ავთო პაკელიანი – “ძნელია, როცა შენი ძმა ბრძოლაში მიგატოვებს ანუ რა მოხდა ტამიშში 1993 წლის 3 ივლისს”

ლალი ცერაძის წიგნიდან – „საქართველოს ჯარისკაცის ჩანაწერები“  –  ინტერვიუ ჩაწერილია 1995 წლის აპრილში


როდესაც ოჩამჩირე-სოხუმის გზატკეცილი გადაკეტა ტმიშთან გადმოსხმულმა დესანტმა, ოჯახი გამოვაცილე და ოჩამჩირელები ფეხის მონაცვლებასაც არ ვაპირებდით. ზევიდან მოსახლეობა გამოდიოდა და თან მოჰქონდათ საშინელი ამბები მოწინააღმდეგის განსაკუთრებული სისასტიკის შესახებ. რუსებმა და აფხაზებმა პირწმინდად ამოხოცეს მთელი ჩვენი ბატალიონები. ეს იყო ჩვენთვის ადგილობრივებისათვის მძიმე მოსასმენი. გაგრის შემდეგ ვიცოდით მოწინააღმდეგის აგესიულობა და სიმხეცე და, რა თქმა უნდა, მტკიცე გადაწყვეტილება მივიღეთ დესანტი გაგვენადგურებინა.

ყველა ელოდებოდა მაშველს და განსაკუთრებით ელოდნენ „მხედრიონს“. პირველი სწორედ ბადრი ფირცხელიანის ბიჭები გაჩდნენ და შემდეგ სხვებიც შემოუერთდნან.
პირველი შეტევა გზის გასახსნელად დაიგეგმა ცაგერადან და გავედით ბადრის რაზმის წევრები, უმეტესობა სვანები ვიყავით. ეს ხდებოდა 1993 წლის 3 ივლისს. გეგმა იყო ისეთი, რომ მტრის გადაკეტილი ხაზი გაგვერღვია და საწინაღმდეგო მხრიდან უნდა შემოსულიყო სოხუმიდან ჩვენი სამხედრო ფორმირების რაზმი და გზა ლაბრამდე უნდა გაწმენდილიყო.
37 კაცი თანადათან წინ მივიწევდით. „პიტომნიკში“ დიდი წინააღმდეგობის გარეშე გაგვატარეს და ლაბრის ასახვევამდე გავედით. გზაზე გვხვდებოდა ჩვენი მებრძოლების და მოქალაქეების დაჭრილ-დასახიჩრებული სისხლიანი ცხედრები და დამსხვრეული ტექნიკა, გარშემო ცეცხლი და კვამლი იყო. იწვოდა იქაურობა.

ბიჭებმა დაზვერეს სულ წინა პოზიციები და შევჩერდით. მოგვიწია გაშლა აბსოლუტურად დაუცველ, ღია პოზიციაზე, პირდაპირ გზატკეცილზე. ასე გაგრძელდა რამდენიმე გაუსაძლისი საათი, მაგრამ, როგორც ჩანდა, ამაო იყო ჩვენი იმედი იმისა, რომ სოხუმში მყოფი ძალები შემოგვერთდებოდნენ და დროში წავაგეთ.
მოწინააღმდეგემ გახსნა მასირებული ცეცხლი. პირდპირი სამიზნე ვიყავით. და ამ დროს თუ არ შეეფარე სადმე დიდი მსხვერპლი სახეზე იქნებოდა, ისე როგორც გაგრაში მოხდა, კოლხიდასთან. ჩვენი რადისტი თამაზ ჩოგოვაძე დაუკავშირდა შტაბს ცაგერაში და არკვევდა როგორ მოვქცეულიყავით. ბიჭები დაიჭრნენ, ტანკიც აგვიფეთქეს და საჭირო იყო

„პიტომნიკამდე“ მიგვეღწია თავის შესაფარებლად. აქ ჩვენი მებრძოლები გვეგონა ჩასაფრებული და იმედიანად ვიყავით. მწარედ შევცდით.
როცა, ჩვენი აზრით, შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადავედით, ხელით ვანიშნებდი ჩვენს ტანკისტს ის უკანასკნელი ჭურვი, რომელიც დარჩენილი ჰქონდა მოწინააღმდეგის მხარეს გაესროლა და რაოდენი იყო ჩვენი გაოგნება, როცა მოულოდნელად ჩვენი ზურგიდან ტანკს მოხვდა ნაღმმტყორცნის ჭურვი. მე და ბადრი ფირცხელიანი აღმოვჩნდით პირდაპირ ტყვიების ორმხრივ სროლაში. აშკარა იყო, რომ „პიტომნიკში“ ჩვენები არ იყვნენ და მოწინააღმდეგე შესულიყო. ძალიან მიკვირს დღესაც როგორ გადავჩით, ტყვიები პირდაპირ ფეხებში გვიფეთქდებოდა და გარშემო დასისინებდა. 20-30 მეტრში მტერი იჯდა და კარგად გვხედავდა. გადარბენებით, წვალებით სროლა-სროლით გადავინაცლეთ ისევ უკან. ტრასიდან გვერდზე გადავედით. ატყდა ერთი ამბავი. ზოგი სროლას განაგრძობდა, ზოგმა სირბილიც ვერ შეძლო და ბიჭებმა გამოათრიეს, ზოგი დაიჭრა. იყო ერთი ღრიანცელი, ყვირილი, ავტომატების კანონადა.

