„ეს იყო ყველაზე მძიმე წუთები – მათ გმირობას ნურავინ მიითვისებს“ – კახაბერ გოზალიშვილი

1,983 წაკითხვა

ლალი ცერაძე

ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“. ამჯერად შემოგთავზებთ პირველ ნაწილს ლეგენდარული მეომრების შესახებ, რომლებიც თავდადებით იბრძოდნენ ქალაქ გაგრის, ოჩამჩირის რაიონის სოფლების დასაცავად და ყველაზე ბოლოს დატოვეს სოხუმი. ტამიშში გადმოსხმული დესანტის სანგრებში პირველები სწორედ გლდანის საძმოს, ლანჩხუთის და ასურეთის ბიჭები გადაეშვნენ. ნურავინ ნუ მიითვისებს მათ გმირობას. ისინი მართლაც პირველ ეშელონში იყვნენ. „გლდანის საძმოს“ ბიჭებს ყველაზე გაჭირვებულ წუთებში არაერთი თანამემამულე უხსნიათ განსაცდელისგან და დიდი ნდობა მოიპოვეს მოსახლეობაშიც და სამხედრო ხელმძღვანელობაშიც. ეს იყო ერთი უბნის გლდანის მეექვსე მიკრორაიონის მაცხოვრებელთა გაერთიანება. სათავეში თორნიკე ქურდაძე და გოჩა აბეწვაშვილი ედგნენ. ბრძოლაში უშიშარნი, ერთ-ურთის გამტანნი შეტევაზე გიჟმაჟი ყიჟინით, ზათქით და ქართული სიმღერით მიმავალნი. მათი საბრძოლო შეძახილი იყო – „საძმო, სამშობლო და გამარჯვება“. დღეს ჩვენი თორნიკე ქურდაძის დაბადების დღეა და მისი თანამებრძოლის კახა კინწურაშვილის გრდაცვალების დღე!

 კახა გოზალიშვილი – “შიშის დამარცხება და მოკვლა – აი, ეს არის გმირობა”

როდესაც საქართველოში ომის ქარცეცხლი გაჩაღდა და აფხაზეთში სახეზე იყო პირველი მსხვერპლი, ჩვენი ეზოს ბიჭებიც შეიკრიბნენ და შეუდგნენ იმ ეკლიან გზას, რომელსაც მეომარი კაცი ან სასუფევლამდე, ან გამარჯვების ზეიმამდე მიყავს.

    ომის ბატალიებში აქტიურ მებრძოლებად თანდათან ჩავერთეთ.  გაგრის ბრძოლებში პირველებმა მიიღეს მონაწილეობა ჩვენმა ახლობლებმა: გოჩა აბეწვაშვილმა (მეტსახელად „კომისარას“ ვეძახდით), ნუგზარ აფრიდონიძემ, გენადი გამყრელიძემ, თამაზ ქურდაძემ, უჩა ჩაჩხიანმა და ირაკლი ხიზანიშვილმა. გაგრაში ჩვენი ახლობელი კახა კინწურაშვილი დაიკარგა და გოჩა აბეწვაშვილმა და თორნიკე ქურდაძემ გადაწყვიტეს ბიჭების დიდი რაზმი შეეკრიბათ. აქ ვიყავით გაერთიანებული ახლო მეგობრები, თანაკლასელები, მეჯვარეები, ბავშვის ნათლიები, ბავშვობის მეგობრები, ერთ უბანში გაზრდილი ბიჭები.

     შემდეგ შემოგვიერთდნენ სხვებიც და 1992 წლის 8 ოქტომბერს გლდანის რაიონის კომისარიატითან შევიკრიბეთ 33 კაცი და ასე ჩამოყალიბდა მოხალისეთა საბრძოლო რაზმი, რომელიც „გლდანის საძმოდ“ იწოდებოდა, რადგან გლდანის მეექვსე მიკრორაიონიდან ვიყავით უმეტესობა.

    თავდაპირველად მარტვილში მოვხვდით და რამდენიმე კვირის მომზადება გავიარეთ. და ჩვენი პირველი ნათლობა მოხდა 1992 წლის ნოემბრის დასაწყისში ოჩამჩირის რაიონის სოფელ მოქვთან.

