის იქით გინდა საოკუპაციო ხაზები გადმოუწევია რუსეთს, გინდა რუსეთში მცხოვრები ქართველები შეუვიწროვებია ან გამოუძევებია და გინდა ერთი ტურისტიც კი აღარ შემოსულა ქვეყანაში და სულ ჩამოქცეულა ქვეყნის ეკონომიკა.

ეკონომიკა რა ბედენაა, სულაც დაქცეულა მთელი ქვეყანა და ქვა-ქვაზეც აღარ დარჩენილა, თუ ჩვენი მამაცი პატრიოტები ხელისუფლებაში არ იქნებიან. ხელისუფლებაში ყოფნა კი სალაფავთან ახლოს ყოფნაა და ლამაზი ლოზუნგებით შეფუთული, სალაფავზე დაგეშილი და სისხლმოწყურებული მამაცი პატრიოტები, სადისტური წარსულით და კიდევ უფრო სადისტური მომავლის პერსპექტივებით თვალებანთებულები აგზნებულად მიიკვლევენ გზას ხელისუფლებისკენ.

ჩვენ კი ამ ყოველივეს შორიდან ვუყურებთ, პურის ნაკლებობას სანახაობის სიჭარბით ვინაზღაურებთ და ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გვიახლოვდება სისხლიანი 9 წელი, ოღონდ უფრო სასტიკი და უფრო სისხლიანი. ტყუილად გვაქვს იმის იმედი, რომ ისინი უმცირესობაში არიან, რადგან ბოლშევიკებიც და ფაშისტებიც ხელისუფლებაში მოსვლამდე დიდ უმცირესობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ ზღვარგადასული აგრესიულობით, თავხედობით და ფანატიზმამდე მისული რევოლუციური აღტყინებით თანდათან მოახერხეს ხალხის ტვინების გამორიცხვა და ყველა ოპონენტის მტრებად გამოცხადება (აქედან გამომდინარე ტრაგიკული შედეგებით).

ახლაც, ისევე როგორც ყველგან და ყოველთვის – ყველა ბნელი საქმე ნათელი იდეებით და ლამაზი ლოზუნგებით სულდგმულობს. ჩვენ არ ვიცით როგორ შევაჩეროთ ეს შავი ჭირი, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ თუ ის არ შევაჩერეთ, ჩვენს ქვეყანას ძალიან ბნელი მომავალი ელის წინ. არადა, ჩვენ გარდა, ამის შემჩერებელი სხვა არავინაა, ამიტომ რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, თორემ ხვალ გვიანი იქნება.”– წერს ნანა კაკაბაძე.

Next Post

მეწყერული პროცესებზე დასკვნა ცნობილია - „აღმოჩნდა, რომ სხვა უბნებიც მოძრაობაშია“

პარ აპრ 2 , 2021
1,078 წაკითხვანუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზაზე არსებული მეწყერული პროცესებზე დასკვნა ცნობილია. სპეციალისტების რეკომენდაციით, „აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან დროებით მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა“. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ასევე წერია, რომ მცირეა შანსი დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს. „გაზრდილია მოცულობა დაძრული ნაწილის. აქამდე თუ საუბარი იყო აქამდე 500 000 კუბურმეტრამდე, ახლა მოცულობა 800 000-მდე გაიზარდა. აღმოჩნდა, რომ […]