თამაზ ფანჩულიძე – „გაგრაში ბრძოლის წინ სვანების შემოძახილ „ლილეოზე“ ძარღვებში სისხლი ამიდუღდა“

2,570 წაკითხვა

ლალი ცერაძე – ჩემს მიერ მზადდება გამოსაცემად წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“ აფხაზეთის ბრძოლების ისტორიისათვის. ამჯერად შემოგთავაზებთ ინტერვიუს ბატონი ჯაბა იოსელიანის დაცვის უფროსთან თამაზ ფანჩულიძესთან, რომელიც თვითმხილველი და მონაწილეა თითქმის ყველა საბრძოლო ეპიზოდისა გაგრაში, ოჩამჩირეში და სოხუმში. იგი მძიმედ განიცდის თავისი ახლო მეგობრების და აფხაზეთის დაკარგვას. არ მიუტოვებია ბრძოლაში დაღუპული და დაჭრილი არც ერთი თანამებრძოლი. მისმა შეუპოვრობამ არა ერთხელ გადაარჩინა სიკვდილს ალყაში მყოფი ბიჭები და დიდი პატივისცემით დამსახურებული ნდობით სარგებლობს მეგობრებს შორის. ბატონ თამაზს მეგობრებმა სიყვარულით „წესრიგა“ შეარქვეს, თავისი პატიოსნების და მოწესრიგებულობის გამო.  ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და სამი საყვარელი შვილიშვილი.  ამჯერად შემოგთავაზებთ ნაწყვეტს მისი მოგონებებიდან გაგრის ბრძოლის შესახებ.

 თამაზ ფანჩულიძე – „აფხაზეთის ბრძოლები და განსაკუთრებით გაგრის მოვლენები ჩემთვის მტკივნეული გასახსენებელია.

ეს იყო სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ტერიტორია აფხაზეთის ომის მოსაგებად, რადგან ამ ქალაქის დაკარგვით იხსნებოდა საზღვარი რუსეთთან, საიდანაც ათასი ჯურის დაქირავებული ბოევიკები და მკვლელები გადმოდიოდნენ ჩვენთან.

როდესაც გაგრაში გამწვავდა მდგომარეობა, ჩვენ, ბატონ ჯაბასთან ერთად  გადავფრინდით სოხუმში. „მხედრიონის“ ნაწილი კატარღებით და ვერტმფრენებით გადაყავდათ გაგრაში.

ჩვენი ვერტმფრენიც დაჯდა ქალაქში. შტაბთან სულ 2-3 კმ-ზე ვიყავით პოზიციებიდან. აქ დაგვხვდნენ გაგრის „მხედრიონის“ ხელმძღვანელი ბადრი ფირცხელიანი და გამგებელი ჯონი ლატარია.

საბრძოლო ბატალიები უკვე მიმდინარეობდა და მაშივე მოიტანა ამბავი ორმა კურსანტმა ე. წ. „ბასეინებზე“ კურსანტების ოცეულის სულ პირტიტვლა ბიჭების ამოხოცვის შესახებ. ისინი სრულიად გამოუცდელი, მე ვიტყოდი, ბავშვები იყვნენ, რომლებიც გამოუცდელობით აბსოლუტურად არ შეეფერებოდნენ აქაურ საომარ სიტუაციას… მახსოვს ამ ტრაგედიის გამო  როგორ ნერვიულობდა მათი ხელმძღვანელი გივი კვანტალიანი…

ბატონმა ჯაბამ მაშინვე გააგზავნა „მხედრიონის“ რაზმი მათ გამოსახსნელად და პოზიციის შესანაჩუნებლად. ასევე გადაანაწილა ჩვენი ბიჭები ორი მიმართულებით გაგრის მთაში და ბიჭვინთის მიმართულებით გზაზე და ზღვისპირზე.

გაგრაში რომ შევედით, თავდაპირველად გაურკვეველი ვითარება იყო. ნახევრად მშვიდი, ნახევრად საგანგაშო. დისციპლინა არანაირი. ჩვენი ჯარი რასაც აკეთებდა ყველაფერი, ჩემი აზრით, დილეტანტიზმის დონეზე იყო.