ალყაში ორმხრივ ცეცხლში აღმოვჩნდით და რაც შეგვეძლო ვიგერიებდით მოწინააღმდეგეს. გაჭირვებით გადმოვედით ქვედა გზიდან მდინარეზე და სროლებით როგორც იქნა სამშვიდობოზე გამოვაღწიეთ. ბადრი ფირცხელიანი ძალიან ნერვიულობდა თავის მეომრებზე – ვინ სად მიმოიფანტა, ვინ დაიჭრა და დაიღუპა არ იცოდა.
ძალიან ძნელია, როცა შენი ძმა მიგატოვებს ბრძოლაში. სწორედ იმან, რომ ჩვენი ბიჭები საჭირო ადგილზე არ დაგვხვდნენ და უპასუხისმგებლოდ მიატოვეს პოზიცია ჩააგდო ჩვენი რაზმი ასეთ სიტუაციაში. ფაქტიურად სასაკლაოზე აღმოვჩნდით. მოხალისეს მეტი შემართება მართებს, მეტი მომთხოვნი უნდა იყოს თავისი თავის მიმართ და ბრძოლაში არაფრით არ შეიძლებოდა პოზიციიდან დაუკითხავად და თვითნებურად წასვლა. ამით, ფაქტიურად ჩვენი რაზმი სასიკვდილოდ გაწირეს, რადგან მოწინააღმდეგე მაშინვე ზურგში ჩაგვისაფრდა და ტრასაზე ორმხრივი გადაკეტვა გააკეთა.

აი, იმ დღეს, რომ ჩვენი მხრიდან ყოფილიყო სწორედ დაგეგმილი შეტევის განხორციელება, სოხუმის რაზმს არ დაეგვიანა, დროზე შემოგვერთდებოდა და ერთობლივი ძალებით მტერი ლაბრის ზევით აგვეყარა, აღარ იქნებოდა საჭირო 10 ივლისის მძიმე ბრძოლა დესანტის გასანადგურებლად, იმდენი შესანიშნავი მეომარი არ დაიღუპებოდა და დაიჭრებოდა.
იმ ღამეს მტერი უკვე კარგად ჩაჯდა „პიტომნიკში“. ეს იყო გამოწვრთნილი რუსის დესანტი.

ბოლოს, 10 ივლისს დილით ხუთ საათზე დავიწყეთ შეტევა. ამ დროს უკვე შემოგვერთდა მთელი სამხედრო ძალები და დაგვემატა „მხედრიონის“ ძირითადი შემადგენლობა და მოხალისეებიც. ლანჩხუთის მხედრიონი, გლდანის საძმო და ასურეთელები აწყდებოდნენ მტერს. გავიგე რადისტი მოუკლეს და გადავწყვიტე აჩიკომდე როგორმე ახალი რაცია მიმეტანა. მოკლე გადარბენებით მოწინააღმდეგის გვერდში აღმოვჩნდით და დავინახე კიდეც  გნიასით როგორ შეიჭრნენ ჩვენი მებრძოლები მოწინააღმდეგის განლაგებაში. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში შესანიშნავი შეგრძნების დღე, აღმაფრენის და გამარჯვების დღე.

მოწინააღმდეგის რამდენიმე მებრძოლი ვნახე დაღუპული და ხელზე აღნიშნული ჰქონდათ რუსეთის ნაწილების სახელწოდებები – ფსკოვის, ლენინგრადის, მოსკოვის, ოლქებიდან. ბიჭებმა გაანადგურეს დიდი რაოდენობით მტრის ცოცხალი ძალა. ვინც გადარჩა ბოლოს სატვირთო მანქანებზე შეხტნენ და გაიქცნენ ბრძოლის ველიდან და მაღლა კოჩარისკენ გადაინაცვლეს და შემდეგ, დაახლოებით 200 კაცამდე ხელშეკრულების დადების შემდეგ ზღვით გაიყვანეს.

ტამიშის დესანტის განადგურების დროს რეალურად დავინახე სწორედ ის ქართული მეომრული სული, რომელიც მე ყოველთვის მხიბლავდა და მინდა, რომ შემდგომშიც ახასიათებდეს ჩვენი სამშობლოს დამცველებს. ეს ბრძოლა იყო, მართლაც, რომ დიდებული გამოხატულება თავგანწირვისა და თავდადებისა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *