ვიოლა ფონ კრამონს არჩევნებს თუ გაუყალბებენ და პარლამენტს გარეთ დატოვებენ, როგორ შევა ასეთ პარლამენტში, ძალიან მაინტერესებს, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას უპასუხა.
მისივე თქმით, ყველამ უნდა დაანებოს თავი იმაზე საუბარს, რომ გაყალბებული არჩევნებით ვინმე პარლამენტში უნდა შევიდეს.
„მე ძალიან დიდი ინტერესით დაველაპარაკები ვიოლა ფონ კრამონს და თუ მას გაუყალბებენ არჩევნებს და დატოვებენ პარლამენტს გარეთ, ან პირობითად 10 მანდატის მაგივრად მისცემენ ერთს, როგორ შევა ასეთ პარლამენტში და როგორ იმუშავებს, ძალიან მაინტერესებს. დაანებონ თავი იმაზე საუბარს, რომ გაყალბებული არჩევნებით ვინმე პარლამენტში უნდა შევიდეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ამაზეც თანახმა ვიყავით იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ ვადამდელი არჩევნების თარიღი დაინიშნებოდა და პოლიტპატიმრები გათავისუფლდებოდნენ. ტყუილად ნურავინ ნუ იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა შერჩეს გაყალბებული არჩევნები“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ როგორც ევროპარლამენტარი, იმუშავებს მხოლოდ და მხოლოდ რეალურ პარლამენტარებთან, ხოლო ისინი, ვინც არჩევნებში მონაწილეობენ და შემდეგ არ შედიან პარლამენტში, ფაქტობრივად, საკუთარ ამომრჩეველს ღალატობენ.