ლალი ცერაძის წიგნიდან – „საქართველოს ჯარისკაცის ჩანაწერები“
აფხაზეთის ომის წინ ერთი თუში ბიჭი ვიყავი. ცოლშვილი ჯერ არ მყავდა. ცხვარს ვუვლიდი ალალად და მთა-ბარი მოვლილი მქონდა. ჩემი საქმე კარგად ვიცოდი და მიყვარდა კიდეც პირუტყვის პატრონობა. რა ჯაფა ადგია თუშ მეცხვარეს, კიდეც კარგად უწყის ქართველმა კაცმა.
სრულიად მოულოდნელად ეს ქვეყანაც ომისკენ წავიდა და ისე უცბად შემოდგა ფეხი ჩემს ცხოვრებაშიც, რომ საომარი მოქმედებების ეპიცენტრში სულ მალე აღმოვჩნდი კიდეც.
ჩემი ახლობლის სანახავად ჩამოვედი თბილისში და როდესაც რუსთაველზე ჩემს მეგობრებს შევხვდი ჩაუჯექით კიდეც. სუფრაზე გელა პაპაშვილმა მითხრა, რომ გოჩა ყარყარაშვილი დაღუპულიყო გაგრაში. ძალიან, ძალიან განვიცადე და მეწყინა ეს ამბავი, უფრო იმიტომაც, რომ ჩვენ ერთი წელი ერთად ვმსახურობდით ჯარში. ყარყარაშვილებთან მისასამძიმრებლად ავედი. გიას მაშინვე გაუმხილე, რომ მეც საომრად ომში წასვლა მეწადა. მან კი მირჩია ცოტა მომეცადა. გაგრა რამდენიმე დღის დაკარგული იყო. ქართველების ამოჟლეტის ამბავი ძალიან მაღელვებდა და უკვე ჩემით დავიწყე გზების მოძიება ბრძოლის ხაზზე, რომ აღმოვჩენილიყავი. ბრძოლა მწყუროდა.
ჭადრაკის სასახლეს მივაშურე, რადგან მითხრეს, რომ იქიდანაც გადიოდნენ მოხალისეთა ჯგუფები. იქ ვნახე: ზაური ჩოფლიანი, გია შარაშიძე, ნიკო ჭუჭულაშვილი და სულ ორ დღეში სურვილი ამისრულდა. ოჩამჩირეში აღმოვჩნდი: ლონგი ჭელიძესთან, ვახო ბეგიაშვილთან, თორნიკე კაპანაძესთან, ტარიელ რუაძესთან, ზვიადი ტოგონიძესთან ერთად.
თავდაპირველად სანაპიროზე ყარაულში ჩავდექით, რომ მოწინააღმდეგე არ გადმოსულიყო ზღვიდან. შემდეგ ყვარლელები ვნახე და არადუში გადავედი. იარაღიც მომცეს და კიდეც ატყდა სროლა.
1992 წლის 25 ოქტომბერს ოჩამჩირეზე სერიოზული შემოტევა დაიწყო. მართალია არადუს და მერკულასაც ცეცხლი გაუხსნეს, მაგრამ ძირითადი დარტყმა მოწინააღმდეგემ მაინც ოჩამჩირეში განლაგებულ ნაწილებს მიაყენა. მიუხედავად სიძნელეებისა და ჩვენი მებრძოლების სიმცირისა აფხაზურმა მხარემ ქალაქი ვერ აიღო.
ჩვენმა ბიჭებმა ამ ბრძოლაში გამოიჩინეს განსაკუთრებული სიმამაცე და მართლაც რომ გმირობა. რუსეთის სამაუწყებლო კომპანიები უკვე გადმოსცემდნენ, რომ ქართველებმა დათმესო ოჩამჩირე, მაგრამ ამაოდ. მათი გეგმები ჩაიშალა.
