ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

422 წაკითხვა

გაეროში დღეს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატები იხსნება. მაღალი დონის კვირეულის გახსნას დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც უკვე ნიუ-იორკში იმყოფება.

გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით გაეროს გენერალური მდივანი, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, ბრაზილიისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და სხვა ლიდერები მიმართავენ.

საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლა გენერალური ასამბლეის სესიაზე 24 სექტემბერს არის ჩანიშნული.

დღესვე, ირაკლი ღარიბაშვილი არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს პარალელურ ღონისძიებებში, რომლებიც გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში იმართება.

„წლევანდელი სესია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გასულ წელს გენერალური ასამბლეის სესია ფაქტობრივად ონლაინ-ფორმატში, სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურების ვიდეომიმართვებით ჩატარდა. წელს კი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს მიეცათ სესიაში უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობა. სწორედ ეს არის სესიის მთავარი არსი და მისი შემდგომი მიმდინარეობაც მიეძღვნება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელახალი დაწყება ყველაფრისა, რაც გაჩერებული იყო პანდემიის გამო და უკეთესად იმის აშენება, რასაც აქამდე მდგრადი განვითარების მიზნები და 2030-ის ამოცანები ითვალისწინებდა. საქართველოს დელეგაციას საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვს. ბუნებრივია, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძირითადი გამოსვლა. მანამდე პრემიერი მონაწილეობს რამდენიმე მრავალმხრივ შეხვედრაში, სადაც იგი სპეციალურად არის მიწვეული, ასევე, ექნება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა კოლეგასა და სახელმწიფოების მეთაურებთან“, – განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში კახა იმნაძემ.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

იპნ

Next Post

„ამას ცხადია, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, თუკი ასეა“ - კახა კალაძე

სამ სექ 21 , 2021
422 წაკითხვადედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და „ალმას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და ბანერებთან დაკავშირებული საკითხი მათ „ერთმანეთში უნდა გაარკვიონ“. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თუ ხელშეკრულება ძალაში იყო და ვაქცინაციის ბანარებს სხვა შინაარსის ბანერი გადააკვრეს, ეს ძალიან ცუდია. „თუ შესაბამის სამსახურს ეს ადგილები ნაყიდი ჰქონდა და იმ ბანერების ნაცვლად მოხდა გადაკვრა, ეს ძალიან ცუდია და კანონს, […]

შესაძლოა მოგეწონოთ