ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა

4,894 წაკითხვა

ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Business) 2020 წლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. შესაბამის კვლევას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუარესდა, რადგან 2019 წლის ანგარიშში ქვეყანა მეექვსე ადგილს იკავებდა.

ამასთან, 2020 წლის ანგარიშში საქართველო შეფასებულია 83,7 ქულით. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შეადრებით 0,2 ქულით გაუმჯობესდა.

რეიტინგის შედგენა 10 ინდიკატორის მიხედვით ხდება. აქედან საქართველოს ხუთ ინდიკატორში ქულების მატება აქვს, ხუთი ინდიკატორის ქულა კი უცვლელი დარჩა.

საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს ბიზნესის დაწყების სიმარტივის კუთხით აქვს. ამ მხრივ ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ ახალი ზელანდია უსწრებს, ხოლო მეხუთე ადგილზეა საკუთრების რეგისტრაციის ინდიკატორით. მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვის მხრივ საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ მშენებლობის ნებართვების მხრივ გააუმჯობესა მშენებლობის ხარისხის კონტროლი ინფორმაციის საჯაროობის გაზრდით.

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს ახალი ზელანდია 86,8 ქულით, მას მოჰყვებიან სინგაპური, ჰონგ კონგი, დანია, სამხრეთ კორეა და აშშ-ი. საქართველოს გარდა, პირველ ათეულში კიდევ დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და შვედეთი. 190 ქვეყანას შორის ბოლო სამეულს ვენესუელა, ერითრეა და სომალი წარმოადგენენ.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში სომხეთი 47-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი – 34-ეზე, თურქეთი 33-ეზე, რუსეთი – 28-ეზე.

Next Post

ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დააკავეს

ხუთ ოქტ 24 , 2019
4,894 წაკითხვასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით დროებითი სარგებლობის სანაცვლოდ, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 000 […]