თამაზ ფანჩულიძე – „სოხუმში დაგვხვდნენ იმედით, რომ ჩვენ ქალაქს გადავარჩენდით“

ლალი ცერაძის წიგნიდან – „საქართველოს ჯარისკაცის ჩანაწერები“


ამჯერად შემოგთავაზებთ ინტერვიუს ბატონი ჯაბა იოსელიანის დაცვის უფროსთან თამაზ ფანჩულიძესთან, რომელიც თვითმხილველი და მონაწილეა თითქმის ყველა საბრძოლო ეპიზოდის გაგრაში, ოჩამჩირეში და სოხუმში. იგი ტრაგიკულად განიცდიდა თავისი ახლო მეგობრების და აფხაზეთის დაკარგვას.

მიუხედავად დიდი დამსახურებებისა იგი არ დაინდო ედუარდ შევარდანძის ავტორიტარულმა რეჟიმმა და პოლკოვნიკი თამაზ ფანჩულიძე საკუთარ სამთავრობო ტაბელურ მაკაროვის პისტოლეტზე იქნა გასამართლებული. ეს შედეგი იყო მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ჯაბა იოსელიანის დაკავებისა. აღსანიშნავია, რომ ბატონი თამაზი არ ყოფილა აყვანილი თავის დაცვის წევრებთან ერთად და, რომ იტყვიან თავი გადადო და თავისი ფეხით მივიდა თავისი ბიჭების საკითხის გასარკვევად.
დიდხანს დაკავების მიზეზიც ვერ გამოძებნეს. მის სასამართლოზე მოსამართლეს ცრემლები წამოსცვივდა და შენდობა ითხოვა. და ბოლოს მაინც გამოუტანეს ვერდიქტი – საკუთარი ტაბელური იარაღის უკანონო ტარება? ცოტნე დადიანის გმირობა შეიგნეს ველურმა მონღოლებმა და დაუფასეს მეგობრებისათვის თავდადება და საქართველოში კი თავგანწირვა და კაცობა დღემდე დაუფასებელია.

ასე ვერაგულად მოექცა სახელმწიფო საკუთარ გმირ შვილებს და პატრიოტებს. ბატონ თამაზის მხედრიონელებმა სიყვარულით „წესრიგა“ შეარქვეს, თავისი პატიოსნების და მოწესრიგებულობის გამო.

ბატონო თამაზ, თქვენ აქტიური მონაწილე იყავით აფხაზეთის საბრძოლო ვითარების, როგორ გაიხსენებდით „მხედრიონის“ ბოლო ბრძოლას სოხუმის დასაცავად?

„…ვინც სოხუმელებს ჰკითხავს, თუ ვინ რა გააკეთა მათ დასაცავად, ინისი, ჩემი აზრით, ყველანი ერთხმად უპასუხებენ, რომ „მხედრიონმა“ გააკეთა უდიდესი საქმე გამარჯვებისათვის. ორასი კაცი კოპიტნარიდან ტუ-154 გადავფრინდით სოხუმში. და პირდაპირ რომ იტყვიან ტრაპიდან, ჩვენმა ბიჭებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა ბრძოლებში წინა პოზიციაზე. როცა ჩვენ ჩავედით ქალაქში ძალიან უჭირდთ, სოხუმს უტევდნენ ყოველი მხრიდან და სიტუაცია იყო ძალიან კრიტიკული. ქალაქში მყოფმა მოსახლეობამ, მეომრებმა და ხალხმა ძალიან დიდი სიხარულით და იმედით მიგვიღეს, რადგან იცოდნენ, რომ ჩვენი სახით ჩავიდა უანგაროდ და თავგანწირვით მებრძოლი ძალა. ასეც მოხდა, თავისი თავდადებით მხედრიონელებმა უკუაქციეს მტერი და გარეკეს კიდეც მდინარე გუმისთის იქით.

