შალვა მინდიაშვილი – “შავნაბადას” ბატალიონმა ღირსეულად გაართვა თავი სამშობლოს დაცვას”

ლალი ცერაძის წიგნიდან – „საქართველოს ჯარისკცების ჩანაწერები“

საქართველოში არიან გმირები, რომელთა სახელები ისტორიას აუცილებლად უნდა შემორჩეს. ჩვენი ერის გადარჩენის სისხლით შეღებილი ისტორიის ფურცლები ჩვენს დროშიც დაიწერა.
მათ სამშობლოს დაცვა გულში ფიცად ჰქონდათ, როდესაც გავეშებულ მტერს არ ეპუებოდნენ და მხოლოდ გამარჯვებაზე და ერთმანეთის გადარჩენაზე ფიქრობდნენ. ასეთები იყვნენ უბრალო ალალი სოფლის მაცხოვრებლები შაკო მინდიაშვილი და გია ედილაშვილი, გმირები, რომლებიც სახლში უსახელოდ არ დაბრუნებულან. მათ უნდა ქართული ვაზი ეხარებინათ და ამ დროს იარაღის დაჭერა მოუწიათ და არაფრით უკან არ დაუხევიათ.
მათ ასახელეს თავისი ოჯახები და მამული.

შალვა მინდიაშვილმა მოგვითხრო თავისი საბრძოლო გზის შესახებ – ”ცხრამეტი წლის ვიყავი, როდესაც საქართველოს ჯარში გამიწვიეს. ჩაგვრიცხეს ავიაციის ნაწილის უსაფრთხოების სამსახურში და იქ გავიცანი ჩვენი მფრინავი ჯიმი მაისურაძე. შემდეგ გადაგვიყვანეს “შავნაბადას” ბატალიონში.

“შავნაბადას” ბატალიონი ჩამოყალიბდა მებრძოლ-შემტევ ერთიან ორგანიზმად, რომელიც არსად არ იხევდა უკან. ერთმანეთის იმედი გვქონდა და უფრო ძლიერად ვიცავდით პოზიციებს. ჩვენი მეთაური იყო კობა კობალაძე და კარგ, უნარიან ხელმძღვანელობას იჩენდა. ასევე მხარდამხარ ედგნენ შტაბის უფროსი მიხეილ სადუნიშვილი და მოადგილე აჩიკო ცინცაძე.
პირველად ბრძოლაში ოჩამჩირეში შევედით – ლაბრა ავიღეთ. 1993 წლის თებერვალი იყო. აფხაზებს როდესაც შევუტიეთ ისე უცბად დაიხიეს უკან დაქოქილი ტანკი დარჩათ ბრძოლის ველზე. იმათი ეკიპაჟი გავანადგურეთ და “ბე-ემ-პე-ებიც”.

ჩემს გვერდიგვერდ იბრძოდნენ: მიხეილ ვახტანგიშვილი, ამირან დულარიძე, ოლეგი ხაჭვანი, ზურა ხანიშვილი, ნუგზარ კუტუბაშვილი, ვანო კობალაძე, ედუარდ ჯიშკარიანი, პაატა ნარიკაშვილი და სხვა მეომრები. დღემდე ვმეგობრობ მათთან.

ჩვენი ბატალიონის “შავნაბადას” საბრძოლო გზაზე სასახელოდ უნდა ითქვას 1993 წლის 16 მარტის შემოტევის მოგერიება სოხუმზე, როდესაც აფხაზების ბატალიონებმა მდინარე გუმისთის გადმოლახვა დაიწყეს. ჩვემ მაშინ დასასვენებელ ბაზაზე ჩავედით სოხუმში (მეშველიანის სასტუმროში). განგაშით გამოგვიძახეს. სადღაც ორმოცდაათი კაცი დავიძარით სოხუმის განაპირაზე ახალ რაიონში. ჩვენი თავდაცვის ორივე ხაზი უკვე გარღვეული იყო. აფხაზები თითქმის შემოსულები იყვნენ. ძირითადად გვიტევდა “ბაგრამიანის” ბატალიონი.
ჩვენი მხრიდანაც სერიოზული და დაბნეულება აშკარად ჩანდა. ადგილობრივმა შტაბმა ვერ მოგვცა სიტუაციური გეგმა და შემოტევის მონახაზი.

