„თეთრ ზეწრებში გახვეულ ცხედრებს რომ გადავხედე, სიზმარში თეთრ ნათებაში მიმავალი მეომრები გამახსენდნენ“ – მამუკა ხაჭაპურიძე

4,849 წაკითხვა

ლალი ცერაძე : ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“ ამჯერად შემოგთავაზებთ „სადესანტე-მოიერიშე ბატალიონის“ მებრძოლის მამუკა ხაჭაპურიძის ტყვეობაში სასწაულებრივად გადარჩენის ისტორიას. სწორედ ასეთი  ვაჟკაცი ქართველი მეომრების შეუპოვრობაზე იდგა ოდითგანვე საქართველო. მამუკას თანამებრძოლები სიყვარულით „პე-კას“ ეძახიან. იგი ჩვეულებრივი თბილისელი კაცია ქარიზმით და იუმორით სავსე. თუმცა ამ ღიმილის უკან დაუფასებლობის და მეგობრების დაკარგვის  დიდი განცდა დგას.

მე, მამუკა ხაჭაპურიძე, თბილისელი ბიჭი ვარ. დავიბადე ჩაჩავას სამშობიაროში. გავიზარდე პლეხანოვზე. ოცდაშვიდი წლის ვიყავი და უცებ რაღაცნაირად აირია ქვეყანა. მეც მივიღე უწყება-გამოძახება და მივხვდი, რომ სამხედრო შეკრებაზე მიწვევდნენ. კომისარიატის ეზოში დაახლოებით სამოცდაათ კაცამდე შევიკრიბეთ. ახალქალაქისკენ დავიძარით ბანაკში დასაკომპლექტებლად და როდესაც ბორჯომში შესვენებაზე გავჩერდით აღმოჩნდა, რომ დარჩენილები სულ ორმოც კაცამდე ვიყავით. დანარჩენები რომ იტყვიან გზიდან გაიპარნენ, უბრალოდ გაიქცნენ და რაღაცნაირად ეს ამბავი არ მესიამოვნა, შემრცხვა მათ ნაცვლად.

1992 წლის 16 აგვისტო იყო. ახალქალაქში იყო ჩვენი სამხედრო ბაზა და აქ ორი დღე დავრჩით. უცებ აღმოჩნდა ისიც, რომ აფხაზეთში შევიდნენ ჩვენი საჯარისო ნაწილები და უკვე დასავლეთისკენ  გვაგზავნიდნენ. სამხედრო ინვენტარი და საბრძოლო აღჭურვილობა თითქმის არ იყო. რაღაც  დანგრეულ-დაგლეჯილი ტექნიკა მოგვცეს კიდეც. ვიგრძენი საქმე ცუდად იყო. ჩვენი მეომარი ვალიკო მაისურაძე ძალიან ხელმარჯვე ოსტატი აღმოჩნდა. „პერო“ ერქვა ზედმეტი სახელი. თავისი ხელით გადააწყო „ბე-ემ-პე“, მანქანა როგორღაც აწიეს და ჭრიალით დადეს ეშელონზე. რაღაც ეჭვის თვალით გავხედე. და ამგვარი „მომზადებულები“ დავიძარით ფოთისკენ. ერთი  ადგილობრივი მოხუცი კაცი მეკითხებოდა დაფიქრებული სახით: „ შვილო, არ გეშინია რომ მიდიხარო?“, ვუპასუხე „ძია, როგორ არ მეშინია, მარა უნდა წავიდე მეთქი“.

მახსოვს სამეგრელოში აბაშადან ფოთამდე ხალხი გამორბოდა, ყვირილით და ლანძღვით ქვებს გვიშენდნენ. ეტყობა ჩვენი ექსპრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრე მოსახლეობიდან იყნენ და ჩვენ რას გვერჩოდნენ ახლაც ვერ გამიგია. ერთ ბიჭს ქვა თავშიც კი მოხვდა და გამწარებულმა გაგულისებულზე  კინაღამ ტყვიები დაუშინა. ძლივს შეაჩერეს.

მეომრები ორ გემზე ავედით და  გაგვიშვეს გაგრის მიმართულებით. გზაში  დაგვეწია ბრძანება დავბრუნებულიყავით სოხუმში. ის იყო მიწაზე ფეხი დავდგით, რომ  პირდაპირ ვაგონებიდან ჩამოსულებს გვიბრძანეს პორტის აკვატორიის გაკონტროლება და თან ველოდებოდით ბარჟას, რომელსაც უნდა ჩამოეტანა ჩვენთვის მძიმე ტექნიკა. 

