ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის დგება დრო, როდესაც უნდა გადაწყვიტოს რისი კეთება უნდა და სად სურს მუშაობა. არჩევანის გაკეთება იოლი საქმე ნამდვილად არაა, უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ პირველი ეტაპია, რის შემდეგაც იწყება წარმატებისა და დამარცხების უწყვეტი ჯაჭვი, თუმცა ორივე შემთხვევაში ფასდაუდებელ გამოცდილებას ნამდვილად მივიღებთ. დასაქმება განსაკუთრებით რთულია იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლახანს დაამთავრა სასწავლებელი, ან სულაც ჯერ კიდევ სტუდენტია, რადგან, როგორც წესი, კომპანიები უმეტესად გამოცდილ კადრს ეძებენ. ამ პროცესზე განსაკუთრებული გავლენა პანდემიამაც იქონია, ვინაიდან კომპანიებმა ერთგვარად ღვედი შემოიჭირეს და ნაკლები რისკი აირჩიეს, მეორე მხრივ კი ამ ყველაფერმა ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა, მთავარია სად უნდა ეძებო. მიუხედავად ყველაფრისა, ბაზარზე მაინც არიან ისეთი კომპანიები, ვინც ახალგაზრდებს ეძებენ და შესანიშნავ პირობებსაც სთავაზობენ. მართალია, შეიძლება კონკრეტულ სფეროში საკუთარ თავს ვერ ხედავდეთ, თუმცა დასაწყისისთვის მართლაც ძალიან კარგი გამოცდილება იქნება.
პანდემიის დროს გაჩენილი ახალი პრობლემები მათი გადაჭრის ახალ გზებს ბადებს, შესაბამისად განსაკუთრებული ყურადღება დღეს საქმის ონლაინ წარმეობას ეხება, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება, ამიტომ უმარტივესი შესაძლებლობა, რაც შეიძლება ახლა გქონდეთ არის ის, რომ მოიძიოთ ინტერნეტში განთავსებული ზღვა მასალა, რომელიც ხელმისაწვდომია და ასე დაეუფლოთ სასურველ საქმიანობას, რაც ნამდვილად წაგადგებათ სამომავლოდ. ასევე, უამრავი ტრენინგია ხელმისაწვდომი სხვადასხვა მიამრთულებით, რომელიც ასევე ძალიან კარგი შესაძლებლობაა ნებისმიერი მსურველისთვის.
უშუალოდ ვაკანსია როდესაც ცხადდება, კომპანია მზად არის დაინტერესებული ადამიანებისგან საუკეთესოები აირჩიოს. ასეთ დროს, მთავარია პირველი შთაბეჭდილება ძალიან კარგი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გამოცდილება სრულად დაგროვებული არ გქონდეთ. გაითვალისწინეთ კარგი რეზიუმე ნამდვილად დიდ შანსს მოგცემთ გასაუბრებაზე დაგიბარონ, სადაც უკვე პიროვნული უნარების ხარჯზე შეძლებთ პოტენციური დამსაქმებლის მოხიბვლას. გაითვალიწინეთ, სანამ პოტენციურ დამსაქმებელს გაიცნობ აუცილებლად მოიძიე კომპანიაზე ინფორმაცია, დაათვალიერე მათი ვებ-გვერდი და ფეისბუქ გვერდი, რაც ერთი მხრივ დაგეხმარება წინასწარ განსაზღვრო როგორი ორგანიზაციაა და მეორე მხრივ საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას დატოვებ HR მენეჯერზე. გასაუბრებისას ეცადეთ იყოთ საქმიანი, ბუნებრივი და თავდაჯერებული, იყავით კონკრეტულები და საჭიროების შემთხვევაში გამოიჩინეთ ინიციატივა, გახსოვდეთ ადამიანური ურთიერთობი ყოველთვის და ყველგან ფასობს, სრულებით შესაძლებელია დამსაქმებელმა კონკრეტულ მომენტში თქვენზე არჩევანი არ შეაჩეროს, თუმცა თუ შთაბეჭდილებას მოახდენთ ნამდვილად გაუჩნდება თქვენთან თანამშრომლობის სურვილი სამომავლოდ.
სანამ გასაუბრებაზე მიხვალ, ან სულაც რეზიუმეს გაგზავნი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია დაფიქრდე რისი კეთება გინდა და გსიამოვნებს ახლა, რისი კეთება შეგიძლია და რის კეთებას ისწავლიდი, შეიძლება დროთა განმავლობაში აზრი შეიცვალო, თუმცა კონკრეტულ მომენტში გარკვეულ მიმართულებას მოგცემს ამ ყველაფრის გააზრება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია არჩევანის გაკეთების პროცესში. ასევე გაითვალისწინე, სრულებით შესაძლებელია დროებით კონკრეტული სფერო აირჩიო და პარალელურად საყვარელ საქმეს დაეუფლო, ამიტომ თუ საინტერესო ვაკანსია გამოჩნდება თავი არ შეიკავო და აუცილებლად მიიღე ახალი გამოწვევა, რადგან მინიმუმ გასაუბრების ხელოვნებას მაინც დაეუფლები, რაც ნიშნავს, რომ შეძლებ ისწავლო უარის მიღება და ამის პოზიტიურად გამოყენება შენს ცხოვრებაში.