„გლდანის საძმოს“ ბიჭებს ყველაზე გაჭირვებულ წუთებში არაერთი თანამემამულე უხსნიათ განსაცდელისგან

394 წაკითხვა

ლალი ცერაძე – „გლდანის საძმოს“ ბიჭებს ყველაზე გაჭირვებულ წუთებში არაერთი თანამემამულე უხსნიათ განსაცდელისგან და დიდი ნდობა მოიპოვეს მოსახლეობაშიც და სამხედრო ხელმღვანელობაშიც. ეს იყო ერთი უბნის გლდანის მეექვსე მიკრორაიონის მაცხოვრებელთა გაერთიანება. სათავეში თორნიკე ქურდაძე და გოჩა აბეწვაშვილი ედგნენ. ბრძოლაში უშიშარნი, ერთ-ურთის გამტანნი შეტევაზე გიჟმაჟი ყიჟინით, ზათქით და ქართული სიმღერით მიმავალნი. მათი საბრძოლო შეძახილი იყო – „საძმო, სამშობლო და გამარჯვება“.

„სოხუმში რომ ჩავედით, მეორე დღესვე შევედით მაღალსართულიანი კორპუსების მიდამოებში, რომლის შემდეგაც იწყება მდინარე გუმისთა. მოწინააღმდეგე უკვე მდინარის აქეთ იყო გადმოსული. ჩვენ მათ შემოუარეთ და გუმისთაზე გათხრილ სანგრებში ვიყავით გამაგრებული მთელ დღე საღამომდე. აქ კარგი პოზიციები გვეკავა. იმ სიმაღლე სანგრებში ვისხედით, რომ ვერ შემოვიდოდა ვერავინ, ვაკონტროლებდით საკმაოდ დიდ ტერიტორიას. მაგრამ მოვიდა გუმისთიდან გამოსვლის ბრძანება და გადაგვიყვანეს თექვსმეტსართულიანებში, სადაც ვითომდა მტერი შემოიჭრა, მაგრამ ეს არ დადასტურდა და ჩვენი ხელსაყრელი ძველი პოზიცია კი დაგვაკარგინეს, რადგან აქ სხვა ძალა არ შევიდა. ასეთი უაზრო აბსურდული ამბები ხდებოდა.
შემდეგ სიტუაცია უფრო დაიძაბა, როდესაც ე. წ. „კინოპრაკატის“ რაიონში შემოვიდნენ აფხაზების ტანკები და მძიმე ტქნიკა, ჩვენ მოგვცეს უკან დახევის ბრძანება, რადგან მძიმე ტექნიკის გარეშე ეს ფაქტიურად განწირული ალყა იქნებოდა.

აქედან გამოსულები სწორედ ამ დასახლების გასაწმენდად გაგვიშვეს. აქ სამი-ოთხი დღე მიმდინარეობდ მძიმე ბრძოლები. პირდაპირ კორპუსებში ისხდნენ აფხაზები და ისეთი ახლო მანძილი იყო ჩვენს შორის, რომ იტყვიან, სროლით მოწინააღმდეგეს სადარბაზო-სადარბაზო დავდევდით.