ჩვენ კი ვცდილობდით, რომ სამხედრო მდგომარეობა აგვეყვანა შესაფერის სამხედრო კონდიციამდე, მაგრამ გარშემო საოცარი უდისციპლინობა იყო: გმირობა, თავგანწირვა და გულგრილობა, დაუმორჩილებლობა, უდარდელობა ერთმანეთში იყო არეული.

ჩვენი მებრძოლები სანგრებსაც კი არ თხრიდნენ. როგორც მოესურვებოდათ ისე იქცეოდნენ. ასე განსაჯეთ, სიგარეტის საყიდლად პოზიციას ტოვებდნენ და  საბრძოლო ტექნიკით მიდიოდნენ. ასევე ყველა ემორჩილებოდა თავისი მეთაურის ბრძანებას და არა საერთო ხელმძღვანელობის, რომელიც ფაქტიურად არც არსებობდა. ეს ძალზე გვაღელვებდა და ვცდილობდით მითითებებით და პირადი მაგალითით აგვემაღლებინა დისციპლინა და საბრძოლო შემართება.

„მხედრიონი“ გაგრაში ჩავიდა სრული მზადყოფნით და მიზნად დაისახა – შეეკავებინა გადამთიელების დაწოლა ქალაქზე და დაეცვა მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩვენმა ბიჭებმა საკმაოდ ნაყოფიერად იბრძოლეს. მტერს არ ესიამოვნა ჩვენი იქ ჩასვლა და დაფრთხნენ კიდეც…

უნდა აღინიშნოს, რომ „მხედრიონის“ ძირითად ბირთვს გაგრის თავდაცვითი ბრძოლების შემდეგ შემოემატა არა ერთი მოხალისე, რომელსაც სჯეროდათ ბატონი ჯაბასი და ჩვენს ბიჭებთან სურდათ ბრძოლა.

ჩვენი ჩასვლის ძირითადი მიზანი იყო, ის რომ რაც შეიძლება ღრმად განგვეხორციელებინა შეტევა კოლხიდის მიმართულებით და გადაკეტილიყო ბზიფის ხეობა მთაში, რათა გამოგვერიცხა ათასი ჯურის დაქირავებული ბოევიკების და ჩენი მოწინააღმდეგე სეპარატისტი მოძალადეების შემოჭრა დაუცველ ქალაქში.

ქალაქის დაცვას გამოუცდელობის მიუხედავად ცუდი პირი არ უჩანდა. ხელმძღვანელობაც ბოლოს და ბოლოს გააერთიანეს და ფონტის საერთო სარდლად ხელმძღვანელად დანიშნეს პოლკოვნიკი მიხეილ მარინაშვილი. მას უნდა დაქვემდებარებოდა ყველა საჯარისო და მოხალისეთა ბატალიონები და მიზნობრივი მიმართულება მიეცა მათთვის.

მახსოვს ის, რომ ბიჭებს ძალიან ამხნევებდათ ბატონი ჯაბას გამოჩენა, ყველანი დიდ კმაყოფილებას განიცდიდნან და უფრო იმდიანად იყვენე.  თვით გვარდიელებიც კი ბატონ ჯაბას დიდ პატივს სცემდნენ და აღნიშნავდნენ ყოველთვის იმას, რომ ამხელა თანამდებობის და უკვე ასაკიანი კაცი მაინც არ უშინდებოდა აშკარა საშიშროებას და ჩვენთან ერთად იყო წინა პოზიციებზე. და მაღალი რანგის სამხედრო პირები კი, რომელთაც უშუალოდ ეხებოდათ სამხედრო ოპერციების ადგილზე ხელმძღვანელობა ერთხელაც არ გაკარებიან ქალაქ გარგის საბრძოლო ეპიცენტრს, გარდა ბატონი ჯაბასი.

მან ფეხით მოიარა მთელი პოზიციები, რათა საკუთარი თვალით ენახა თუ რა ადგილებში მოხდებოდა ბრძოლები და სად რამდენი ხალხი გვყავდა რეალუად. და როდესაც მაღლა სიმაღლეზე, რუსეთის მთავრობის აგარაკებთან, ავედით იქ სულ ხუთი კაცი დაგვხვდა და ამან ძალიან გაგვანერვიულა, რადგან აშკარად ჩანდა, რომ სწორედ აქედან დაეშვებოდა მტერი ქალაქში. აქ იდგნენ პოლკოვნიკ ემზარ ჭოჭუას არტირელისტები და ბომბავდნენ ბზიფს. ბატონმა ჯაბამ მოითხოვა, რომ აქ რომელიმე გამოცდილი შენაერთი ჩაეყენებინათ, მაგრამ ეს წინადადება არ განახორციელეს, ამან კი მოგვიანებით სავალალო შედეგები გამოიღო, მტერი 2 ოქტომბერს სწორედ აქედან შემოვარდა ქალაქში.

