დავით მამულაიშვილი – „25 ოქტომბერს ოჩამჩირეზე შემოტევის დროს ისეთი უკუნი დადგა დღე და ღამე აგვერია“

274 წაკითხვა

ლალი ცერაძე – ჩემს მიერ მზადდება გამოსაცემად წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“. გთავაზობთ დავით მამულაიშვილის მოგონებას ოჩამჩირის ბრძოლების შესახებ. პირველფიცმიღებული მხედრიონელებიდან რამდენიმე ბიჭიღა გადარჩა და მათ შორის იყო დათოც. პროფესიით ექიმი, ჭეშმარიტი პატრიოტი, ქართველი რაინდული სულისკვეთებით დაჯილდოვებული მეომარი. ამბობენ, რომ მას „შიშის გრძნობა არ ჰქონდაო“. ასრულებდა ყველაზე რთულ დავალებებს. იმდენად დიდი შინაგანი და გარეგანი ხიბლით გამოირჩეოდა, რომ მეომრებს მისი საზრიანობის და თავგანწირვის იმედი ყოველთვის ჰქონდათ. ასევე აღმოაჩნდა სამხედრო ხელმძღვანელის ნიჭი და თავდაჯერებული გადაწყვეტილებებით ხშირად მოუნახია უმძიმეს სიტუაციებში გამოსავალი. ოჩამჩირეში მხარში მძიმედ დაჭრილმა თავი არ აარიდა მეორე შემოტევის მოგერიებას და მაინც წავიდა შრომის დასაცავად და იქ ახლა ფეხში დაჭრეს. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით. 2018 წელს დაარსა „დაჭრილ მებრძოლთა დახმარების ფონდი“ და უანგაროდ ეხმარება ყველა მეომარს განურჩევლად, ვისაც მისი თანადგომა ჭირდება. ბევრი გრძნობდა ასეთ პასუხისმგებლობას მამულის ერთიანობის შენარჩუნების წინაშე?

გაგრის დაკარგვის შემდეგ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა სოხუმის შემოგარენში და ოჩამჩირის რაიონში. ფრონტის აღმოსავლეთი ნაწილი ჩაბარდა „მხედრიონს“ და მისი ძირითადი ბირთვი აქ იბრძოდა. აქ ავასრულებდი სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურის მოვალეობას და ამიტომაც სხვებთან შედარებით მეტ ინფორმაციას ვფლობდი, თუ როგორ მიმდინარეობდა თავდაცვა.
ოჩამჩირის ბრძოლებიდან რამდენიმე ეპიზოდი მახსენდება.
პირველი, ეს იყო, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი და იმ დროისათვის გადამწყვეტი პოლიტიკური მნიშნელობის მქონე 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნების ჩატარება აფხაზეთში.

ვითარება ძალზე გამწვავდა, რადგან გაგრა სულ რამდენიმე დღის დაკარგული იყო და მოსახლეობას უნდა მისცემოდა საშუალება გამოეხტა თავისი ნება არსებული მთავრობის მიმართ იურიდიულად, მისი ლეგიტიმურობის გასაცხადებლად.
აფხაზმა სეპარატისტებმა ამის ჩაშაშლელად განახორციელეს ძლიერი შემოტევა ოჩამჩირეზე. აქ იყო გაუქმებული რკინიგზა, რომელზედაც აფხაზებმა დააგორეს ასაფეთქებელით სავსე ვაგონი და ჩვენ პოზიციაზე შემოსული აფეთქდა კიდეც. ამის გამო ნახევარი კილომეტრის რადიუსში მყოფი ყველა მებრძოლი კონტუზირებული და ბრძოლის უნარს იყო მოკლებული. ეს იყო პირველი სერიოზული შემოტევა. მანამდე კი ოჩამჩირის ფრონტზე იყო პოზიციური ბრძოლები.