    აქ ხუთ ნოემბერს ნაღმზე აფეთქდნენ ლაგოდეხის „მხედრიონის“ უფროსო ვალერი კუბლაშვილი და ხაშურის „მხედრიონის“ უფროსო პაატა ზაზიკაშვილი („ბაშკირა“), სამტრედიელი ზურია მარუაშვილი და ჩვენ დაგვევალა ბრძოლის ველიდან მათი გამოტანა. ზევიდან სიმაღლე აფხაზებს ეკავათ და თავისუფლად აკონტროლებდნან პოზიციის თვითოეულ კვადრატს. ახლა როცა მაგონდება, იმდენად გამოუცდელები ვიყავით რომ სიკვდილის შეგრძნება ან შიში საერთოდ არ გვქონდა. ზოგი ბიჭი მანდარინს მიირთმევდა, ზოგი თხილს, ზოგი ფეიხოას. ვიყავით უდარდელ   მხიარულებაში და არ ვიცოდით, რომ სულ ახლოს სიკვდილი უკვე ჩასაფრებული გვყავდა. იმის წარმოდგენაც, რომ აქ ვინმე დაიღუპებოდა ჩვენი ფსიქოლოგიისათვის საერთოდ წარმოუდგენელი იყო.

   სწორედ იქ, სოფელ მოქვთან, 6 ნოემბერს მოხდა ჩვენი პირველი საბრძოლო ნათლობა სისხლით და ტყვიის წვიმით.

  ამ მხიარულებაში გაისმა ძლიერი აფექთების ხმა და წინ მიმავალ ტანკს მოხვდა ჭურვი. ბიჭები იწვოდნენ. ტანკზე ასხლეტილი ნამსხვრევით ჩვენს წინ მიმავალ ჰამლეტ აბაიშვილს საძილე არტერია გადაეჭრა და სისხლში ცურავდა. როცა გმოიყვანეს მხოლოდ მაშინ შევიგრძენით ომის და სიკვდილის სურნელი და მთელი ტრაგიზმი – თურმე შეიძლება აქ დაიღუპო შენ, შენი უახლოესი მეგობარი და ერთ წუთში შეწყდეს სიცოცხლე.

  გაიშალა ბრძოლა… თუმცა გამოუცდელობა და მოუმზადებლობა სახეზე იყო… სამი მხრიდან შეტევა ვერ განვითარდა და ორი ფრთა უკან წავიდა და მხოლოდ ჩვენი რაზმი არ გამოდიოდა… შემდეგ უკვე თვალნათლივ ჩანდა, რომ ზევიდან პოზიციურად გახსნილ ცეცხლს გაუმართლებელი მსხვერპლი მოჰყვებოდა და რადგან ფაქტიური სამიზნე ვიყავით. ჩვენს მეგობარს ილია ორჯონიკიძეს იქვე გადაურბინა 7-8 ტყვიამ უკვე ყველა დაიძაბა და დაიბნა. მეტი გამოსავალი არ იყო დავიწყეთ პლანტაციებიდან თანდათან გამოსვლა. უკან დავიხიეთ.

  ოჩამჩირეში ჩასულებმა მოვითვალეთ და ცხრა კაცი გვაკლდა და ხელმეორედ ვცადეთ დაბრუნება. თურმე ჩვენი ბიჭები მოწინააღმდეგის პირისპირ აღმოჩდნენ და ე. წ. წმენდის დროს ალყაში მოქცეულებს გადუწყვეტიათ ხელყუმბარით თავის აფეთქება. ალიკო მამალაძეს რგოლიც კი მოუსინჯავს, მაგრამ უფრო გამოცდილ ალიკა გალუსტოვს შეუჩერებია და ალყის გარღვევა შეუთავაზებია. დიდი წვალებით და ხოხვით გამოსულან კიდეც.

   ჩამოვასვენეთ ჰამლეტ აბაიშვილი. ეს იყო პირველი მსხვერპლი ჩვენი „საძმოდან“.

   ოჩამჩირეში დაბრუნებისას სახლში დაგვხვდნენ ირაკლი ამირეჯიბი და ზაზა ხუნდაძე ორი კორესპონდენტით. მათ შორის ერთ-ერთი ფრანგი იყო, რომელსაც სურდა უშუალო ბრძოლის გადაღება და ვერც კი გაეაზრებინა ეს რა რისკთან იყო დაკავშირებული… ჩვენ არ ვურჩიეთ ტამიშზე გადასვლა გადაღებისთვის და შემდეგ 16 ნოემბერს მაინც წავიდნენ და არც კი მისული ადგილამდე მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნათ. ზაზა და ირაკლი შეძლებისდაგვარად იცავდნენ ქალებს, მაგრამ ირაკლი დაიღუპა… ზაზამ ცხედარი იქვე ბუჩქებში გადამალა და სტუმრები კი დიდი წვალებით გამოიყვანა.