რამდენიმე მეტრში მტერი ცხვირწინ გვედგა. მეოთხე დღეს აქ მიმდინარე შეტაკებში დაგვეღუპა ჩვენი საყვარელი მეგობარი, მოცეკვავე ულამაზესი ვაჟკაცი, მერაბ მაისურაძე.
ჩვენთან ერთად იყვნენ გვარდიის ბატალიონ „გორდას“ მებრძოლები და რამდენიმე ადგილობრივი კაცი. შეტევებს ძლივს ვაკავებდით. მერაბიმ გადაწყვიტა უკანა მხრიდან შემოევლო საბავშვო ბაღის შენობისათვის და იქიდან უნდოდა ცეცხლის გახსნა და, საუბედუოდ, არ დაცალდა – გადარბენისას ნაღმმტყორცნი ესროლეს და მოხვდა ყელის არტერიაში ჭურვის ნამსხვრევი და დაიღუპა.
ომი მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესენთან და განცდებთან ერის დაკავშირებული. რამდენიმე ბიჭმა ვერც კი გადაიტანა ეს სისასტიკე, დაძაბულობა და სიკვდილის თარეში.
მახსოვს სოხუმში მაყავდა მებრძოლი სოსო ხუნდაძე, პირველად სწორედ ამ ბრძოლაში შემოგვერთდა. ვაფრთხილბდი, რომ მისთვის გამოუცდელობის გამო სარიკო იყო იქ ყოფნა.
ვუხსნიდი- „შენ აქ ყოფნა ადვილი არ გეგონოს, შენ მეგობარი არ მოგვკვდომია გვერდით, არც იცი. გაგიჭირდება, ძნელია ამის გადატანა და დაბრუნდი მეთქი“. არაფრით არ მიჯერებდა და კიდევაც აუხდა. სწორედ იმ დღეს მის გვერდში მერაბი მოკლეს… მწუხარებისაგან იმდენად მძიმე აფექტში ჩავარდა, რომ კონტროლს ვეღარ უწევდა და გადარეული გაიქცა პირდაპირ მოწინააღმდეგის თვალწინ ტრასაზე… დაიწყო უაზრო ქმედებები და განურჩეველი სროლა. რა უნდა მექნა? ვირბინე ას მეტრამდე. როგორც იქნა დავეწიე, დავახტი ზედ გაქანებული ამ გაცხარებულ კაცს და რა ძალაც მქონდა შევბოჭე, გასაქანი არ მივეცი და გამოვათრიე იქიდან.

ჩვენი ბიჭები გავაგზავნე ხიდის დასაცავად. ჩვენ გვყავდა შესანიშნავი მეომარი ბიჭი ზურა გაგუა და პოზიციაზე ფეხში დაჭრილი მარტო წამოსულა ჩვენსკენ და გზაში შეხვედრია თორნიკე ბერიშვილის ბიჭები. სიბნელეში გზა არევიათ და რომელიღაც სახლში ჩასაფრებული მტერი დახვედრიათ და უცაბედად ატეხილი სროლის შემდეგ ჯგუფი გაფანტულა. საუბედუროდ, ზურა დაკარგულა.
იმ ღამეს ჩამომიტანეს ეს ამბავი. ბატონ ჯაბას ვუთხარი, რომ საჭირო იყო ზურას მოსაძებნად წასვლა. თორნიკე და მისი ბიჭები წამყვნენ, ჩემი ჯგუფიდან ლევან ილინი, მაგრამ ადგილზე სოხუმის „მაიმუნთსაშენში“ უკვე აფხაზები დაგვიხვდნენ და ბრძოლაც მივიღეთ. რადიოანძასთან. გვესროდნენ „მინამოიტებს“ და საშინელ ცეცხლში მოვყევით. ფიცხელი ბრძლა ატყდა და, სამწუხაროდ იმ ადგილზე ვეღარ მივაღწიეთ, სადაც ზურა გვეგულებოდა.

ჩვენ კიდევ ხუთი დღე ვიბრძოდით იქ იმ ადგილზე და არაფრით არ ვანებენდით პოზიციას. შემდეგ ბორჯომის მხედრიონმა შეგვცვალა.
ჩვენ, სამწუხაროდ, სოხუმს კარგად არ ვიცნობდით და როდესაც ჩვენს გადასაყვანად მოვიდა ცხონებული გენო ადამია, სასაფლაოებთან შევნიშნეთ უკვე მტერი იდგა. ამის შესახებ მას ვუთხარით და თავის თავში იყო დარწმუნებული, რომ იქ იდგნენ ჩვენი მეომრები. და დავიძარით. ბატონი გენო წინ გაგვიძღვა და ასევე ოცდაათ კაცამდე შემოგვერთდნენ  „გორდას“ მებრძოლებიც. გენო დამიას თან ორი თანამერძოლი ახლდა და, სამწუხაროდ, ჩვენი ვარაუდი გამართლდა და მოწინააღმდეგემ მისი ორივე მეგობარი მოცელა. ჩვენ ჩავწექით. ატყდა ურთიერთსროლა. რა უნდა გვქნა. გენო გამოყვა თავის დაჭრილებს სოხუმში. ველოდით დაპირებულ ტანკს, მაგრამ ამაოდ, იმიტომ, რომ მძიმე ტექნიკა სოხუმში ფაქტიურად არ არსებობდა და ეს კი ნამდვილად იმ ვაი სამშვიდობო ხელშეკრულებების ბრალი იყო, რომელმაც ფაქტიურად სოხუმი განაიარაღა.