ბატონმა ჯაბამ ისურვა აღებული პოზიციების დათვალიერებაც ერთ-ერთ აღებულ სიმაღლეზე. უარი ვუთხარი, რადგან სულ ერთი საათი იყო გასული ბრძოლის შემდეგ, საფრთხე აშკარა იყო, მაგრამ არაფრით არ დამთანხმდა… ასვლისას უსაფრთხოება თითქმის მაქსიმალურად დავიცავით. დაღუპულების ცხედრები ჯერ კიდევ ეყარა ორივე მხრიდან. ვაფრთხილებდი, რომ მოწინააღმდეგიდან, შეიძლება ვინმე  ყოფილიყო ჩარჩენილი და ინტუიციამ არ მიმტყუნა. ვიდეოკამერით გადაღების დროს, ავტომატის ჯერი გაისმა და ჩვენი დაცვის წევრი საშკა ჯავახიშვილი ეგრევე მოიცელა, მძიმედ დაიჭრა ფილტვში. როგორც შეგვეძლო გადავჯგუფდით, მივიღეთ საბრძლო პოზიცია და აფხაზები თავს არ გვაღებინებდნენ. მაგრად ვღელავდით რადგან საშკას სასწრაფოდ შველა ჭირდებოდა წუთებში წყდებოდა ყველაფერი. ყვირილით ვალაგებდი ბიჭების ქმედებებს და ბრძანებებს ვიძლეოდი. საბედნიეროდ, ამოსული იყო ჩვენი ბეემპე და ჩვენმა ბიძინა პირველმა მართლაც იმარჯვა და მიასწორა იქაურობა, ცეცხლი გახსნა, დაცვა გაგვიკეთა და თანდათან გამოვიყვანე ბიჭები.

ასე გადავრჩით აშკარა სიკვდილს. ბატონი ჯაბას მეთაურობით ვაკონტროლებდით პოზიციას და სულ წინ მივიწევდით რომ ყველაფერი ჩვენი თვალით გვენახა. სულ ახლოს ვეკრობოდი, რომ საშიშროებისას ბატონი ჯაბა გადამერჩინა და მავალჯერ მართლაც დამისწრია, ტყვიამფრქვევის თუ ჭურვის ნამსხვრევისათვის. მან უკვან დახევა არ იცოდა, პოზიციიდან პოზიციაზე გადადიოდა. ასრულებდა ჯარისკაცის, მეთაურის, სამხედრო ხელმძღვანელის როლს. ბატონი ჯაბა ცდილობდა ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო თავდაცვის ბრძოლაში, მართალია მცირერიცხოვანი, მაგრამ ჩამოყალიბდა „გაგრის ბატალიონი“. იარაღი უჭირდათ და რაც შეძლეს მიაწოდეს ჩვენმა ბიჭებმა,  მიუხდავად იმისა, რომ თავად არ ჰქონდათ საკმარისი.

სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ შემუშავდა შეტევის გეგმა. პაატა დათუაშვილმა ჩამოიტანა საკმაოდ ბევრი ტყვია-წამალი და თანდათან მომწიფდა შესაფერისი მომენტი. დაიწყო შეტევა ბზიფის მიმართულებით, ტრასაზე, კოლხიდის თავზე მთაში და ზღვისპირეთში. ჩვენი ბიჭები ყველგან გადანაწილდნენ.

დადგა ბიჭვინთზე შეტევის დღეც, ოპერაცია იწყებოდა დილით.

მახსოვს შტურმის წინა საღამოს 29 აგვისტოს შტაბში ვისხედით მე და ჩემი მეგობარი ამირან პაპუნაშვილი რაცია მთხოვა და თან რაღაც სევდიანად მითხრა – „თამაზ, მე ვიცი, რომ ხვალ შტურმის დროს მომკლავენო“. ამაზე ძალიან ავღელდი და ვუპასუხე – „რას ამბობ, ასეთი რომ მეორედ არ გამაგონო მეთქი“. ახლა კი ვხვდები, რომ მას სიკვდილის წინათგრძნობა ჰქონდა.