მახსოვს ერთი ძალიან პატარა ქურთის ბიჭი იყო ბარჟაზე მუშაობდა მტვირთავად. საიათა ერქვა. უცნაურად თეთრი იყო. ვკითხე: „რამ გაგათეთრა ასე მეთქი?“ ბიჭები პაპანაქებას გაურბოდნენ და  თურმე რომ არ დაკარგულიყვნენ თოკგამობმული ზღვაში ხტებოდნენ გასაგრილებლად. ეს ჩვენი საიათა უთოკოდ არ გადამხტარა საწყალი და მხოლოდ წყალში მიმხვდარა, რომ ბარჟა სრული სვლით მიდიოდა, თავად კი დინებას მიქონდა და იკარგებოდა. ყვირილით შველას ითხოვდა. რა უნდა ექნათ, ამხელა გემს ხომ არ გააჩერებდნენ?  ერთ მეომარს შემოუბია თოკი და საშველად გადამხტარა. ჩაბღაუჭებია საიათა ფეხზე და კიდე კარგი მსუბუქი წონის იყო და როგორღაც ამოუთრევიათ. მარილიანი წყლით სულ გადათეთრებულა. ქურთის ბიჭი იფიცებოდა და თან იცინოდა – „ისე შემეშინდა, რომ მე ზღვაში ცხოვრებაში არ შევალო“. ამ მხიარულებაში და ქილიკში ვიყავით და გვიბრძანეს უკუნეთ ღამეში სიბნელეში და „ბე-ემ-პეებით“ შევედით   სოფელ აჩადარაში. 19 აგვისტო იყო. ამ სოფელში ერთი თვე დავრჩით. ჩვენ  გია თორაძეს ვებარეთ.

და უკვე ისე მივეჩვიეთ საომარ ვითარებას რომ, როცა „სამხედრო ზბორების“ ვადა გაგვივიდა გადავწყვიტეთ უკვე მოხალისეებად წავსულიყავით ომში. ცხონებულ ზურა ბენდელიანთან ერთად უკან დავბრუნდი და ჩვენდა გასაკვირად არც ერთმა ბატალიონმა არ მიგვიღო და ის იყო დაღონებულები უკან უნდა წამოვსულიყავით, რომ სოხუმის აეროპორტში შეგვხვდნენ „თეთრი არწივის“ მეომრები და დახმარება ვთხოვეთ. მათ გულთან მიიტანეს ჩვენი თხოვნა  და წავყევით ფოთში. შემდეგ უკვე თბილისის ზღვაზე შტაბში დაგვიბარეს და სიაში ჩაგვწერეს  კიდევაც.  თავიდან მსროლელად ჩამრიცხეს, შემდეგ მეტყვამრფქვევედ გადამიყვანეს და ბიჭებმა ამის გამო შემარქვეს მეტსახელად „პე-კა“.

ჩემი პირველი ნათლობა მოხდა სოხუმში გუმისთაზე. სამშვიდობოები ჩაგვიყენეს რუსები და ორას რუბლად გადავდიოდით  მეორე მხარეს. ღამე ჩუმად ჩავაგორეთ „ბე-ემ-პე“ ისე რომ არ დაგვიქოქია. ხიდზე გადავედით და ავტეხეთ  სროლა მოწინააღმდეგე ჩავხოცეთ. თურმე მოწინააღმდეგის მხარეს  ორი პატარა ბიჭიც გადაპარულა და ერთ-ერთი სნაიპერს დაუჭრია. ახლა ამ ბიჭების საშველად შევტრიალდით „ემ-ტე-ელ-ბეთი“, მივაყარეთ და ბიჭები როგორც იქნა გამოვიყვანეთ. ეს იყო ჩემი პირველი საბრძოლო ნათლობა.

გუმისთაზე ვიყავით ისევ და მოულოდნელად გამოუცდელობით ტანკმა არასწორად გაიარა, ლულით მიწაში თხრილი გათხარა და  შემთხვევით გაისროლა. ლულა სულ გადაიფუთქა და დაიშალა. ვინც ტანკში იჯდა კონტუზირებული იყო, დახეთქილი ყურებიდან სისხლი ჩამოსდიოდათ. ახლა ამათ გამოსაყვნად დავიძარით. ბალახი იყო მუხლებამდე. დგეხარ ჩანხარ, წევხარ ვერაფერს ვერ ხედავ. ვცდილობდი ისეთი პოზა მიმეღო, რომ სულ დავპატარავებულიყავი ისე ვისროდი. როცა უკან დავბრუნდით, ვცადე ბალახებში სიარულის პოზა მიმეღო და არაფრით არ გამომივიდა. ბიჭებს ვეხუმრებოდი – „რა ყოფილა ეს შიში, როგორ დამაპატარავა მეთქი“.

„თეთრ არწივთან“ ერთად სოხუმის გარშემო ყველა სოფელში ვიყავი საბრძოლველად.

სოხუმში ჩვენი საცხოვრებელი იყო აგუძერაში. ყოფილ  პიონერთა ბანაკში N417 ოთახში.

სადაც გაჭირდებოდა მისაშველებლად სწორედ იქ სწრაფად გადავდიოდით  შეტევაზე. მახსოვს, როდესაც სოფელი კინდღი ავიღეთ ერთი სახლიდან ჩასაფრებული მტერი გვიშენდა ცეცხლს. არაფრით არ გაჩერდნენ. ვხედავთ 200 მეტრში შემოდის ჩვენი ტანკი და უმიზნებს სახლს. მე კიდე გამოუცდელობით აფარებულ ხელებს მაშინ ჩამოვწევდი ხოლმე, როდესაც ტანკი გაისროდა, კინაღამ დავყრუვდი. იმ სახლს ტანკმა ვერაფრით ვერ მოარტყა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მიზანი ქონდა გაფუჭებული. აბა ჩვენ ქართველებს, რუსები რას მოგვცემდნენ კარგს. ღამით ჩაის პლანტაციაში უნდა დავრჩენილიყავით. უკვე სიცივეები იყო და სადღაც  თივის ზვინი ვიპოვნე  და ამ თივაში გვეძინა. ბიჭები მეხუმრებოდნენ – „სახლი უკვე გაქვს და  როცა მოგშივდება თივა ჭამეო“. რა უნდა გვექნა? ტრიალ ადგილას ვიყავით. ხუმრობით თავს ვიმაგრებდით და შიშს, სიცივეს და შიმშილს როგორღაც ვამარცხებდით

 1992 წლის 26 დეკემბერი დადგა და წავედით სოფელ ატარა-არმიანსკოეს გასათავისუფლებლად. სროლა-სროლით როგორც იქნა ავიღეთ ეს სოფელი.

მძიმე ტყვია-წამლის ყუთებს მივეზიდებოდით და ჩემი მეგობარი მალხაზ ტორონჯაძე ეხმარებოდა ერთ მეომარს, სახელად „პონჩიკას“ ვეძახდით. უცბად გულმა რაღაც რეჩხი  მიყო და მალხაზის დავუძახე – „ბიჭო, წინ არ წახვიდე მეთქი“. სიჩუმეში ბუჩქებიდან სროლის ხმა გაისმა და მალხაზი მოცელილი გადავარდა. მისი მკვლელი იქვე მივასაღე, მაგრამ მალხაზის რაღა ეშველებოდა, სისხლისაგან დაიცალა. ასე დაიღუპა ჩემი მეგობარი. მშვენიერი ვაჟკაცი იყო. ღმერთმა აცხონოს.

უკვე ახალი წელი მოდიოდა. გადავედით სოფელ თოუმიშში. ოჩამჩირიდან 25 კილომეტრია მაღლა, ტამიშიდან 13 კილომეტრი თუ იქნება.  დავბინავდით მიტოვებულ სახლებში. საკვები არანაირი არ გვქონდა. წყალიც კი არ იყო რომ სული მოგეთქვა. ერთადერთი ჭა ვნახეთ და იმაშიც გასიებული მკვდარი ძაღლი ტივტივებდა.

1992 წლის 30 დეკემბერი ახლოვდებოდა და მეტრზე მეტი თოვლი დადო. გადათეთრდა იქაურობა. ძალიან აცივდა. რაღაც უნდა მომეხერხებინა. ვიბოდიალე და ერთ სახლში რაღაც უზარმაზარი თუჯის ჩაიდანი ვიპოვნე. გავრეცხე, გავალამაზე და თოვლი დავადნე. უკვე დასალევი წყალი გაჩნდა. შემდგომში ამ ჩაიდანს სადაც წავიდოდი თან დავატარებდი. საჭირო ნივთი იყო. სულ სველები და გალუმპულები ვიყავით, როგორღაც ტანსაცმელი უნდა გაგვეშრო. ჩექმები და  წინდები გავიხადე ფეხშიშველა დავრჩი. ბუხარი ვიპოვეთ და უცოდინარობით იმდენად ბევრი შეშა შევუკეთეთ, რომ ცეცხლის ალი აცდა ბუხრის თავს და წაეკიდა ძველ საკვამურს,  შორიდან კარგად მოჩანდა ალისფერი გიზგიზი. მოწინაღმდეგის ყურადღება რომ არ მიგვეპყრო, ცეცხლი უნდა გაგვენელებინა. მამუკა ხიბლაშვილი („აბეზიანას“ ვეძახდით) სახურავზე აძვრა და საკვამურში თოვლის ჩაყრა დაიწყო. ცუდ სიტუაციაში ჩავვარდით.  აფხაზებმა სროლა ორიენტაციით ამ ალის მიხედვით დაიწყეს. ფიცრის სახლს ცეცხლი რომ წაკიდებოდა, „ტრასირის“ ტყვიებს გვესროდნენ.  სულ თოთხმეტი მეომარი ვიყავით. გაჩაღდა ბრძოლა. ტყვია ტყვიაზე მოდიოდა.

და უცებ მოულოდნელად  ჩვენგან ძალიან ახლოს მათი ლანდებიც გამოჩდნენ. ჩვენ „აკაემებს“ ვესროდით. ავტომატის მჭიდი იმ წამსვე დამეცალა. ფეხშიშველა მთლად სველი, შევვარდი უკან სახლში და ხელი ვტაცე ჩემი „პეკას“ ტყვიამფრქვევს. ტყვიები გადაბმული აწყობილი მელაგა „დიპლომატში“. სახლის საძირკველთან ჩავწექით. მაგრამ ტყვიამფრქვევს დაწოლილი ვერ ისვრი. წამოვდექი  და მივუშვი და მივუშვი ტყვიის ჯერი. ტყვიამფრქვევი მიჭედავდა, სიმძიმეს ვერ უძლებდა. მამუკა ხიბლაშვილი გამწარებული მიყვროდა – „დაწექი, ბიჭო, დაწექიო!“  მე კიდე ვერ ვწვებოდი და ვერ ვაჩერებდი „პე-კას“ ჯერს. სიტუაცია დაიძაბა. იქვე იყვნენ ჩვენი ექიმი ქირურგი თამაზ შეროზია და თვრამეტი წლის ულამაზესი ბიჭი გია მიროტაძე. საექიმოზე სწავლობდა. მოყვნენ ამ სროლებში. შეროზია უფრთხილდებოდა გიას და უყვიროდა სახლს ამოეფარეო, მაგრამ ის მაინც არ გაჩერდა წამოდგა, სროლა დაიწყო და, საუბედუროდ, ღვიძლში მოარტყეს ტყვია.

რადგან, ვერაფრით ვერ გაგვაჩერეს, აფხაზებმა უკვე გრანატამიოტისერ-პე-გე შვიდის“ ჭურვი გამოისროლეს. ყუმბარა დაეცა,  აწრიალდა და  ტრიალი დაიწყო. ჩვენდა ბედად, რატომღაც არ აფეთქდა.

წინა დღეს ისეთი მშიერი ვიყავი, ტყეში რაღაც კეკნრა ვჭამე და რომ იტყვიან „მივასკდი“. ამ შუა ბრძოლაში, სიკვდილ-სიცოცხლე რომ წყდება, ვიგრძენი მუცელი საშინლად ამტკივდა. ვგრძნობ ძალიან ცუდად გავხდი, მაკანკალებს,  რაღაც მოწამლული ვარ და შევვარდი იქვე რაღაც საქათმე იყო. არაფერი აღარ მახსოვდა – არც ბრძოლა, არც ომი, არც მტერი. ჯგუფში გვყავდა ერთი ორმეტრიანი ბიჭი  მალხაზ კაპანაძე. მოფერებით „მალიშას“ ვეძახდით. სროლის დროს გრანატამიოტის მილი ქონია უკან საქათმისკენ მოტრიალებული და როცა გაისროლა საქათმე სადღაც გაფრინდა, გადავარდა  და გადაქანდა წნევით. მე ჩახდილი გამოვვარდი ყვირილით – „რას შვრები, შე კაცო, მკლავ და მღუპავ მეთქი?“ რას იზავ,  ასეთებიც ხდებოდა. იმდენად სასაცილო იყო, რომ ამ ტყვების წუილში აგვიტყდა  ხარხარი.

თოთხმეტ კაცს ოცდაათი კაცი დაგვესხა თავს. მოვიგერიეთ. სამი კაცი მოვუკალით. ჩვენ საუბედუროდ, გია მიროტაძე დაგვეღუპა.

ახალი წელიც დადგა. საათს დავხედე თორმეტი სრულდებოდა. ახალ წელს შევხვდით მშივრები, ნაბრძოლები, სველები და საშინლად გადაღლილები. გარშემო მხოლოდ თეთრი სისხლით დანამული თოვლი იდო და  ალაგ-ალაგ ცეცხლი ეკიდა  და კვამლის, დენთის სუნი ტრიალებდა.

ჩვენ იმ 1993 წლის 1 იანვარს არ გაგვისვრია არც ერთი ტყვია. არ ვიკადრეთ. ამ დროს როგორც გვითხრეს თბილისის ვაი პატრიოტებმა ტრასირის ტყვიებით ღამით ცა გადააწითლეს. იმდენი ტყვია იქ აფხაზეთში, რომ გავარდნილიყო რაც დედაქალაქში ჰაერში გაუშვეს, ალბათ ტუაფსემდე ჩავიდოდით. აი, ეს არის ჩვენი უდარდელობა და გმირობა ერთად არეული.

ბრძანება მივიღეს თოუმიშიდან გამოსვლაზე, მაგრამ არ დავერმორჩილეთ. იმდენად მძიმე ბრძოლა მივიღეთ და ნაწვალები ვიყავით, სანამ სხვა ცვლა არ მოვიდა ფეხი არ მოგვიცვლია.

იანვარში ტყვია-წამლის შესავსებად ჩამოვედით თბილისში. თბილისის ზღვაზე მივედით ცინკები უნდა წაგეღო. ისეთი ქაოსი იყო ვერ გაიგებდი ვის რა უნდოდა და ვინ რას აკეთებდა. ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი მაშინ იყო ჯონი ტოკმაევი. სოხუმის აეროპორტიდან ფრონტის ხაზამდე ჩასვლა იყო უსერიოზულესი პრობლემა. როცა ჩვენ საათობით ვიდექით თვითმფრინავის მოლოდინში კომერციული რეისები ფრენა-ფრენით აკეთებდნენ ფულს. არადა  ბიჭები გველოდებოდნენ. 