აფხაზები უკვე ზეიმობდნენ სოხუმის აღებას. სამ საათზე დაიწყო რუსეთის ვეტრფრენებიდან დაბომბვა. მეტერი შემოსული იყო ახალშენის დასახლებაშიც.

ჩვენ რომ გაგვფრთხილებიდა კობა კობალაძემ თავად ჩაატარა დაზვერვა. სულ წინ გადავიდა და გვიბრძანა შედარებით უკან გადაგვენაცვლა და დაგვეკავებინა მოხერხებული პოზიცია მოწინააღმდეგის ალყაში მოსაქცევად. მოვასწარით სილის ტომრებით პოზიციის გამაგრება და ამ მანევრირებით მართლაც ხელსაყრელი მდებარობის გამო, რომ იტყვიან მუსრი გავავლეთ მოწინააღმდეგეს. ბიჭების იშეთი შემართება იყო, რომ დაჭრილებიც კი არ ტოვებდნენ პოზიციებს და მედგრად ვიცავდით მდებარეობას.

შესანიშნავად იმუშავა ჩვენმა არტილერიამაც. საბოლოო ჯამში დაახლოებით ათასი კაცი მოვუკალით და შეგვეძლო დადევნებით გუმისთის იქითაც გვებრძოლა, მაგრამ რატომღაც ბრძანება წინსვლაზე არ იყო. მაშინ ჭურვის ნამსხვრევით ჩვენი მეომარი დავით ტოგონიძე დაგვეღუპა. ღმერთმა აცხონოს. ასე გადარჩა მაშინ სოხუმი ჩაბარებას.
ოჩამჩირეში ვიდექით და უცებ ვხედავ ჩემი თანასოფლელები: გია ედილაშვილი, მალხაზ თავრაზაშვილი, ემზარ კოკოშვილი და კახა სომხიშვილი ჩამოსულან ჩემს გვერდში დასადგომად. გაგანია ომი მიდიოდა და ჯერ სროლაც არ იცოდნენ და უნდა ვთქვა, რომ ორ დღეში, როდესაც ტამიშის დესანტი გადმოისხა და ანუარხუს სიმაღლეს ვიცავდით ჩემი იმედები გაამართლეს და თავი არ შეურცხვენიათ. პირდაპირ წინა ხაზზე ისწავლეს ყველაფერი. ასეც ხდებოდა.

1993 წლის 2 ივლისს ტამიშში ზღვიდან გადმოისხა მოწინააღმდეგის დესანტი, რომელიც იყვნენ რუსეთის გამოცდილი ბატალიონების მებრძოლები. ადგილობრივი აფხაზი სეპარატისტების ნაწილი შეუერთდათ მათ და დაიწყეს შემოტევა. ერთ ღამეში ჩვენი მხრიდან იყო დიდი მსხვერპლი.

როდესაც გაისმა სროლები და ჯერ გაურკვეველი სიტუაცია დაიკარგა კავშირიც ანუაარხუზე მდგომ მეომრებთან. ამიტომ ახალი კინდღიდან ბიჭები გამოემართნენ ორი ურალით და “ბეტეერით” პირდაპირ ტამიშსკენ და ლაბრისკენ. ლაბრამდე დარჩემილი იყო ასი მეტრი და მედესანტეებმა მოასწრეს და ააფეთქეს ურალი. საუბედუროდ, დაიღუპა ჩვენი ბეჭების უმრავლესობა და ზოგიერთი დღემდე არც ჩანს. ზოგიერთმა მოასწრეს და გაიფანტნენ და ბრძოლა გამართეს. ოთხი ხუთი საათის განმავლობაში იგერიებდნენ მტერს. ბოლო მეომარიც როცა ჩაჩუმდა ტრასა მოწინააღმდეგემ დაიკავა.

აფეთქებას სასწაულად გადაურჩა მხოლოდ ორი ადამიანი – მძღოლი რამაზ ცარციძე და ჩვენი მეთაური აჩიკო ცინცაძე, რომელმაც ის დაჭრილი გამოთრევით გადაარჩინა და სამი დღის შემდეგ წვალებით ჩვენს პოზიციებამდე მიიყვანა.

