სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ახლა უკვე „სახალხო პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო გოგაშვილი „ალიას“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ საკმაოდ მძიმე არჩევნებს ელოდება. კითხვაზე, რას უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში, გოგაშვილი ამბობს, სიტუაცია საკმაოდ მძიმეა და არ არის გამორიცხული კიდევ უფრო დაიძაბოს, მიუხედავად ამისა, დაგეგმილი არჩევნები უნდა შეფასდეს როგორც რეფერენდუმი:
„ძალიან ბინძურ არჩევნებს ველოდები. ვაკვირდები პოლიტიკურ პროცესებს და რაც თავი მახსოვს, რამდენი არჩევნებიც მინახავს – მე მსგავსი რამე არ მახსოვს, არც შევარდნაძის დროს, არც წინა ხელისუფლების დროს, ეს რაც მოხდა არის დასაწყისი იმისა, რისი განხორციელებაც მალე სურთ. არის რაღაცეები, რაზეც ადამიანი თვალს ვერ დახუჭავს, მით უმეტეს, როდესაც ხედავ, რომ შენი ქვეყნის იდენტობის მთავარი ბაზისის, ეკლესის ნგრევა მიდის, ამას მიჰყვება სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. თავიდან ბოლომდე გაპარტახდება ქვეყანა. ამ ეტაპზე, ამ არჩევნებზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს არჩევნები უნდა შეფასდეს როგორც რეფერენდუმი. მე არ მეშინია ამ სიტყვის – რეფერენდუმი, ამაზე საუბარი ნაცებმა დაიწყეს და მერე ყველას, ვინც ეს გაიმეორა, ნაცის სატელიტობას აბრალებენ და რომელიმე სიტყვაზე ექსკლუზივი აქვთ ნაცებს? და მათ თუ თქვეს, მე არ შემიძლია, რომ ვთქვა? ამ არჩევნებზე ხალხმა შიში უნდა გატეხოს. მე ჩემ თანამოქალაქეებს ამ შიშის გატეხვაში სიმართლის თქმით მივეხმარები, „სახალხო პარტია“, რომელშიც მე დავბრუნდი, პროცესში შემოვა, გააქტიურდება, ახალ სისხლს გადაისხამს, ძველ პარტიულ სახეებთან ერთად, პარტიაში იხილავთ მოტივირებულ, ჭკვიან ახალგაზრდებს და საჯარო სამსახურში გამოცდილ ადამიანებს, მათ შორის მე – მთლიანობაში, მჯერა, პოზიტიურ შედეგს დავდებთ. ამჯერად სულ 10 ოლქი გვაქვს, დედაქალაქს თუ არ ჩავთვლით. ამის შემდეგომ უკვე ველოდებით ახალი ეტაპის დაწყებას – ეს არის მზადება ვადამდელი არჩევნებისთვის. „, ვინც ეს დაგეგმა, ის ეცდება ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. სამწუხაროდ, მათ, გარკვეულ მიზანს მიაღწიეს. ოცნებამ თავისი გზა თავად აირჩია და რაც დათესა, იმას იმკის. მე მათზე მეტად არ ვდარდობ, მხოლოდ იმას განვიცდი, რომ ჩემი ყოფილი გუნდია და თან ამწუთას სახელმწიფოს მართავს. ყველაზე ღირებული ჩემთვის ეკლესიაა და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ხელი შევუშალო მავანთ ეკლესიის და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევაში“.
ფიქრობთ, რომ ეს „ხავერდოვანი რევოლუციის“ გეგმაა?
„მე ამას დავარქმევდი ბინძურ რევოლუციას, რომლის მოხდენაც უნდათ. მაგრამ ადამიანებმა, რომლებიც არ ვეთანხმებით ამ მეთოდებით სახელმწიფოს და ეკლესიის განადგურებას, ხელი უნდა შევუშალოთ. არ უნდა მოხდეს არანაირი რევოლუცია. ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ კოალიციურ მთავრობაზე, ეს იქნება გარდამავალი პერიოდი, რადგან, ჩემი აზრით, კოალიციური მთვარობა დიდხანს ვერ გაძლებს, შემდეგ მოხდება ისეთი ახალი პოლიტიკური კოალიციების ფორმირება, რომლებიც ახალ მთავრობას დააკომპლექტებენ“.