მთაში გიგა არველაძე ავიდა და შეტევაზე გადავიდნენ ბიჭები. მაგრამ შეტევა შედარებით შეფერხდა, რადგან მოწინააღმდეგემ ძლიერი ცეცხლი გახსნა და ბევრი მეომარი დაიჭრა, მათ შორის გიგა არველაძე დაჭრეს პირდაპირ სახეში. აქ დაიღუპა ცხონებული პავლიკა იოსელიანიც, რომელიც, საუბედურიდ,  „ბეემპეს“ ბორბლების ქვეშ ჩავარდა, როდესაც გიგას გადასარჩენად მირბოდა. აქ დაიღუპა ჩვენი მიშიკო ბურძგლა დედისერთა ბიჭი. ასევე მიხეილ ერემეიშვილი ვანელი ბიჭი. თავში დაჭრეს ჩემი ჯგუფის წევრი თენგო ლობჟანიძე.

მეორე ხაზზე ტრასაზე მიდიოდა მძიმე ტექნიკა, შავნაბადას ბატალიონის ბიჭები და მხედრიონელები ამირან პაპუნაშვილის ხელმძღვანელობით. ასევე ბორჯომის მხედრიონი გიგა გელაშვილის ბიჭები და ვაჟა ქრისტესიაშვილის ჯგუფი. აქ გზაზეც დიდი მსხვერპლი იყო, რადგან აფხაზებმა ცეცხლი გახსნეს სწორედ, რომ  მთიდან და ცოცხალი ძალა, საუბედუროდ, მარჯვედ გაანადგურეს. აქ დიღუპა ჩემი მეგობარი ამირან პაპუნაშვილი, გიგა გელაშვილის სიძე ვალერი კაპანაძე და სხვა ბიჭები. ასევე ზღვის გასწვრივ შეტევას ხელმძღვანელობდა მამუკა ბარათაშვილი და ისიც დაიღუპა. ამ პერიმეტრზე შეტევაზე მიდიოდა ასევე გვარდიის თელავის ბატალიონი. ულამაზესი და უვაჟკაცესი ბიჭები დაიღუპნენ.

მივედით წითელ ჯვრამდე და შეტევა შეჩერდა.

გაგრის ბრძოლიდან რატომაღაც ყოველთვის სულ ერთი ეპიზოდი მახსენდება – მახსოვს „მხედრიონის“ერთ-ერთი ჯგუფი მიდიოდა ჩვენი მებრძოლების დასახმარებლად მთაში. სვანები და თბილისელი ბიჭები იკრიბებოდნენ შტაბთან. სატვირთო მანქანა ჩამოდგა და ბიჭებმა ასვლა დაიწყეს. ერეკლე ნარსავიძემ ვერტმფერნიდან დესანტირების დროს ფეხი იღრძო და ვხედავ თაბაშირიანი ფეხით ახტა ძარაზე და აპირებდა ბრძოლაში წასვლას – „ბიჭებს ვერ დავტოვებო“ . ბატონი ჯაბა არაფრით არ უშვებდა. ის კი მაინც თავისას გაიძახოდა – „მე იქ ვარ საჭიროო“.

ჩვენი სვანი მებრძოლო ემზარ ჩხეტიანი მომიახლოვდა და რაღაც ნაღვლიანად შემომხედა და მითხრა – თამაზ, თუ რაიმე შემემთხვა ძალიან გთხოვ ჩემს პატარა ბიჭს და ოჯახს ნუ მიატოვებთო. გადავეხვიეთ ერთმანეთს და დავემშვიდობეთ.

ამ გაწამაწიაში და მღელვარებაშო უცებ გავიგონე, ჩემდა გასაოცრად სვანების მიერ ნამღერი „ლილეო“. ისე მხნედ და გულიანად შემოსძახეს, რომ ძარღვებში სისხლის დუღილი ვიგრძენი… ცრემლები წამომცვვდა.

„ლილეოს“ სიმღერა მზის სადიდებელის და მივიჩნიე სინათლის და სიბნელის დაუნდობელი ურთიერთბრძოლის და შერკინების სიმბოლოდ. ჩვენც ბოროტებას და ბნელს ვებრძოდით.