ორი დღის შემდეგ ორმოცდახუთ კაცამე გაგგვაგზავნეს სიმაღლეზე, რომელსაც „უშბას ტოჩკას“ ვეძახდით. აქ ბიჭებს მეთაურობდა დათო ქიტიაშვილი („ჯაგლაგა“). იქ რამდენიმე ხანი დავყავი და ისევ ტუნგოში დავბრუნდი ყვარლელებთან.
ჩვენი მეთაური იყო ნოდარ კირკიტაძე. მან კარგი ოპერაცია დაგეგმა და ჩვენი პატარა დაზვერვითი ჯგუფი შეიპარა სოფელ არადუდან მიწინააღმდეგის განლაგებაში. დაახლოებით წინა ხაზიდან ორ კილომეტრში და აფხაზების შტაბში შევიჭერით და ავიღეთ. ხუთი მეომარი მოუკალით და ერთი დაჭრილი ყავდათ. ჩვენი მხრიდან კი უსისხლოდ ჩაიარა. კარგი იარაღებიც წამოვიღეთ და კმაყოფილები დავდიოდით. თან გვახლდნენ მეომრები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთიდან: ძმები კობა, სოსო, იმედო გურგენიძეები და მათი თანამებრძოლები. ამ შეტევამ ისე გაგვაქეზა და საკუთარი ძალების რწმენა მოგვცა, რომ ამის შემდეგ სულ გამარჯვებებზე ვფიქრობდით.
ადგილობრივებმა ჩვენს მეთაურს ნოდარ კირკიტაძეს შესთავაზეს უფრო დიდი ოპერაციის ჩატარება და ურჩევდნენ აგვეღო სოფელი მოქვი და ტყვარჩელისკენ მიმავალი გზების ბოლომდე ხელში ჩაგდებით სრული კონტროლი განგვეხორციელებინა.
ნოდარიმ უარი უთხრა, რადგან კარგად გააცნობიერა, რომ ცენტრალურ შტაბთან შეთანხმების და დამატებითი ძალების ჩართვის გარეშე ეს ოპერაცია ჩავარდებოდა და დიდი დანაკარგები კი გვექნებოდა. რამდენიმე დღის წინ, ავიყვანეთ ქალი, რომელსაც საკვები დაქონდა აფხაზებთან და სწორედ მან გვითხრა, რომ ჩვენი თავდასმის შემდეგ მოწინააღმდეგეს პოზიციები გაემაგრებინა და გზებიც დაენაღმა. ნოდარიმ ამიტომაც შეიკავა თავი და ბიჭების სიცოცხლეს გაუფრთხილდა.
და ეს გაუფრთხილებლობა მაინც შეგვემთხვა. როდესაც ნოდარ კირკიტაძე წამოვიდა თბილისში და რაზმს ხელმძღვანელობდა ლაგოდეხელი ვალერი კუბლაშვილი. რატომაც მან ამ ოპერაციის ჩატარება ითავა და ყოველგვარი მომზადების გარეშე შეტევაზე გადავედით კიდეც. ადგილობრივებმა სუფრაც გაშალეს ყოფილი კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახლში და დიდი სჯა-ბაასის შემდეგ, დაარწმუნეს ვალერი, რომ ამ მცირე ძალებითაც შევძლებდით აგვეღო მოქვი და ის გზა გაგვეწმინდა, რომლიდანაც მარაგდებოდა ტყვარჩელთან დაბანაკებული მოწინააღმდეგის რაზმები.
დამამახსოვრდა ვალერი კუბლაშვილის მიერ ნათქვამი სადღეგრძელო: “ვინც ვერ დაბრუნდებაო, იმისი შესანდობარი იყოსო“. თითქოს გულმა უგრძნო ხიფათი. ბიჭები ძალიან შემართებით იყვნენ. აშკარად ეჩქარებოდათ ბრძოლის დაწყება. ყველამ იცოდა თუ რა მნიშვნელობა ქონდა მოქვის აღებას და გზების გადაკეტვას. უკან დახევას არავინ ფიქრობდა.
