„ქართული ოცნების“ წევრი კახა კახიშვილი, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გაჩენილ ცეცხლთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და პასუხისმგებლობას კომპანია „დირსს“ აკისრებს.
“როგორც ჩემთვის ცნობილია, „დირსის“ ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც უკანონოდ აშენებული ცემენტის ქარხანა მდებარეობდა და რომლის დემონტაჟსაც ჩვენი მოთხოვნით მივაღწიეთ, ხანძარია. როგორც ჩანს, “დირსის” მეპატრონეებმა ნაგვის უტილიზაცია ასეთი ფორმით მოინდომეს და ნაგავსაყრელზე ნაგავთან ერთად ძველი საბურავებიც დაწვეს. ამით სერიოზულად ბინძურდება გარემო და ადგილიბრივი მოსახლეობის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.
მოვუწოდებ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს, მიიღონ კანონით დადგენილი მკაცრი ზომები ტერიტორიის მეპატრონეების მიმართ გარემოს განზრახ დაბინძურების გამო და ამავდროულად ამ კომპანიას მოსთხოვონ წლების მანძილზე დაზიანებული გარემოს დროულად აღდგენა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გაწეული სამუშაოსთვის და ცეცხის დროულად ჩაქრობისთვის.“– წერს კახა კახიშვილი.