მახსოვს შტაბშიც კი დაიწყეს აფხაზებმა რეკვები. იმედი მიეცა სახელმწიფოს მეთაურსაც ედუარდ შევარდანძეს და გახარებულიც კი იყო, მხნედ გამოიყუებოდა და დიდი იმედი ჰქონდა, რომ შევინარჩუნებდით წარმატებას…

მაგრამ ჩვენი ბიჭების ამ თავგანწირულ მოქმედებას საბოლოო სასურველი განვითარება არ მოჰყოლია. წინ წასვლის საშუალება გუმისთის იქით არ მოგვეცა იმის გამო, რომ ჩვენ ველოდით მაშველ ძალას ოჩამჩირიდან მდინარე კოდორზე თავმოყრილი ჩვენი მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალისაგან და ტექნიკის მოშველიებას. სოხუმის წინა პერიმეტრზე ამხელა ტერიტორიის კონტროლი და გამაგრება ჩვენი მცირე ძალებით ყოვლად წარმოუდგენელი იყო. მაშინ ჩვენთვის ყოვლად გაურკვეველი მიზეზებით ოჩამჩირიდან ვერა და ვერ შემოვიდა დამხმარე ძალა და არტილერია. ამას ყველაფერს ღალატის ელფერი ჰქონდა.

სამწუხაროდ, ჩვენი წინ წაწევაც ფიზიკურად გახდა შეუძლებელი, რადგან ზურგში არავინ გვრჩებოდა და მაშინ ალყაში მოგვაქცევდნენ და დაგვარტავდნენ. გუმისთაზე არანაკლებ ათასი კაცი მაინც უნდა ყოფილიყო, რომ შეტევა გაშლილიყო გუმისთის იქით. ამისათვის მძიმე ტექნიკაც საჭირო იყო და დახმარების მოუსვლელობის გამო კი ჩვენ იძულებული ვიყავით იმავე პოზიციებზე დავრჩენილიყავით.

როცა სოხუმში მივფრინავდით, ბატონი ჯაბა ფიქრობდა, რომ „მხედრიონი“, როგორც ყოველთვის, ძირითადი შემტევი ძალა უნდა ყოფილიყო. აქ წამოსული იყვნენ ის მებრძოლები, რომლებსაც ბრძოლა ესმოდათ და ვინც ბრძოლა იცოდა, ვისაც ჰქონდა დიდი გამოცდილება და ჩვენ გვსურდა რომ ეს ძალა ყოფილიყო დამრტყმელი, გამტანი ძალა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სხვადასხვა პოზიციებზე მტერმა გამოარღვიეს პოზიციები და გუმისთაზე თუ ზევით მთებში, ჩვენ მებრძოლ ბიჭებს და მათ შორის „მხედრიონს“ მაგრად გაუჭირდათ იმ მხრივ, რომ მტერს ვეღარ აკავებდნენ. ჩვენი ჯარი, რომელიც პრინციპში არც იყო ჯარი და წარმოადგენდა სამხედრო ნაწილებს, რომელებიც ფაქტიურად იყო საძმოები, მოითხოვდნენ ჩვენი ხალხის დახმარებას. იყო განუწყეტელი რეკვა შტაბში, თხოულობდენენ „მხედრიონელებს“ – „აუცილებლად დაგვახმარეთ „მხედრიონი“, გამოუშვით „მხედრიონი“.

და ბატონი ჯაბა იძულებული გახდა, რომ ორასი კაცის შემადგენლობა დაენაწილებინა ამ პოზიციებზე, რათა ცალკეული უბნები უღალატო ხალხით გაემაგრებინა. ამას უარყოფითი ფაქტორი ის ქონდა, რომ დაქუცმაცდა ერთიანი შემტევი ძალა, მაგრამ მეტი გამოსავალი არ იყო. ფრონტის ხაზი ცოტახნით გამაგრდა. მაგრამ იყო ცუდი ტენდენცია ის, რომ ხალხი თავისით იხსნებოდა პოზიციებიდან და ტოვებდა საბრძოლო პოზიციებს. ხან ავრცელებდნენ ხმას, რომ ვითომდა იყო გამოსვლის ბრძანება, გაურკვეველია ვისგან და საიდან. სრული განუკითხაობა იყო. ბატონი ჯაბა მხედრიონელების დახმარებით ძალიან ხშირად უკან აბრუნებდა ამ შეშინებულ ხალხს შეძახილებით, სიმკაცრით, დაყვავებით და ისევ დროებით ამაგრებდა ცალკეულ პოზიციებს.