   ბატონმა ჯაბა იოსელიანმა გასცა ბრძანება, რომ როგორმე ირაკლი გადმოგვესვენებინა ოჯახისათვის. პირველ ღამეს გავიდა ჩვენი ჯგუფი დ გზამკვლევად რუსის კაცი წავიყვანეთ, რომ სოფლებისათვის გვერდი გვექცია და ტამიშის გზაზა უბრძოლველად გავეყვანეთ. მაგრამ მასაც აერია გზა და პირდაპირ აფხაზურ განლაგებაში შეგვიყვანა. ასე განსაჯეთ მოწინააღმდეგის სუნთქვაც კი გვესმოდა და ეს აშკარად დიდი რისკი იყო, რომ ოპერაცია ჩავარდებოდა… სხვებისაგან განსხვავებით მაინც არ დავიხიეთ უკან და ბოლომდე ვიარეთ, მაგრამ მიზანი არ ჩანდა. სხვა გზა არ იყო და იმ ყინვაში წყალში გამოვცურეთ და გამოვედით უკან.

   შტაბში მივედით და ბატონმა ჯაბამ უკვე თავისი დაცვა გააგზავნა თამაზ ფანჩულძის („წესრიგას“) მეთაურობით, რომ როგორმე გვეპოვნა ირაკლი.

   გათენება დაიწყო… რადგან მეტი საშველი არ იყო, შევიმუშავეთ პირდაპირ შეტევაზე გადასვლის საკმაოდ სარისკო გეგმა. რამდენიმე ბიჭი დაგვეჭრა, მათ შორის გენადი გამყრელიძე და ილო კლიმიაშვილი… აფხაზებს უკვირდათ ალბათ, აქ სტრატეგიული არაფერი არ არის და შტურმით რატომ მოდიანო? 19 ნოემბერს კიდევ ორი ბიჭი დაიღუპა შინაგანი ჯარიდან ვახტანგ შანავა და მხედრიონიდან ვაჟა წიაბელაშვილი. გაცხარებული ბრძოლის შემდეგ მივაღწიეთ საჭირო ადგილამდე და გამოვიტანეთ კიდეც ირაკლის ცხედარი.

    შემდეგ ვმონაწილეობდით ლაბრისათვის პოზიციურ ბრძოლებში… ლაბრა რამდენჯერმე გადადიოდა ხელიდან ხელში… ჩვენს ბიჭებს თავი არ დაუზოგიათ არც ერთ ოპერაციაში. „გლდანის საძმომ“ საკმაოდ მაღალი შემართება და სიმამაცე აჩვენა და მეტი გამოცდილებაც შევიძინეთ.

   აქ ბრძოლა მეტად მძიმე იყო, რადგან სნაიპერი არ ჩერდებოდა და ბევრი ჩვენი მებრძოლი იმსხვერპლა, მათ შორის ჩვენი მეგობარი რამაზ როსტიაშვილი. ჩაის და მანდარინის ბუჩქებს შორის ამოფარებული სნაიპერი შევიცანით და რამაზიმ გადაწყვიტა მისი ლიკვიდაცია. ჩვენ არ ვურჩიეთ, რადგან დიდი რისკი სახეზე იყო, მაგრამ მან მაინც არ დაიხია უკან,  წინ წაიწია და, საუბედუროდ, მოწინააღმდეგემ დაასწრო…

   „გლდანის საძმო“ ძირითადად ბორჯომის და გაგრის „მხედრიონთან“ ერთად იბრძოდა. ჩვენთან იყო გლდანის მილიციაც, მაგრამ ჩვენ მაშინ არავისთან არ ვიყავით გაერთიანებული.

   შემდეგ 1992 წლის ნოემბრის ბოლოს იყო ქეთევანა-კოჩარას ოპერაცია. ჩვენ შიგ სოფელში ძირითად ბრძოლაში არ მიგვიღია მინაწილეობა, რადგან ჩვენ მაშინ შედარებით ქვევით ვიყავით დისლოცირებული 160 კაცის შემადგენლობით. და როდესაც ქეთევანაში „მხედრიონი“ შეაწყდა, რატომღაც დღესაც არ ვიცი საიდან მოვიდა ბრძანება შეტევაზე გადასვლისა კი არა, უკან დახევისა? რა მოხდა ამაში დღესაც ვერ გავრკვეულვარ?

