„არ შეიძლება, რომ საქართველომ რუსეთთან დიალოგის გზა არ სცადოს“ – სალომე ზურაბიშვილი

1,988 წაკითხვა

არ შეიძლება, საქართველომ არ სცადოს დიალოგის გზა რუსეთთან და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროში ვიზიტის შეჯამებისას, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრეზიდენტის განცხადებით, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას საქართველოს პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა.

„გამოსვლის ტექსტშიც ნათლად ვთქვი, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ამ ტიპის კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, არსებობს ორი გზა-ერთი არის ომის, სამხედრო გზა, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით; მეორე-დიალოგის და დიპლომატიის. არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს ეს გზა და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში.

ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რეაქციები, რაც მოვისმინეთ-იქნება ეს ამერიკიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, თუ ევროკავშირიდან, ასევე მოგერინის უწყებიდან, ან გენერალური მდივნისგან-ყველა გამოხმაურება იყო დადებითი: რომ უნდა სცადოთ, ჩვენც თქვენთან ვართ. ჩვენ მარტო, ერთი ერთზე არ ვართ და არასოდეს ვიქნებით, ჩვენ ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. მაგრამ, ჩვენ რომ გავჩერდეთ და იზოლაციაში, გაჩერებულ მდგომარეობაში ვიყოთ, ალბათ არ არის სწორი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

27 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას გამოეხმაურა.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ნიუ-იორკში, რუსეთის და საქართველოს პირველი დიპლომატები ერთმანეთს 26 სექტემბერს შეხვდნენ.

ზალკალიანის თქმით, ლავროვს პირდაპირ უთხრა, რომ დეოკუპაციისკენ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

მინისტრის განცხადებით, სერგეი ლავროვთან შეხვედრის ინიციატივა ეკუთვნოდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც ის 25 სექტემბერს შეხვდა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი მხრიდან მარტივი გადასაწყვეტი არ ყოფილა, დათანხმებოდა ამ შემოთავაზებას, თუმცა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართულ ყველა ძირითად აქტორთან კონსულტაციის შემდეგ ეს აუდიენცია შედგა.

შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება 26 სექტემბერს გაავრცელა ევროკავშირმა, 27 სექტემბერს კი, გაეროს გენერალურმა მდივანმა ქართველ და რუს დიპლომატებს შორის აუდიენცია დადებითად შეაფასა. ეუთოს თავმჯდომარის, მიროსლავ ლაიჩაკის შეფასებით კი, ფაქტი აჩვენებს, რომ არსებობს კონსტრუქციული დიალოგის იმედი, რომელსაც შეუძლია დაძაბულობის შემცირება და სტაბილურობის გაძლიერება, რაც რეგიონში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის სასარგებლოა“.

ამასთან, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია იმედოვნებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას ხელს შეუწყობს.

Next Post

„რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი არის ანტიქრისტიანული“

ორშ სექ 30 , 2019
1,988 წაკითხვაბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან, – თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავარ არხზე გადაცემა “მთავარი აქცენტებში” მისი თქმით, რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. “ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ესეა – ვატარებ ჯვარს და… ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთა […]

შესაძლოა მოგეწონოთ