სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ტელეკომპანია ,,ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით
“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია ,,ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, პენიტენციურ დაწესებულებებს ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლები მართავენ და მსჯავრდებულებს ფულს სძალავენ, ამასთანავე პროცესში თითქოს ჩართულები არიან სამსახურის მოსამსახურეებიც. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში ხდება ე.წ. საერთოს შეგროვებაც, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებების შეტანა-მოხმარებაც.
განვმარტავთ, რომ ეს არის მორიგი სიცრუე და მსგავს ფაქტებს პენიტენციურ სისტემაში ადგილი არ აქვს. ხოლო გაყალბებული ინფორმაციის გავრცელების მიზანს პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა დემორალიზება და საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვა წარმოადგენს.
ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოისურვებენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას, გადაჰყავთ ნახევრადღია პენიტენციური დაწესებულებებიდან დახურულ დაწესებულებებში, სადაც ისინი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან. შესაბამისად, პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნის გზით კი ხდება მღელვარების გამოწვევა პატიმრებსა და მათ ოჯახებში.
გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, ტელეკომპანია “ტვ პირველის” მიერ მომზადდა მსგავსი შინაარსის სიუჟეტი, თითქოს მე-5 (ქალთა) დაწესებულების პატიმრები ნარკოტიკული მედიკამენტის (სუბოტექსის) რეალიზებას ახდენენ და პროცესში დაწესებულების ადმინისტრაციაც მონაწილეობს. სიუჟეტმა დიდი მღელვარება გამოიწვია როგორც მსჯავრდებულებში, ისე უწყებაში მომსახურე კონტიგენტში. ამ ფაქტის მოკვლევისთვის ქალთა დაწესებულების მსჯავრდებულების მხრიდან არაერთი მიმართვა გაიგზავნა სხვადასხვა უწყებებში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, მსგავსი ხასიათის მასალის მოპოვების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ შესაბამის საგამოძიებო უწყებებს შესაძლო დანაშაულის გამოძიების მიზნით. პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი გამოძიებას და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
საყურადღებოა, რომ არც ტელეკომპანია “ტვ პირველის” და არც ტელეკომპანია ,,ფორმულას” დღემდე არ მიუმართავთ საგამოძიებო უწყებებისთვის შესაძლო დანაშაულის გამოძიების მიზნით.”– აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.