აშკარა იყო, რომ ქალაქს უახლოვდებოდა შავი ჭირი გადამთიელი ბოევიკების სახით და ჩვენ უნდა შეგვეკრა ქალაქის გარშემო დაცვის რკალი. მანქანა დაიძრა და თანდათან ამ ბიჭების ხმა უფრო ომახიანი და ძალგულოვანი ხდებოდა…

იმ ბრძოლიდან ძალიან ბევრი უკან არ დაბრუნებულა.

აფხაზები მაშინ დარწმუნებულები არ იყვნენ თავიანთ ძალებში და ეჭვობდნენ გამარჯვებას. სწორედ ამ შეტევამ გააკეთა ის, რომ მოსკოვში დაიდო 3 სექტემბრის ხელშეკრულება და ცეცხლი შეწყდა.

შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა დაერეგულირებინა სამშვიდობი პროცესები, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სამწუხაროდ, თავისი ძირითადი დანიშნულება სრულფასოვნად ვერ შეასრულა, რადგან არ იმუშავა ჩვენი მხრიდან კონტროლის მექანიზმმა.

სექტემბრის ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი იყო საჯარისო ფორმირებების გაყვანა ქალაქიდან, და, როგორც ჩანს, რუსებმა სწორედ გათვალეს, ის რომ შედარებით გამოწრთობილი მებრძოლი ძალა გაიყვანეს ქალაქიდან და დარჩნენ ახლდჩამოყალიბებული საჯარისო ნაწილების გამოუცდელი მცირე კონტიგენტი. ეს იყო მცდარი ნაბიჯი და ქრთველების დიდი მოტყუების დასწყისი. ჩაგვაგდეს ეიფორიაში, რომ ხელშეკრულება დაიდო ყველაფერი კარგად დამთავრდა, რუსებმა ჯარი ჩააყენეს სოხუმთან და არა კოლხიდასთან. მაგრამ დღეს-ხვალიაობაში დაშორიშორება არ მოხდა და ჩვენთვის სავალალოდ წაიყვანეს საქმე. გამოგვიყვანეს „მხედრიონის“ სამასი კაცი მთავარი დამრტყმელი ძალა და ტექნიკაც. ასევე ბრძოლებში ძალიან დიდი დანაკლისი დაჭრილების და დაღუპულების სახით განიცადა გვარდიის „შავნაბადას“ ბატალიონმა და ისიც ჩვენზე ადრე გამოვიდა ქალაქიდან.

ჩვენ გაგრის დაკარგვით ვკარგავდით საზღვარს, იხსნებოდა რუსეთიდან გზა და თავისუფლად შეეძლოთ შემოეყვანათ ბოევიკები და ტექნიკა და ამით ვკარგავდით მთლიანად აფხაზეთს, რისი განხორციელებაც ერთი წლის  შემდეგ შეძლეს კიდეც.

ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად აფხაზები მაინც არ ისვენებდნენ. 2 ოქტომბრამდეც  განახორციელეს ჩვენს მცირე ჯგუფზე შემოტევა. ავტობუსში ააფეთქეს ბიჭები სწორედ იმ გზაზე, სადაც ბატონმა ჯაბამ ითხოვა გამაგრება. ხელშეკრულებით კი არტირელია აქედან გამოიტანეს და ყველაზე მნიშვნელოვანი სიმაღლე, საიდანაც ხორციელდებოდა მთელი პერიმეტრის კონტროლი ბზიფის ხეობის ჩათვლით დაუცველი დარჩა. შემდეგ აფხაზებმა და ჩეჩნებმა მარბიელი თავდასხმები დაიწყეს და 24 სექტემბერს ჩასაფრება მოუწყვეს გია ვაშაკიძის და ვაჟა ქრისტესიაშვილის პატარა ჯგუფს. ჩვენი ბიჭები დაიღუპნენ ვაჟა მძიმედ დაიჭრა.

და უკვე 2 ოქტომბერს განახორციელეს მასიური თავდასხმა ქალაქზე, სადაც 1 სექტემბერს სკოლებში სწავლა დაიწყო. გაგრაში დარჩენილი იყო ძალიან მცირე კონტიგენტი სამხედროების მოულოდნელი შემოტევით დაიწყო ქაოსი. ბადრი ფირცხელიანის  და გაგრის მილიციის ბიჭები ცდილობდნენ მტერი შეეჩერებინათ. ნახევარი ქალაქი აიღეს კიდეც. ამ ბრძოლაში მართლა გაბედული კაცები დაიღუპნენ. აშკარა იყო, რომ მტრის ძალა არათანაბარი იყო. მათი ბედი დღემდე უცნობია. ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლაში ასევე მონაწილეობდნენ რუსების რეგულარული ნაწილები, რომლებიც განჯიდან გადმოიყვანეს.