  1993 წლის მარტში შევედით „მხედრიონის“ რიგებში, რადგან ოფიციალური სტატუსი არ გვქონდა და თბილისში ჩამოსვლის დროს გაუგებრობებში ვხვდებოდით სამართალდამცავებთან. ჩვენ იმათ გვერდში დავდექით, ვინც, ჩვენი აზრით, უფრო ვაჟკაცურად და თავდადებით ომობდა. პირველად 18 ცალი მედალიონი ბატონმა ჯაბამ ოჩამჩირეში დაგვირიგა და ძალიან შეგვაქო…

   1993 წლის ივნისის ბოლოს ორი კვირით ჩამოვედით ზაფხულში თბილისში შესასვენებლად და უცბად გამოცხადდა, რომ „მხედრიონი“ თავის წევრებს იხმობდა ჭადრაკის სასახლეში… მტერმა გადაკეტა სოხუმი-ოჩამჩირის გზა და რუსების დესანტმა გაანადგურა ჩვენი ბატალიონები. 2 ივლისი იყო. ბატონმა ჯაბამ აგვიხსნა, რომ სახელმწიფოს მეთაურის თხოვნით ნებისმიერ ფასად უნდა გაგვეხსნა ტრასა სოხუმზე, რომელიც ფაქტიურ ალყაში იყო. რა თქმა უნდა, შეტევაზე ისევ „მხედრიონი“ უნდა გადასულიყო…

    ჩავედით სამტრედიაში. თენგიზ კიტოვნმა აიღო თავის თავზე, რომ მოელაპარაკებოდა გამსახურდიას მომხრეებს და გაგვატარებდნენ ზუგდიდზე და სამეგრელოზე. ხალხი გზაზე ოვაციებით და შეძახილებით გვაცილებდნენ. და პირდაპირ ავტობუსებიდან მოგვიწია ბრძოლაში ჩაბმა… აღმოჩნდა რომ ჩვენ ავტომატები კი გვქონდა, მაგრამ საკმაო მჭიდები არ იყო. ამიტომ შეირჩა თხუთმეტი კაცი… მარცხნივ იდგა ბორჯომის მხედრიონი დათო მუმლაძის ხელძღვანელობით. მარჯვნივ – ჩვენ. სათავეში გოჩა აბეწვაშვილი გვედგა. ჩვენთან იბრძოდნენ გაგრის „მხედრიონი“ და აჩიკო ხოფერიას ლანჩხუთის მოხალისეები. ორი დღე მიდიოდა პოზიციური ბრძოლები. გენერალური შეტევს დღედ გამოცხადდა 8 ივლისი.

ცაგერაში ვიდექით… ამ დღის შეტევა ჩაიშალა იმის გამო, რომ ტანკებს საწვავი არ ჰქონდათ. ეს დღე დაემთხვა თორნიკე ქურდაძის და გაგრის რაზმის მეთურის ბადრი ფირცხელიანის შვილის დაბდების დღეს. ბადრი არადუში იდგა. თორნიკე მასთან გადავიდა მისალოცად და ჩვენ კი ღვინით შეხურებულებმა ცარიელი ხელებით „გადავწყვიტეთ“ მტრის საფრის აღება. ბატონმა ჯაბამ ეს გაიგო და სასტიკად გაგვიწყრა და გაგვიბრაზდა… აშკარა იქნებოდა გაუმართლებელი მსხვერპლი და გარღვევაც სათუო გახდებოდა.

დადგა გენერალური შეტევის დღე 9 ივლისი. იმ დღეს რაღაც ნაღვლიანი სინანულით ვიხსენებ, რადგან ჩემი მეგობრის კახა კინწურაშვილის დაღუპვის თარიღად იქცა. ის იყო ჩემი ბავშვობის ძმაკაცი… ადგილი რომ არ იყო ბრძოლის შემდეგ მე და გენადი ფეხებში ვიწვენდით. ძალიან მიყვარდა თავისი დადებითი თვისებების გამო და ვთვლიდი, მას ნაკლი არ ჰქონდა. კახა იყო კარატეს შავი ქამრის მფლობელი, კეთილშობილი ქართველი კაცი. გაგრის ბრძოლებში დაკარგულს ერთხანს მშობლები ბრძოლაში არ უშვებდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც გამოიპარა ცხონებული და ჩვენთან იყო.