როდესაც სოხუმში მაშველი არაფრით არ შემოვიდა. ჩვენი ბიჭების რაოდენობაც არ ყოფნიდა იმხელა ტერიტორიას და ფაქტიურად მარტო შევრჩით მტერს, ხალხი და „გვარდია“ პანიკურად ტოვებდა ქალაქს და გადავწყვიტეთ გზა გადაგვეკეტა მათ შესაჩერებლად, რათა იქნებ ერთიანი ძალით ქალაქი დაგვეცვა. მეტი გამოსავალი რომ არ გვქონდა, „ბე-ემ-პე“ და ორი ტანკი მათ საჩვენებლად აქეთ-იქით წაღმა-უკუღმა დაგვყავდა, ვითომდა კოდორზე გადმოვიდნენ ჩვენი მაშველი ძალები და თან ვითომ ვზეიმობდით ხალხის გასამხნევებლად – „აი, შემოვიდნენ, შემოვიდნენ ჩვენები, ჩვენ გავიმარჯვებთ!“, მაგრამ სინამდვილეში არავინაც არ აპირებდა ჩვენს საშველად მოსვლას. ვიდექით ჩვენ და სოხუმელები. ამ ღალატზე ჯერჯერობით არავინ არ აგო პასუხი. რა თქმა უნდა მოსთხოვო ლოთი ქობალიას ხალხს, რომლებიც შეგნებულად კეტავდნენ გზას და არავის უშვებდნენ, როცა სახელმწიფო ჯარი არ მოგვეშველა, ეს იყო ქართული სახელმწიფოებრიობის ამაზრზენი ღალატი.
დე ეს იმ საშინელი სანახაობის ფონზე, რომელიც ყველაზე მეტად დამრჩა გულში, როდესაც ჩვენი ქართველი უმწეო და დაუცველი მოქალაქეები სოხუმელები წივილ-კივილით გამორბოდნენ საკუთარი სახლებიდან, მხოლოდ ბავშვების ამარა და როგორ ცდილობდნენ როგორმე გემებზე ასვლას და იმ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევას. სიცოცლის გადარჩენის ტოლფასი იყო მათთვის გემზე მოხვედრა. იყო ერთი ტირილი, ყვირილი, გნიასი.

მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა ფუნიკულიორის სიმაღლეზეც, რომელიც რამდენიმეგზის იქნა დატოვებული და აღებული. მტრის განდევნის შემდეგ დააყენეს ქუთაისის პოლიცია და შეცვლაზე, რომ მიდიოდნენ, თურმე აფხაზებმა ქართულად ლაპარაკით შეიტყუეს და სამ კაცს ყელი გამოჭრეს, დანარჩენები გამოვიდნენ და დაიკარგა ფუნიკულიორი. ამის შემდეგ ჩვენ გაგვაგზავნეს იქ და ვიდექით პლატოზე, სადაც საზოგადო მოღვაწეთა პანთეონია. არ გვძინებია სამი დღე და ღამე. მტერს საკუთარი სიცოცხლის ფასად ყველა შესაძლო ხერხით ვიგერიებდით.
მეოთხე დღეს ამოვიდა გიგა გელაშვილი, უშიშროების მაშინდელი უფროსი ირაკლი ბათიაშვილი და მოგვცეს ბრძანება, რომ სიმაღლე უნდა გაგვეწმინდა აფხაზებისაგან. იქ იყვნენ სოხუმელებიც და ქუთაისის სამხედრო პილიციელებიც. მარცხენა მხრიდან უნდა შეეტიათ „ავღანელებს“. ოპერაციას მე ვხელმძღვანელობდი.
რამდენიმე ხანი არტილერია ბომბავდა სიმაღლეს, მაგრამ როგორც ვაკვირდებდი ჭურვები სულ სხვაგან ხვდებოდა. ამის შემდეგ ჩვენი ჯერი დადგა და წამოვდექით და ყვირილ-ყვირილით შეევვარდით ტყეში.

