„პირველად ცხოვრებაში ნამდვილად ვიფიქრე, რომ დავტოვო არა მარტო პოლიტიკა, არამედ ქვეყანა“ – ხათუნა ლაგაზიძე

915 წაკითხვა
ხათუნა ლაგაზიძის პოსტი ფეისბუქში:
კვირას არც ტელევიზორი ჩამირთავს და არც ტელეფონი, არც არაფრის მოსმენა მინდოდა და არც არავის დანახვა, მით უფრო, არაფრის კომენტირება. მოგვიანებით, ბავშვი გავიყვანე გარეთ რაღაც საქმეზე და მივხვდი, რომ ამათი, ბანერებზე ატყლეზილი, თვითკმაყოფილი სიფათების დანახვაც უკვე მეტისმეტი იყო. და პირველად ცხოვრებაში ნამდვილად ვიფიქრე, რომ დავტოვო არა მარტო პოლიტიკა, არამედ ქვეყანა.
ამ ორ დღეში ბევრ ადამიანს შევხვდი, ბევრს ვესაუბრე, მინდოდა ხელჩასაჭიდი მენახა, რომ ცვლილებების რესურსი კიდევ არის.
ბოლო აკორდი იყო – ჩემთვის ბათუმის არჩეული მერის – გიორგი კირთაძის და წალენჯიხის ახალი მერის – გია ხარჩილავას მოსმენა, ანთებული, იდეებით, ხედვებით, ღირსებით სავსე ადამიანების, რომლებიც საბედნიეროდ გამონაკლისები კი არ არიან, უბრალოდ ისინი, „სხვა“ საქართველოს, ეკრანებს მიღმა დარჩენილ, ნაღდი, ძარღვიანი ქართულით მეტყველ და ამავდროულად, სწორი, პროგრესული ხედვების საქართველოს წარმოადგენენ, რომელიც მე, ჩემდათავად, ივლისში აღმოვაჩინე, როცა მივხვდი, რომ ხსნაც და რესურსიც რეგიონალურ ლიდერებში იყო და ამ საბადოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ძებნა დავიწყე.
ეს ქვეყანა მართლაც ასეთი ხალხის საბადოა და მივხვდი, რომ ვერსადაც ვერ წავალ და არ წავალ. ასეთი ხალხია შანსიც და რესურსიც, რომ ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ჩვენ კი არა, „ოცნება“ წავიდეს პოლიტიკურ მოუსავლეთში, „ჩაცუცქული“, უიდეო, ფულის და ძალაუფლების ხამი, ქვეყნის – „პარაშად“ და ხალხის – გამოქვაბულში განრთხმულ ქვემძრომებად ქცევის მოსურნე, ყველა ბნელი და მოღალატეობრივი ინსტიქტის გამღვიძებელი და გამღვივებელი, კრიმინალთან შეზრდილი, დიახ რომ რუსული „ოცნება“. ხელისუფლება, რომელიც მარტო მესამე პრეზიდენტის საჯარო და ჯგუფური მკვლელობის აქტს კი არ ახორციელებს, არამედ ხელაუკანკალებლად და თვალისდაუხამხამებლად მოაწერდა ხელს პირველი პრეზიდენტის მკვლელობასაც.
„ოცნება“, რომელმაც მოკლა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ტერორში ყავს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, დაანგირა ქვეყნის საგარეო პერსპექტივა და საქართველო რეგიონის ყველაზე გაუბედურებულ და უპერსპექტივო ქვეყნად აქცია – ფახფახებს. ჩვენი ვალია, ის ისე წავიდეს, რომ არც თავად დაზიანდეს, არც ხალხი და არც ქვეყანა. გასაწირად არავინ მემეტება და უმსხვერპლოდ, დანაკარგების გარეშე უნდა გავიყვანოთ ეს ქვეყანა სამშვიდობოს. ეს გზა ჩვენი გასავლელია, „ჩაცუცქულიც“ და მერხის ქვეშ გართხმულიც ჩვენი წამოსაყენებელია, დიდი ეროვნული შეთანხმებაც მისაღწევია, დეცენტრალიზებული, არა-ავტორიტარული ხელისუფლების მისაღებად ახალი კონსტიტუციაც დასაწერია და დიდი ეროვნული იდეაც საპოვნელი და მისაღებია. დღეს ეს ქვეყანა კათარზისის გზას გადის და ჩვენ ამ გზას მშვიდობით გავივლით. უნდა გავიაროთ!

Next Post

„ღარიბაშვილმა თითქმის შეუძლებელი შეძლო“ - დავით ჩიხელიძე

ოთხ ნოე 3 , 2021
915 წაკითხვა2019 წელს, მაშინდელი თავდაცვის მინისტრობის  კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტის წინაშე გამოსვლა და მისი სიტყვა, მისი  ერთ ერთი ოცნება და დაპირება გახსოვთ?  „ჩვენ უნდა დავიწყოთ იარაღის წარმოება, მე ვფიქრობ ჩვენ ამას შევძლებთ“ დაპირება, რომელიც ბევრმა გააქილიკა, ბევრმა არასერიოზულად და შეუძლებლად მიიჩნია. ეს იყო 2019 წლის 5 სექტემბერი, 2021 წლის 28 ოქტომბერს  საქართველომ ნატოს სტანდარტების იარაღის წარმოება დაიწყო. შაშხანა GI-4 (5.56)  […]