ჩვენმა ოცკაციანმა ჯგუფმა მოასწრო და სიმაღლე დაიკავა და იქიდან გააჩაღა მოწინააღმდეგის განადგურება.
ეს სოხუმი ოჩამჩირის შემაერთებელ ტარასაზე მყოფი ამაღლებაა, რომელსაც ანუარხუს ეძახიან და სტრატეგიული ადგილია. მისი დათმობით წყდებოდა ოჩამჩირე სოხუმის კომუნიკაცია და ალყაში ჩავარდებოდა სოხუმი.

აქ ადგილზე დაგვხვდა დაახლოვებით ორმოც კაციანი რაზმი. ამასთან აფხაზებმა ამავე დროს სოხუმის თავზე სოფელ შრომადან დაიწყეს შემოტევა და დაიკავეს კიდეც. ჩვენ მაშინ ეს ქალაქი ჩვენი ბატალიონის თავდადებით გადავარჩინეთ სრულ იზოლაციას და რამდენიმე თვით გადაიდო სოხუმის დაკარგვა.

რამდენმე დღე მედესანტეებს ჩვენთვს არ ეცალათ და შემდეგ ჩვენც შემოგვიტიეს ტრასიდან ქვედა მხრიდან. გაცხარებული ბრძოლა დაიწყო.
ჩვენ ანუარხუს ზედა მხარეს ვიცავდით და გარშემო სანგრებიც გამაგრებული გვქონდა. შემდეგ უფრო ქვევით გადავინაცლეთ და ტანკებმა დაიწყეს შემოტევა. ორი ტანკი ნაღმზე აფეთქდა და გზა ჩაიხერგა. ერთი ტანკი ზევიდან დაეშვა და ისიც ავაფეთქეთ. დაგვეღუპა ოთხი მეომარი: ედვარდ ბალასანიანი, ზურა ალთუნაშვილი, როლანდ წერეთელი და სარდიონ კოლასონია. როლანდი სულ პატარა ბიჭი იყო. კობა კობალაძემ სახლში დაბრუნება უბრძანა და არაფრით არ მოყავდა ბრძოლაში. არ დაემორჩილა და აეროპორტიდან დაგვეწია და ანუარხუზე შეაკვდა მტერს. თავის დაბადების დღეზე გახდა თქვსმეტი წლის.

ათი დღის განმავლობაში სანამ ტამიში გაიხსნა არანაირი მომარაგება არ გვქონდა. გაგანია ზაფხული იყო და წყალი რომ წყალია ისიც არ იყო არსად. სადღაც ტლაპოში ჩაგუბებულ წვიმის წყალს მარლაში ვწურავდით და იმას ვსვავდით წვეთობით.

ჩემი ბატალიონის ბიჭების თავდადებით “შავნაბადამ” მტერს აჩვენა, რომ საქართველოში იყო ძლიერი ძალა, რომელიც არაფრით არ დათმობდა თავისი სამშობლოს ერთ გოჯ მიწასაც კი და მართლაც ღირსეულად გაართვა თავი ბრძოლას მამულის დასაცავად.

ათ ივლისს ჩვენმა საჯარისო ნაწილებმა გააკეთეს სრული მობილიზაცია და გაერთიანებული ძალებით გაიხსნა გზა ოჩამჩირე – სოხუმი.
მინდა ჩვენმა შთამმომავლობამ იცხოვროს ღირსეულ ქვეყანაში, სადაც მეომარი ადამიანი დაფასებული და წარმატებული იქნება. ჩვენი შეწირული ბიჭების ქართული სისხლი არ უნდა დაიკარგოს და თავგანწირვა დაფასდეს.

საქართველო მინდა იყოს მარად მხნედ და თავის შვილების გამფრთხილებელი ქვეყანა.
“შავნაბადას” იცავდა და იცავს წმინდა გიორგის ძალა და მადლი და ჩვენი ბიჭების სულებისთვის შავნაბადას ეკლესია ლოცულობს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *