ავტორი: ლალი ცერაძე
1992 წლის 17 ნოემბერს ტამიშზე ირაკლი ამირეჯიბი დაიღუპა. იხსენებს კახეთის მხედრიონის მეთაური ნოდარ კირკიტაძე. ჩაწერილია 2016 წლის ნოემბერში.
ნოდარ კირკიტაძე: კახეთში შეკრებილი მოხალისეები ოჩამჩირის შემოგარენში რამდენმე სოფელში გადავანაწილე. ვცდილობდი მოსახლეობა მოწინააღმდეგის აგრესიისგან დამეცვა და პასუხისმგენლობა ავიღეთ კიდეც. უნდა ვთქვა, რომ ეს მოუმზადებელი ბიჭები ისეთი გულით იყვნენ ანთებულები, რომ საქმეს მთელი თავდადებით ეკიდებოდნენ. პირველი შეტაკება მოწინააღმდეგესთან მდინარე ცხენისწყლის შემოგარენში მოხდა. ორი დღით ადრე აქ მძიმე ბრძოლის შემდეგ, ბატონმა ჯაბა იოსელიანმა ადგილმდებარეობის გათვალისწინების მიხედვით დაგვტოვა პოზიციებზე. მხოლოდ ოცდაათი მეომარი მახლდა. დავბინავდით და სწორედ მაშინ გავიცანი ცხონებული ირაკლი ამირეჯიბი. მშვენიერი ქართველი ვაჟკაცი ჩანდა. უშიშრად დარჩა ჩვენთან. ეს იყო 1992 წლის ნოემბრის თვის დასაწყისში.
რამდენიმე დღეში მოწინააღმდეგემ სცადა ხელმეორედ შემოტევა განევითარებინა და დაგვიშინეს კიდეც ყველა იარაღებიდან. ღამის ორი საათი იყო. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდით პოზიციების დათმობას. ჩემი ბიჭებიც ვხედავდი მედგრად იდგნენ და უკან დახევას არც ფიქრობდნენ. მაგრამ, როგორც მეთაური კარგად ვხედავდი, რომ ამ ძალებით და შეიარაღებით გამკლავება სულ მალე გაგვიჭირდებოდა და მეგობრებს ჩამიხოცავდნენ. როგორც იქნა შევძელი ოჩამჩირის შტაბთან დაკავშირება და გენერალ ნიორაძეს სასწრაფოდ დახმარება ვთხოვე: „ერთი ტანკი მაინც დამახმარეთ მეთქი“. მისმა გაურკევევლმა პასუხებმა სულ გამომიყვანა წყობიდან: „ტექნიკა არ გვყავს და თუ ვეღარ ამაგრებთ, დაანებეთ თავი, დატოვეთ ეგ ადგილი და გამოდითო!“. ამ გაგანია სროლაში ამ პასუხებზე ნამდვილად უნდა საკადრისი პასუხი გამეცა და ერთი-ორი სიტყვა ჩვენებურად კახურად წაუკითხე. და თან დავემუქრე კიდევაც, უკანდახევის შემთხვევაში სასტიკად მოვთხოვდი პასუხს. როგორც იქნა ერთი „ბე-ემ-პე“ ძლივს გამომიგზავნა.
