„ვრცლად დავწერ, რატომ მეპარება ეჭვი, რომ…“ – მერაბ მეტრეველი

2,089 წაკითხვა

მერაბ მეტრეველის შეფასება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე:

“ცოტა ვრცლად დავწერ, რატომ მეპარება ეჭვი, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა ანუ გაყალბდა ისე, რომ შედეგზე გავლენა იქონია, თორემ დარღვევები ყველა არჩევნებზე არის და ეს რომ გამოსასწორებელია, ამაზე არავინ დავობს:

არ არსებობს არჩევნების არცერთი ობიექტური დამკვირვებელი, რომელიც ამბობს თუნდაც იმას, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა სტანდარტებს და დარღვევებს შეიძლებოდა გავლენა ჰქონოდა შედეგებზე. უფრო პირიქით ამბობენ. არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ინსტიტუტი და ა.შ. არცერთი ჩვენი მეგობარი არ საუბრობს ხელახალი არჩევნების აუცილებლობაზე.

ის ხალხიც კი არ საუბრობს, ვინც პროპორციული სისტემის ჩაგდების მერე ოცნებას და ივანიშვილს ლამის დედას აგინებდა და სამართლიანად აკრიტიკებდა, წერილს წერილზე წერდა. ის კი არა, ანდრიუს კუბილიუსიც კი არ საუბრობს ამაზე, რომელიც სულ ოცნების კრიტიკაშია ხოლმე.

არგუმენტი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ყველა ქვეყანაში ხუჭავენ გაყალბებაზე თვალს, არის დემაგოგია.

აგერ გვაქვს ბელორუსის მაგალითი, სადაც მთელი დასავლეთი ცალსახად ეუბნება ლუკაშენკოს, რომ უნდა ჩაატაროს ახალი არჩევნები. რაღა შორს მივდივართ, ორი წლის წინ იყო საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენთან და ეუთომ პირდაპირ დაწერა დასკვნაში, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, მაგრამ არასამართლიანიო. თუნდაც ასეთი შეფასების დაწერას რა უშლის მათ?

მაშინ რა ვუყოთ დაუბალანსებელ ოქმებს? ცესკოს პასუხია, რომ ეს არის შეცდომები, რომელიც ყველა არჩევნებზე იყო და რომელიც შესწორების ოქმებით გასწორდა. შეიძლება ეს სიმართლე იყოს?

ოპოზიციას ჰყავდა უბნებზე 11 200 -ზე მეტი კომისიის წევრი. თუ ოქმები გადაიწერა და ბიულეტენები ჩაიყარა, ამდენი ადამიანიდან რატომ არავინ გააპროტესტა იმ ღამეს? განსხვავებული აზრი მაინც რატომ არავინ დაწერა ოქმის შედგენისას? დააშინესო.

ამდენი ადამიანი, როგორ დააშინეს? ან კარგი, რეგიონებში დააშინეს, და თბილისში რამდენი უბანია? ყველა უბანზე ოპოზიციის სამი წევრი იყო. ასე ბნელა საქართველოში, რომ თბილისშიც ყველა შეაშინეს?

მაპატიეთ, მაგრამ ამის არ მჯერა. პარალელური დათვლის შედეგი და ერთ-ერთი ოპოზიციური არხის „ფორმულას“ეგზიტპოლი ძალიან ახლოსაა ცესკოს მონაცემებთან (სხვაობა 2 პროცენტია).

ორი დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ ჩაატრებული კვლევა, რომ ასე ემთხევა ოფიციალურ მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ ან ცესკოს საბოლო შედეგი რეალობასთან ძალიან ახლოსაა, ან „სამართლიანმა არჩევნებმაც“ და „ფორმულამაც“ საკუთარი კვლევა გააყალბეს. სხვა ვარიანტი აქ არ არსებობს.

8 პროცენტ ოქმებში დისბალანსი და შესაძლო 4.1 პროცენტიანი ცდომილება, რაზეც „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა ისაუბრა, პარალელური დათვლის შედეგებს არ ცვლის. ეს სპეციალურად გავარკვიე ამ ორგანიზაციასთან. თქვენც შეგიძლიათ ჰკითხოთ.

იმ უბნებზე, რომელიც გახსნეს და გადათვალეს (მათ შორის არასამთავრობოების მოთხოვნით) ოქმებში შეცდომები აღმოჩნდა, როგორც ოპოზციის კანდიდატების საზიანოდ, ისე ხელისუფლების კანდიდატების და საკუთარ თავს უყალბებდნენ?
ასევე შეცდომებზე და არა გაყალბებებზე მიუთითებს მეორე ტური, სადაც ხელისუფლებას ოპონენეტი აღარ ჰყავდა, მაგრამ ოქმებში დისბალანსი და შეცდომები ისევ აღმოჩნდა.