და ამ არადუელი ადგილობრივების იმედზე წავედით კიდეც შეტევაზე. თვრამეტ კაცამდე ერთ ჯგუფში შევგროვდით და ორმოცდახუთკაციანი რაზმი წავიდა მეორე გზიდან.
სიჩუმეში მხოლოდ ტურების ყმუილი ისმოდა. მივხვდით აფხაზები ნიშანს აძლევდნენ ერთმანეთს.
წინ ჭაობიანი ხევი იყო. მისი გავლის შემდეგ გზაზე უნდა გავსულიყავით და შეტევა დაგვეწყო. გამყოლმა მიგვაცილა რაღაც ღობემდე, რომელსაც რკინის ბადე ეკრა და გამოგვიცხადა – „ მე მეტი გზა აღარ ვიციო“.
ჩვენ ვიცოდით, რომ რაღაც მონაკვეთი დანაღმული იყო. ამიტომ ხაშურელმა პაატა ზაზიკაშვლმა (“ბაშკირა“) დააპირა ნაღმისამომცნობით გზის გასინჯვა. ვალერი კუბლაშვილი მაინც აჩქარდა და წინ წავიდა, მას ახლდა სამტრედიელი ზურა შავლიძე. მე, საჩხერელი „ბაბუ“ და ხაშურელი არკადი გელაშვილი შედარებით უკან ვიყავით. სამი ნაბიჯიც არ გადაუდგია ვალერის, რომ გაისმა აფეთქების ხმა. პირდაპირ მინაზე შედგა. ერთი დაიგრუხუნა და ჰაერის ტალღამ გადამისროლა. ოთხი-ხუთი კაცი მოცელილივით დაეცა. საბედნიეროდ, მე რაღაც რბილ ადგილზე დავეცი და იარაღიც ხელში შემრჩა.
მიმოვიხედე. არკადი გელაშვილი იყო დაჭრილი ფეხებში და მკერდში. მივვარდი და ბექობზე ჩამოვათრიე. ცხონებული სერგო ბოკუჩავა კი თავზე ადგა ალიკა ზაკუტოვს. „მკვდარიაო“ – გადმომძახა. მივვარდი გასისხლიანებული ეგდო, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავდა. გავულაწუნე… ვცდილობდი გრძნობაზე როგორმე მომეყვანა.
უკვე სადღაც ღამის სამი საათი იქნებოდა.
ლაგოდეხელი თორნიკე კაპანაძე, გია სიხარულიძე და მახო „გოზურიში“ მიცვალებულებს მიათრევდნენ და ჩაის ბუჩქებში მალავდნენ. ვალერი მოვიკითხე. დაიღუპაო მიპასუხეს. ხუთი ბიჭი გამოესალმა სიცოცხლეს. მათ შორის: პაატა ზაზიკაშვილი, ზურაბ შავლიძე, საჩხერელი „ბაბუ“ და ერთი ადგილობრივი.
დავეშვით უკან. დაჭრილები ხელით სათრევები იყვნენ. „არ დაგვტოვოთო ბიჭებოო“ – გვეხვეწებოდნენ. ბევრი უკანმოუხედავად გაიქცა. თვრამეტი კაციდან ბრძოლის ველზე დავრჩით ათნი. მივძახოდით – „სად გარბიხართ? დაბრუნდით მეთქი!“. არც კი რცხვენოდათ ისე დაშინდნენ.
წამოვიკიდეთ ჩვენი დაჭრილები და წამოვედით წვალებით. სერგო ბოკუჩავამ ივაჟკაცა აშკარა რისკზე წინ მიდიოდა და ამბობდა: „თუ ნაღმი იქნება, მე ავფეთქდეო პირველი“. გამოვაღწიეთ როგორც იქნა.
ისეთ გაწამაწიაში ვიყავი, რომ მერე მივხვდი, რომ სისხლი მდიოდა. ფერდში ვყოფილვარ დაჭრილი. გამთენიისას მეორე ჯგუფის მიერ ატეხილი სროლის ხმა შემოგვესმა. მათაც მიიღეს დარტყმა. საბედნიეროდ იქ არავინ დაღუპულა.