ის ჯოჯოხეთი ღამე როგორც იქნა გავამაგრეთ პოზიცია და გამთენიისას სროლა კანტი-კუნტადღა ისმოდა. ჩვენი მოწინაამდეგის შტაბი იქვე ჩვენგან დაახლოებით 800 მეტრში იყო განლაგებული. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ გვესარგებლა მოწინააღმდეგეზე უეცარი დარტყმით მათი შტაბბინა გაგვენადგურებინა, რათა პოზიციები შედარებით დაშორებულიყო ერთმანეთს. ასეთი დაღლილ-დაქანცულები, უძილოები და მშივრები დავიძარით კიდევაც. სხვა ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ირაკლი ამირეჯიბიც ჩვენს გვერდით იყო. როდესაც მივუახლოვდით მოწინააღმდეგის განლაგებას, მათ მიატოვეს სახლი და უკანა პოზიციებისკენ გაიქცნენ. ადგილმდებარობის დათვალიერებისას დავინახეთ ტრაქტორზე ამონალით სავსე ორი ჟანგბადის ბალონი იდო. მე და ირაკლიმ შევიტანეთ შენობის შიგნით და მათი ეგრეთწოდებული შტაბი ჰაერში წაიღო კიდეც. მეორე ბალონი კი ტრაქტორის ქვეშ ჩავდეთ და ამ დროს უკვე მოწინააღმდეგე, როგორც ჩანს, გონს მოეგო და ცეცხლის წვიმა დაგვიშინა. გრანატამიოტის ჭურვის აფეთქებამ სერიოზულად დაგვაზიანა. ამის მიუხედავად ვივაჟკაცეთ და მაინც ავაფეთქეთ მათი ტრაქტორი და ნელა-ნელა სროლა-სროლით გამოვაღწიეთ კიდეც წინა ხაზიდან. ეს იყო 1992 წლის 15 ნოემბერი. შეტევაზე კიდევ იქვსი ბიჭი მყავდა წაყვანილი: ვახო ჭუნაშვილი, ირაკლი გოგიაშვილი, ნოდარი ფრეწუაშვილი, კობა ლაგაზიძე, „გოროზიჩი“ და ჩეჩენი მეომარი რუსლანა.
დავბრუნდით ჩვენს პოზიციაზე და დავიწყეთ დამატებითი ძალების მობილიზება. სტრატეგიულად ცხენისწყლის პოზიცია ცუდი საომარი რელიეფის იყო. დაახლოებით 30-40 მეომარი მყავდა. ძირითადად ორ სოფელში ვიყავით განლაგებული – არადუში და ტუნგოშიც მქონდა პატარა შტაბი. სულ პოზიციებზე კახეთიდან 200 კაცამდე იყო გაშლილი. ჩვენ ვიცავდით ქალაქ ოჩამჩირის ზევით მარჯვენა ფლანგს. ორი დღის შემდეგ მოცვივდნენ ჩემი მეომრები და საზარელი ამბავი მოგვტანეს. ტამიშში ირაკლი ამირეჯიბი მოკლესო. ელდა მეცა, ვეღარ გავერკვიე, რადგან არც ვიცოდი ჩემი პოზიციიდან ირაკლი როდის და სად წავიდა, რა დაემართა, რა გადახდა, ან ტამიშში რა უნდოდა? ეტყობა ოჩამჩირის შტაბში გადავიდა და იქიდან წასულიყო. რაღა მომასვენებდა. ჩავსხი ჩემი ყვარლელი ბიჭები „ბე-ემ-პე“-ში და ტამიშისკენ გავწიეთ. დაახლოებით ხუთი კილომეტრი ვიარეთ და 15 წუთში უკვე ადგილზე ვიყავით. ძირითადი ინსტრუქციების გაცემის შენდეგ შევიჭერით ბრძოლის ველზე. ტამიშში ორმოცდაათ მეტრში პატარა სიმაღლიდან აგვიტეხეს სროლა. არანაირი საშუალება არ გვქონდა ირაკლის ცხედარი „ბე-ემ-პე“-ზე აგვეტანა. საჭირო იყო თავდაპირველად ცეცხლის ჩაქრობა. ამ სროლაში ჩემი მეომარი ვახო ჭუნაშვილი დაგვეჭრა. სისხლი თქეშად ასხავდა. გამოვიყვანეთ და ისევ უკან დავბრუნდით. როგორც კი დაგვინახეს აფხაზებმა გრანატამიოტის ჭურვები დაგვიშინეს. სერიოზული ბრძოლა გაჩაღდა. გადავფოთხდით და ირაკლი „ბე-ემ-პე“-ს უკანა მხრიდან მოვატარეთ.
ის იყო უნდა შემეყვანა შიგნით, რომ დაახლოებით სამოცდაათი მეტრიდან განწირული ყვირილის ხმა შემომესმა. ჩვენი გათვლით აფხაზები უფრო მოშორებით იყვნენ. მივხვდით, რომ ეს ჩვენი ჩარჩენილი ჯგუფი იყო და შველას ითხოვდა. აშკარა გახდა, რომ მათი დამხმარე ჩვენს გარდა არავინ იყო და უკვე სროლა-სროლით მათ საშველად გავიქეცით. ირაკლი ამირეჯიბის თანმხლები ჟურნალისტები, (როგორც შემდგომში გავიგე ქალბატონი ირინა გოგოსაშვილი და ფრანგი ჟურნალისტი იყვნენ გადაღებაზე წასული), რამდენიმე ჩვენი მეომარი და ადგილობრივები დაგვხვდნენ. დაჭრილებიც ყავდათ – გასისხლიანებულები გმინავდნენ, ისე შეშინებულიყვნენ, ადამიანის სახეები არ ქონდათ. როგორც იქნა, წვალებით და გადარბენებით ჩვენს „ბე-ემ-პე“-მდე მივხოხვით და, როგორც აღმოჩნდა, ამდენი ადამიანის დატევა მანქანაში უკვე შეუძლებელი გახდა. საღამოხანი იყო. მოწინააღმდეგემ ე. წ. სამხედრო ლუსტრებით გაანათა არემარე და რუსული სამხედრო ფანდებით დაგვწყეს დაცხრილვა. ხან დაბლა ისროდნენ და ხან მაღლა, რომ ტყვიის ტრაექტორია ნაკლებად განგვესაზღვრა. ისეთი მძიმე სიტუაცია და წუთები იყო, რაღაც მძაფრსიუჟეტიან ომის კინოფილმში მეგონა თავი. შინაგანად დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. და ვიცოდი მხოლოდ ერთი – ეს ადამიანები უნდა როგორმე გამეყვანა ამ ჯოჯოხეთიდან და გადაგვერჩინა. იმისთანა მუდარის თვალებით მიყურებდნენ, რომ შეუძლებელი იყო მათთვის თავი არ გაგეწირა.
რაღა გაეწყობოდა, ირაკლის ცხედარი ზევით „ბე-ემ-პე“-ს კოშკურაზე დავაბით და ჩავსხი შეძლებისდაგვარად დაჭრილები და როგორც იქნა დავძარით მანქანა, რომ გავიგონეთ აფეთქების ისეთი ხმა, რომ მანქანას აშკარად მოარტყეს ყუმბარა. „ბე-ემ-პე“-ს ძრავამ ხრიალი დაიწყო და როგორც მივხვდით მუხლულოც მოეგლიჯა. უკან ვერაფრით გამოვდიოდით. ირაკლის ცხედარი ხელახლა ჩამოვხსენით და ახლა ხოხვა-ხოხვით გამოვაცურეთ. დაჭრილები 20-30 მეტრში გამოვიყვანეთ და გამოსვლა დავიწყეთ. ასი მეტრიც არ გვქონდა გავლილი, დიდი ხმა გავიგონეთ. „ბე-ემ-პე“ აფეთქდა, საერთოდ დაიწვა. შავი ბოლი ავარდა და ცეცხლის ალები ბრიალებდა. სულ ხუთი წუთით გვიან რომ გამოვსულიყავით, ყველანი შიგ ჩავიწვებოდით დაახლოებით ორი კილომეტრი ხუთი საათი ვიარეთ, რადგან დაჭრილებს უჭირდათ მოძრაობა და ირაკლის ცხედარი ხელიდან ხელში გადაგვქონდა. ჯერ იყო ტყე-ტყე მივდიოდით. შედარებით ნეიტრალურ ტერიტორიაზე, როცა გავედით, უკვე ასფალტზე წამოვედით, მაგრამ ისე დავიღალეთ შეუძლებელი გახდა ცხედრის ტარება. დაჭრილებიც უფრო სუსტდებოდნენ და, რომ იტყვიან, ხელიდან მიდიოდნენ. გზის პირზე მილიციის „ტეკი“ ვნახეთ. გადაწყვეტილება მივიღეთ ირაკლი აქ დაგვეტოვებინა და შემდეგ გაგვეტანა. რაღაც მავთულის ღობე იყო შემოვლებული.