აფხაზებმა ექვს საათზე დაიწყეს შემოტევა და მანამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ოხურეის პოსტს დაარტყეს ექსპრეზიდენტის მომხრეებმა. აქ ჩვენი მებრძოლი დაიღუპა კიდეც. იძულებული გავხდით კოპიტნარიდან გამოგვეძახებინა ჩვენი ავიაცია და მოწინააღმდეგე ჰაერიდან დაბომბეს.
აფხაზების მიზანი იყო ოჩამჩირის მოსახლეობას არ მიეღო არჩევნებში მინაწილეობა. არჩევნების დაცვაში და შემოტევის მოგერიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვებთან ერთად „მხედრიონიც“ და მინდა გავუსვა ხაზი, რომ ჩვენი მოვალეობა, მიუხედავას იმისა, რომ ძალზე მძიმე დანაკლისი გვქონდა პირნათლად შევასრულეთ.

არჩევნები მაინც ჩატარდა და აფხაზეთის მაცხოვრებლებმა აირჩიეს თავიანთი ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც დღესაც არსებობს.
მორიგი მძლავრი შემოტევა აფხაზებმა განახორციელეს 25 ოქტომბერს და მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით, ამ მხარეში მსგავსი სიძლიერის ბრძოლა საერთოდ არ მომხდარა. რუსეთის საინფორმაციო გადაცემამ „ნოვოსტი“-მ იმ დილას წინასწარ გააკეთა განცხადება, რომ აფხაზეთის ჯარებმა მოახდინესო ქალაქ ოჩამჩირის აღება და იმდენად დარწმუნებულები იყვნენ და კარგად ჰქონდათ მომზადებული შეტევა, რომ ამის შესახებ უკვე ნაადრევად გააცხადეს.
მოხდა საპირისპიროდ, ჩვენი ბიჭების თავდაგწირული ბრძოლის გამო, მათ ვერ აიღეს ქალაქი და დიდი დანაკლისიც ნახეს. ასევე მანამდე მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ოჩამჩირის უახლოვდებოდა მძიმე ტექნიკით დატვირთული ორი ბარჟა. ამანაც დაგვაფიქრა.

საღამოს რვა-ცხრა საათისათვის შემოიყვანეს დამხმარე ძალად „ქართველ შევარდენთა ლეგიონი“ ელგუჯა წიკლაურის მეთაურობით და ქუთაისის ბატალიონი რეზო ჭანკვეტაძის ხელმძღვანელობით, რათა გაგვეფართოვებინა ჩვენი პლაცდარმი, რაც გავაკეთეთ კიდეც.
ორივე შენაერთი თავად დავაბინავე ოჩამჩირეში დაუმთავრებელ სასტუმროში. ამავე დროს ხდებოდა ჩვენი შეტევის გეგმის შედგენა.
პირველი საათისთვის მე და ნუგზარ ჟღენტს შემოგვესმა ქალაქში სროლები უკვე ყველა მხრიდან. მივვარდით შტაბში და მივხვდით, რომ ნამდვილ ინფორმაციას და რეალურ სიტუაციას ვერ ფლობდა ვერავინ.

ოპერატიული მორიგე გავტყობინებდა, რომ თხუთმეტი-ოცი წუთია რაციები გამოირთო და ისმის რაღაც რუსული საესტრადო სიმღერა.
ამ გაურკვევლობაში კრიტიკულ სიტუაციაში ყოველთვის ვიღაცამ უნდ აიღოს პასუხიმგებლობა თავის თავზე. გამარჯვების შემთხვევაში დაფნის გვირგვინი მისია და დამარცხების საიმძიმე კი მთელი სიცოცხლის მანძლზე მძიმე ტვირთად უნდა დააწვეს.
ბედისწერით მე მომიწია პასუხიმგებლობის აღება და პირველ რიგში მივედი „ქართველ შევარდენთა ლეგიონთან“, რომელიც ქალაქში რამდენიმე საათის შემოსული იყო და არემარესაც კი არ იცნობდა. მაშინ ღმერთი აშკარად გვფარავდა და ეს დაღლილი ბიჭები წამოვყარე ლოგინიდან, მივიყვანე შტაბამდე. აღსანიშნავია, რომ აფხაზებმა რამდენიმე წუთში აიღეს ეს შენობა და, სუბედუროდ, აქ დატოებული ჩვენი გუშაგები ჩახოცეს.
თურმე ოჩამჩირის ქუჩებში მოწინააღმდეგე უკვე შემოსული იყო იმ გზით, რომ ბესლახუბაში, მერკულაში მდგარ ჩვენს ნაწილებს გვერდი აუარეს და ასე თითო კაცად შემოვიდნენ ოჩამჩირის განლაგებაში. ამავე დროს აფხაზებმა ჩაატარეს ოხურეის მხრიდან თავდასხმა, რომ ყურადღება იქით გადაგვეტანა.
და ის ბარჟები, რომლებიც დატვირთული იყო მოწინააღმდეგის ტექნიკით და ხალხით, ღვთის წყალობით, ძლიერი შტორმის და კოკისპირული წვიმის გამო ვერ მოადგნენ ნაპირს და კბილებამდე შეიარაღებული დესანტი ვერ გადმოსხეს.