დილით ჩვენს დასახმარებლად „გლდანის საძმო“ შემოვიდა. „ბე-ემ-პე“ და „მაზი“ ყავდათ. ისინიც გაგანია სროლაში აღმოჩდნენ და, საუბედუროდ, დაეღუპათ ჰამლეტ აბაიშვილი.
ალიკა ზაკუტოვი სასწრაფოში გადავიყვანეთ. როგორც კი ვერტმფრენი დაჯდა არკადი გელაშვილი თბილისში გადმოვაფრინე. უპატრონოდ იყო. კაცი მთხოვდა – „არ მიმატოვოო“ და რას ვიზავდი?
მესამე დღეს უკან ოჩამჩირეში დავბრუნდი. როგორც გავიგე ლაგოდეხელ თორნიკე კაპანაძეს სამი აფხაზი გადაეცვალა ჩვენს ბიჭებზე.
რამდენიმე დღეში 28 ნოემბერს ცხონებული სერგო ბოკუჩავაც დაიღუპა არადუში, ბრძოლისას დაჭრილს გადაეფარა.
აი, სად არის ქართული პატრიოტიზმი და გმირობა.
სწორედ იმ ერთ კაცში იყო…
სოფელ მოქვის აღება ამის შემდეგ ვერც შევძელით. რომ არ გაქცეულიყო ეს ხალხი და შეტევა სწორედ და გააზრებულად დაგეგმილიყო და წარმართულიყო იქნებ ეს ოპერაცია წარმატებით დამთავრებულიყო.
რომ გაუგია ამ შეტევის ამბავი და ბიჭების დაღუპვა, ბატონი ჯაბა იოსელიანი ძალიან გამწყრალა და მართალიც იყო, რადგან ცენტრალურ შტაბთან შეთანხმების გარეშე და მცირერიცხოვანი რაზმებით ამხელა ოპერაციის ჩატარება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. კიდეც შეეწირნენ. აცხონოთ უფალმა… თავისი თავის შესანდობარი კი ცხონებულმა ვალერი კუბლაშვილმა მართლაც რომ წინასწარ დალია…
ოჩამჩირეში სოფელ ტუნგოში გვქონდა დისლოკაცია. უცებ მოვიდა ამბავი გიგა გელაშვილის ტანკი ააფეთქსო და შველა ჭირდებათო. ათი კაცი ტამიშისკენ „კამაზით“ წავედით მისახმარებლად. მაშინ ტამიში-სოხუმის გზა გადაადგილებისათვის ძალიან საშიში იყო. მხოლოდ ბატონმა ჯაბა იოსელიანმა შეძლო შედარებით უმტკივნეულოდ გაევლო ეს გზა მანქანით. მოსახლეობა და მეომრები კი სიძნელეებს აწყდებოდნენ, რადგან ეს ადგილები მუდმივი ცეცხლის ქვეშ ხვდებოდა და საშიში იყო. ანუაარხუს სიმაღლე, რომელიც გზას გადმოყურებდა, მოწინააღმდეგის ხელთ იყო და სროლა სროლაზე მიდიოდა.
ჩემმა მეგობრებმა ხიდთან დამტოვეს. აქ დავინახე ირაკლი ამირეჯიბი, ზაზა ხუნდაძე გლდანის საძმოდან, ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი და მას თან ახლდა ფრანგი ჟურნალისტი ქალბატონი. როგორც გაირკვა მათ სურდათ წასულიყვნენ ტამიშიდან სოხუმამდე და თან საომარი მოქმედებების ზონაში სიუჟეტები გადაეღოთ.