ეს ძალიან უცნაური მდგომარეობა იყო, რადგან ქვეყანა ვერაფრით ვერ გადაეწყო ომის, სამამულო ომის ყაიდაზე. ჩვენ ვკარგავდით საქართველოს ძირძველ კუთხეს აფხაზეთის წმინდა მიწას. განწყობა ქონდა  ზოგს თავის შემწირველი, ზოგს ფულის საკეთებელი. აეროპორტის დირექტორმა გადაყვანაზე უარი გვითხრა – „რეისი არ არისო,  ხალხი ადის ტრაპზე მოსკოვში მიფრინავსო“.

გადავირიეთ. ვერაფერი შეგვაჩერებდა. მე და დავით ტერაშვილი („9 ბე“) შევედით სალონში ტყვიამფრქვევგადაკიდებულები. ისეთი გაცოფებული სახე მქონდა ვფიქრობ, კარგი შესახედავი ნამდვილად არ ვიქნებოდი. მივმართე: „მოქალაქე მგზავრებო! საით მიფრინავთ? – მოსკოვშიო ?! რეისი გადაიდო მივფრინავთ სოხუმში!“ მათ შეშინებულებმა  ერთბაშად, სწრაფად დატოვეს თვითმფინავის სალონი.  გამოგვივარდა ეკიპაჟის პილოტი – „რაებს შვრებითო?! რა სოხუმიო, მე არ გავფრინდებიო“  და ახლა დათომ იმარჯვა და მიაპანღურა. კომერციული რეისი დავითრიეთ და დავტვირთეთ ტყვია – წამალი და ასე ხულიგნურად და ძალადობით თვითმფრინავი ჰაერში აიწია. გვიხაროდა ბიჭებთან მივფრინავდით.

მეორედაც ბაბუშერის  აეროპორტი დათოვლილი იყო „ვერაფრით“ ვერ გაწმინდეს პალასა. თვითმფრინავები ვერ ჯდებოდნენ.  დირექტორმა უარი გვითხრა – „ტექნიკა არ მაქვსო“. ამ დროს იქ ვიპოვეთ გრეიდერებიც და ტრაქტორიც. ახლა ხელები გაასავსავა: „ხალხი არ მყავსო“. როგორც იქნა ადგილობრივები ვიპოვეთ. ცალ მხარეს ბილიკი გავაწმენდინეთ. რა უნდა გვექნა, ავტომატით ვედექით თავზე.  სადისპეჩერო მაინც არ გადასცემდა ბრძანებას დაჯდომაზე. მივიდა დათო ტერაშვილი და მიკროფონით დაემუქრა – „გაეცით ბრძანება დაშვებაზეო“. როგორც იქნა თვითმფრინავი დაჯდა და გაჩერდა. უკვე იმდენი მგზავრი მიესია, რომ თვითმფრინავში ჩვენ ვეღარ ავდიოდით. იყო ერთი ჯაჯგური.  სალონი უზომოდ გადაიჭედა. ხალხი ფეხზე ჩაჭედილი იდგა. თვითმფრინავი ვაი-ვაგლახით აფრინდა. იმხელა „პერევესი“ იყო, რომ დაშვებისას კინაღამ კუდი მოტყდა. უფალმა გვიშველა,  გადავრჩით. აი, ასე გვიჭირდა საბრძოლო მომარაგება.

სოფელ ატარა-არმიანსკოეში  ერთი თვე ვამაგრებდით პოზიციებს. ტყეში ოცდაათ კაცამდე ვიყავით. კარავში ვცხოვრობდით და ერთი საწყალი „ფეჩი“ გვქონდა. საკვები რა თქმა უნდა ჭირდა. 1993 წლის 18 მარტი იყო. გაგვაგზავნეს დაზვერვაზე სამი კაცი: მე, ვოვა ბელიკი და მერაბი (რომლის გვარსაც მე შეგნებულად არ ვასახელებ).  დაზვერვაზე საერთოდ ჩუმად დადიან. ამ ცხონებულ ვოვას წინა დღეს დაურეკა ცოლმა, ეჩხუბა  და გეყრებიო უთხრა. ძალიან განერვიულებული იყო, ადამიანის ფერი არ ედო. აიჩემა – „უნდა მოვკვდეო“. რა ვიცი გული რას უგრძნობდა.

სოფლის ბოლოს კლუბის შენობაში ჩუმად შევედით. წინ საფეხბურთო მოედანი იყო.  კლუბში ეკრანის მხარე სცენასთან კედელი გადანგრეული იყო და დავინახე გორაკზე შეიარაღებული ორი კაცი მოდიოდა. ავტეხე სროლა. ორივე წაიქცა. იქიდანაც გამოისროლეს და ვხედავ ჩემსკენ მოფრინავს წითელი ბურთი ანუ გრანატამიოტის ყუმბარა. ბედად მოვასწარი და ეგრევე ჩავხტი პირველ სართულზე და სწრაფად გამოვვარდი გარეთ.