„მხედრიონმა“ სოხუმში გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო და რაც არ შეეძლო ისიც გააკეთა. ჩვენ დავკარგეთ პოზიციებზე ორმოცდაათი კაცი, ძალიან ვაჟკაცი ბიჭები იყვნენ. მე მიჭირს მათზე ლპარაკი, რადგან ყველაფერმა ჩემს თვალწინ გაიარა.

მდგომარეობა იმითაც გამწვავდა, რომ რუსებმა გახსნეს საზღვარი და ლესელიძის მხრიდან შემოუშვეს დაქირვებული ბოევიკების თორმეტი ავტობუსი.
ორი კვირა მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლები გადაიტანეს ბიჭებმა, როგორია იქ იდგე და გამოწრთვნილ, კბილებმდე შეიარაღებულ მტერს ეომო შეუსვენებლად?!

ბატონო თამაზ, მაინც რა იყო სოხუმის საბოლოო დაცემის ძირითადი მიზეზები?

რამ განაპირობა ძირითადად სოხუმის დაცემა? ქალაქი უკვე განწირული იყო, რადგან შრომა აღებული ჰქონდათ და უკვე ზევიდან ჩამოდიოდნენ და ბომბავდნენ ქალაქს. მაგრამ ასე თუ ისე შეგვეძლო ქალაქის ხსნა თუ არა ფუნიკოლიორის დაკარგვა ღალატით.

ჩვენმა ბიჭებმა ჯართან ერთად აიღო ეს სოხუმის ცენტრში მდებარე სიმაღლე და ამის შემდეგ იქ ჩასვეს 23 ბრიგადის მესამე ბატალიონი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვინმე გია ვეკუა.
მახსოვს, გარეუბანში იქვე ეჭირათ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ტერიტორია აფხაზებს. დილით ბატონ ჯაბას ამ ვეკუამ უთხრა უარი „მხედრიონელების“ დახმარებაზე და აღუთქვა, რომ თავისი ხალხით გაამაგრებდა პოზიციას. მეორე დილით, ძირითადი ოპერაციის დაწყებამდე, ჩვენ მივხვდით, რომ ეს ადგილი უკვე მოწინააღმდეგის ხელში იყო. ამ სიმაღლეზე უკვე არავინ არ იდგა ისე შევიდნენ აფხაზები. ეს იყო უდიდესი ღალატი!!!

შემდეგ დაიგეგმა ამ სიმაღლის ხელახლა აღება. წავიდნენ „ავღანელები“ გურამ ჯანიაშვილის მეთაურობით და გიგა გელაშვილი ხელმძღვანელობდა მხედრიონელებს. ასევე აქ იმყოფებოდა ირაკლი ბათიაშვილი თავისი უშიშროების ბიჭებით. ამ ძირითად ბირთვს უნდა აეღო სიმაღლე. უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზები ძალიან მედგრად იცავდნენ დაკავებულ ტერიტორიას, რადგან იცოდნენ ეს იყო უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რადგან მაღლობიდან მთლიანად კონტროლდებოდა ქალაქი. აქედან „მინამიოტის“ ცეცხლით ანადგურებდნენ ჩვენს პოზიციებზე მყოფ მეომრებს.

დაიწყო შეტევა და სიმაღლეზე ასვლისას დაიჭრა და დაიღუპა ბევრი მეომარი. ავღანელებმა განიცადეს სერიოზული დანაკლისი. დაიჭრა ჩვენი გლდანის საძმოს მეთაური გოჩა აბეწვაშვილი „კომისარა“. და ეს შეტევა წარმატებით ვერ დაგვირგვინდა, რადგან ასვლა სიმაღლეზე ვერ მოხერხდა თანაბრად.

როგორ გაიხსენებდით თქვენი თანამებრძოლების დაღუპვას?

