„ვაი ჩვენ პატრონს“– ამ სიტყვებით იწყება ნანა კაკაბაძის წერილი, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას, არსებულ ვითარებას და დასავლელ თუ ჩრდილოელ მოთამაშეებსა და მათ როლს ეხება.
„ევროპა-ამერიკის ელჩებმა ხელისუფლებას გადმოსცეს ბრძანების ძალის მქონე უზე-ნაე¬სის „რეკომენ¬დაცია“ – თუ შემოდგომაზე ჩასატარებელ ადგილობრივ არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებთ, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნეთ, ცესკოს თავმჯდომარე 2/3-ის უმრავლესობით აირჩიეთ და რასაც უზენაესი ბრძანებს, მომავალშიც ისე მოიქეცით, თორემ ცულს მოვიტან ცუნცულასო…
ანუ არც ეკონომიკურად დაგეხმარებით, არც ნატოში და ევროკავშირში მიგიღებთ და რუსების მიერ საზღვრის ყოველ გადმოწევაზე აღარც შეშფოთება-აღშფოთებას გამოვხატავთო.
აქეთ სხვა უზენაესი გვითვლის რუსეთიდან – თავი დაანებეთ ნატოსთან და ევროპასთან ფლირტაობას, თორემ უფრო მეტ ნაწილებად დაიშლებით, ვერ ხედავთ, რომ აჭარის გათურქებას და მთელი რიონის ხეობის ხელში ჩაგდებას ცდილობს ნატოს წევრი „დემოკრატიული თურქეთი“ („მხოლოდ 99 წლით, ვითომ ჰესის ასაშენებლად),
იქით სომხეთს აქვს თვალი დადგმული ჯავახეთზე, ირანელები ამბობენ, თბილისი სპარსული ქალაქია, საუკუნეების მანძილზე ჩვენი ამირა მართავდაო.
ხოლო თუ ჩვენ ამ ყველაფერზე თვალს დავხუჭავთ, ისღა დაგვრჩება, ცხინვალიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით გადმოვიწიოთ და შუაზე გავწყვიტოთ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო და რაც თქვენი ქვეყნიდან იქნება დარჩენილი, ის ჩვენ ავითვისოთო.
მოკლედ, მაგარ შარში ვართ. გვეგონა ერთ ვეშაპს მოვცილდით, რომელსაც დიდი მადა ჰქონდა და სულ გადასანსვლას გვემუქრებოდა, რომ იქით მეორე ვეშაპი გამოჩნდა ევროპა-ამერიკის სახით, რომლებიც გვეუბნებიან, ჩვენთან თუ გინდათ, ჩვენი „რეკომენდაციები“ უნდა შეასრულოთო. არა, ეს მხოლოდ რეკომენდაციებია, ბრძანებები არ გეგონოთ…
ოღონდაც თუ არ შეასრულებთ, ისევ ვეშაპის ხახაში ჩარჩებითო. არა ჩვენ გადაყლაპვას არ გიპირებთ, მაგრამ თქვენი ცხოვრების წესზე უარი უნდა თქვათ, კანონები ჩვენი „რეკომენდაციებით“ უნდა მიიღოთ და თუ ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით, ხელისუფლებაც უნდა დათმოთო. მერე რა, რომ თვითონ ჩვენმა წარგზავნილმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს არჩევნების ლეგიტიმურობა.
მთავარია, რომ დღეს ჩვენ ასე გვჭირდება და არ გავიგონოთ თქვენი ხმა-კრინტიო.
ანუ თუ ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით, ნებისმიერი დამნაშავე ციხიდან უნდა გამოუშვათ (თანაც ერთ კვირაშიო),
თუ ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით, ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაატაროთ, თანაც ისეთი პირობებით როგორსაც ჩვენ შემოგთვაზებთო.
მოკლედ, ხელისუფლებას ჩვენ ვუნიშნავთ საქართველოს, ქართველი ხალხის ნებქა აქ არაფერ შუაშიაო. თუ მოვინდომებთ, კონსტიტუციაშიც ჩაგაწერინებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გეი ან ლესბოსელი უნდა იყოსო.
თუ თანახმა არა ხართ, მიბრძანდით უკან ვეშაპის ხახაშიო.
აი, ეს არის რეალურად ის ლამაზი სიტყვებით შეფუთული რეალობა, რასაც ვუყურებთ დღეს საქართველოში „სტრატეგიული პარტნიორების“ მხრიდან წარმოებულ ე. წ. ფასილიტაციისა თუ მედიაციის პროცესში.
ამ ყველაფრიდან ჩვენ ის დავინახეთ, როგორ იქცნენ ე. წ. ნეიტრალური სტრატეგიული პარტნიორები მხარედ და როგორ მოითხოვენ ხელისფლების გადაცემას იმ დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც მათივე მოთხოვნით გაუხანგრძლივდათ პოლიტიკური სიცოცხლე და სულ არ დაგიდევენ ქართველი ხალხის პოზიციას, რომ 2012 წლიდან მოყოლებული მათ უარი უთხრეს ამ რეჟიმის პოლიტიკურ რეინკარნაციას.
მერე რა, რომ დასავლეთში არჩევნებში (ანუ ხელისუფლების დანიშვნაში) ჩარევა მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება, ისინი ჩვენს სახელმწიფოს მესამეხარისხოვანი ქვეყნის კრიტერიუმებით განსჯიან და ამიტომაც მათი მხრიდან აქ არჩევნების შედეგებით მანიპულაცია ჩვეულებრივი ამბავია.
ყველაზე უცნაური ის არის, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციის ძირითად ნაწილს არ მოსწონს ეს „რეკომენდაციები“ (ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებენ), მაგრამ მაინც ყველა დათანხმდება მათ შესრულებას, რადგან სხვანაირად „ანტიდასავლელის“ და „რუსეთუმეს“ იარლიკს აიკრავენ.
თუმცა, სახის შენარჩუნებისთვის ორივე მხრიდან გაბრძოლება მაინც საჭირო იქნება და მაქსიმუმ იმას მიაღწევენ, რომ შეთავაზებულ ულტიმატუმში ფორმალური ხასიათის ცვლილებების შეტანით ორივე მხარეს ექნება იმის თქმის შესაძლებლობა, აი, ხომ ხედავთ, დასავლეთი ჩვენ გვიჭერს მხარსო.
და მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ჯოს! ჯოს! ჯოს! ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას!”– წერს ნანა კაკაბაძე.