დილას კახას რაღაც მოუსვენრობა დავატყვე. ფერიც არ ედო სახეზე. მითხრა – „კახა, ვგრძნობ რაღაც ცუდი შემემთხვევაო“. დარჩენა ვურჩიე. არ დამთანხმდა.

დავიწყეთ გადარბენეით წინ წაწევა… ხიდზე ჩავირბინეთ და შეტევაზე დადავედით. წინ პოზიცია მოწინააღმდეგეს ეკავა და თხრილამდე ტანკების გარეშე 50 მეტრი უნდა გაგვერბინა უმძიმესი მანძილი, რათა ხაზი გაგვესწორებინა და მერე ერთად შეგვეტია. მოწინააღმდეგე საკმაოდ კარგად გვიგერიებდა და ტყვიამფრქვევი ცელავდა ყველას და ყველაფერს. ბევრი ბიჭი დაიჭრა. როგორც იქნა მივაღწიეთ ქარსაცავ ზოლამდე და გამოჩნდა „მაიმუნთსაშენში“ ჩასაფრებული მტერიც. ეს იყო ყველაზე მძიმე წუთები. ყველას ვატყობდი წინ წაწევა უნდოდათ, მხოლოდ ჩემს მეგობარს კახას დაკარგვოდა ფერი და მითხრა: „ვგრძნობ შევშინდი, მაგრამ ამას სხვებს ვერ ვაჩვენებ, ჩემზე გამოუცდელები არიან, ბიჭები ვერ გამიგებენო“. თან ისიც ანერვიულებდა დილით გულსაკიდი ჯვარი დაეკარგა.

როგორც იქნა ბეტონის კარკასამდე მივაღწიეთ და ჩავწექით… წინ ტრიალი მინდორი იყო გაშლილი. პირველად გადაირბინეს კობა ნათელაშვილმა და იმედამ (ხარაგაულელი ბიჭი იყო) და ორივე მოცელეს. ისინი დაჭრილები თხრილში გადავარდნენ. საჭირო გახდა მათი გაყვანა. კახა უკან დავტოვე და მე წინ გადავედი. ბიჭებს უთხოვიათ კახასთვის – გამოგვყევი უკანო დაჭრილების გასაყვანადო. უარი უთქვია. ჩემთან უნდოდა გადმორბენა. ეტყობა ცდილობდა შიში გადაელახა და თავი დაემორჩილებინა. აი, ეს არის გმირობა, შიშის დამარცხება, გმირობა მეტი არაფერია.

შემდეგ ჩვენმა მებრძოლმა იმედა წიკლაურმა გაიყვანა დაჭრილები და თავადაც დაიჭრა.

თორმეტიდან ხუთ საათამდე ჩავწექით. ველოდით მძიმე ტექნიკის წინ წამოსვლას. მიხო ძამუკაშვილი იყო ჩვენთან კახელი ბიჭი. სამი გოგო ყავდა და ამის გამო ვეხუმრე „ადექი, ბიჭო, გაიარ-გამოიარე, რა მნიშვნელობა აქვს სიძეების მსხვერპლი გახდები თუ მტრის ტყვიისო“. ისიც, საუბედუროდ, გაიმართა ოდნავ და იმწამსვე მოხვდა მტრის ტყვია მკერდში. თენგიზ მელქაძემ („ბუთხუზა“) გამოათრია და გადაარჩინა… ვღელავდით.

    ველოდებოდით ბრძანებას… ლევან ილინმა რაციაზე დახმარება ითხოვა, რადგან რიგები შეთხელდა. არ იცოდა რომ ჯაბას ველაპარაკებოდით, უკმეხად უთხრა ერთი-ორი სიტყვა – „…სად არისი მაშველი?! მაშველი მოგვაშველეთო“. იქიდან გაისმა ბაბუს ხმა – „მე ვარ ჯაბა, შვილებო, გამაგრდით და ყველაფერი ნორმალურად იქნება, სულ ცოტა გაიჭირვეთო“.

