ლალი ცერაძის წიგნიდან – „საქართველოს ჯარისკაცის ჩანაწერები“
„შინაგანი ჯარის“ სამხედრო ნაწილ „20-54-ში“ ვმსახურობდი უფროს სერჟანტად. სულ პატარა ბიჭები ვიყავით და ჩვენს მეომრებს არსად თავი არ შეურცხვენიათ. მინდა გავიხსენო ძალიან სასტიკი ბრძოლა, რომელიც შეგვემთხვა 1993 წლის 2 ივლისს ოჩამჩირეში ძველ კინდღში ზღვიდან გადმოსხმული დესანტთან შეტაკების დროს.
18 ივნისს პატარა უღელტეხილს ავყევით გზაზე და პოსტები განვალაგეთ. მაშინ სხვა მეომრები შევცვალეთ და ჩვენ ნაწილთან ერთად იყვნენ გორის ბატალიონიდან შვიდი ჯარისკაცი, ავთო წოწორიას მეომრები „ომონიდან“, მაგრამ ყველაზე მეტნი კი ჩვენ სულ სამოც კაცამდე ვიქნებოდით. 2 ივლისამდე შედარებით სიწყნარე იყო. მხოლოდ ერთხელ 15-20 წუთიანი სროლის მოგერიებით პასუხი გავეცით მოწინააღმდეგეს, როგორც ჩანს პირი მოგვისინჯეს.
პოსტები თითქმის წრიულად იყო განლაგებული. დანგრეულ ნაგებობაში განლაგდა შტაბის შენობა და შემდეგ მინდორი მოდიოდა და ბოლოში მდინარე ტოუმიშის ხევი ჩამოდიოდა. იქვე მეფრინველეობის ფერმა იყო. დილით ადრე ხუთი საათისთვის შემოვლითი გზით ჩვენ ზემოდან შემოგვიტიეს და ნაღმმტყორცნებიდან დაგვიშინეს კიდეც. სწორედ იქიდან წინა დღეებში მოხსნეს არტილერია და ოცდაათ კაცამდე ჩაიყვანეს ზღვის სანაპიროზე. დარჩა ეს მხარე გაუკონტროლებელი. ვისი ბრძანება იყო ღმერთმა უწყის. ჩვენი რაოდენობა არაფრით არ ყოფნიდა პერიმეტრის დაცვას, რადგა თითო პოსტზე სამი ოთხი კაცი იდგა და ჩანდა, რომ აშკარად არ იყო საკმარისი და ორი სოფლის დაცვას ვერ შევძლებდით. ვიღცის უსპსუხისმგებლობის გამო მოწინააღმგემ სრულიად უმტკივნეულოდ გაიარა ეს შემოვლითი გზა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოვიდნენ ჩვენამდე.
რაღაც გაკვირვებულები ვიყვით, რადგან ქვევით სანაპიროზე რაციების დატენვის დროს მანამდე ვნახე ჩვენი საკმაო რაოდენობის ხალხი, რომ მათთვის ზღვიდან გადმოსვლის დროს ხელი შეეშალათ და ეგრევე ჩახოცავდნენ, მაგრამ რატომღაც არანაირი სროლა არ ატეხილა ისე მოგვდგნენ და ალყაში მოგვქციეს. ეს როგორ მოხდა ეს აზრი დღესაც მაწუხებს?!
ჩვენმა მეომრებმა ყველამ თავისი ფუნქცია კარგად შეასრულა და დაიწყო კიდეც თავდაცვითი ბრძოლა. ამ დროს ჩვენ მეთაური არ გვყავდა, რადგან ჩვენს უშუალო ხელმძღვანელ გელა მაისურაძეს და გარდაეცვალა და ამის გამო დროებით გვყავდა რანგით უფროსი ვალერი ისაკაძე. მანაც გასცა განკარგულება შტაბიდან ტყვია-წამალი მიგვეშველბინა ბიჭებისათვის, რადგან შტაბი ყველაზე სახიფათო ადგილას აღმოჩნდა.
