საბჭოთა ჯარში ვმსახურობდი და რომ მოვიხადე დაბრუნდი საქართველოში. დამოუკიდებლობის ახალ ნაბიჯებს დგავდა ჩვენი ქვეყანა და მეც მინდოდა რამეში გამოვდგომოდი ჩემს სამშობლოს.
საქართველოში არეულობა და სამოქალაქო ომი დაიწყო და მე არ ჩავრეულვარ, რადგან ჩემი თანამოქალაქის მიმართ იარაღს ვერ ავიღებდი, მაგრამ როდესაც აფხაზეთში ომი გაჩაღდა და ათასი ჯურის გადამთიელი მოადგა საზღვარს სახლში ვერ დავჯდებოდი. სპორტს დავანებე თავი და გადავწყვიტე ჩემი ბიძაშვილი მიშა თათარაშვილი მომენახა და მასთან ერთად მებრძოლა. თბილისის ზღვაზე „თეთრი არწივის“ ნაწილი იდგა და იქითკენ გავეშურე, სადაც შემხვდა მამუკა გარიზაშვილი. ამიხსნა რომ ბიჭები გია ყარყარაშვილის მეთაურობით სოხუმში იყვნენ და უნდა დავლოდებოდი. დამტოვეს.
როგორც იქნა ფრონტზე აღმოვჩნდით. ჩვენი მეთაური იყო გიას ძმა გოჩა ყარყარაშვილი და სოხუმიდან გადაფრინდნენ გაგრაში. ჩვენ არ წაგვიყვანა – „გამოუცდელები და პატარები ხართო!“ გაგვიფრთხილდა,. საუბედუროდ, გოჩა დაიღუპა და მასთან ერთად „თეთრი არწიველებიც“ შეაკვდნენ მტერს.
შემდეგ ჩვენი მიშა თათარაშვილი დააწინაურეს და ჩვენი ბატალიონი ითვლებოდა ყველაზე მეწინავე რაზმად თავდაცვის სამინისტროს პირველი ბრიგადის ნაწილი N43324. მე უცბად დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა და ჩვენს შტაბსაც ვხელმძღვანელობდი. მე მებარა ასაკით პატარა მაგრამ გულიანი ბიჭების რაზმი და ბატონმა დავით თევზაძემ შეგვარქვა „სვარშიკები“ ანუ „დამდუღებლები“, რადგან ჩვენი ბრძოლის შემდეგ არაფერი რჩებოდა ისხიპებოდა და დუღდებოდა ყველაფერი.
დაახლოვებით 160 მეომარი მყავდა და პოზიციებზე 70-80 კაცამდე გამყავდა, რადგაც ცვლის საშუალება დამეტოვებინა. ფრონტზე ადამიანური რესურსი ცოტა იყო. ეს წინა ხაზზე განსაკუთრებით იგრძნობოდა. ერთი ბატალიონის შემედგენლობით უნდა დაგეკავებინა დაახლოვებით ოთხი ბატალიონის პერიმეტრი და ძალიან იწელებოდა ფრონტი. უნდა გეზრუნა მომარაგებაზე, გამხნევებაზე, მეომრის მიმართ გვერდში დგომაზე და შემართებაზეც. დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ყველანაირად გაჭირვებული მდგომარეობა გვქონდა: არანაირი მომარაგება, ტყვია-წამლის ნაკლებობა, სამ კაცზე ერთი კონსერვი მოდიოდა, ბანაობის არანაირი საშუალება არ იყო, უცებ მოედო ინფექციური დაავადებები, ბიჭებს ფეხზე არ ეცვათ და გამოსაცვლელიც არ გვქონდა. მაინც არ ვნებდებოდით. თითო მჭიდით გავდიოდით პოზიციებზე.
როდესაც ლაბრაში შევედით შევცვალეთ „ავაზას“ მეომრები. არ მოგვიხუჭავს თვალი. ეს პტარა ბიჭები დიდ პასუხისმგებლობას იჩენდნენ საქმის მიმართ და ერთმანეთსაც უფრთხილდებოდნენ, რადგან იცოდნენ რომ თითოეული მათგანის ყურადღებაზე იყო დამოკიდებული საერთო საქმე და გამარჯვება.