მარტივად რომ ვთქვათ, ოჩამჩირეში შიგნითა რკალი გაკეთდა და ამავე დროს ზევით სოფლებში გამაგრებულმა ბიჭებმა შეძლეს ის, რომ მათზე შეტევა მოიგერიეს და მეორე რკალით ჩაკეტეს მტერი ალყაში. ქალაქში შემოსული აფხაზები აღმოჩდნენ ამ ორ რკალს შორის.
ორი დღე-ღამის განმავლობაში მიდიოდა მძიმე ბრძოლა. მოწინააღმდეგის გენერალურ შტაბში ჩაფიქრებული შეტევა ჩაიშალა. ისეთი ცხარე ბრძოლა მიდიოდა, რომ ბოლოს დადგა ისეთი მომენტიც, რომ ვეღარ არკვევ თუ რა დროა, როგორი ამინდია, დღე არის თუ ღამე, ისე იწვის ყველაფერი და ისეთი ბურუსი და კვამლია.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენმა ბიჭებმა ვაჟკაცურად იომეს. ყველას გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს, გთხოვთ მომიტევოთ. გავიხსენებ მათ შორის ლაგოდეხელ ვალერი კუბლაშვილს, სამტედიელ ზურია შავლიძეს, ლანჩხუთელ ძმებს ხოფერიებს და სხვებს, ვინც კაცურად იომა და თავდადებით მოიგერია მტერი. მაპატიოს ყველას რომ ვერ დავასახელებ. და იმათი სულები ნათელში იყვნენ ვინც ამ ბრძოლაში დაეცა.
აფხაზებმა სერიოზული დანაკლისი განიცადეს. დაკარგეს ასეულობით კაცი. ვიცი, რომ მარტო აგუბედიასთან მთელი სოფლის რაზმი, სამოც კაცამდე, ოხურეის გზაზე დაიხოცა და მთლიანობაში რამდენნი დაიღუპებოდა?

25 ოქტომბრის შემოტევის მოგერიებამ აფხაზებს დაანახვა, თუ ვინ ვიყავით ჩვენ და ვინ იდგა ოჩამჩირეში და რომ ქალაქის აღება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ბოლოს მიდიოდა ე. წ. „წმენდა“, რომ ვინმე არ ჩარჩენილიყო ქალაქში.
ბევრი ჩვენი ბიჭის სიცოცხლე შეიწირა ამ შემოტევამ. დიდი ბრძოლის მოგებაში დამსახურება მიუძღვით „ქართველ შევარდენთა ლეგიონის“, ქუთაისის ბატალიონის და „მხედრიონის“ ბიჭებს, რადგან მათ გარეშე შიგნითა წრის ჩაკეტვა გაგვიჭირდებოდა და არც ის რაზმი შეიქმნებოდა, რომელიც ანადგურებდა მტერს რკალში.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით შეკრული და ერთნი ვიყავით და უერთმანეთოდ ვერაფერს ვერ შევძლებდით, ეს იყო დიდი გამარჯვება.
25 ოქტომბრის ბრძოლამ გარდატეხა შეიტანა მთელი აღმოსავლეთის ფრონტის მდგომარეობაში. მათ დიდი ძალი ცოცხალი ძალა დაკარგეს დაახლოებით 60-70 % და ჩვენ თავისუფლად შეგვეძლო ტყვარჩელის აღებაც კი და რატომღაც გაურკვეველი მიზეზების გამო ეს არ გაკეთდა?!
ეს უკვე სხვა თემაა. სამშობლოს ჯარისკაცები პოლიტიკისგან შორს არიან, მაგრამ რაც იმ დღეებში მოხდა იყო თითოეული იმ ქართველი ბიჭისაგან ჩადენილი დიდი ქართული კაცობა და გმირობა.