მეც ავიკიდე ცინკით სავსე ყუთი და გავიქეცი ჩემი მეგობრებისკენ. მტრებთან ძალიან ახლო ბრძოლა გვქონდა ასი მეტრიც არ იქნებოდა. ტყიდან უფრო ინტენსიურად გვესროდნენ და რომ იტყვიან თავს არ გვეღებინებდნენ. ეს სროლები გაგრძელდა დაახლოებით დილის ორ საათამდე. ბიჭები პოსტებზე იღუპებოდნენ და იჭრებოდნენ.
მოწინააღმდეგემ დაბომბვა გააგრძელა და როცა დაინახეს, რომ მაინც არ ვწყვეტდით წინააღმდეგობას და არ გაჭრა არც ავტომატმა, არც ნაღმმტყორცნმა შემოიყვენეს ორი „ბე-ემ-პე“ და ტყვიების წვიმა წამოვიდა კიდეც. ერთი საბრძოლო მანქანა წამოვიდა ზღვიდან და მეორე ზევიდან. პირველ პოსტზე სადაც ბადრი შალიკაშვილი, კახა გიქორაშვილი, მამუკა ხატისაშვილი, ხვიჩა დეკანოსიძე იდგნენ სოფლის შესასვლელთან გაიმართა ცხარე ბრძოლა. ბოლომდე იბრძოლეს და ისეთი საშინელი სროლა იყო, რომ ვერსად ვერ გავიდოდნენ. ტყვია-წამალი აღარ გვქონდა და აფხაზებიც ხვდებიდნენ, რომ ჩვენი სროლები ინტენსივობას კარგავდა, დავიწყეთ ნელ-ნელა გამოსვლა.
ამ დროს ფეხში დაიჭრა ჩვენი ჯარისკაცი კობა მიქელძე. გოჩა ჭინჭარაული გაიქცა მის დასახმარებლად და თავად მოხვდა ფეხში ტყვია და მე და ომონელმა „ქეროკამ“ გამოვათრიეთ. ჩვენს საშველად გამოქცეული გიორგი მგელაშვილიც „მედვედა“ დაჭრეს ზურგში და დამიძახა – „ეზოში გადამიყვანეო“, მაგრამ მე არავითარი საშუალება არ მქონდა მას მივშველებოდი და ქვებისთვის ამომეფარებინა მაინც. მას ალიკა გვრიტიშვილი (მეტსახელად „პალმა“) და ომონელი ბიჭი გიორგაძე მიეხმარნენ და ტყვიების წვიმაში მდინარისკენ წაათრიეს მაგრამ, საუბედუროდ, ვერ მოასწრეს გადაყვანა და მეორე ტყვია უკვე ხერხემალში მოხვდა და იქვე გააცია. გიორგისთან ერთად კიდევ სამი კაცი მოკლეს ორი ომონელი და ერთი ბიჭი გორის „შინაგანი ჯარიდან“.
ვიღაცამ დამიძახა – „რაცია გაფუჭდაო და ვერ ვამუშავებთ რომ გადავცეთ თავდასხმააო“ და ახლა იქითკენ შტაბში გავიქეცი. რაცია დამჯდარი იყო და ურალის აკუმულატორზე დავაერთე და როგორც იქნა გადავეცი. მაშველი მოვითხოვე, მაგრამ სამწუხაროდ არავინ არ მოგვეშველა.
ბიჭები ერთი გორელი მეომარი და მორისი ზაუტაშვილი გზისკენ გაიქცნენ და დაუნახავთ რომ გოჩა კარაპეტოვი დაეტყვევებინათ და უკან მობრუნდნენ. გზა ჩაკეტილი იყო.
ერთი ბიჭი იყო კიდევ ჩვენთან ერთად შტაბში „თეთრი არწივიდან“ სამ დღეში ერთხელ პური ამოქონდათ ჩვენთან და საღამო იყო და ვურჩიე დარჩენილიყო და დილას წასულიყო. ისიც დარჩა და იქ დაიკარგა უგზო-უკვლოდ. ნეტავი არ დამეტოვებინა, არც სახელი მიკითხია არც გვარი.
