„გაუგებარი იყო პრეზიდენტთან შეხვედრაზე, პოლიტიკოსები რა ნიშნით მიიწვიეს“ – მამუკა გიორგაძე

906 წაკითხვა

„პრეზიდენტის სასახლეში გამართული მიღება,  შინაარსგამოცლილ პოლიტიკურ სპექტაკლს უფრო მოგვაგონებდა, ვიდრე რეალურად ეროვნული შერიგებისთვის მოწადინებული ადამიანების შეკრებას, სადაც მასპინძელი ცდილობდა საკუთარი პერსონის მნიშვნელობისთვის ხაზს გასმას“ – ასე აფასებს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საახალწლო მიღებას: 

„როდესაც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია საერთო ეროვნულ საკითხზე აპირებს მსჯელობას და მხოლოდ პოლიტიკურ თამაშში ნებადართულ სახეებს ( ყველას არ ვგულისმობთ) იწვევს,  თავს უფლებას მივცემთ და ვიტყვით, რომ ეს შეხვედრაც მიმდინარე პოლიტიკური ფარსის ნაწილად აღიქმება და მხოლოდ რეალური პრობლემებიდან, მოქალაქეების  სხვა საკითხზე ყურადღების გადატანას ემსახურება.

საერთოდ გაუგებარი იყო პრეზიდენტთან შეხვედრაზე, პოლიტიკოსები რა ნიშნით მიიწვიეს? თუ გასული არჩევნების შედეგის მიხედვით მოხდა პოლიტიკური სახეების სეგრეგაცია, მაშინ იქ მყოფ ბევრ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებზე, გაცილებით მეტი ხმა აიღო სახალხო პარტიამ გასულ არჩევნებზე.

ჩვენ ამ რემარკით წყენას კი არ გამოვხატავთ, არამედ მივანიშნებთ, რომ ეროვნული თანხმობის მიღწევა მხოლოდ პროცესში მონაწილე ყველა მხარის ძალისხმევით არის მიღწევადი.

გვიჩნდება განცდა, რომ რასაც პრეზიდენტის ინიციატივა ეროვნულ შერიგებას ეძახის, რეალურად ნიშნავს ყველა იმ უწესობის და უზნეობის ჩამოწერას, რაც ხდებოდა საქართველოში 1990 წლიდან დღემდე.

ეროვნული თანხმობა ნიშნავს “სიმართლის დამდგენი” კომისიის შექმნას და დროის ამ მონაკვეთში მიმდინარე პროცესების სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას. მსგავსი პრეცედენტი არსებობს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.

ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზება შემცირდეს. იმისთვის, რომ ინსტიტუციის ფარგლებში პოლიტიკური შერიგების აქტი გაფორმდეს, საჭიროა სახელისუფლებო უმრავლესობის და უმცირესობაში არსებული პარტიების შეთანხმება უამრავ საკანონმდებლო საკითხზე და უნდა მოხდეს ქვეყნის უახლოესი წარსულის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება“ – აცხადებს მამუკა გიორგაძე.

 

Next Post

აგვისტოს ომის გამოძიება - ვის წაუყენებს ბრალს ჰააგა?

პარ დეკ 17 , 2021
906 წაკითხვა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიებას 2016 წლიდან აწარმოებს. 2020 წლის ბოლოს, პროკურორმა ფატუ ბენსუდამ ეს გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. მაგრამ, გამოძიების შედეგები არ ცხადდება და სასამართლო გადაწყვეტილებას დღემდე არ ღებულობს. რა არის ამის მიზეზი და რით შეიძლება, დასრულდეს ეს ყველაფერი? რა ინტერესები აქვს საქართველოს და რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო, ჰააგის პროცესში ჩვენი ქვეყნის […]

შესაძლოა მოგეწონოთ