ბადე „შტიკნოჟით“ ავჭერი, შვიდი მეტრი გადავზომე ჩაის ბუჩქებისკენ და ცხონებული ბალახებში მივაწვინეთ, ზევიდან ბალახი მივაფინეთ, შევნიღბეთ როგორც შეგვეძლო. ისევ გამოსვლა დავიწყეთ. გავიყავით რამდენიმე ჯგუფად. დაჭრილები გავუშვით საავადმყოფოში. მე და ჩემი ბიჭები კი სულ სველები და გალუმპულები გავუდექით გზას ჩვენს შტაბამდე არადუში. დილას ბატონმა ჯაბა იოსელიანმა ბიჭები გამომიგზავნა, რომ გზა მეჩვენებინა. სამწუხაროდ, ორმოცდაერთი გრადუსი სიცხე მქონდა. ვეღარაფრით ავდექი ფეხზე, რომ ირაკლი „ტეკი“-დან გამომეყვანა და პატრონისათვის ჩამებარებინა. ნახაზი დავუხაზე და ჩემი მებრძოლი კობა ლაგაზიძე (მეტსახელად „თუში“) გავაყოლე მეგზურად. პირველად „გლდანის საძმოს“ ბიჭები გასულან საძებნელად თორნიკე ქურდაძესთან ერთად, მაგრამ მეგზურმა არასწორი გზისთ ატარა და ტეკს ასცდნენ. შემდეგ უკვე ბატონი ჯაბა თავად მიდიოდა ირაკლის ცხედრის გამოსატანად, მაგრამ მისმა დაცვის უფროსმა თამაზ ფანჩულიძემ „წესრიგამ“ არ დაანება და წაიყვანა გლდანელები პირდაპირ ტრასით და იპოვეს მიცვალებული და უკვე მაშინ გამოიყვანეს.
ძალიან გული მწყდებოდა და ვნანობდი ამხელა ვაჟკაცის დაღუპვას. სულ იმის ფიქრში და განცდებში ვიყავ, ჩემთან ერთად, რომ ყოფილიყო, იქნებ არაფერი შემთხვეოდა და ან კიდევ როგორმე გადამერჩინა. ირაკლის უცნაური სილამაზე და ხიბლი ქონდა, ქართული გენის ხიბლი. რაღაც ბავშვურიც იყო და თან ვაჟკაცი, უშიშარი. ტამიშზე, როდესაც გამოსათრევად ხელი შევახე მის გაშეშებულ, სისხლიან სხეულს, ვიგრძენი ტანში გამცრა და ჩამწვარ გულში ვიფიქრე – „ასე უბრალოდ და მალე როგორ მორჩა, ირაკლი, ჩვენი ძმობა მეთქი?“. ავადმყოფობის დროს მწარე ცრემლი მახრჩობდა და მერეოდა, თან ოჩამჩირის მომხდარი ერთი პატარა ეპიზოდი მახსენდებოდა – ვიღაც ადგილობრივი ბიჭი იჯდა პატარა ჯიხურში, წითელი კაშნე ეკეთა და ფეხიფეხგადადებული უდარდელად ყავას წრუპავდა. იმდენად გაყეყეჩებული სახე ქონდა წინა პოზიციიდან დაბრუნებული მეომრის გაღიზიანებას იწვევდა. სულ გვიკვირდა, რომ ახალგაზრდა კაცს თავისი ქალაქის ბედი არ აღელვებდა. ირაკლიმ ახედ-დახედა და ვიგრძენი გაბრაზდა. მითხრა „მოდი, ერთი კარგად შევაჯანჯღარებო“. მე ვუპასუხე: „არ გინდა, წამო, წამო, შეეშვითქო“. მეორე დღეს, რომ გამოვიარეთ, ვხედავთ ეს ბიჭი ისევ ისეთი უდარდელი სახით, ფეხიფეხგადადებული დამჯდარა წითელკაშნეაფარებული და უსასრულობაში იცქირება. ახლა უკვე მე გავცეცხლდი და მოვკიდე ხელი, ავაყირავე და შიგ დახლში ჩავახალე – „იქნებ გამოიღვიძოთქო“. სულ იმაზე მომდიოდა ცრემლები, რომ ვადარებდი ამ ადგილობრივის უდარდელობას და ირაკლის იმ პასუხისმგებლობას და ვაჟკაცობას, როდესაც ტყვიების წვიმაში ქალბატონებს გადაეფარა და მათ სიცოცხლე აჩუქა… ამ საკითხზე ყოველთვის მიმძიმდა საუბარი. ამ ხნის განმავლობაში მე ირაკლი არასოდეს დამვიწყებია. მენანება მისი სიცოცხლე. დიდება მაგის კაცობას, მართლა გმირი იყო.