დავინახე, ჩემი მეგობარი  ვოვა არ აგდია ბალახზე მინდორში და გარშემო ჭურვის ნამსხვრევები ცვივა. გადამეკეტა  ჭკუა და გავვარდი, ტყვიებს აღარ მოვერიდე და მხრებში ჩავაფრინდი. მივათრევდი რომ სადმე მომეფარებინა. პირველმა ტყვიამ ყურთან გამიარა და მივხვდი მეორე შუბლში მოდიოდა. მაინც მოვასწარი და ვოვა ელექტროკიოსკის შენობაში შევათრიე. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სუნთქავდა. ამ მერაბის დავუძახე – „გაიქეცი ჩვენებთან მოგვეშველონ მეთქი!“. გაიქცა და რა გაიქცა. თურმე ტყეში დამალულა.

ვოვა ბელიკმა სიკვდილის წინ რატომღაც მთხოვა –  „ჩემი ჯვარი მომხსენი და გაიქეციო!“. ვუპასუხე – „რას ამბობ, სად უნდა გავიქცე? მერაბი მაშველს მოიყვანს და გადაგარჩენთ მეთქი“.  უკვე დავინახე სიკვდილის წინა აგონია და ძაგძაგი დაეწყო. ფეხი დავადგი მკერდზე და შევძახე – „ვოვა, თუ ვკვდებით კაცურად შევეწიროთ მეთქი“და როცა მოტრიალება მინდოდა სასროლად, ამ დროს მოწინააღმდეგემ იმარჯვა და ტყვიები მომარტყა მხარში. ცალი ხელი ავწიე მეორე ხელით და ვერ დავიჭირე, მაინც ჩამომივარდა. ხელყუმბარები მქონდა და გადავაყარე. ცოტა ხანი შეჩერდნენ. უცებ სისხლისდენისგან და ტკივილისგან სისუსტე მომერია და ჩემს მეგობარს გვერდზე მივუწექი. თან ვანუგეშებდი „ვოვა ნუ გეშინია გადავრჩებით მეთქი“.  ვხედავ ლიმონკა შემოაგდეს. ვეცადე და უკან გადაგდება მოვასწარი. ბუთქის ხმა გაისმა. მეორედაც ასე მოხდა  და ბოლოს უკვე გრანატამიოტი მესროლეს. კვამლში გავეხვიე, ვეღარაფერს ვერ ვხედავდი და ვეღარც კი  ვსუნთავდი.

გადავწყვიტე გარეთ გასვლა. ხემდე ხუთი მეტრი იყო და მინდოდა მიმეღწია. უცებ კვამლი ნიავმა გაფანტა და დამინახეს. „Стои!“დამიძახეს და დამიშინეს პირდაპირი დამიზნებით.  რაღაც უცნაური  ხმა გაისმა   და ეგრევე მოვიცელე. ფეხში დამჭრეს და წავიქეცი.

შორიდან ხმები მოისმა ჩვენები სროლით მოიწევდნენ. აფხაზებმა უცებ პლაშ-პალატკაზე დამაგდეს და მიმათრევდნენ. ბიჭები  ისე ახლოს მოვიდნენ, რომ აფხაზებმა მიმატოვეს და სროლა ატეხეს. მე კი შუაში ვეგდე და ორივე მხრიდან ტყვიები ზედ გადამდიოდა. შემდეგ უცბად მესროლეს კატანკა მავთულით გაკეთებული „კოშკა“ და მაინც გამათრიეს, არ დამტოვეს. ტყვედ ამიყვანეს.

ამ გაწამაწიაში დავინახე ბილიკზე ცხონებული ამირან კობიაშვილი და რუსი ბიჭი იყო გენერლის მოყვანილი მეტროსტროდან იურა მეზინცევი მკვდრები ეყარნენ.  რა უნდოდათ ამ ტერიტორიაზე დღესაც ვერ გამიგია.

ერთი ჩეჩენი მოვიდა და ბატალიონი მკითხა. მე „თეთრი არწივი“ არ ვუთხარი და მოვატყუე ბატალიონი „თბილისი“ . მიპასუხა – „არ მჯერაო,  შენ დიდი წვერი გაქვს და „თბილისი“ აქ დიდხანს არ ჩერდება, მიდიანო უკან“.

