„ჩვენს ათწლიან გეგმაში ერთ-ერთი მიმართულება არის ძლიერი საჯარო სექტორი“ – ლაშა ხუციშვილი

696 წაკითხვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ბოლო ხუთი-შვიდი წლის განმავლობაში საჯარო სექტორში ხელფასები პრაქტიკულად გაყინული იყო და შრომითი ანაზღაურება არ გაზრდილა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ მნიშვნელოვნად დაეცემა საჯარო სექტორის კონკურენტუნარიანობა და შეფერხდება ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება.

ლაშა ხუციშვილის თქმით, საჯარო სექტორი არის ერთ-ერთი მიმართულება, რომლის გარეშეც ქვეყანაში ვერ მიიღწევა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა.

„ჩვენს ათწლიან გეგმაში ერთ-ერთი მიმართულება არის ძლიერი საჯარო სექტორი, რომლის გარეშეც ქვეყანაში ვერ მიიღწევა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიზანი და რეფორმა. თუ შევხედავთ ბოლო 5-7 წელიწადს, პრაქტიკულად, ერთეული გამონაკლისების გარდა, საჯარო სექტორში ხელფასები იყო გაყინული, ზრდა არ განხორციელებულა, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ მნიშვნელოვნად დაეცემა საჯარო სექტორის კონკურენტუნარიანობა და შეფერხდება ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება.

შესაბამისად, ჩვენ მიერ ინიცირებული დისკუსიისთვის გამოტანილი იყო საკითხი, რომ საჯარო მოხელეების ხელფასი არ უნდა იყოს ყოველთვის პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და ეს უნდა იყოს გარკვეულ ფორმულაზე ან ინდექსაციაზე, გარკვეულ წესებზე დაფუძნებული, რომ საჯარო სექტორში ერთი მხრივ უნდა მოწესრიგდეს ხელფასების საკითხი და მეორე მხრივ, უნდა განხორციელდეს გარკვეული წესებითა და ფორმულებით.

მაგალითად, ჩვენ გვქონდა ანალოგიური სურათი პენსიებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვნად მოხსნა პრობლემა პენსიების ინდექსაციამ, რომელიც ამ შემთხვევაში მიბმული იყო ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე. შესაბამისად, გარკვეული წესები უნდა ჩამოყალიბდეს და შეთანხმდეს, რომ საკითხი არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. ვხსნით დიალოგს და ვიწყებთ მუშაობას, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს. ეს ახლა იმიტომ ხდება, რომ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის დაწყების პერიოდია და საბოლოო ჯამში რაც იქნება შეთანხმებული, ეს უნდა იყოს გამყარებული საბიუჯეტო დაფინანსებით და ბიუჯეტის შემუშავების პროცესში სრულად ჩართული“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 2022 წლის იანვრიდან გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასი და აღნიშნა, რომ იგეგმება მერების ანაზღაურების გაორმაგებაც.

Next Post

საქართველოში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 713 პაციენტი

სამ აგვ 10 , 2021
696 წაკითხვასაქართველოში კორონავირუსის ​5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 713 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 44 536 ტესტი. 9 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 146 პაციენტი, გარდაიცვალა 44 ადამიანი.

შესაძლოა მოგეწონოთ