აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა, – იუწყება CNN-ი.
„მე ვაცხადებ იმის შესახებ, რომ წარმომადგენელთა პალატა იწყებს ოფიციალურ გამოძიებას იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. ექვს კომიტეტს ვაძლევ განკარგულებას დაიწყონ თავიანთი გამოძიებები“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ ტელემიმართვაში.
თავად ტრამპმა ამას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა.
იმპიჩმენტის დაწყების მიზეზი ტრამპის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ ბრძანება გახდა. მანამდე სკანდალი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარმა გამოიწვია, რომლის შემდეგ აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა.
მოგვიანებით თეთრი სახლის მეთაურმა დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ზელენსკისთან, აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა.
აშშ-ის კონგრესის დემოკრატმა წევრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.
ტრამპმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის გასაჯაროების განკარგულება გასცა.
იმპიჩმენტისთვის აუცილებელია, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას თავდაპირველად მხარი დაუჭიროს წარმომადგენელთა პალატის ნახევარმა, შემდეგ კი – სენატის 2/3-მა. ახლა სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, რაც ტრამპის იმპიჩმენტს ნაკლებად შესაძლებელს ხდის.
აშშ-ის ისტორიაში იმპიჩმენტის სამი მცდელობა იყო. პრეზიდენტები, რომელთა წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო იყვნენ ენდრიუ ჯონსონი, რიჩარდ ნიქსონი და ბილ კლინტონი. ჯონსონი და კლინტონი სენატმა გაამართლეს, ნიქსონი კი მოსმენების დაწყებამდე თავად გადადგა თანამდებობიდან.
imedinews