ირაკლი ამირეჯიბი გამომემცნაურა – „შენ „თუში“ არა ხარო?“ მეც ვუპასუხე -„ნოდარ კირკიტაძის რაზმიდან ვარ მეთქი“. გავყევი. გადავწყვიტე გამეცილებინა ისინი. ავედით „სუპერმაზის“ ბორტზე. ჩვენს ჯგუფს შემოუერთდა ხუთი ადგილობრივი ბიჭი და რამდენიმე ქალბატონი. ჟურნალისტები წინ ჩასხდნენ „კაბინკაში“. დავიძარით. გავიარეთ ტამიშის ხიდი. სკოლამდე მივედით. იქ ადგილორივი ბიჭები დაგვხვდნენ. უცებ სკოლის გასწვრივ დავინახე შემოპარული მტერი ჩასაფრებულიყო. იმწამს ვესროლე. ირაკლიმ მკითხა „ვის ესროლეო?“ უკვე ვეღარ დავანახე მოშორებულიყო ადგილს.
ადგილობრივებმა შემოგვჩივლეს ტყვიები არ გვაქვსო. მეც ერთი ყუთი ტყვია ვუწილადე. კვლავ დავიძარით და როგორც კი სკოლას გავცდით ანუარხუს მხრიდან ფერმები იყო იქიდან აგვიტეხეს სროლა. ჩვენს გავხსენით საპასუხო ცეცხლი და როდესაც შემაღლებულ ადგილს მივაღწიეთ, შეფარებულში დაგვხვდნენ თბილისელები და რამდენიმე ყვარლელი მეომარი, რომლებიც ასევე იგერიებდნენ მოწინააღმდეგეს. ჩვენ აღმოვჩნდით ურთიერთსროლის ეპიცენტრში. მიდიოდა სროლა ყველანაირი იარაღიდან.
დავუსტვინე და მძღოლს ვანიშნებდი შემოეტრიალებინა მანქანა. და როგორც კი შემობრუნდა, ახლა ჩვენი მიმართულებით გადმოინაცვლა ტყვიების წვიმამ.
ერთი ადგილობრივი ქალბატონი იქვე დაცხრილეს და ერთი ბიჭი კი დიჭრა. ირაკლი ამირეჯიბი მყისიერად გადახტა და გადმოათრია ირინა და ის ფრანგი ჟურნალისტი. ირაკლი ამ გაგანია სროლაში მათ გადაეფარა და მოხვდა კიდევაც ტყვიები.
მეც გადმოვხტი ძარადან და ამოვეფარე გზას. დავიწყეთ შეძლებისდაგვარად პოზიციის დაკავება, მილაგება-მოლაგება. ირაკლის გადავხედე „ავღანკაში“ ოთხი ტყვია შევამჩნიე. გულის მხარეს ყელთანაც ქონდა მოხვედრილი, სისხლს საფეთქლამდე აესხა. ზაზა ხუნდაძეს გზის პირას ყავდა გადაყვანილი. მანქანა დაიცხრილა, მაგრამ მძღოლი სასწაულად გადარჩა. პირდაპირ გზაზე ესვენა ის ადგილობრივი ქალბატონიც.
ეს სროლები 20-30 წუთი გაგრძელდა. ველოდით ვინმე მოგვეშველებიდა. ჩვენს მეთაურს ნოდარ კირკიტაძეს გაუგია ეს ამბავი და „ბე-ემ-პე“-თი მოვარდა. ისეთი სროლა იყო იქ გაჩერება ერთ წუთზე მეტი არც შეიძლებოდა. ჩვენ დაგვეჭრა შილდელი ვახო ჭუნაშვილი. ნოდარიმ მოასწრო გაიყვანა და ისევ დაბრუნდა. ამ დროს მის „ბე-ემ-პეს“ გაეჭედა ლულა და ვეღარ იმუშავა, რომ არე-მარე გაესუფთავებინა. ბოლო ამოსვლაზე შევეყარეთ შიგნით და მოტრიალებიასას „შალდიც“ გადაუწყდა. იმ წუთში რაღაც ყუმბარაც მოგვარტყეს. ახლა „მაზი“ მივიყვანეთ გამოსაყვანად.
