ლალი ცერაძე – „მეომართა უფლებების დაცვის კავშირის თავმჯდომარე“, „საქართველოს მეომარ-ვეტერანთა და ადამიანის უფლებების დაცვის არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლობითი პალატის -კოლეგიის“ პასუხისმგებელი მდივანი.
2018 წელი
საქართველოსთვის დაღუპული წინაპრების და მეომრების სახელით ვაპროტესტებთ ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისებას.
ჩვენო „დიდებულო“ პოლიტიკოსებო! გაკვირვებას იწვევს საქართველოს მიწის უცხოელებზე გასხვისების კანონპროექტის თვით განხილვაც კი.
რა თქმა უნდა, ყველა მამულიშვილმა არა თუ უნდა დაგმოს ეს მოღალატური აქტი, არამედ მართლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა იბრძოლოს ამის წინააღმდეგ.
ვის მიწა-წყალს ყიდით, რანი გაჩნდით, რა სულისკვეთება გამოძრავებთ?!
ეს ხომ პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის დაქცევა და განდგურებაა?!
ვის ხელში გინდათ ჩააგდოთ ჩვენი „წმიდათა-წმიდათაი“, ჩვენი სამოთხე, ჩვენი მამული?!

დამიჯერეთ თვალთმაქცობა და სიხარბე კეთილს არ მოუტანს თქვენს ოჯახებსაც, დამერწმუნეთ უფალი ძალიან დიდია და ცოდვა-მადლს შესანიშნავად განიკითხავს.
ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით საკანონმდებლო ძალმომრეობა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
ან რისთვის დაღვარეს ჩვენი ოჯახის წევრებმა სისხლი აფხაზეთში, სამაჩაბლოში?!
თქვენ ამ თავგანწირვის ფონზე გინდათ ის მცირედიც დაკარგოთ, რაც გაგვაჩნია ისედაც მცირემიწიან სახელმწიფოში?!
ან გაქვთ კი ამის უფლება?!
შეწყვიტეთ ამ ბოროტმოქმედების ჩადენა!
მთელი ვაიპოლიტიკოსების თაობები აბრძანდით საძმო სასაფლაოებზე და მუხლი მოიყარეთ მათ წინაშე, ვინც მამულს შეეწირა ზვარაკად.
გმირთა მოედანზე მხოლოდ გვირგვინების დადებას, ერთი ხელფასი თითო ბიჭის გავერანებულ სასაფლაოს მოსავლელად გადადეთ, პრემიებზე რომ არაფერი არ ვილაპარაკოთ.
ან რაღად გინდათ ამხელა შეიარღება და ჯარი?!
ვისი მიწა უნდა დაიცვათ საინტერესოა?! და ამდენი ბიჭი დაუნდობლად რისთვის ჩახოცეს?
ამდენი ბავშვი რისთვის დააობლეს?
ამდენ ქალს რისთვის ჩააცვეს შავი? რომ ამ რეგვენებმა და მოღალატეებმა ისედაც საწყალი მიწის სისხლით მორწყული ნაგლეჯი გაყიდონ?
ვაი, მამულო იავარდქმნილო ვის ხელში ჩავარდი?!
რა პატრიოტიზმი? რა სამშობლოს დაცვა?!
ამისთვის ჩავაწვინეთ ცივ სამარეში ნანატრად გაზრდილი შვილები და ზოგს სამარეც არ ეღირსა ?!
ერთი გვკითხეთ ჩვენ რა ხდება ჩვენს გულებში, რა ცეცხლი ტრიალებს?!
რა ამაზზრზენია თქვენი ქვენა გრძნობები, რომელებიც საქართველოს სიყვარულს კი არა, ანგარებას და სიხარბეს უკავშირდება.
მამულის და ხალხის მოღალატეს უფალი მოსთხოვს ამ ვაჟკაცების სიცოცხლეზე პასუხისგებას.
და ვის ღალატობთ, ვის მიწას ყიდით?!
ჩვენი გმირების მიწას, რომელთაც ქართული ტრადიციული საბრძოლო სულისკვეთება არ ასვენებდათ შინ, როდესაც მამულს უჭირდა…
ჩვენი ბიჭების მამულს, რომლებიც რაინდები, გულმოწყალენი, უღალატონი, უანგარონი, ნამუსიანნი, ვაჟკაცნი, მხნენი, ძალგულოვანნი, ერთ-ურთის მოყვარულნი, გულანთებულნი, სათუთნი, სანდონი, პირმცინარენი, თავდადებულნი, გამორჩეულნი, ალალნი, სულითამაღლებულნი, სიკვდილსმიგებებულნი იყვნენ!
ჩვენი შვილების გულებს ყიდით და ღალატობთ, რომელთაც ძილშიც და ღვიძილშიც ქართული ლაშქრის საბძოლო გუგუნი, საყვირთა მოწოდება და შეტევის ყიჟინა ჩაესმოდათ…
ისინი (და რატომ მხოლოდ ისინი?!) განიცდიდნენ და ხედავდნენ – წინაპართა სულმნათ სახებას, ქართული ელვარე ხმლების და ფარ-აბჯრების ჯახა-ჯუხს და ნაპერწკალთა ცვენა-ელვარებას, ყალყზე შემდგარი, ფაფარაყრილი ბედაურების გამეხებული ფლოქვების თქარუნს და ჭიხვინს, ქართული ალისფერი დროშა-ალმების ფრიალს და ბრძოლის ველის გამაგიჟებელ სურნელს – ცეცხლის, სისხლის და კვამლისას და თავგანწირული ბრძოლების ზათქს და დაფდაფთა ცემას.