მინდა გავიხესენო თუ როგორ გმირულად დაიღუპა შეტევისას ჩვენი მებრძოლი სერგო გერასიმენკო. იგი უკრაინელი იყო და სულით და გულით ქართველი ვაჟკაცი და იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მთელი თავდადებით. სერგო თავში დაიჭრა შეტევის დროს და საკმაოდ სერიოზულადაც, მაგრამ როცა თავი გადაუხვიეს, მან ავტომატი აიღო ისევ და წვიდა ზევით არაფრით არ გაჩერდა და თქვა – „მე არა მაქვს უფლება ჩემი ძმები მივატოვოო“ . კვლავ ბრძოლაში შევარდა და დაიღუპა კიდეც. მე მესმის მისი, რადგან სერგომ კარგად იცოდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ სიმაღლის აღებას.

ძალიან მტკივნეულად განვიცდი ჩემი მეგობრის საშა იოსელიანის დაღუპვას. ის ძალიან პატიოსანი, გულიანი და ყველასთვის ახლობელი ადამიანი იყო. მახსოვს, როცა სოხუმში გასამგაზვრებლად ვემზადებოდით კოპიტნრის აეროპორტში, საშას მექანიკურად ვკითხე – „შენც მოდიხარ მეთქი?“ და ვიგრძენი, რომ ძალიან ეწყინა და მიპასუხა – „თამაზ, მე მხედრიონელი ვარ და სადაც თქვენ წახვალთ, იქ ვიქნები მეცო“.

მე სხვა პასუხს არც ველოდებოდი. საშა ტამიშის დესანტის განადგურების დროს, თან იბრძოდა და თან იღებდა. ისეთ სიტუაცებში შედიოდა მებრძოლებთან ერთად, სადაც გადაღება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. იმდენად კარგი მასალების მოპოვება უნდოდა, რომ ცეცხლის წვიმაში ავტომატს დებდა და გადაღებას აწარმოებდა. ეს იყო დიდი პროფესიონალი და შეუძლებელს აკეთებდა.

ბოლოს საშა მახსოვს სოხუმში ერთი მომენტის დროს – მე ბატონი ჯაბა წავიყვანე ღამით საიდუმლოდ ერთ-ერთ სახლში დასაძინებლად. შტაბში ვერ გვიპოვნეს და ატეხილა ერთი ამბავი, რადგან გავრცელდა ჭორი ჩვენი აყვანის და ბატონი ჯაბას დაჭრის შესახებ. ეს სიტუაცია გადაუღია საშას და როცა გამოვჩნდით მითხრა, რაღაც სიურპრიზი უნდა გაჩვენოო, მაგრამ, საუბედუროდ, ვეღარ ვნახე. იგი სხვა შენაერთის მებრძოლებთან ერთად გუმისთაზე დარჩა სულ წინა ხაზზე და იქ დაიღუპა შემოტევის დროს.

საუბედურიდ, საშა სრულიად უცნობ ადგილას სუფთა პროფესიონალური ინტერესით გაემართა და იქ უკვე მტერი დახვდათ. გზაზე კერძო ბინიდან გაუხსენს ცეცხლი. საშას არტერიაში მოხვდა ტყვია და სისხლისაგან დაიცალა და ვერ გადაარჩინეს. ჩვენ შტაბში გვიგეთ მისი გარდაცვალება.

მე მინდოდა ჩემი თვალებით მენახა ჩემი მეგობარი. ვერაფრით ვერ ვიჯერებდი მის გარდაცვალებას… გადავედი აჩადარაში, სადაც ოცდაათ მეტრში მტერი იყო. საავადმყოფოს შენობაში მოვნახეთ საშას ცხედარი. თვალთ დამიბნელდა და საშინლად ცუდი გულისშეძვრელი გრძნობა დამეუფლა. ძალიან ძნელი ყოფილა ის განცდა, როცა შენი ახლობელი მეგობარი წევს შენს წინ უგრძნობი და ამ ქვეყნად აღარ არის… ღმერთმა აცხონოს მისი სული.