მოწინააღმდეგემ რუსული „ლუსტრები“ ჩამოკიდეს და გაანათეს ყველაფერი. ამოვეფარეთ „მაზს“ და ნელა-ნელა გამოვედით. ადგილობრივი ბიჭი და დაღუპული ქალი მანქანაში ჩავდეთ.
ნოდარ კირკიტაძემ, მე, გია „სტაკანამ“, ბადრი ბიბილაშვილმა, ნოდარი ფრეწვაშვილმა ირაკლი ამირეჯიბის ცხედარი ავიკიდეთ მონაცვლეობით და სვენებ-სვენებით მოგვყავდა. ასევე დაჭრილი ადგილობრივი სვანი ბიჭი გვახლდა ძლივს მობარბაცებდა. ზაზა ხუნდაძე ირინას და ფრანგ ჟურნალისტს პატრონობდა. გზაზე „გაის“ პოსტამდე ვიარეთ. მოწინააღმდეგე აანთებდა მანათობლებს და თან გვესროდა.
უკვე ძალიან გავგვიჭირდა სიარული. გადავწყვიტეთ აქ დაგვემალა ირაკლის ცხედარი და მერე გაგვეყვანა. ჩვენმა მეთაურმა ნოდარ კირკიტაძემ გაჭრა დანით ღობის მავთული და ჩაის ბუჩქებში ჩავმალეთ. ბალახებიც მოვფინეთ ზევიდან.
გავაგძელეთ გზა დაჭრილებს ვეხმარებოდით. ნელა-ნელა როგორც იქნა გამოვაღწიეთ. ზაზა ხუნდაძე პირდაპირ ტრასას გაყვა და ქალბატონები გააცილა. ჩვენ კი ღობე-ღობე გადმოვედით. ცოტა შევისვენეთ. ფაცხებთან, სასაფლაოებთან შევჩერდით სიარულის თავიც აღარ გვქონდა. საბედნიეროდ, „გლდანის საძმოს“ ბიჭებმა ამოგვაკითხეს „ურალით“ და გამოგვიყვანეს სამშვიდობოს.
მეორე დღეს ას კაცამდე შეგროვდა სხვადასხვა ფორმირებებიდან. ტანკი გვყავდა და „ბე-ემ-პე“.
ნოდარ კირკიტაძეს მისცა ორმოცგრადუსიანმა სიხემ და ვეღარ შეძლო ირაკლის ცხედრის გამოსაყვანად გაყოლა. რადგან სროლების გამო გზის დათვალიერება კარგად ვერ მოვასწარი და მე ცოტა გზა მეშლებოდა და ვთქვი – „თუ ფაცხებამდე მომიყვანთ, მერე ადვილად მივაგნებ მეთქი“. ვინმე გზის მცოდნე კაცი გვჭირდებოდა. მოიყვანეს ადგილობრივი რუსის კაცი გამყოლად. „გლდანის საძმოს“ თავკაცი ცხონებული თორნიკე ქურდაძე გვმეთაურობდა.
მე, ბადრი ბიბილაშვილი, „სტაკანა“, ჩეჩენი რუსლანი, ნოდარი ფრეწვაშვილი, კახა აბულიძე, ლაშა „პატარა თუში“ წავყევით. გავიარეთ რამდენიმე ხანი და აღმოჩნდა, რომ გამყოლმა „გაის“ შენობამდე ვერ მიგვიყვანა. რაღაც სოფელზე ვითომ ზურგიდან გადაგვატარა და ავცდით პოსტს დაახლოებით ერთ კილომეტრით.
თორნიკე ქურდაძე საშინლად გაბრაზდა. გამყოლს ეჩხუბა და იარაღიც წაართვა. თამაზ ჩოგოვაძემ გადაარჩინა კიდევ, თორემ არც აცოცხლებდა. თამაზიმ გადასცა შტაბში, სადაც ბატონი ჯაბა იოსელიანი გველოდებოდა – „ოპერაცია წარუმატებლად დამთავრდაო“. გადავწყვიტეთ გამოსვლა. ზოგი მეომარი იქ დარჩა. ზოგი გამოვიდა ნაპირ-ნაპირ.