ჩეჩენმა ავტომატი მკერდზე დამადო. მკითხა „Что делать тебе в Абхазии?!“  მე უკვე ისე ცუდად ვიყავი ყველაფერი ფეხებზე მეკიდა და შესაძლოა უკვე სიკვდილიც მინდოდა და ვუპასუხე: „А тебе что делать? Абхазия мая родина, эта Грузия!“ ეგრევე  კონდახი ჩამარტყა ძლიერად. ჩამათრიეს დაბლა სარდაფში. იქ ერთი ქართველი ქალი დამხვდა ნახევრად აფხაზი. ფეხი და მხარი გადამიხვია და მე მარტო ეს ჭრილობები მეგონა. ერთი დღე და ღამე იქ ვიყავი. ღონემიხდილი ვკვნესოდი. წყალი მომწყურდა და დავლიე. ვერ შევირგე, ამოვიღე. კიდევ დავლიე, ისევ ამოვიღე. დავიხედე მუცელზე, რაღაც კი მტკიოდა, მაგრამ სიბნელეში ვერაფერი შევნიშნე.

ღამით აგონია დამეწყო. სიზმარში ვხედავ თუ ცხადში,  ჯარისკაცები მიდიოდნენ ერთ მხარეს, სულ შარავანდედი ემოსათ და თავზე ნათელი ედგათ. ხელს ვუწვდიდი, ვეხვეწებოდი და მაინც არ წამიყვანეს.

და რატომღაც ერთი სოხუმელი რუსი მოხუცი ქალის ლოცვა მახსენდებოდა. ქალაქში ვიყიდე სიგარეტები „ამრა“ და „აფსნი“. იქვე ბავშვები თამაშობდნენ და კევები მთხოვეს -„ძია, გვიყიდეო“ მუჭით ჩავუყარე და ამ ქალს 50 000 მანეთი მივეცი. გაუხარდა. წამოვედი და სიტყვები მომაყოლა პირჯვრის წერით: „Дай Бог чтоб тебя пуля не прикасалась! “ რა ვიცი იქნებ იმ ქალის და დედას ლოცვამ მიშველოს მეთქი. იმედს ვებღაუჭებოდი, თუმცა გადარჩენის შანსი იმ პირობებში რაშიც მე ვიყავი იყო აბსურდი.

მთელი ღამე ასე ვიყავი სიცოცხლეს ვემშვიდობებოდი. დილას მითხრეს, დღეს გაგცვლითო. მართლაც ჩვენი ბიჭები მოვიდნენ გაცვლაზე. ცოცხალი  უკვე  არავის არ  ვეგონე.

ბიჭებმა ამათრიეს ურალზე საკაცით. რომ არ მეჯანჯღარა ფეხები დამიჭირეს. ცხონებულმა თამაზ შეროზიამ დამიწყო გასინჯვა. მე ვუხსნიდი რომ -„ფეხში და ხელში  მომარტყეს თქო“. მან კი მიპასუხა: „ჩემო მამუკა, მუცელშიც ხარ დაჭრილიო“. დავხედე ნაწლავები გადმოყრილი მქონია.

აგუძერაში ოპერაციაზე უარი მითხრეს და ბედად დამხვდა გვარდიის მთავარი ქირურგი გეგეჭკორი. ძვირფასი ადამიანი. მოხუცი კაცი იყო და როცა ნახა რაც მჭირდა მითხრა – „შვილო, შენ თეორიულად  უკვე  მკვდარი  ხარო!“ მე კი ვუპასუხე „სანამ ვსუნთქავ,  მე პრაქტიკულად ცოცხალი ვარ მეთქი. ხოდა გააკეთეთ ოპერაცია მეთქი.“გამიკეთეს კიდეც.

გავახილე თავლები. ცხვირ-პირში მილები მქონდა გარჭობილი, რეზინის მოსაჭერები, ბინტები და მითხრეს შვიდი თვე ვერ ადგებიო.

საავადმყოფოში ძალიან განვიცდიდი, რომ ჩემს ბიჭებთან ვერ მივდიოდი. რაღაცით მინდოდა ფიქრი გადამეტანა და  რუსის  დამლაგებელ ქალს  ვთხოვე – „რაიმე წიგნი მაინც მომიტანე მეთქი“. რომ ვერაფერი ნახა მათემატიკის წიგნი შემაჩეჩა ხელში, ისიც რუსულ ენაზე. ამ დაჩეხილმა კაცმა თითქმის ზეპირად ვისწავლე მათემატიკა, რომელსაც სკოლაში სასტიკად ვერ ვიტანდი.

ექვსი დღის შემდეგ თბილისში გადმომაფრინეს. აეროპორტში მარტო მე მქონდა სახეზე გადახდილი. დანარჩენ ბიჭებს თეთრი ზეწრები ეფარათ.   ამ მიცვალებულების სიახლოვეს  დიდ განცდებში ვიყავი. ყოველ წუთს სიკვდილს ველოდი.

დაღუპულების ახლობლები მოაწყდნენ თვითმფრინავს. იყო ერთი ტირილი, კივილი და შემაძრწუნებელი გნიასი. ტრაპზე მარტო მე ჩამომიტანეს ცოცხალი. დამხვდურებს უდიდესი ტკივილი ელოდათ წინ.