„მხედრიონის“ ძირითადმა ნაწილმა სასწრაფოდ მოიყარა თავი თბილისში და 200 კაცი აეროპორტში წავედით, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოგვიტანეს მხოლოდ 100 ავტომატი და გადავფრინდით სოხუმში. ბატონი ჯაბა აპირებდა პარტიზანული ბრძოლის გაჩაღებას. ჩვენი ბიჭები ბადრის მეთაურობით ჯერ კიდევ იყვნენ გამაგრებულები გაგრის თავზე მთის პერიმეტრში, მაგრამ ბოლო წუთებში დავინახეთ  ისიც როგორ გადმოვიდა ვერტმფერნიდან და მივხვდით ყველაფერი გვიან იყო.

ასე დიაკარგა გაგრა, განთიადი და ლესელიძე. ეს იყო პირველი თვალნათელი დადასტურება რუსების ორმაგი თამაშის, ქართველების გენოციდის, ფაშისტური ანგარიშსწორების და არაადამიანური დაუნდობლობის და ჩვენი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის უნიათობისა.

რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა გაგრის ბრძოლის შესახებ თელავის ბატალიონის მეთაურის დავით მარტიაშვილის მოგონება სადაც ჩემთვის უცნობი დეტალები გახდა ცნობილი ჩემი ამირანის გმირობის და დაღუპვის შესახებ. ნათელში იყავი, ჩემო მეგობარო, შენ ვაჟკაცურ გულს და სულს ვენაცვალე.

ავტორი ლალი ცერაძე –   ამონარიდი დავით მარტიაშვილის მოგონებიდან –  „გზაზე ავიღეთ მათი ბლოკ პოსტი, რამის ხელჩართული ბრძოლა მოგვიწია მათთან ერთმანეთს სახეში უყურებდით და ისე ვესროდით.საბოლოოდ გაიქცნენ, მაგრამ ჩვენც მოგვიწია შეჩერება, რათა ჯიბებიდან ტყვიები ამოგვეღო და მჭიდები დაგვეტენა, მაშველმაც დააგვიანა და ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა რომ გაქცეულებს წამოშველებოდნენ და ტყიდან მოგვტრიალებულიყვნენ.როგორც იქნა შავნაბადა“ გამოჩნდა ბე-ტე-რებით“ და ბეემპებით“. შავნაბადას“ მოყვნენ  სხვებიც და ჩვენმა მაშველმა დაგვიშვა ტყვიები ჩვენვე , წინიდან   ჩეჩნები აფხაზებთან ერთად ხოლო უკნიდან  ჩვენები გვესროდნენ. როგორი დაგეგმარებაა? გაირკვა რომ მათ ისიც კი არ იცოდნენ რომ მათ წინ სხვა  ქართული ბატალიონი წავიდა.

