„მე, პირადად, ვიღებ პასუხისმგებლობას და ვამაყობ იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას,

879 წაკითხვა

ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ, რომ ხელი შევუწყე ევროკავშირის ჩართულობას, მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ჩიხში შედიოდა, თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომელიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დოკუმენტის მიზნები ამოწურული არაა.

„მე, პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდევაც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას, მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ჩიხში შედიოდა, თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომელიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული, ვერც მის ანულირებაზე. თუმცა დღეს, პოსტ-ფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე წითელი ხაზების ხელმოწერამდე გავლება ვიცი. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომელსაც დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა. წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც მე ვუჭერ მხარს.

გუშინ მოვუსმინე ყველას და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე პარლამენტში შევიდნენ, იმუშავეს და დღესაც მუშაობენ, ქმნიან მოდელს ან მოდელის საწყისს როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი, ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო. მეც ვიზიარებ, მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა. პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა. მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი, დიდი იმედი მაქვს ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ უცხოეთისგან პატივისცემა დავიმსახუროთ, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენ სიტყვას პატივს, ესე იგი ნაკისრ ვალდებულებებს უნდა ვასრულებდეთ.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საქართველოს მეორე მთავარი გამოწვევა ევროპული გზაა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.

„მეორე გამოწვევა ჩვენს ევროპულ გზას ეხება, რომელსაც ჩემი ამ ქვეყანაში ჩამოსვლის დღიდან ვაიგივებდი და ვაიგივებ საქართველოს ერთადერთ ჭეშმარიტ გზასთან. ამ გაიგივებაში მარტო არ ვარ. ჩემი წინაპრები იყვნენ, ჩვენი წინაპრები იყვნენ ილია და ნიკო ნიკოლაძე, სულხან-საბა და ექვთიმე.

არა იმიტომ, რომ უცხოეთის დაკრულზე ცეკვავდნენ, არა იმიტომ, რომ საკუთარ მეობას არ იცავდნენ ან იდენტობის დაცვა ჩვენზე ნაკლებად ენაღვლებოდათ, არამედ მათ კარგად ესმოდათ, რომ ევროპას, როგორც ეკონომიკური და სოციალური განვითარების მოდელს, და როგორც მოკავშირეს, ალტერნატივა არ გააჩნია.

მცდელობები, რომ დაგვაჯერონ მავანმა, თითქოს ევროპა თავისუფლება, სოლიდარობა, ქრისტიანობა კი არა, გარყვნილების გზაა, სწორედ ერთადერთი პერსპექტივისგან ჩვენს დაშორებას ემსახურება და კარგად გვესმის, ეს ვის ინტერესშია, აქაც როგორც პანდემიასთან ბრძოლაში, ნამდვილი პატრიოტიზმი მოითხოვს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავაყენოთ ყველაფერზე მაღლა.

პატრიოტიზმი ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე დავიცვათ და გავუფრთხილდეთ, როგორც ვიცავთ საკუთარ სახეს და სახელს, რათა ვერავინ ვერ დაგვამციროს და პატივისცემა დაგვაკლოს. ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს ხოლმე მათი მითითებები, კრიტიკა თუ გახშირებული შენიშვნები, იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო ამას იმსახურებს, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენ სიტყვას პატივს, ესე იგი ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებდეთ, რაც არის ნდობის მოპოვების და შენარჩუნების წინაპირობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Next Post

ვინც პირბადის სავალდებულო ტარება გააუქმა, არის მკვლელი – რომან გოცირიძე

ხუთ აგვ 5 , 2021
879 წაკითხვავინც პირბადის სავალდებულო ტარება გააუქმა, ვინც პირბადის ტარების თავის არიდებისათვის ჯარიმები ფაქტობრივად გააუქმა ( ჩამოწერა), ვინც ხელი შეუწყო უდარდელობის ატმოსფეროს შექმნას, არის დამნაშავე, არის მკვლელი. ბოლო ორ დღეში თითქმის ათი ათასი ინფიცირებული, საიდანაც ვიცით, რომ ცოტა ხანში აქედან სულ მცირე ასი მოკვდება”– წერს ფეისბუქში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე.

შესაძლოა მოგეწონოთ