იმისთანა ომი ატყდა, რომ ამის გახსენებაც კი ძნელია ადამიანისათვის.
იმ შეტევის დროს დაიღუპა ორი კაცი. ერთ-ერთი მათგანი სერგო გერასიმენკო იყო. თბილისელი ვაჟკაცი, რომელსაც მრავალი ბრძოლა ჰქონდა გადატანილი. ის იყო ჩვენი კავშირგაბმულობის უფროსი. სერგოს შეტევისას ტყვიამფრქვევი ნემსა გაუტყდა და ამ დროსვე მიიღო “გრანატამოიტის“ აფეთქებისგან კონტუზია. და ამის მიუხედავად არ დაუხევია უკან, გადაიხვია თავი და კვლავ შეტევაზე წავიდა და ამჯერად უკვე შუბლში მოხვდა მტრის ტყვია. ასე დაიღუპა სერგო, ნათელში იყოს.

ამ გაგანია სროლაში, ხმაურში და ყვირილში მოხდა ისე, რომ თურმე მე ძალიან წინ მომიწია წასვლა და უკან არ ვიხედებოდი. რუსებივით ვღრიალებდი შეძახილს: „Пулеметчики на права, Гранатаметчики на лева, вперед!“ და თურმე ძალიან მოვწყდი ძირითად მასას და ძალიან მაღლა ავსულვარ. სადღაც 20-30 მეტრი იყო დარჩენილი სიმაღლის ბოლომდე, როცა მოხდა გაუგებრობა – „ავღანელებს“ ყავდათ თან სანიტარი გოგო და ზევით როცა ქალს მოვკარი თვალი და იმასთან გავაიგივე. წამებში გადავირბინე ხესთან ჩავწექი და ვიღც რუსის ქალის ყვირილიც გავიგონე – „აქაც არიანო!“ და დიდი აფეთქების ხმა გავიგონე და ფეხში დამჭრეს. გავიხედ-გამოვიხედე და კაცი შვილი არ მყავდა გვერდში.

ვიგრძენი ძალა მტოვებდა და სისხლისაგან ვიცლებოდი. აგონია დამეწყო, „ლიმონკის“ რგოლი ჩავიდე პირში, ავტომატი გადავიკიდე, ხელში „მაკაროვი მეჭირა“ და ვფიქრობდი მხოლოდ ერთს, რომ თუ დამადგებოდნენ თავზე ნამდვილად გავხსნიდი და თავს ავიფექებდი, სხვა ვარიანტი არ იყო. ეს მქონდა ჩაფიქრებული.

ნელ-ნელა მოვცოცავდი უკან და მერე მიპოვეს ბორჯომის მხედრიონელებმა და გამომათრიეს. დავინახე ბევრი ბიჭი იყო დაჭრილი. მათ შორის ნუკრი პაპუაშვილიც და სხვებიც.
არავის დადანაშაულება არ მინდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვიცი ასე რატომ მოხდა, მაგრამ „ავღანელებმა“ არ დამიჯერეს და პანთეონის ღია პლატოზე გავიდნენ და ხუთი კაცი იქვე მოუკლიათ სნაიპერებს. ასეთი არეულობა იყო. შემდეგ შეტევის დროს „ავღანელების“ მარცხენა მხარეს განხორციელებული შეტევა კარგად არ განვითარდა და მოისუსტა. „მხედრიონი“ ავიდა ფუნიკოლიორზე უფრო სწრაფად და მტერი მარცხენა ფლანგზე არ იყო დაკავებული და გვიშენდნენ ასეთ გამალებულ ცეცხლს.