მხედრიონისთვის სერიოზული დანაკლისი იყო 22 სექტემბერს აფხაზების მიერ სოხუმში თვითმფრინავის ჩამოგდება. აქ პირველი ფიცმიღებული მხედრიონელები დაიწვნენ და დაიბუგნენ: ზალიკო ამაშუკელი, პაატა გამჯაშვილი, ერეკლე დანელია, გიორგი ჩარგეიშვილი, ჩვენი დეპუტატი მურთაზ ჩაკვეტაძე, ასურეთის ბიჭები და სხვები ეს იყო ჩვენთვის დიდი ტკივილი და დანაკლისი.
მძიმე შემოტევა დაიწყო სოფელ თვისუფლებაში. შეტევას შეტევაზე იგერიებდნენ ბიჭები. აქ იბრძოდნენ „მხედრიონის“ ძველი შემადგენლობა – ნუკრი ცისკაძე, ვალერი ვაშაკიძე, გურამ აღნიაშვილი და ნუკრის დეიდაშვილი კოტე ლატრია, გურამ გაბიძაშვილი და სხვები.

გაგანია ომი მიმდინარეობდა… აფხაზები ჩვენი ნაღმმტყორცნებს გვიშენდნენ, ჩვენ კი ვერ ვპასუხობდით ტექნიკის უქონლობის გამო. აქ ბრძოლა წაგვაგებინა სწორედ დაბომბვამ, რადგან ბევრი ჩვენი მეომარი გამოასალმა სიცოცხლეს.

მახსოვს ბატონმა ჯაბამ გამაგზავნა სოფელ თვისუფლებაში ნუკრი ცისკაძის და ვალერი ვაშაკიძის გამოსაყვანად. როცა მათ თხოვნა გადავეცი გამოსვლაზე, სასტიკად იუარეს და არაფრით არ წამოვიდნენ – „ბიჭებს ვერ მივატოვებთო“.

მე ვფიქრობ, მათ ადგილზე თავადაც ასე მოვიქცეოდი. ისინი ლტოლვილთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები იყვნენ და მიუხედავად ამისა თავი კი არ აარიდეს შემოტევას, უარი მითხეს და ფეხი არ მოუცვლიათ ბოლომდე. ნუკრი საერთოდ დაშალა ნაღმის მოხვედრამ. დაიღუპნენ გურამიც და კოტეც. ვალერი ვაშაკიძემ დიდი ვაგლახით ჩამოასვენა თავისი სამი მეგობარი თბილისში.

ბოლოს ნუკრი და გურამი დამამახსოვრდნენ სკამზე ისხდნენ და ორივეს რაღაცა მოწყენილი სევდა ჰქონდათ თავალებში… დილით უკვე მივიღეთ ცნობა მათი დაღუპვის შესახებ…
სოხუმში ერთ-ერთი ოპერაციის შესრულების დროს, დაიღუპა ჩვენი მებრძოლი ნიკო ჭუჭულაშვილი. იგი საოცრად მოწესრიგებული, ზნეკეთილი და უსპეტაკესი პიროვნება იყო. ადრე ავღანეთში ნაომარი, გაგრის ბრძოლების აქტიური მონაწილე…

ბოლოს ნიკომ, რომელიც სულ რამდენიმე წუთის დაბრუნებული იყო წინა პოზიციებიდან, მოკრიბა თავისი ბიჭები და რადგან აუცილებლად საჭირო იყო გამორღვეული პოზიციების გამაგრება წავიდა წინ და აღარც დაბრუნებულა… გირულად დაიღუპა. სულ თვალწინ მიდგას მისი სახე – ღელავდა, რომ სწრაფად მისულიყო ადგილზე და დახმარება დროულად გაეწია…

რას გეტყოდით ბატონი ჯაბა იოსელიანის შესახებ?