ბატონ ჯაბას ძალიან ეწყინა ირაკლის ცხედარი რომ ვერ გამოვიტანეთ. არაფრით არ უნდოდა მისი დატოვება უპატრონოდ და ითხოვდა რამენაირად გვეპოვა ეს ვაჟკაცი ბიჭი, რადგან მამამისთან ცხედარი მაინც ჩაეტანა თბილისში.
იმდენად უნდოდა იმ ადგილობირვ რუსს თავისი ავტომატის დაბრუნება, რომ ღამით შეპარულა „გაის პოსტზე“ და უპოვია ირაკლი გზაზე გადმოეტანა.
შემდეგ უკვე ბატონი ჯაბას დაცვის უფროსი თამაზ ფანჩულიძის „წესრიგას“ ხელმძღვანელობით „გლდანის საძმოს“, „ქართველ შევარდენთა ლეგიონის“ ბიჭებმა გამოიტანეს და ჩაასვენეს თბილისში. უფალმა აცხონოს კარგი ვაჟკაცი იყო.
საჭიროების წინ დავდექით ტამიშის გზის გასწვრივ სიმაღლე ანუაარხუ უნდა გაგვესუფთავებინა, რადგან იქაურობა აშკარად ჩვენს მხარეს უნდა ეკონტროლებინა, რომ სოხუმი -ოჩამჩირის ტრასა გახსნილი და შედარებით უსაფრთხო ყოფილიყო.
1992 წლის 21 ნოემბერს დაიგეგმა ოპერაცია და მთელი ძალებით შეუტიეთ მოწინააღმდეგეს. მონაწილეობდა ოჩამჩირეში დისლოცირებული ფორმირებები „მხედრიონი“, „ქართველ შევარდენთა ლეგიონი“, ასურეთის საძმო, ოჩამჩირის ბატალიონი (სოსო გოგიძის მეთაურობით) და სხვები.
თანდათან წინ წავედით. ტამიშზე სკოლას გავცდით. როცა ფაცხებთან მივედით, უკანა მხრიდან ცეცხლი გაგვიხსნეს. მე და ნოდარ ფრწვაშვილმა ავტეხეთ საპასუხო სროლა. დავინახე ორი მათგანი დაეცა. მეორემ მაინც გახსნა ცეცხლი და ნაღმი დაეცა ჩემთან ძალიან ახლოს.
თვალთ დამიბნელდა, გონიც დავკარგე. როცა თვალი გავახილე გარშემო აღარავინ იყო. მარტო ვიყავი. წამოდგომა ვცადე ვერ შევძელი. მუცელში უცნაური სითბო ვიგრძენი. ხელი მოვისვი ნაწლავებში ჩამივარდა. მუცელი გადახსნილი მქონდა. თავი ოდნავ წამოვწიე დავინახე ფეხიდან რამდენიმე ადგილიდან სისხლი ასხავდა.
უცებ თითქოს ბუნდოვნად რაღაც ხმები შემომესმა. თვალი ოდნავ გავაყოლე და დავინახე ჩვენი ექთანი მანანა გურგენაშვილი ჩემსკენ მოხოხავდა. მართლა ვაჟკაცი გოგოა. ამ ბრძოლის კადრებს იღებდა კორესპოდენტი ქალბატონი მანანა ზაალიშვილი. ახლა ჩემი მეგობარი ნოდარ ფრეწვაშვილი გამოიქცა. ჟგუტი მომიჭირეს ფეხზე. იმ წუთში სადღაც გავფრინდი. გონს რომ მოვედი, ვხედავ გაჭირვებით მიმათრევენ.
ძალები სულ დამეკარგა. ძალიან მომწყურდა. „დამასვენეთ მეთქი ცოტა“ – ვეხვეწე. როცა წყალი არ მომცეს, გადავიწიე და ტანკის ნაკვალევში ჩაგუბებული წყალი დავლიე.