დღეს რომ ვფიქრობ ყველაფერი შეიძლება კარგად დამთავრებულიყო, რომ არა ასეთი ნაუანსები. ჩვენ ისეთი საბრძოლო ენთუზიაზმით წავედით შეტევაზე, რომ სქამე უნდა გაკეთებულიყო.
ჩამომოყვანეს დაბლა. გიორგი რურუამ აღმომიჩინა პირველადი დახმარება და იმისთანა აგონია მქონდა, რომ დიდი ხანი ვერაფრით ვერ გამომიღეს პირიდან „ლომონკის“ რგოლი.
25 სექტემბერს ფაქტიურად მტერი შემოსული იყო ქალაქში. აღარც თვითმფრინავები ჯდებოდა, აღარც გემები შემოდიოდა.
დაღუპულებს პირდაპირ საავადმყოფოსთან  კრძალავდნენ…

რაც შეეხება „გლდანის საძმოს“ ბრძოლას, მე ვიტყოდი რომ სადაც ვიყავით ჩვენ ერთმანეთისთვის და საქმისთის არ გვიღალატია… ალალად ვიომეთ და ჩამოვედით… ჩვენი თავი არაფრით არ დაგვიზოგია და არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჩვენმა საძმომ არ შეასრულა პირნათლად დასახული დავალება. შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებდით.
ერთგვარად სევდით ვამაყობთ, რომ არც ერთი დაღუპული ძმა უპატრონოდ არ დაგვიმარხავს უხცო მხარეში, ყველა ჩემი მეგობარი ჩამოვასვენეთ ოჯახებში და თავისი სახლიდან გაპატიოსნებულები გავიყვანეთ და მივაბარეთ ქართულ მიწას – ჩვენ კაცი არ დაგვიტოვებია სხვაგან არც დაჭრილი, არც დაღუპული…

ოთხმოცდაათი პროცენტი ომის მოგებისა მთავრობას ჩვენგან გარანტირებული ჰქონდა და იმ ათმა პროცენტმა გადაწონა, რომელიც ვერ შეასრულა სახელმწიფომ. თავად ბრძოლები მეომრების გამარჯვებით მთავრდებოდა. აღებულ სიმაღლეებს ვამაგრებდით და ერთ კვირაში უკან გამოვყავდით.

ჩვენ ვართ უბრალოდ სამშობლოს ერთგული „კაი ყმები“, ტრადიციული ქართული ლაშქრიდან, სიმღერით შევდიოდით ბრძოლაში და ჩვენი სახელი მტერმაც და მოყვარემაც კარგად იცოდა…

Next Post

როგორ და რატომ ესხმიან თავს თაღლითები სასტუმროებს? - „კასპერსკის ლაბორატორია“ განმარტავს

სამ ივნ 18 , 2024
394 წაკითხვა საკურორტო სეზონის დასაწყისში „კასპერსკის ლაბორატორია“ მოგვითხრობს, თუ რა თავდასხმებს უნდა გაუფრთხილდნენ თანამშრომლები და სასტუმროს მფლობელები. თაღლითები ცდილობენ მოიპარონ ანგარიშის მონაცემები ან დააინფიცირონ კომპიუტერები მავნე პროგრამული უზრუნველყოფით, ელექტრონული ფოსტით  ყოფილი ან პოტენციური სტუმრების ყველაზე ტიპიური მოთხოვნების ან საჩივრების იმიტაციით. ანგარიშის მოპარული მონაცემები შემდგომში შეიძლება გამოიყენონა თაღლითურ სქემებში ან მიჰყიდონ სხვა კრიმინალებს – ასეთი ლოგინები და პაროლები მოთხოვნადია დარკნეტში.  ფიშინგური […]

შესაძლოა მოგეწონოთ