პოზიციაზე გასვლის წინ წინასწარ რიგში ჩავაყენებდი და ვეტყოდი – „ვისაც რაღაც ან შიშის გრძნობა გაქვთ გამოდით წინ, დღეს არ წაგიყვანთ მეთქი!“ მაგრამ არავინ არ რჩებოდა. დაჭრილებიც კი მოდიოდნენ. რაღაც საერთო ერთსულოვნება იყო. მაგარი გულიანი ბიჭები მყავდა. ბევრჯერ შიმშილით გაგვითენებია, ბევრჯერ ერთი მჭიდის ამარა დავრჩენილვართ, ბევრჯერ გადარჩენის იმედი არ გვქონია, მაგრამ არ დავნებებულვართ. რამდენჯერ გათენებამდე წუთები დაგვითვლია, როდესაც ცას რიჟრაჟი გაანათებდა, ვიცოდით, რომ იმ ღამეს სიკვდილს გადარჩენილები ვიყავით.
ალბათ ისიც გვამხნევებდა, რომ ჩემთან რვა ბიძაშვილი მყავდა თათარაშვილები: ჯემალი, ამირანი, ნუგზარი (კახა), ჯონი, მიშა, გელა, ზაზა და დათო. თათარაშვილების ბატალიონსაც ამიტომ გვეძახდნენ. ახალგორიდან ვართ ალევის ხეობიდან და მთიულებად ვითვლებით.
ვმონაწილეობდით 1993 წლის 16 მარტის შემოტევის მოგერიებაში სოხუმში. ჩვენ მდინარე გუმისთასთან სიმაღლე გვეჭირა. მწყობრად წამოსული აფხაზები დიდი შემართებით მოდიოდნენ და მოდიოდნენ წყალში. მაგრამ არ დავაკელით არაფერი. ჩვენმა არტილერისტებმაც დაადუღეს იქაურობა. მათი მხრიდან დიდი მსხვერპლი იყო და ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა. მაგრამ შეტევა რატომღაც არ განვითარდა.
შემდეგ ლაბრასთან გადაგვანაცვლეს და 1993 წლის 1 ივნისს ექვსი ბიჭი დაგვიჭრეს, როდესაც ყუმბართმტყორცნის ნაღმი შეაგდეს სახლში: დათო სარალიძე, ზვიადი მელაძე, ვეფხვო მჭედლიძე დაიჭრნენ. საუბედუროდ ამ დღესვე დაიღუპა მამუკა ჯმუხაძეც. სნაიპერმა მომიკლა 1993 წლის 9 ივნისს ჩემი ზურა წელაშვილი. პირდაპირ გულში მოარტყეს. სულ 18 წლის იყო. ღმერთმა აცხონოს. ლაბრის პოზიციაზე ალყაშიც ვიყავით, მაგრამ არ დავთმეთ და ორი თვე ვიდექით შეუცვლელად. დაუბანელები, მშივრები, წყლულები გვქონდა ფეხებზე და ტანზე. იარაღის მუდმივი ტარებით ხელებსაც ვერ ვწევდით წესიერად. ძალიან გადავიღალეთ და შეგცვალეს კიდეც.
1993 წლის 2 ივლისს ოჩამჩირეში გადმოისხა გემებიდან რუსების დესანტის რაზმები და შეესივნენ კიდეც ჩვენს ბატალიონებს. ერთ ღამეში გაწყდა პირველი ხაზი და დიდი მსხვეპლი იყო ჩვენი მხრიდან – „ავაზას“, „დუშეთის“, „ჩოლოყაშვილის“ ბატალიონების შემედგენლობებში. ჩვენ ამ დროს ანუარხუს სიმაღლეზე ვიდექით და გამოგვიყვანეს და სხვა ბიჭებმა მგონი „შავნაბადამ“ შეგვცვალა. ბატონმა დავით თევზაძემ დაგვიბარა და მე და მუთაზ გაბიტაშვილის (თეთრი არწივის „გოჩა ყარყარაშვილის სახელობის ასეული“) ბიჭები გაგვაგზავნა შემოვლითი გზით ჩვენს მეომარ ნაწილებთან შესაერთებლად. დაბლა ცენტრალურ გზაზე გზას სოხუმიდან ოჩამჩირისკენ მედესანტეებისგან წმენდავდა „სადესანტე-მოიერიშე ბატალიონი“ (დე-შე-ბე). ამ დროს ჩვენმა არტილერისტებმა ცეცხლი გახსნეს და ამის გამო აღმოვჩნდით ორმაგი დარტყმის ქვეშ. ჩვენი რადისტი დავით ცინცაძე დაგვეჭრა კიდეც და რაცია გამოვიდა მწყობრიდან. მიზნისკენ მოკლე გადარბენებით გადავდიოდით. ბიჭები დაიჭრნენ და ვანო თოდაძემ გადაარჩინა კახა სივსივაძე და უკან შებრუნდა ნიკო მეტრეველის გამოსაყვანად და „მუხა“ ესროლეს და დაიღუპა გმირულად.