ამ შემოტევის დროს დამჭრეს მხარში და გადაგვყვანეს სოხუმში, რომ ოდნავ მაინც დაგვესვენა და მოვშუშებულიყავით. და მოხდა ისე, რომ სოხუმში ყოფნისას აფხაზებმა განახორციელეს შემოტევა შრომა-კამანზე.
შრომის აღება რასაც ნიშნავდა ყველამ ვიცით. ეს იყო ქალაქის მთავარი გასაღები, რომელიც მოგვიანებით 1993 წლის 27 სექტემბერში შეძლო მტერმა ხელში ჩაეგდო და სოხუმი დავკარგეთ კიდეც.

აეროპორტში ყოფნისას გვითხრეს, რომ იქნებ როგორმე შეძლონო დაჭრილებმა მონაწილეობის მიღება ბრძოლაში, რადგან მტერი უკვე შემოდიოდა და გამოსავალი არ ჩანდა. რა უნდა გვექნა? წავედით. 1992 წლის 2 ნოემბერი იყო. მონაწილეობდნენ სხვადასხვა ფორმირებების, შეაერთების მებრძოლები. გაკეთდა ახალი რაზმი 200-250 კაცამდე და დავიწყეთ ბრძოლა თავიდან. დავიბრუნეთ შრომის ნახევარი, ახალშენიც და კამანიც. ამ ბრძოლაში ვაჟკაცი ბიჭები დაიღუპნენ და მათ შორის პარლამენტარი ნუგზარ მიხანაშვილი.
მეც წინა ხაზზე დამჭრეს მეორედ, უკვე ფეხში. 3 ნოემბერს თბილისში გადმომიყვანეს, სადაც პარლამენტში პირველი სხდომა ჩატარდა და ეს არჩევნები ნამდვილად ქართველი მეომრების სიცოცხლის ფასად იყო მოპოვებული.

ავტორისაგან – “ბოლო წუთებში გენო ადამია ორგანიზებას უკეთბს ოცდაათამდე მხედრიონელსა და ადგილობრივ ბიჭებს. ერთ-ერთმა მათგანმა 15-16 წლისამ ამ შეტევის მოგერიების დროს ბეემპე ააეთქა. ვიდრე საბოლოოდ შევგროვდებოდით, გადავდივართ დაზვერვაზე – მე, „წესრიგა“ (თამაზ ფანჩულიძე), გიო რურუა და დათო მამულაიშვილი, რომელიც თბილისში მიმყავდა და კაი ხანია ოჩამჩირეში იბრძვის. აუცილებელია გავიგოთ რა ხდება კამანის გზაზე, ხიდის იქით, ჩვენ ჯერ აქეთა მხრიდან მივყვებით მდინარეს. თამაზი დაწინაურდა. მიპირდაპირე მთიდან სროლა აგვიტეხეს. დათო მამულაიშვილი ბარძაყში დაიჭრა. ვეფარებით ბუჩქებს, გადაბრუნებულ ტრაქტორს. დათო მამულაიშვილი არ მიჯერებს, ბარძაყი ქამრით გადაუჭერია და ჩვენთან ერთდ წინ მობობღავს. კანტიკუნტად გვესვრიან…“ (ჯაბა იოსელიანი, „სამი განზომილება“, თბ., 2007, გვ. 251).
ჩემი აზრით, მართალია აფხაზეთი დავკარგეთ და ამბობენ, რომ წაგებულ ომს გმირები არ ჰყავს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ წაგებულ ომს მაინც ჰყავს გმირები. და მართალია მაია წყნეთელი წაგებული ომის გმირი იყო, მაგრამ თავისი პირადი თავგანწირვისათვის ხომ დიდების გვირგვინი არგუნა ისტორიამ.