თქვენ გინდათ მიწა გაყიდოთ იმ ჩვენი ბიჭებისა, რომელთაც ყველაზე მეტად სძულდათ ომის სასტიკი შემაძრწუნებელი გენია და სისხლისღვრა, მაგრამ გადამწყვეტ წუთში მამულის და ხალხის სადარაჯოზე დადგნენ…
ბევრმა მათგანმა ვერ მოასწრო ზოგმა მამობა, ზოგმა სიყვარული… ყიდით სამშობლოს ჩვენი რაინდებისას, რომლებიც იბრძოდნენ სიკვდილის წინააღმდეგ და საკუთარი სიცოცხლის ფასად ზეცად მაღლდებოდნენ…
სწორედ მათში ჩქეფდა ის ალისფერი ქართული ჯიშის და ჯილაგის სისხლი, რომელიც ზეციური მირონით იყო შეზავებული და ციური მადლით ნაკურთხი და ამიტომაც ღირსეულად შეუერთდნან წინაპართა მარადიულ საუფლოს და მარადიულ სინათლეს…
ისინი, რომელთაც უღალატეს, მაგრამ მათ, კაცური ზნეობიდან გამომდინარე, ვერ გაწირეს სამშობლო და თითოეული ჩვენთაგანი…
თქვენ დაივიწყეთ ჩვენი ბიჭები – დაჭრილნი, დასახიჩრებულნი, გულისფიცარშენგრეულნი, დაფერფლილნი, ნაწამებნი, სხეულდაგლეჯილნი, შინმოუსვლელნი, უსაფლაოდდარჩენილნი…
თქვენ დაივიწყეთ ისინი, რომელთაც ზურგში ღალატი ესობოდათ მახვილად და მკერდში მტრის ცხელი ტყვია…
თქვენ დაივიწყეთ ისინი, რომელთაც არ მიუტოვებიათ ბრძოლაში ძმები და მათ ძებნაში თვითონაც დაკარგულან…
თქვენ დაივიწყეთ ჩვენი განწირული ბიჭები…
თქვენ დაივიწყეთ ცოცხლადგადარჩენილი ვაჟკაცები, რომელთაც იციან თუ რა ძნელია მეგობრის სულის გაცილება საუფლოს და კაცური ცხარე ცრემლით და გმინვით აუტაციათ ხელში ზეცისაკენ უსულო ცხედრები…
თქვენ დაივიწყეთ მეომრები, რომელთაც სიცხეში სწყუროდათ და წყალი არ ქონდათ სულის მოსათქმელი, სიცივეში სციოდათ და ვერ გათბნენ სიკვდილის წინ, რომელთაც შიოდათ და მაინც ნახევარ ლუკმას უყოფდნენ მეგობარს…
ისინი, ვისაც ხელში ჩაუტყდათ ანთებული სანთლები და ლოცვა ვერ დაასრულეს…
საბედნიეროდ, დედა საქართველო და სიცოცხლე არც ჩვენით დაწყებულა და, არც ჩვენით მთავრდება… ჟამთა სვლა ყველაფერს შეცვლის…
და რადგან დაუმარხავი ვაჟკაცების მიმოფანტული ძვლების გაპატიოსნებისათვის, საუფლო მამულის გადასარჩენად, ერთი გოჯი სისხლით გაჟღენთილი საქართველოს წმინდა მფეთქავი მიწის დასაცავად, მადლმოსილი ქრისტიანული სალოცავებიდან კურთხევისთვის, წმინდა დავით მეფის საფლავიდან ამოძახილი – “დიდება ერთიან საქართველოს და უფალს”- ანდერძის აღსრულებისთვის, ქართული უძველესი დამწერლობის შენარჩუნებისათვის, ღვთაებრივი სიმღერა-გალობის მარადისობაში აჟღერების, საქართველოს ქრისტიანულ-ზნეობრივი ამაღლებისათვის და სულიერებისათვის და, რაც მთავარია, ჩვენი სულების გადარჩენისათვის ბრძოლა გრძელდება, უფალო, შეგვინდე და დაგვიფარე ჩვენ უღირსი მონანი და მხევალნი შენნი, ნუ გაგწირავ, გვასწავლე და მიგვანიშნე შენსკენ სავალი გზა, რათა დამყარდეს სრულიად საქართველოში, შენს სამკვიდრებელში, “ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება…”
“ლოცვითა წმიდითა მამათა ჩუენთათა, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ და სამშობლოსათვის თავდადებული გმირები. ამინ!
ადით, ადით გმირთა საძვალეებთან, მოინანიეთ, იქ თქვენ განიწმინდებით და უფალი შეგინდობთ, სანამ გვიან არ არის, თორემ მარადისობა ძალიან ახლოს არის.