„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარტიის „კანონი და სამართალი” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ.
ამის შესახებ ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ხვიჩია აცხადებს, აღნიშნულზე მას და „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი აქვთ დადებული.
– მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევა, ასე ვამბობ მე, სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ არ შევა. ასევე, ბატონ შალვა ნათელაშვილზე.
ზოგადად მგონია, რომ ყველა შევლენ. ხალხი, რომელიც უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა მთელი პროცესის მიმართ, ვისაც შეთანხმება უნდოდა. ისინი შეთანხმების შედეგებით დიდი სიამოვნებით ისარგებლებენ. ჩვენზე წინ დასხდებიან პარლამენტში. ორ კვირაში ესენი პარლამენტში იჯდებიან, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება.
– ვერ ავცდებით იმას, რომ ამ ხალხს მოუწევს იმ სიტყვებზე პასუხის გაცემა, რითაც უშვერად ლანძღავდნენ საკუთარ კოლეგებს, – დასძინა ხვიჩიამ.