ამ თეთრ ზეწრებში გახვეულ ცხედრებს რომ გადავხედე, სიზმარში თეთრ ნათებაში მიმავალი მეომრები გამახსენდნენ, რომ ვთხოვდი წაყვანას და  თან რომ არ წამიყვანეს.

თბილისში დიდი განუკითხაობა და უპატრონობა იყო. მიმიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში.  პლეხანოვზე გავარდა ჩემი დაჭრის ამბავი. იმ წამსვე დედაჩემი მოვარდა და ცალკე პალატაში გადააყვანინა ჩემი თავი. მომეფერა, მომიარა, დამკოცნა. პარიკმახერიც კი მომიყვანა. გამპარსეს კიდევაც. მე  ვეუბენები – „დედა, რა დროს გაპარსვა, ვკვდები მეთქი?“ არ დამანება – „კარგად იქნებიო!“ თავისი მაინც გაიტანა. ჩვენი ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე მოვიდა. სურათიც გადამიღო, მომიკითხა – „ნუ გეშინია მამუკა, გადარჩებიო, მთავარია გჯეროდესო“  დამაიმედა.

ოთხი თვე  ვიწექი ასე გაუნძრევლად. მაგრად ვიწვალე. როგორც იქნა დედამ ფეხზე დამაყენა და დავბრუნდი ოჯახში. ვგრძნობდი სახლში  ვერაფრით ვერ მოვისვენებდი. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დავბრუნდი ნაწილში საბრძოლველად   და ისევ ტყვიამფრქვევი ჩამაბარეს, ჩემი „პე-კა“. ამჯერად უკვე „სადესანტე-მოიერიშე ბატალიონში“ ჩავირიცხე, რომელიც აპრილში „თეთრი არწივის“ ბაზაზე გამოცდილი მეომრებისგან ჩამოეყალიბებინათ. ჩემი მეგობრები თამაზ გოჩაშვილი და პაატა ხუბულურიც იქ დამხვდნენ.

ყველაფერი ღვთის ნება ყოფილა,  სიკვდილიც და სიცოცხლეც. ცხრა ტყვია მოხვედრილი კაცი ტყვეობიდან გამომიყვანეს და გადამარჩინეს. ასე რომ ადამიანს რომ არ უწერია, არ მოკვდება.

ომი დამთავრდა. ჩვენ აფხაზეთი დავკარგეთ. დავიწყე ჩვეულებრივი ცხოვრება.

მაინც ვერ ვისვენებდი სახლში. როცა საჭირო გახდა ასეთი დაჩეხილი კაცი, უკვე „შინაგან ჯარში“ ვმსახურობდი და  1995 წელს მონაწილეობას ვიღებდი ჩეჩნეთის საზღვარზე გირევში სპეც-ოპერაციაში. პირველი ჯგუფის ინვალიდმა კაცმა 26 კილომეტრი ფეხით გავიარე. ოპერაცია წარმატებით დამთავრდა. ჩემთვის მთავარი იყო, რომ მე შევძელი სასიკვდილო ტკივილების და ბედისწერის დაძლევა.

საიდუმლოდ გეტყვით – ისეთი დაჩეხილი მაქვს სხეული,  აბანოში  შიშით მექისე ვერ მეკარება. გულსა და ფილტვებს შორის ისევ ტყვია მაქვს  გაჩხერილი. ღვთის ნებით სასწაულებიც ხდება.

მინდა მხოლოდ ჩემმა გოგონებმა – ნინომ და მარიამმა ბედნიერად იცხოვრონ დალაგებულ ქვეყანაში. იმ ქვეყანაში, სადაც ომი აღარ იქნება და არ დაივიწყებენ იმ ბიჭებს, რომლებიც სამშობლოსათვის დროზე  ადრე  წავიდნენ ამ წუთისოფლიდან.

ძნელბედობის მიუხედავად, ისევ თბილისელი პლეხანოველი ბიჭი ვარ,  ჩაჩავას სამშობიაროში დაბადებული ქართველი, რომელსაც უზომოდ უყვარს თავისი სამშობლო საქართველო.

ინტერვიუ ჩაწერილია 2016 წლის მაისში

Next Post

„გახარია არჩევნებამდე თუ არ წავიდა, მაშინ ივანიშვილსაც დაამარცხებს“

ხუთ მაი 14 , 2020
4,849 წაკითხვა„ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ გახარიას შეეწმინდოს მინიმუმ ბოლო ერთი წლის შეცდომები“  – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ლადო სადღობელაშვილი: „ჯერ კიდევ თვეების წინ მეპარებოდა ეჭვი, რომ გახარიას ივანიშვილი არჩევნებს ჩაატარებინებდა. არ მისცემს ამის უფლებას-მეთქი, ადრეც ვამბობდი. ვფიქრობ, ეს პროცესი დაიწყო. რამდენიმე დღის წინაც დავწერე პოსტი ფეისბუქზე, რომ გახარიას არ ჰყავს კარგი პიარი. კარგი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცუდად წარმოჩნდება. არ […]

შესაძლოა მოგეწონოთ