ორი საათისთვის უკვე ისეთი გადაღლილები ვიყავით თან ტყვია წამალი გვითავდებოდა, რომ გადავწყვიტეთ გრანატამიოტით „ბე-ემ-პე“ აგვეფეთქებინა და ზაზამ („ალაზანამ“) მოუხერხებლად ესროლა, მაგრამ ვერ მოარტყა და იმათ დაგვიშვეს და დაგვიშვეს ცეცხლი. „დვოიკა“ ყავდათ მსხვილკალიბრიანი მანქანა. თანდათან უკან-უკან ვიხევდით თან დაჭრილები მოგვყავდა და ჩაის გაველურებული პლანტაციების გავლით წვალებით გამოვედით.
ბიჭები პოსტებზე შეუდრეკლად იდგნენ და დაიღუპნენ: მამუკა სამხარაძე, ვაჟა ღვალაზე, არსენა კოჭლამაზიშვილი, ანზორ ნოზაძე, ალექსი ქორთიაშვილი, ავთო ქოჩიაშვილი, ხვიჩა დეკანოსიძე, იური ცუცქირიძე, თემურ თივათელაძე, ხვიჩა ბიძინაშვილი, მამუკა ხატისაშვილი, ბესიკ ნიკოლიშვილი, კახა გიქორაშვილი, ალექსანდრე გალუაშვილი, დავით ვარსიმაშვილი. გოჩა კარაპეტოვი და ბადრი შალიკაშვილი დაიკარგნენ უგზო-უკვლოდ.
დაღუპული ბიჭების ცხედრების მოძიება და გადმოსვენება მხოლოდ თვენახევრის შემდეგ „წითელი ჯვრის“ დახმარებით მოხერხდა. აფხაზებმა კორიდორი გაგვიკეთეს. დაგვხვდა რუსების ნაწილის მეთაური და ერთი საათი მოგვცა. მხოლოდ სამხედროებს დაგვრთეს ნება და მოგვამაგრეს ჩვენი მოწინააღმდგე მხრიდან პირები, რომლებიც ამცნობაში დაგვეხმარებოდნენ. ზოგის საბუთი ზოგის მედალიონი წარმოგვიდგინეს, სადაც გვარი და სახელი ეწერა.
ეს წუთები იყო ჩემთვის ყველაზე საშინელი და მძიმე. მიცვალებულები ძალიან დაზიანებულები იყვნენ. გარეულ ცხოველებს დაეჯიჯგნათ. იქაური კლიმატიც თავისას შვრებოდა და რაც შეგვეძლო შევაგროვეთ ბიჭების ძვლების ნარჩენები და ზეწარში გავახვიეთ. გოჩა ჭინჭარაულის ცხედარი საერთოდ შუაზე გადაგვიწყდა. ფეხებში რკინის კავი ქონდა გაყრილი. გიორგი მგელაშვილი გზისკენ კი არა იმ ეზოსკენ წავიღე, რომელში შესვლასაც მთხოვდა და ვერ შევძელი. რუსმა მკითხა – „აქეთ რატომ მიდიხარო?“ მე ვუპასუხე – „თავისი ბოლო სურვილი შევუსრულე მეთქი“. გამომელაპარაკა – „თქვენმა ბიჭებმა მაგრად იომესო“ და მამუკა სამხარაძეზე „ბორაზე“ და თემურ თივათელაძე „კირწაზე“ მითხრა – „ბოლომდე არ დაგვნებდნენ და ლიმონკა გახსნეს და თავები აიფეთქესო“. აი, ასეთი გმირები გვყავდა. ღმერთმა აცხონოთ! რაც 2008 წლს ჩაიდინეს ჩვენმა „შინდისელმა“ გმირებმა მანამდე ზუტად ისე თავი გაწირეს მამუკამ
და თემურიმ. ნათელი დადგეთ! სამწუხაროა, რომ მათ თავდადებაზე საქართველოში არავინ არაფერი არ იცის!