   ამ ლოდინში უცბად საშინელი გრუხუნი გაისმა და მერე თვალთ დამიბნელდა. მეგონა ცოცხალი აღარ ვიყავი, ხელით სხეული მოვისინჯე… როცა გამოვერკვიე მივხვდი, რომ ჩვენს ტანკს ჩვენივე პოზიცია დაებომბა და ჭურვი მოხვედროდა უზარმაზარ ხეს, რომლის მორი მთელი სიმძიმით ზედ თავზე დაგვეცა. ზოგმა ტვინის შერყევა მიიღო, ზოგმა ტრამვები. ისევ ჩვენებმა გაათრიეს…

   როგორც კი გვაცნობეს, რომ გია ყარყარაშვილი მოადგა საწინააღმდეგო მხრიდან კინდღს, შეტევაზე გადასვლის ასეთი აღტყინება მე მხოლოდ კინოფილმებში მინახავს… რუსული „ურას“ ძახილით და ყიჟინით შევცვივდით მიწინააღმდეგის განლაგებაში: „გლადნის საძმო“, ბორჯომის მხედრიონი, ლანჩხუთლები არჩილ ხოფერიას მეთაურობით, ასურეთის მხედრიონი და გაგრის მხედრიონი.

   მოწინააღმდეგემ დატოვა პოზიცია და გაიქცა. გზა სოხუმზე გაიხსნა.

   გვიხაროდა გამარჯვება დანაკარგების გარეშე, მაგრამ ჩვენი სიხარული აღმოჩნდა ნაადრევი, რადგან ბიჭებმა გვითხრეს, რომ ჩვენი კახა დაიღუპა.

   გავმწარდით და დავიწყეთ მისი ძებნა. ვიღაცა უცხო ბიჭს კახას წყვილნომრიანი ავტომატი შევანჩნიე ხელში. გვითხრა ბეტონზე ვნახეო მიყუდებული. თურმე კახას საფარი „მუხას“ ჭურვს გაეგლიჯა და მთელი გულისფიცარი შენგრეული ჰქონდა. რასაც გრძნობდა სიკვდილის სიახლოვე იყო და წინათგრძნობა და არა შიში. რაღაც ქვეცნობიერი აგრძნობინებდა აღსასრულს. ნათელში იყოს ჩემი მეგობარი.

    ბევრი მიდის საუბარი, რომ აფხაზეთის პოზიციაზე იყო ღალატი, მაგრამ მე პირადად, სიმართლე რომ ვთქვა, ეს იმ ბრძოლაში არ მინახავს.

   მე მარტო იქ ვხედავდი ბიჭებისაგან უზომო თავდადებას და თავგანწირვას. ვგრძნობდი, რომ ყველა ბოლომდე იხარჯებოდა რითაც შეეძლო. მე პირადად ვცდილობდი ოჯახზე არ მეფიქრა, თითქოს უთვისტომო ვიყავი, რადგან თუ ცოლ-შვილზე იწყებ ფიქრს მეომარი კაცი, ბრძოლას ვერ მოიგებ. მაშინ სახლში უნდა დაბრუნდე.

   ჩემი ბიჭის დაბადება სოხუმში შემატყობინეს თვითმფრინავის ტრაპზე. მინდა მასაც და ჩვენს მომავალ თაობებს მივმართო: რომ ისევე უყვარდეთ სამშობლო მიწა, როგორც ჩვენ გვიყვარდა. და სიცოცხლეს და სისხლს არ ვზოგავდით მის დასაცავად და მინდა, რომ მათ მაინც იცხოვრონ ერთიან, ბედნიერ საქართველოში.

   „გლდანის საძმომ“ ის მისია, რაც იტვირთა, დაეცვა სამშობლო, ჩემი აზრით, შესანიშნავად შეასრულა. ბიჭებმა იომეს  მთელი გულანთებული პატრიოტიზმითა და თავდავიწყებით. ისინი ამას სრულიად უანგარო მამულიშვილური გულისძგერით ასრულებდნენ და სანაცვლოდ არაფერს ითხოვდნენ. ჩვენი ბიჭები ახლაც ერთად ვართ, დანანებით ვიხსენებთ ჩვენს წარსულ ძმებს და ველოდებით იმ დროს, როდესაც მამულს დასჭირდება „ქუდზე კაცი“, რადგან ამ მოწოდებას არ გამოეხმაურო ქართველი ვაჟკცისათვის შეუძლებელია. ვისაც ჩვენთან მეგობრობა უნდა გლდანის მეექვსე მიკრორაიონში ბიჭების სახელობის წყაროსთან გაუშლით სუფრას.

 ინტერვიუ ჩაწერილია 1994 წლის აპრილში

Next Post

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

კვი ივლ 11 , 2021
1,983 წაკითხვასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სამინისტროს მიერ ოჯახის წევრებს შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს […]

შესაძლოა მოგეწონოთ