როგორ უნდოდათ ქართველ „ამბალას“ და სომეხ „ფიქსას“ აფხაზებისგან სამოცი ქართველი მეომრის გადარჩენა

3,414 წაკითხვა

ავტორი: ლალი ცერაძე

ჩემს მიერ მზადდება წიგნიქართველი ჯარისკაცის ჩანაწერებიაფხაზეთის ბრძოლების ისტორისათვის. ამჯერად გთავაზობთ, ჩემი აზრით, საინტერესო ეპიზოდს გაგრის ბოლო დამცველების  შესახებ. ნაწყვეტს ინტერვიუდან ეროვნული გვარდიის ბატალიონორბისმეთაურის მოადგილე, მაიორ მამუკა ნავდარაშვილთან.

მამუკა როგორ დაიწყო თქვენთვის ომი?

ძალიან ძნელია წარსულის გახსენება, იმ ბრძოლების და დაღუპული თანამებრძოლების გახსენება ძალიან მიჭირს და გული მტკივა. რამდენი სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცი არ დაბრუნდა ოჯახში მათი ხვედრი მხოლოდ უფალმა იცის და იყვნენ მარადიულ სასუფეველში.

მხატვარი ბიჭი ვიყავი, ბახტრიონზე ვცხოვრობდი და საკმაოდ უზრუნველყოფილი ოჯახი მქონდა. დაიწყო აფხაზეთის ტრაგედია და  რაღაც ძალა არ მასვენებდა შინ. გულით ვგრძნობდი ბრძოლა მეწადა, სამშობლოსათვის ხელჩართული ბრძოლა. ვისვენებდი ჰოლანდიაში და დავბრუნდი საომრად და მას შემდეგ იარაღი არ გამიშვია ხელიდან.

ძირითადად ვიბრძოდი „თეთრ არწივთან“ და რადგან დავით თევზაძესთან ვმეგობრობდი ჩავირიცხე შემდეგ „ორბში“.

1992 წლის სექტემბერში დისლოკაცია გვქონდა სოხუმში და ვაწარმოებდით ბრძოლებს ეშერის მიმართულებით. აქ მდებარეობდა ეშერის ლაბორატორია და ამ მიდამოებს რუსის ჯარი იცავდა. აფხაზები თან გვესროდნენ და შემდეგ თავს აფარებდნენ ამ ლაბორატორიას. ზემო ეშერის პოზიციებზე ვიბრძოდით „თეთრი არწივის“ ბიჭები. ავიღეთ აჩადარა და დავიწყეთ ეშერაზე შეტევა 6 სექტემბერს და ავიღეთ კიდეც. ოპერაციაზე წავედით 12 კაცი. რაღაც უცბად ალყაში აღმოვჩნდით კიდეც და ღამის სიბნელეში გაჩაღდა ბრძოლა. დაგვეჭრა სამი მეომარი: ზვიადი მოისწრაფიშვილი, გელა დოლიძე და ლევან ძამაშვილი. როგორც იქნა გამოვაღწიეთ. აქვე ღამით ეშერაში ერთ-ერთ პოსტზე მოწინააღმდეგე შემოეპარათ და დაიღუპნენ ცხონებულები ლევან აბაშიძე და გიორგი ნადირაშვილი, რატი კიაჩეიშვილი და სხვა გმირები. ამან ძალიან, ძალიან დაგვაღონა. ბოლო დღეს ეშერაში არ ვიყავი დაჭრილები ჩავიყვანე სოხუმში. და ამის შემდეგ სექტემბრის ხელშეკრულებით განისაზღვრა ჩვენი ეშერიდან გამოყვანა.

თქვენ შემდეგ იბრძოდით გაგრაში?

1992 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც მოლაპარაკება მიმდინარეობდა გია ყარყარაშვილს, აფხაზებს და რუსეთის წარმომადგენლებს შორის და გავიგეთ, რომ გაგრაში ხელშეკრულება დაირღვა და დაიწყო შემოტევა. გიამ მიატოვა მოლაპარაკება დათო თევზაძეს „ჩააბარა“ რუსები და გადაწყვიტა გაგრაში გადავეყვანეთ. ჩვენ ვცხოვრობდით სოხუმში „გოსდაჩაზე“ და დილით მივიღეთ ბრძანება დესანტი გადაგვესხა გაგრაში.  ეს კადრები შემოინახა კიდეც კინოქრონიკამ.