ჩვენი უშუალო უფროსები იყვნენ: გივი გოგუციძე, გოგი თავთუხაშვილი და გელა მაისურაძე. ძალიან ზრუნავდნენ ჩვენზე რაც შეეძლოთ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ ჩვენი დამსახურება შედარებით ჩრდილშია მოქცეული. „შინაგანი ჯარის“ წესდებით გვევალებოდა სახელმწიფოში მხოლოდ მართლწესრიგის და მოსახლობის დაცვის უზრუნველყოფა. ჩვენ არ უნდა ვმდგარიყავით არც ტამიშში, არც გუმისთაზე, მაგრამ გვაგზავნიდნენ და სამხედრო მომზადებაც კი არ გვქონდა გავლილი, რომ იტყვიან ბრძოლაში ვისწავლეთ სროლა.
მახსოვს სოხუმში მილიციის ფორმები გადაგვაცვეს და პატრულირება გვევალებოდა, რომ ყველას დაენახა რომ მართლწესრიგს ვიცავდით, მარადიორობის და ძარცვის აღსაკვეთად. მაგრამ მარტის შემოტევის დროს სულ წინა ხაზზე გაგვიშვეს. თავზე წითელი ქუდები გვეხურა, კარგი სამიზნეები ვიყავით. საუბედუროდ, ბევრი გამოაკლდა ოჯახს, სამშობლოს, ერს და საერთოდ არ ახსნებენ მათ. სამი დღე არც კი გაგრძელდა 2008 წლის აგვისტოს ომი და დღემდე ყვებიან. წელიწადზე მეტი სანგრებში წინა ხაზზე ვიყავით და ვიგერიებდით მტერს და პირდაპირ სიკვდილს ვუყურებდით თვალებში. სამაჩაბლოში ბიჭები დაგვიხოცეს და სტატუსი არ მიანიჭეს „სამშვიდობო“ ძალები დაარქვეს და იმიტომ. იმათაც ყავდათ ოჯახები და შვილები. ძალიან დაუნანებლად იმეტებდნენ ჩვენს მეომრებს.
მინდა გავიხსენო ჩვენი ერთ-ერთი მეთაური ზურა ხურცია, რომელიც რუსეთის ჯარში მსახურობდა, მიატოვა ლენინგრადში სამსახური, ოჯახი და როგორც კი საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველოში ჩამოვიდა. სამხედრო საქმის შესანიშნავი მცოდნე და თანაც ნამდვილად თავდადებული ადამიანი არის. გასაჭირის დროს ყველგან ის მიყავდათ. სამჯერ დაიჭრა და ბრძოლას თავს მანც არ ანებებდა. ჩვენთან სათანადო დაფასება მაინც ვერ მიიღო, არც სახლი მისცეს, რომ ცოლ-შვილი ჩამოეყვანა და წავიდა დატოვა საქართველო. ვერ უპატრონეს, მიატოვეს კაცი! ასეც ხდებოდა!
საერთოდ მინდა გულისტკივილით ვთქვა, რომ ჩვენი ნაწილის „შინაგანი ჯარის“ ბიჭებს არსად არ შეურცხვენიათ თავი. ყველა ბატალიონთან შედარებით უთანასწორო ბრძოლებში ყველაზე მეტი მეომარი დავკარგეთ და სამშობლოს წინაშე მათ დამსახურებას თითქოს უკარგავენ. სადაც ცხელი წერტილი იყო იქ მედგრად ვიდექით და ყველაზე რთულ პერიმეტრზე გვიშვებდნენ ყველაზე ნაკლები შეიარაღებით და მომზადებით.
მეტირება რომ მახსენდება მათი თავდადება და მართლაც რომ სამშობლოსთვის შეწირვა. მე ჩვენს ბიჭების ამაგს მართლაც რომ გულში წმინდად ვინახავ და მინდა საზოგადოებამ და საქართველომ ღირსეულად დააფასოს და იცოდეს მაინც მათი თავგანწირული ბრძოლის და შემართების შესახებ.