სოხუმში ძალიან მძიმე ვითარება იყო. ბატონ ჯაბას მე ვერ ვაკავებდი… სულ ცდილობდა რაც შეიძლება წინ ყოფილიყო ბიჭების საშველად… თუ საჭირო იყო ტყვიების ზუზუნში და ყუმბარების აფეთქების დროს მიდიოდა და თავს არც კი უფრხილდებოდა ოღონდაც მდგომარეობისთვის ეშველა. მე, როგორც მისი დაცვის უფროსი და მეგობარი ვცდილობდი, როგორმე წინ გადავფარებოდი, მაგრამ მისი ხასიათიდან გამომდინარე, რაღაცნაირად ამიქცევდა გვერდს და წინ მიიწევდა… სოხუმში ბეწვზე ვართ გადარჩენილები უამრავჯერ.

იმდენად ვუფრთხილდებოდით დაცვის ბიჭები მთელი აღჭურვილობით ვახტებოდით ზევიდან რომ დაგვეცვა და გადაგვერჩინა. და ამაზე გვიბრაზდებოდა და მეხუმრებოდა- „წესრიგა, მე შენ მომკლავ თუ მომკლავო“. ჯგუფში მყავდა მართლაც ერთგული თავდადებული ბიჭები, რომლებიც ვაჟკაცურად იბრძოდნენ ყველა ბრძოლაში და ამასთან ბატონ ჯაბას ვიცავდით.
ბატონი ჯაბა თან იბრძოდა თან ხელმძღვანელობდა ყველაფერს. იმ სიტუაციაში ის იყო უბრალო ჯარისკაციც, რაზმის მეთაურიც, გენერალიც და ფრონტის სარდალიც და ჩვენი მეგობარიც. ყველაფრის გაკეთება ერთდროულად უხდებოდა… სროლაც, ბრძანებაც, გადაადგილებაც.

უამრავი მოღალატისა და შეშინებული ხალხის ზოგის შეძახილებით, ზოგის გამხნევებით, ზოგის ხვეწნა-მუდარით და ზოგიერთების კონდახებით და მუქარითაც კი უკან შებრუნება გვიწევდა. მე ზოგჯერ მიკვირს კიდეც, თუ საიდან იღებდა ასაკის მიუხდვად ბატონი ჯაბა ამ ზღვა ენერგიას. ძალიან ტკიოდა ფეხი და გადახვეული მუხლებით დარბოდა სანგრიდან სანგარში.

ბატონო თამაზ, თქვენი აზრით იყო თუ არა სწორი ნაბიჯი „მხედრიონის“ ჩასვლა სოხუმში და არა ოჩამჩირეში?

ქალაქს ძალიან უჭირდა. მტერი წუთი წუთზე შემოდიოდა. მეტი გამოსავალი არ იყო იმიტომაც, რომ იქ იმყოფებოდა სახელმწიფოს მეთაურიც ედუარდ შევარდნაძე. ჩემი აზრით, უფრო სწორი იქნებოდა, რომ ჩვენ ჩავსულიყავით ოჩამჩირეში და იქიდან გადავსულიყავით ყველასთან ერთად კოდორიდან სოხუმში. ეს ქალაქი უკეთ ვიცოდით. ვიცოდით გზები, ბილიკები, საერთო მდგომარეობა, მაგრამ ბატონმა ჯაბამ ასე გადაწყვიტა. ალბათ არ შეიძლებოდა ამ კრიტიკულ მომენტში მიგვეტოვებინა სახელმწიფოს მეთაური და მოსახლეობა.

სოხუმის ბრძოლა იყო ქართველებისათვის დიდი ტრაგედია… სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „მხედრიონის“ უნებლიე შეცდომა იყო ის, რომ ოჩამჩირეში არ ჩავედით და იქიდან არ გადავიყვანეთ მთელი ძალები სოხუმში საომრად. მაგრამ იმ სიტუაციაში შეიძლება ვერც მოვიფიქრებდით, რომ სოხუმი დასაცავად შეგვრჩებოდა მხოლოდ ავტომატის ამარა დაახლოებით 200 „მხედრიონელს“ და ადგილობრივ ბიჭებს სოხუმელებს, მოსახლეობას და ოჩამჩირიდან კბილებამდე შეიარაღებული ხალხი არ დაგვეხმარებოდნენ. ამ სამარცხვინო და მოღალატურმა პოზიციამ გაწირა სოხუმი და მთელი აფხაზეთი.

