პარტია „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს დოკუმენტაცია წარუდგინა, რომლიც მისი თქმით, ადასტურებს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი ყალბია.
“საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია შალვა თადუმაძის ავადსახსენებელი დიპლომის საკითხი იმ დაწესებულებიდან, რომელიც დარეგისტრირდა 1994 წელს, თუმცა, ის იქ ირიცხებოდა 1993 წლიდან, როგორც სტუდენტი. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შალვა თადუმაძის დიპლომის სიყალბეს: ეს არის 2003 წლის 5 დეკემბრის ვაკე-საბურთალოს სასამართლოს დადგენილება, სადაც მითითებულია, რომ სწორედ 2003 წლის 5 დეკემბერს თბილისის ჰუმანტიტარულ ინსტიტუტს გადაერქვა სახელი და ის გახდა ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი. ახლა რა სახელია მითითებული შალვა თადუმაძის თითქოს 1998 წელს გაცემულ დიპლომში?! არა ის სახელი, რომელიც ამ დაწესებულებას 1998 წელს ერქვა, არამედ ის სახელი, რომელიც მას 5 წლის შემდეგ უნდა მინიჭებოდა. ანუ დიპლომის გამცემმა იცოდა წინმსწრებად, 5 წლის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით რა სახელი უნდა მინიჭებოდა ამ დაწესებულებას.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი არის ყალბი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას საკუთარი კანდიდატურა, ასევე, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან. სხვაგვარად, მივმართავთ პარლამენტს, რომ დაიწყოს კონსტიტუციით გათვალისწინებული იმპიჩმენტის პროცედურები. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გასაუბრება საერთოდ არ უნდა შედგეს. მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის შესახებ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.