არაფრით არ დამანებეს თავი მანანამ და ნოდარიმ. მაინც გამომათრიეს სამშვიდობოს. იქვე იდგა სოსო გოგიძე. სთხოვეს დახმარება, არ მიეშველა. „მე „აბსტრელს“ გაგიკეთებთო“. მერე, როდესაც გამოვკეთდი დიდხანს ვერ მიყურებდა თვალებში.
გადმომიყვანეს ოჩამჩირეში, შემდეგ ქუთაისში. თავს მევლებოდა მთელი მედპერსონალი. ფეხზე დამაყენეს და ისევ მწყობრში ჩავდექი.
როგორც გავიგე, იმ დღეს ბევრი მეომარი დაჭრილა გზაზე. სამწუხაროდ, ჩვენებმა ვერ მოახერხეს ანუაარხუს სიმაღლის აღება.
იმ უბედურების დროს სულ მახსენდებოდა ერთი სასაცილო ამბავი, რაც ოცდაერთ ნოემბერს გადამხდა. როდესაც ირაკლი ამირეჯიბის გადმოსვენების დროს ტამიშზე დაჭრილები გამოგვყავდა, ერთი ადგილობივი ქალბატონი მოგვდევდა. ჩემი თანამებრძოლი ნოდარი ფრეწვაშვილი ძალიან მორიდებული კაცი იყო და სიტუაცია, რომ განმემუხტა ვეხუმრებოდი, „ნოდარ, შეხედე ამ ქალს რა თეთრი ფეხები აქვს მეთქი, მიაქციე ყურადღება, არ მოგწინს თქო?“ ის კიდევ საშინლად მიბრაზდებოდა „ამ გაგანია სროლაში რა დროს ეგეთებია, გაჩერდი, კაცო, სირცხვილია რაებს ამბობო!“.
და როდესაც ორი დღის შემდეგ სიკვდილის პირას მყოფ დაჭრილს მიმათრევდნენ, თუ გონი მომიბრუნდებოდა ისევ ვეხუმრებოდი – „ნოდარ, ხომ ხედავ ვკვდები, ახლა მაინც აღიარე, რომ იმ ქალის თეთრი ფეხები მოგეწონა მეთქი“. გადავიხარხარე ერთი მაგრად. თან ვხედავდი თვალებიდან ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა, რადგან გრძნობდა ვემშვიდობებოდი და ამხელა ტკივილების მქონე ტანჯვაში მყოფი ისევ იმ ქალზე ვემასხრებოდი.
დეღეს ხშირად ვფიქრობ, რა ძალამ გადამარჩინა იმ ბრძოლებში. ახლა ერთადერთი ბიჭი მეზრდება და მინდა პატრიოტი გავზარდო და სამშობლოსადმი ისეთივე მუხტით იყოს გამსჭვალული, როგორც ჩვენ ვიყავით იმ ცხელ ბროძოლებში. იმაზეც ვფიქრობ, რომ მაშინ უფალი მედგა გვერდით და სოცოცხლე რამდენჯერ მაჩუქა.
მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ჩვენთან არსებული ხელისუფლებები ჩვენს პრობლემებს არც ეცნობა და ითვალისწინებს, უფრო მეტად მტკენს გულს. სამხედრო მოსამსახურეები თუ არ ვიყავით და მოხალისეებად ვწირავდით თავებს და ამის გამო დავინვალიდდით არანაირი დახმარება არ გაგვაჩნია. ის კი არა ორიათასშვიდში პენსიაც მოგვიხსნეს და დავრჩით ცას გამოკერებულები.
იმასაც ვფიქრობ, როდის იქნება ჩემი სამშობლო ერთიანი და მთლიანი. როდის ახდება ჩემი დაღუპული თანამებრძოლების და მეგობრების ნატვრა საქართველო იყოს მათი სიყვარულის ღირისი სამშობლო.
ინტერვიუ ჩაწერილია 2016 წლის ნოემბერში.