ამ შემთხვევაში ვის გაუყალბეს? ოპოზიცია ამბობს, ცოტა ხალხი მოვიდა და ამიტომ ჩაყარესო. ჰო, მაგრამ ჩვენ ვნახეთ მეორე ტურის ოქმები, სადაც სახელისუფლებო კანდიდატის ხმები ოპოზიციის კანდიდატის გრაფაში ეწერა. ოპოზიციის სასარგებლოდ აყალბეს? და კიდევ, როდესაც აშკარა სიყალბე ჩაიდინეს, (აი 1 რომ 4-ად გადააკეთეს) ეს ვერ დაიმალა და გაუქმდა კიდეც.

და ბოლოს: ყველაზე კარგი საშუალება გაგვეგო სიმართლე, იყო გადათვლა, მაგრამ ეს თავისით არ გააკეთა ხელისუფლებამ (რაც შეცდომა მგონია) და ამაზე არ დათანხმდა ოპოზიციაც. გასაგებია, რომ ხელისუფლება ცუდად მოიქცა, როცა თავისი ინციატივით არ გადათვალა, მაგრამ როცა ოპოზიციას ამაზე პოლიტიკური შეთანხმება და ერთად გადათვლა შესთავაზეს, ოპოზიცია რატომ არ დათანხმდა? ოპოზიცია ამბობს, ოცნება იტყუება, მოლაპარაკებებზე ეს არ შემოუთავზებიათო.

დავუშვათ იტყუება ოცნება, მაგრამ პრესკონფერენციაზე ხომ გააკეთა კალაძემ ოფიციალური განცხადება, ამას ვთავაზობდითო? გამოსულიყო ოპოზიცია და ეთქვა: იტყუება კალაძე, ასეთი არაფერი შემოუთავაზებიათო, მაგრამ რადგან საჯაროდ ამბობენ, მზად ვართ გადათვლისთვისო, კი ბატონო, ჩვენც საჯაროდ ვეუბნებით თანხმობასო. რას იზამდა ოცნება? უკან წაიღებდა საჯარო განცხადებას? მაგრამ ეს არ გააკეთეს, რაც მაფიქრებინებს, რომ ოპოზიციასაც არ აწყობდა გადათვლა.

დასკვნა: ოქმებში ცდომილებამ შედეგები თუ შეცვალა, მაქსიმუმ ის ორი პროცენტი, რა განსხვავებაც პარალელურ დათვლას, ეგზიტპოლსა და ცესკოს მონაცემებს შორის დაფიქსირდა და ამის აღმოფხვრა სწორედ გადათვლით შეიძლებოდა, რაც, როგორც აღმოჩნდა არცერთ მხარეს არ აწყობდა.

ზუსტად ვიცი, რომ ჩემნაირად ბევრი პოლიტიკურად არაანგაჟირებული ადამიანი ფიქრობს, მაგრამ იმის შიშით ქოცის იარლიყი არ მომაწებონ და არ დამაბულინგონო, ამას ხმამაღლა არ ამბობს.

მე შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ თუ რამის მჯერა, ან პირიქით არ მჯერა, ვიღაცის შიშით პირში წყალს ვერ ჩავიგუბებ. როცა ხელეისუფლება ამაზრზენად მოიქცა და პროპორციული არჩევნები ჩააგდო, მაშინ მათთვის კრიტიკა არ დამიკლია და სხვათაშორის, ასევე არ დაუკლია კრიტიკა დასავლეთს. ახლა არც დასავლეთს სჯერა ამ გაყალბების და მთელი მსოფლიო როგორ გაქოცდა?”- წერს მერაბ მეტრეველი.

Next Post

„ძალიან მეშინია, ხალხო…“ - დათო ლიკლიკაძე

კვი დეკ 6 , 2020
2,089 წაკითხვაჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წერს: „წიწიბურის საყიდლად გამაგზავნეს სახლიდან. ჯაჭვის ხიდზე სიმპატიური ქალბატონი მოყავდა ორ ქალს, აქედან და იქედან გაკავებული ჰყავდათ აშკარად. ქალბატონი ხმამაღლა იცინოდა. გაოცებული ჩემი სახე და ცნობისმოყვარეობა ერთ-ერთმა დააკმაყოფილა.- “იზოლაციაში იყო ბატონო დათო და ცოტა აირია, ახლა ვასეირნებთ ქუჩაშიო”. არ გამოვრიცხავ ხვალ მეც გავიცინო ისე, ფატიმამ რომ გაიცინა მეორე სერიაში. ძალიან მეშინია ხალხო…“