რუსები არ გვაძლევდნენ ჰაერში აფრენის ნებართვას. გია აწარმოებდა მათთან მოლაპარაკებას რაციით, მაგრამ ისინი არ გვატარებდნენ. ჩვენ უკან დაბრუნების შანსი გვქონდა მინიმალური, მივენდეთ უფალს და ჩვენი მოსახლეობის და ძმების დასახმარებლად წავედით. საშიშროების მიუხედავად ჩევნი ვერტმფრენი მაინც ავიდა ჰაერში და დავსხედით განთიადი-ლესელიძეს შორის. ეს იყო 2 ოქტომბერი. ჩვენი ჯგუფი სანატორიუმ “გრებეშოკში” დავბანაკდით.

გავიგეთ რომ  აფხაზებს უკვე აღებული ქონდათ გაგრა და სასტუმრო „უკრაინაში“ იმყოფებოდნენ, ეს იყო გაგრის შესასვლელთან. მთელი ღამე საშინელი თავსხმა წვიმა მოდიოდა. დაზვერვაზე წავედით და აფხაზებს ვუთვალთვალებდით. ამის შემდეგ დაიგეგმა შეტევის განხორციელება და დისლოკაციის ადგილი შევიცვალეთ მაღლა მთაში ავედით. ოპერაციას ხელმძღვანელობდა გია ყარყარაშვილის ძმა მაგარი ვაჟკაცი კაცი ცხონებული გოჩა ყარყარაშვილი.

საუბედუროდ, შეტევის დროს გოჩა და გია ციბაძე დაიღუპნენ. ჩვენთან ერთად იყვნენ ლაგოდეხის სასაზღვრო ნაწილის ბიჭებიც. მეომრების პატარა ჯგუფები თანდათან შევერთდით და სამი კაციდან ვიქეცით 65 კაცად. შემდეგ ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობაც შემოგვიერთდა. ამ დროს მოვიგერიეთ აფხაზების და კონფერდერატების ძლიერი შემოტევები და რამდენიმე ბიჭი იქ დაიღუპა და დაიკარგა. მათ შორის კოტე ანდრიაძეც.

ჩვენთვის ცნობილია იმ გმირობის შესახებ, რომელიც ჩაიდინეთ თქვენ და თქვნმა მეგობარმა გარიკ გასპარიანმა თანამებრძოლების სიცოცხლის გადასარჩენად. და ისე, რომ არ გქონდათ არც ერთი პროცენტი გადარჩენის შანსი და ჩახვედით სისხლითმორწყულ ქალაქში მოწინააღმდეგესთან მოლაპარაკებაზე?

ჩვენ გვეგონა რომ მივიღებდით ლესელიძის დაცვის ბრძანებას და ამას ველოდებოდით და ამ დროს ყველაფერი დაგვიანდა – ჩეჩნები და აფხაზები ლესელიძეში მთელი ძალით შევარდნენ და ჩვენ გადაჯგუფების არანაირი შესაძლებლობა არ მოგვცეს.

ტყვია-წამალიც სულ რამდენიმე გასროლა დარჩა. ვფიქრობდით გამოსავალზე. გადავწყვიტეთ ადლერში გაგვეგზავნა მეკავშირედ მწყემსი. მივეცით „პაროლი“ და კოორდინატები რომ ჩვენებს გავეყვანეთ.