და ვთვლი, რომ ის ადმიანები, ვინც თავის სიცოცხლეს, ყველაზე ძვირფასს რაც გააჩნია სწირავს მამულისათვის, გმირია და ეს არ აღიარო შეუძლებელია.
ეს ბიჭები ვინც მტერს იგერიებდა საკუთრი სისხლის ფასად ჯარში კი არ გაუწვევიათ, ისინი თავისი სურვილით მიდიოდნენ აშკარა სიკვდილზე, მაშინ როცა ნახევარი საქართველო დუბაიში დადიოდა სავაჭროდ და ერთგვარი არასასურველი და ვიტყოდი დამღუპველი იდეოლოგიური წნეხი იყო შექმნილი გარშემო. ეს ყველაფერში იგრძნობოდა. მაგალითად, როდესაც ჩვენი ბიჭების დაღუპვის ამბავს აცხადებდნენ, ირთვებოდა რეკლამა კომერციული რეისების პროპაგანდით და ჩვენი ნერვები რა დღეში იქნებოდა, როცა ამ ჯოჯოხეთიდან ჩამოსულებს ამის შემდეგ „ნაღდ შოუს“ ურთავდნენ. ეს ყველაზე ძნელად გადასატანი მომენტი იყო. სახელმწიფო არ გადავიდა მთლიანად ომის რეჟიმში არც იდეოლოგიით და არც მობილიზებით.

ამგვარი დამოკიდებულება ქართულ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საქმის მიმართ ჩვენს ისტორიაში ახალი არ ყოფილა. ყოველთვის იმას ვუხსნიდი დ იმგვარად ვამხნევებდი გულდაწყვეტილ ბიჭებს, რომ კრწანისში მეფე ერეკლეს 5000 კაცი უდგა მხარდამხარ და მისი აღსრულებისას კი საბოლოო გზაზე 40 000 შეიარაღებული კაცმა გააცილა?! და რომ, ჩემი აზრით საქართველო იყო სწოედ ის 5000 და ის 300 არაგველი, რომლებიც მამულისათვის თავს სწირავდნენ.

დღესაც, სავალალოდ იგვივე განმეორდა. კონკრეტულად ოჩამჩირის ბროლაზე მინდა ვთქვა ის, რომ როცა ჩემი შვილი მკითხავს – „მამა შენ სად იყავი მაშინ?“ ვუპასუხებ, რომ ვიდექი იქ, სადაც უნდა მდგარიყო ყველა ქართველი ვაჟკაცი.
ჩემი აზრით, სრულიად მოუმზადებელი, მხოლოდ ენთუზიაზმით აღსავსე ბიჭების კვალობაზე ძალიან კარგად ვიბრძოლეთ და ბევრი კარგი საქმეც გავაკეთეთ და თუ მავანნი არ ხედავენ ან მიზნამიმათული დისკრედიტაციით არ აჩვენებენ ქართველ ხალხს ამ ბიჭების ამაგს, ზევით უფალი ხედავს ყველაზე უკეთ და ის შეაფასებს ყველაფერს.

ინტერვიუ ჩაწერილია 1995 წელს

Next Post

„რუსული კანონი“ თუ დამალული სიმართლე - რისი ეშინია ოპოზიციას?

სამ აპრ 9 , 2024
274 წაკითხვაჟურნალისტი შორენა კოწოწაშვილი სოციალურ ქსლში წერს „კანონპროექტმა გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც მმართველმა გუდმა დააინიცირა და რომელსაც ე.წ. პროდასავლური ოპოზიცია, დასავლეთის გავლენის აგენტურა რუსული კანონის ხელახლა შემობრუნებად აფასებს, საქართველოსთვის სწორედაც რომ მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გლობალური დღის წესრიგი სულს ღაფავს და ქვეყნის შიგა თუ გარე მტრები მაქსიმალურად ცდილობენ, საკუთარი ინტერესების გატარებას. გასაგებია, რომ არასასურველია ფინანსური გამჭვირვალობა იმ ფონზე, როცა ასეულ მილიონობით […]

შესაძლოა მოგეწონოთ