პირველები ეგონათ თავი. ბევრი რომ არ გამიგრძელდეს 120 კაციდან იმ დღეს 40 ჯარისკაცი დამეჭრა და ერთი დამეღუპა ისც იმიტომ რომ დაჭრილს ჩვენმა გაქცეულმა ბე-ემ-პემ“ გადაუარა და შალგებით გასრისა და არა მხოლოდ ის.
ამდენ ჯარს სხვა და სხვა ბატალიონებს საერთო მეთაური არავინ შემოყვა და ფაქტიურად ხელის გულივით გაშლილ ადგილას აღმოვჩნდით ქვაბში, სადაც ყველა მხრიდან გვირტყავდნენ და არავინ იცოდა რა უნდა გვექნა. ეს ამხელა კოლონა გაჩერდა ზედ გზაზე.  წინ მოსახვევი იყო და არ მისული მოსახვევთან ტანკი იყო გაჩერებილი „ბე-ემ-პესთან“ ერთად, რა თქმა უნდა მაშინ რადიოსადგურებზე და ვინმესთან რამეზე კავშირზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო.
ამ ბრძოლის ყველა მომენტი მახსოვს, ყველა საინტერესოა და ტრაგიკულია და მხოლოდ ერთს გავიხსენებ ეხლა იმიტომ რომ ეს იყო გმირობის მაგალითი.
ჩემთან  როგორღაც წვალებით მოცოცდა მხედრიონელი  და მეუბნება:“ხომ ხედავ ვიხოცებით, უნდა დავიძრათ ისევ შეტევაზე   თორემ   გავწყდებით ესეო“. უთხარი – „გეთანხმები, მაგრამ ძაღლი პატრონს ვერ ცნობს და როგორ გინდა რომ ეს ხალხი დაძრა აქედან?“. მკითხა – „შენ მეთაური ხომ ხარო?“. ვუპასუხე – „მე კი ვარ მეთაური და ჩემები უსიტყვოდ ადგებიან შეტევაზე, მაგრამ დანარჩენები ჩემ ბრძანებას არ შეასრულებენ! თან ტაკთან კავშირიც არ გვაქვსმეთქი.“ ტანკამდე კი ყველაფერი იცხრილებოდა, დაჭრილებით იყო იქაურობა გადავსებული. რომ არა ჩემი ჯარისკაცების გმირობა ბევრი დღეს ცოცხალი არ იქნებოდა!   მიკრო ავტობუსით ტანკამდე მიდიოდნენ და გაჰყავდათ დაჭრილები. და დაღუპულები განურჩევლად ყველა(ამ ბრძოლის შემდეგ კიდევ ბევრი წლები იხსენებდნენ ამ მიკრო ვტობუსს გადარჩენილი მებრძოლები).

 თუ არ მეშლება   ამირანი ერქვა  ამ მხედრიონელს. ის დაფიქრდა და მითხრა – მე მივალ ტანკთან და ვეტყვი რომ დაიძრას, შენ კი ხალხი აყენე და ვინც არ დაგემორჩილება მე მოუვლიო!“. მერე ცოტა უხერხულად დაამატა – გრანატის სროლა არ ვიციო. რაც იქნება იქნებაო“.

იქ ცეცხლის ტყვიების წვიმაში ქუჩის შესახვევი იყო გადასარბენი, საიდანაც იცხრილებოდა გზის საშიში მონაკვეთი.
          ამირანმა როგორც იქნა მირბინა ტანკთან კონდახით დაუბრახუნა. ავიდა უთხრა რომ დაძრულიყვნენ და ზედვე ტანკზე დაცხრილეს. გმირის სიკვდილით დაიღუპა!
ტანკი დაიძრა მე წამოვდექი და რაღაცნაირად დავიძარით ისევ შეტევაზე“.

თამაზ ფანჩულიძე აგრძელებს თხრობას– რაც შეეხება ჩვენს ბიჭებს მათ თავი დადეს ქალაქ გაგრის მოსახლეობის დაცვისათვის და ვიტყოდი მსხვერპლად შეეწირნენ ქვეყნის ერთიანობას. ისინი გულრწფელი და პატრიოტული სიყვარულით იყვნენ გამსჭვალული ქართული საქმის, საქართველოს სიყვარულის მიმართ და ნამდვილი ვაჟკაცის შესაფერისი გმირის სიკვდილით წავიდნენ მარადისობაში და მარადჟამს დიდების შარავანდედით იქნებიან შემოსილები.

ყურში კი ისევ მაინც სვანების ნამღერი „ლილეო“ მიდგას ასე ომახიანად რომ ერკინებოდნენ სიმღერითაც სიკვდილს და იმედი ჰქონდათ ქალაქის გადარჩენისა.

 

 

Next Post

გიორგი ლაღიძე – „„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეხმატკბილებული მოქმედებენ“

სამ ოქტ 5 , 2021
2,570 წაკითხვაპარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატრდა, რაც მნიშვნელოვნად აღირიცხა პარტიის შედეგებზე: „პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო უკიდურესად არათანაბარი და დისკრიმინაციული, რაც აისახა კიდევაც არჩევნებზე. რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, ის ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, რაც გამოიხატება ამომრჩეველთა დასინება-შანტაჟი და მათ ნებაზე ზეგავლენის მოხდენით. საერთო ჯამში მოცემულობა არის შემდეგი; […]

შესაძლოა მოგეწონოთ