ასევე მურთაზ გაბიტაშვილის ჯგუფიდან დაგვეღუპა შერმადინ შერმადინი. ღმერთმა აცხონოთ. ჩავაღწიეთ ჩვენებამდე. თეთრი სამკლაურებით ვიცანით. პირდაპირ ხალჩართული ახლო ბრძოლა მიდიოდა. გზაზე ჩენი აფეთქებული და დამწვარი ტექნიკა იწვოდა. ორი სასწრაფოს მანქანაში ჩვენი დანახშირებული ექიმები იყვნენ. საშინელი სანახაობა იყო. ყველაზე მეტად გავნადგურდი, როდესაც მთელი ოჯახი ერთ-ერთ პოზიციაზე მთელი ოჯახი ჩამომხრჩობილი ვნახეთ. პატარა ბავშვიც კი არ დაუნდიათ. სასტიკი სანახავი იყო. გული მომიკვდა. რაღაც გათხრილ სანგარს მივყვებოდით და გზაზე ვინც გვხვდებოდა არავინ დაგვინდია.
სოხუმის დაცემის დროს მძიმე ბრძოლამ მოგვიწია. გაგვიშვეს კასპის ბატალიონის დასახმარებლად, მაგრამ იქამე ვერც მივაღწიეს და უცბად სოხუმის ანძის ასაღებად გაგვაგზავნეს სხვა ბიჭებთან ერთად. აქ დაგვეჭრა გია ხერკელაძე და ნიკო მეტრეველი, რომელიც თბილისში გადმოვიყვანეთ და აქ დაიღუპა საავადმყოფოში. ასევე თბილისში გადმოყვანის დროს დაგვეღუპა ჩემი ბიძაშვილი დაჭრილი გელა თათარაშვილი. მეც მძიმედ თავში დავიჭერი და მკვდარი ვეგონე გასისხლიანებული. ერთი მომხვდა და მერე არაფერი მახსოვს. საველე გოსპიტალში იქ საშინელი ამბავი ხდებოდა – მკვდრები და ცოცხლები ერთმანეთში იყვნენ არეულები. იყო ერთი გმინვა და ღრიალი.
აქ თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომიყვანეს და ფეხზე დამაყენეს. თურმე უკრაინული გემით გამოუყვანივარ და ვიღაც უცნობი გოგონა მპატრონობდა.
სოხუმიდან გადმოფრენილ თვითმფრინავში ჩვენს საშველად წამოსული გოგა გოგალაძე და ზურა აბულაძე დამეღუპნენ. მათ დაჭრილები გამოვატანე თბილისში და რომ გაუგიათ სოხუმს უჭირდა უკანვე გამობრუნებულან. ახლახანს გადმოასვენა „წითელმა ჯვარმა“. ვაჟკაცი ბიჭები იყვნენ. მოწამეობრივად აღესრულნენ უფალმა გაანათლოთ.
არასოდეს დამავიწყდება ჩემი გმირი ბიჭების სამშობლოს და ერთმანეთის მიმართ სიყვარული, შემართება და თავდადება,
მინდა ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ბედნიერ, მშვიდობიან საქართველოში იცხოვრონ. აბა რისთვის დადეს თავი ჩვენმა მებრძოლებმა?! ნათელი დაადგეთ!