ტყვარჩელიდან ჩამოსულმა აფხაზებმა გადაკეტეს კინდღთან პერიმეტრი. გამორღვევა სცადა გუჯარ ყურაშვილმა მაგრამ ვერ შეძლო ამის გაკეთება. აქ მაშინ იდგნენ ზვიად გამსახურდიას მომხრე ძალებიც. აშკარა იყო რომ ეს სამხედრო ნაწილები არ ენდობოდნენ ერთმანეთს. შემდეგ გია ყარყარაშვილი წავიდა სოხუმიდან მათ გადმოსაყვანად. და მხოლოდ 200 კაცამდე გადმოიყვანა კოდორზე და 2-3 ტანკი დათო თევზაძემ.

მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ მოხდა ქართული საქმის ღალატი და სოხუმში არ შემოვიდნენ განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმაზე, როგორც ჩანს, მტერთან ალიანში მყოფი ხალხი. ჩვენ სოხუმში ნაწილებსაც ველოდით და ზვიად გამსახურდიას ხალხსაც. იმიტომ რომ ბატონიმა ჯაბამ მოახერხა მათი შემორიგება და რამდენიმე ბრძოლაში ჩვენთან ერთად იბრძოდნენ ტამიშის დესანტის განსდგურების დროს, ასევე ჩვენთან ოჩამჩირეში გვერდიგვერდ იბრძოდა გამსახურდიას მომხრე ჯემალი ქობალიაც თავისი ბიჭებით, ზუგდიდზე გამოგვატარეს კიდეც და ოვაციებით გაგვაცილეს სოხუმში.

მაგრამ შემდეგ სენაკში და ზუგდიდში და შემდეგ ოჩამჩირეში ჩავიდა გროზნოდან საქართველოს ექსპრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ამან უფრო დიდი დაქსაქსულობა გამოიწვია იქაურ ნაწილებში. ლოთი ქობალიას და გურამ ლაკიას ხალხი შეჩერდა კოდორთან და რატომღაც არ გადმოვიდნენ. მ

ე ვიტყოდი ეს იყო მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება. მათ ეტყობა ეგონათ, რომ შევარდანაძე გადაგდებოდა სოხუმის დაცემის გამო, რადგან 14 სექტემბერს იყო უკვე ამის პრეცენდენტი. ასევე ფიქრობდნენ, რომ აფხაზები არ გადმოვიდოდნენ ოჩამჩირის იქეთ და ზვიად გამსახურდია დაიწყებდა დასავლეთ საქართველოში პოლიტიკურ მართვას და შემდეგ თბილისშიც შემოვიდოდნენ. ოჩამჩირის სამთავრობო ჯარებმა და ხელმძღვანელობამ მიატოვეს ფრონტი და წამოვიდნენ, რადგან გამსახურდიამ მათ დაქვემდებარება მოსთხოვა. ზვიად გამსახურდიას ხალხი კი საკმარისი არ იყო საბრძოლველად, მათ მხოლოდ ერთობლივი ძალებით შეეძლოთ ჩვენი დახმარება.

ამის შემდეგ აშკარად გამოჩნდა, რომ ზვიად გამსახურდია გათვლებში მოტყუვდა, რადგან ედუარდ შევარდანაძემ სრულად გამოიყენა თავისი პოლიტიკური შესაძლებლობები, მოელაპარაკა რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს და შევიდა „თანამეგობრობაში“ და სამოქალაქო ომის დასამთავრებლად დაიხმარა უკვე მათი რუსული სამხედრო ძალა თავისი პოსტის შესანარჩუნებლად.

აფხაზეთიდან გამოვიარეთ სვანეთის მართლაც რომ გოლგოთა და ჯოჯოხეთი. ამდენი სახელოვანი ბიჭი დაიღუპა, ამდენი სისხლი დაიღვარა და უშედეგოდ, ყველაფერი უშედეგოდ დამთავრდა, მათი ხსოვნის დიდების გარდა. სოხუმში გატარებული ყოველი დღე მახსენდება დიდი გულისტკივილით და სინანულით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *