მეც სხვებივით მიხაროდა 2012 წლის 1 ოქტომბერი. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ამქარში არ ვირიცხებოდი და არც ოფიციალური აქტივისტი ვყოფილვარ, შინაგანად (საკუთარი პოზიციით) და ჩემი ხელმძღვანელობით გამომავალი მედიასაშუალებებით აქტიურად ვუჭერდი მხარს ბიძინა ივანიშვილს 9-წლიანი ჯოჯოხეთის დამარცხებაში.
მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის ოქტომბერში საკუთარ სტატიაში ეჭვი გამოვთქვი ოფიციალური მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით (იხ. სტატია სოციალურ ქსელში: „ომახიანი გზავნილი ჭორვილადან, ანუ საქართველოს ისევ მესიის მოლოდინშია“
მაინც ვერ წარმოვიდგენდი – ქართველი ხალხი, რომელმაც ლომის წილი შეიტანა საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში, 1 ოქტომბრის მონაპოვარს ასე ხელაღებით შეელეოდა: მოჩვენებითი სიმშვიდისა და ახალი ხელისუფლების მხრიდან არაძალადობრივი დამოკიდებულების გამო თვალს დახუჭავდა (შეეგუებოდა) ტრადიციული ფასეულობების ხელყოფას – 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საბოლოოდ დანგრეულია განათლების სისტემა, ხელაღებით იყიდება ქართული მიწები უცხოელებზე, რაც ხელს უწყობს მათ კომპაქტურად დასახლებას დედაქალაქში და საქართველოს რეგიონებში (ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პურის ფულის საშოვნელად საქართველოდან გაქცევის ფონზე ქართველების უმცირესობაში დარჩენის წინაპირობაა). ულტრა ლიბერალური იდეოლოგიის მასშტაბურმა ზრდამ, რაც „მეტი თავისუფლების“ ლოზუნგით მიმდინარეობს, მყარი ნიადაგი შექმნა ახალგაზრდობის
გახრწნისთვის (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), რომლის მასტიმულირებელ წყაროდ იქცა მარიხუანას ლეგალიზება. სააკაშვილის რეჟიმთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა უცხოეთში გადახვეწილთა რიცხვი, დღითიდღე მატულობს უმუშევრობა, რომელიც მასობრივი შიმშილის, ფსიქიკური აშლილობის (მასობრივი დეპრესიის) წყარო ხდება! მგონი გაგრძელება საჭირო არ არის…
ნიშანდობლივია ისიც, რომ ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში დღითიდღე კატასტროფულად იზრდება შიმშილით ბავშვების სიკვდილიანობისა და სუიციდის შემთხვევები.
არადა, ჩვენ მაშინ ვირწმუნეთ, რომ ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურად ბოლომდე გაანადგურებდა და პოლიტიკურ სანაგვეში მოისვრიდა, მაგრამ… თუმცა, ამ თემაზე მრავალგზის გვისაუბრია.
ტრაგედიაა, მაგრამ, ფაქტია: ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოება გამოსავალს ეძებდეს, ხსნას საქართველოდან გაქცევაში ხედავს და უარესის მოლოდინში ფიზიკურად აგრძელებს არსებობას (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებითაც).
სამწუხაროდ, ხალხი ჯერჯერობით ვერ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხსნა არა „ნატო-ნატოს“ ძახილში და ცრუ დაპირებებში, არა ამერიკა-რუსეთისა და ყალბი დასავლური ლოზუნგების ცრუ მოიმედეობაში, არამედ, საკუთარი ძალების მობილიზებაშია!
ვაღიარებ: მაშინ ვერც მე წარმოვიდგენდი, რომ საზოგადოება 1 ოქტომბრის მონაპოვარს ასე ადვილად შეელეოდა და კოჰაბიტაციის ლოზუნგით მიღებულ შედეგებზე თვალს დახუჭავდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის ოქტომბერშივე მკაცრი კრიტიკით შევხვდი ივანიშვილის საბედისწერო ფრაზას „შუა უნდა გაიკრიფოს“, შედეგი იმაზე უარესი მივიღეთ, ვიდრე წარმომედგინა – „შუა გაკრეფის“ პოლიტიკამ კიდევ უფრო დაპირისპირებულ ჯგუფებად აქცია საზოგადოება და თამამად შეიძლება ითქვას, შინაგანად გამოფიტა კიდეც!
ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი პოლიტიკურად და მორალურად პასუხისმგებელია საქართველოში მიმდინარე ურთულეს პროცესებზე, ცოტა უადგილოდ (გადაჭარბებულად) მეჩვენება – მე მომწონდა ბიძინა ივანიშვილი, როგორც სწორუპოვარი ქართველი ქველმოქმედი, მაგრამ, სერიოზული პრეტენზიები მაქვს მასთან, როგორც სახელმწიფოს ფორმალურ (თუმცა, რაღა ფორმალურ – იგი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა) პოლიტიკურ ლიდერთან.
განვლილმა წლებმა კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი საჭირო დროს, საჭირო მომენტში, სავსებით მომზადებული, დაკვეთით შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და ყველაფერი სცენარის მიხედვით წარიმართა.
ნამდვილად არ მაქვს იმის ილუზია, რომ მას თანამედროვე პოლიტიკა არ ესმის და ყველა უბედურება, რაც დღეს ჩვენს თავს ხდება და უახლოეს მომავალში ერისთვის კატასტროფით შეიძლება დასრულდეს, მისი უცოდინრობის ბრალია.
არც იმის ილუზია მაქვს, რომ 2020 წლის არჩევნები რამეს სასიკეთოდ შეცვლის – პირიქით, უფრო დიდ აჯაფსანდალს მივიღებთ და „კოლექტიური პასუხისმგებლობის“ მსხვერპლი გავხდებით. თუმცა, ამაზე ცალკე სტატიაში ვისაუბრებ.
რეზიუმეს სახით კი ვიტყვი: ვიდრე ივანიშვილი პოლიტიკას არ ჩამოშორდება და ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობას მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი არ აიღებს, ყველაფერი წყლის ნაყვა იქნება!
P.შ. ჩვენ გამოუსწორებელი შეცდომა ჯერ კიდევ მაშინ დავუშვით, როცა ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური გზავნილი – „ქართული ოცნება“ უკრიტიკოდ მივიღეთ. ასევე ვირწმუნეთ მისი მხრიდან წამოსული დაპირება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური ავანსცენიდან გააძევებდა. იყო არაერთი სერიოზული დაპირებაც, რომელიც არ შესრულებულა.
სამწუხაროდ, დღესაც ვოცნებობთ და ღმერთმა ნუ ქნას, ამ ოცნებაში ამოგვხდეს სული და საქართველოც ჩვენს უნიათობას შეეწიროს!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი