ირაკლი კობახიძეს საარჩევნო არითმეტიკა ძალიან ცუდად გამოსდის, – ასე შეაფასა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ გაკეთებული განცხადება. დეპუტატი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის გზავნილებში სიცრუის გარდა ვერაფერი ამოიკითხა.
„მე კობახიძის არითმეტიკას არასდროს მჯეროდა. მისი მათემატიკა იმდენად ცუდია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილიც კი შეცდომაში შეიყვანა და მიალოცინა ზურაბიშვილისთვის. გარწმუნებთ, ეს კობახიძის საარჩევნო სტატისტიკის მიხედვით მოხდა. იქ ვიყავი ზუსტად, როდესაც ამტკიცებდა, რომ მეორე ტური არ იყო და პირველ ტურში იყო დასრულებული პროცესი. ასე რომ, მისი სტატისტიკის მე პირადად არ მჯერა.
მის გზავნილებში ბევრი სიცრუის გარდა, საინტერესო და ჭკვიანური ვერაფერი ამოვიკითხე“,- განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, ერთადერთი ღიად დადასტურდა – „ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ 2020 წლის არჩევნებში ის უმრავლეს მანდატს ვერ მოიპოვებს“.
„ამიტომ ეძებს, რა იქნება ის საუკეთესო ფორმულა, რომ გადაარჩინოს საკუთარი ხელისუფლება და დარჩეს. კოალიციური მთავრობის რესურსი არსებობს, მაგრამ არა კობახიძის არითმეტიკით და ფორმულით. რესურსი არსებობს უფრო სხვა ტიპის კონფიგურაციის. ყველა ბოლო კვლევა ადასტურებს, რომ ამომრჩეველს არც „ქართული ოცნება“ მოსწონს და არც „ნაციონალური მოძრაობა”, ამიტომ ეძებს სხვა არჩევანს და ეს არის 50% -ზე მეტი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება.