ყიფშიძის ქუჩის სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილის ვინაობა და დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი პირი, რომელიც მძიმედ არის დაშავებული და ამჟამად საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩბა, ლევან ძნელაძეა, ხოლო ქალი, რომელიც საქმეში ფიგურირებს და გუშინ “კურიერის” მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ კადრებშიც ჩანდა, მარიკა წერეთელი.
ლევან ძნელაძის ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ოჯახი ფლობდა მიწას რომელზედაც საცხოვრებელი სახლის აშენებას აპირებდნენ და მშენებელი კომპანია შეიყვანეს. თუმცა ძნელაძის ოჯახმა სამშენებლო კომპანიისგან ვერც დაპირებული ბინა და ვერც მიწის საფასური მიიღო. როგორც ოჯახის ახლობლები საუბრობენ, სწორედ ეს გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი.
რაც შეეხება მეორე მხარეს, შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე კაფეს მენეჯერი “კურიერთან” საუბარში აცხადებს, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც გუშინ ღამით მომხდარ გარჩევაში მონაწილეობდა და ამჟამად შედარებით მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში იმყოფება, გივიკო ცინცაძეა. მენეჯერის თქმით, ცინცაძე აღნიშნულ ადგილს ხშირად მეგობრებთან ერთად სტუმრობდა. ამ ადამიანის შესახებ სახელის და გვარის მიღმა კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს.
რაც შეეხება ლევან ძნელაძეს, ცნობილი ხდება, რომ წლების წინ ის თავადაც იყო სამშენებლო ბიზნესში და გზების მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერებში მონაწილეობდა.
ორივე დაშავებული ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა ექიმის თქმით არ არის გამორიცხული, ერთ-ერთი მათგანი დღეს დღის მეორე ნახევარში კლინიკიდან გამოწერონ.
“პაციენტს ნევროლოგიური თვალსაზრისით აქვს ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. რადიოლოგიური კვლევით, ანუ კომპიუტერული ტომოგრაფიით რაიმე მწვავე კეროვანი პათოლოგია არ ვლინდება. რაც შეეხება დინამიკაში ასევე ნევროლოგიური სტატუსის მხრივ, მას აღენიშნება დადებითი დინამიკა და დღეს დღის მეორე ნახევარში გაეწერება კლინიკიდან,” – განაცხადა ექიმმა.
ყიფშიძის ქუჩაზე გუშინდელი დღიდან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. პოლიციის თანამშრომლები ამ დრომდე იმ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებთან პატრულირებენ. პაციენტები პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ არიან და სავარაუდოდ, შესაძლოა დღესვე საავადმყოფოდან გაწერისთანავე დააკავონ.
შს სამინისტროს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება დაკავებებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება და განზრახ მკვლელობის მცდელობა.
რუსთავი 2