აფხაზებსაც შიშობდნენ კედევ მეტი ხალხი არ გაგვენადგურებინა და რომ ადგილობრივი მოსახლეობისათვის პრობლემა არ შექმნილიყო, იქაური სომეხი მოსახლე გამოაგზავენს მოლაპარაკებაზე. და გადაწყდა, რომ წავიდოდით შეხვედრაზე მე და გარიკ გასპარიანი „ფიქსა“. ავტომატები დავტოვეთ, მარტო მაკაროვი და ერთი ლიმონკა გვქონდა. წავყევით სოფელ ხაშუფშეში. აფხაზების მხრიდან კომენდანტი აფხაზი დაგვხვდა სახელად ვალერი და მან შეგვახვედრა გუდაუთის კომენდანტს ნარმანიას, ამის შემდეგ შევხვდით მინისტრს არშბას.

ვისაუბრეთ და ვერ შევთანხმდით.

გვთავაზობდნენ ბომბორას აეროპორტიდან გაყვანას, მეორე დღისთვის გადაიდო მოლაპარაკება. ვითხოვდი გია ყარყარაშვილთან დაკავშირებას.

 და შემდეგ უკან გამოგვეშვეს პოზიციაზე…

როდესაც ავედით მაღლა მთაში იქ ჩვენი ჯგუფი არ დაგვხვდა. თურმე უკვე მოფრენილა ვერტმფრენი და გაუყვანია ყველა.

დავრჩით მიტოვებულები მარტო.

ბატონო მამუკა ესე გამოდის, რომ თქვენ ორი ადამიანი  სამოცი კაცის გადასარჩენად რისკით წასული  სამოცმა კაცმა ორნი მიგატოვეს?

რა უნდა გითხრათ აბა? გარემოებებს ვერ გაექცნენ ალბათ. რა გითხრათ…

პოზიციაზე ადგილობრივებმა გვითხრეს ეს ამბავი და ავედით მაღლა ალპურ ზონაში „ლისაია გარაზე“ და ვცხოვრობდი 15 დღე მეცხვარეების ქოხებში. ერთ დილას გავიგონე ვერტმფრენის ფრთების ხმა და არ ვმალავ ძალიან, ძალიან გამეხარდა… სახლში ვბრუნდებოდი…

ასეთი იყო ჩემი პირველი საბრძოლო ნათლობა ეშერაში და გაგრაში.

ძალიან კარგი მეომრები და გულანთებული ბიჭები დაიკარგნენ და დაიღუპნენ გაგრის დაცვის დროს ღმერთმა აცხონოთ: ზაზა სირბილაძე, გია ციბაძე, გოჩა ყარყარაშვილი, გიზო წულაია, კოტიკო ანდრიაძე, დავით კახიშვილი, ნუკრი დოლიაშვილი, ზურაბ კვანტრიშვილი, ძმები კობა და დავით სხირტლაძეები, გიორგი ჯაფარიძე, ოთარ ოძელაშვილი, გიორგი ქავთარაძე და სხვები.

სახლში უკვე დაღუპული ვეგონე ყველას. დედაჩემი მაინც მოუთმენლად მელოდა და მელოდა…

და როცა ცოცხალი გამოვჩნდი რა სიხარული ელოდათ ხომ წარმოგიდგენიათ. გაგრის შემდეგ კიდევ ბევრი სისხლისმღვრელი ბრძოლა მელოდა წინ, მაგრამ იმის შემდეგ, სომეხი გარიკა გასპარიანი, რომელსაც სიყვარულით “ფიქსას” ვეძახით ჩემი უღალატო მეგობარია.

 

 

 

 

Next Post

გიორგი ლაღიძე - „პოლიტიკურ ველზე პარტიათა ახალი გაერთიანება შემოდის“

ორშ ნოე 30 , 2020
3,414 წაკითხვაპოლიტიკურ ველზე პარტიათა ახალი გაერთიანება იქნმება. გაერთიანება, სავარაუდოდ მთავარი ოპოზიციის ნიშის დაკავებას შეეცდება, რომელიც არასაპარლამენტო ოპოზიცია-ახალი პოლიტიკურ ძალთა პლატფორმის სახელით გამოვა პოლიტიკურ ასპარეზზე. პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე აცხადებს, რომ პარტიათა შორის კონსულტაციები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს და მემორანდუმზე ხელმოწერა უახლოეს დღეებში მოხდება: „უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. ჩვენ გამოვნახეთ შეხების წერტილები და ვთანხმდებით […]