ყირგიზ ჟურნალისტს კაბაი კარაბეკოვს პატიმრობა ემუქრება, რადგან მას არ აქვს საშუალება ქვეყნის პრეზიდენტს, სოორონბაი ჟეენბეკოვს კომპენსაცია 10 დღის განმავლობაში გადაუხადოს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ იტყობინება.
ბიშკეკში გასული წლის ოქტომბერში სასამართლომ ჟეენბეკოვის სარჩელზე ღირსების შელახვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზეც ჟურნალისტს და სააგენტო 24.კგ-ს კომპენსაციის სახით, პრეზიდენტის სასარგებლოდ 60 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
სარჩელს საფუძვლად 11 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატია გახდა, სადაც ძმებ ჟეენბეკოვების რადიკალურ არაბულ ორგანიზაციებთან ახლო კავშირებზე მინიშნება იყო.
მოგვიანებით, პრეზიდენტმა ბრალი მოუხსნა სააგენტოს. ჟურნალისტს კი ასეთი თანხა არ გააჩნია. 6 თებერვალს იგივე სასამართლომ კარაბეკოვს უარი უთხრა თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე და გადაწყვეტილების აღსასრულებლად 10-დღიანი ვადა მისცა.
ჟურნალისტის თქმით, მას ჯერ ყველა ინსტანცია არ გაუვლია, თუმცა ამის მიუხედავად საქმე მილიციას გადაეცა.
ყირგიზეთის კანონმდებლობის მიხედვით კარაბეკოვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება.
კარაბეკოვი ქვეყანაში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტია. ის თანამშრომლობს გერმანულ AღD-სთან, ბრიტანულ BBჩ-სთან, რუსულ “კომერსანტთან“. ის პირველი პრეზიდენტის პრესმდივანი იყო.
imedinews.ge