ქართული ცის უცნობი გმირი – სლავა ჯაბუა – აფხაზების მიერ წამებით მოკლული ქართველი მფრინავი

11 879 Views

ლალი ცერაძე :სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიოგრაფია და ჟურნალისტიკა ხშირად კადრს მიღმა ტოვებს იმ გმირების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო ადამიანები იყვნენ , მათი ხსოვნა უნდა სამაგალითო იყოს და სამარადისოდ რჩებოდნენ ჩვენს უახლეს ისტორიაში. ერთ-ერთი მათგანი იყო შესანიშნავი პროფესიონალი და მამაცი სამხედრო მფრინავი სლავა ჯაბუა, რომლის შესახებ ფართო საზოგდოებისათვის თითქმის არაფერი არ არის ცნობილი. არადა  ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს მასზე გაცილებით მეტი აქვს დაწერილი და მონათხრობი ტყუილიც და მართალიც.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო ქართული სამხედრო ჯარის მშენებლობაც. საბჭოთა კავშირიდან ჩვენს ქვეყანას  რამდენიმე ერთეული თვითმფირნავი ერგო და მათ შორის სუ-25 ტიპის თვითმფრინავებიც და ვერტმფრენები. მაგრამ ყველაზე მეტად ჭირდა მფრინავები, რომელთაც შეეძლოთ გადაედოთ პირადი ამბიციები და გადმოსულიყვნენ ქართულ ავიაციაში.

და მართლაც გამოჩდნენ ასეთი გულანთებული მეომრები, რომლებიც გამოცდილები იყვნენ საბჭოთა ჯარში და ჩადგნენ თავისი სამშობლოს დამცველთა შორის. ასეთი მფრინავი აღმოჩნდა ვიცე-პოლკოვნიკი სლავა ჯაბუაც. მან მთელი მთელი თავისი პროფესიონალიზმი და შემართება მიმართა არა მარტო ქართული ავიაციის გაძლიერებისთვის, არამედ დიდი წვლილი მიუძღვოდა ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში. სლავა ჯაბუას დიდი გამოცდილება ჰქონდა მიღებული საერთაშორისო მისიებში ბრძოლის დროს. იყო ავღანეთის ომის მონაწილე და წარმატებული ოპერაციებისთვის ორი წითელი ვარსკვლავის ორდენით იყო დაჯილდოვებული. ყავდა შესანიშნავი ოჯახი და შინ სამი ლამაზი გოგონა: ირინა, ნათელა და მარინა ელოდებოდა.

გვესაუბრება, სლავა ჯაბუას ძმა, ზურაბი: აფხაზეთის ომი რომ დაიწყო ტყვარჩელში მდგომარეობა გაუმწვავდათ ქართველებს. ჩვენი ოჯახიც ძალიან დიდი საშიშროების ქვეშ აღმოჩნდა. მართალია, ქართული ჯარის ნაწილები მოუახლოვდნენ ქალაქს, მაგრამ არ  შემოვიდნენ  ბოლომდე  და  ჩვენ  ქართველები  აღმოვჩნდით აფხაზური მხარის მიერ იზოლირებულები. სრული  გაურკვევლობა იყო. მეც, ახლაც ვერ გამიგია რისთვის,  დამაპატიმრეს და სხვებთან ართად  საკანშიც აღმოვჩნდი. როდესაც ქართული საჯარისო ნაწილები შემოვიდნენ აფხაზეთში და კერძოდ ოჩამჩირეში, ქალაქ ტყვარჩელში დანებების ნიშნად თეთრი დროშები მაშინვე გამოკიდეს  და ველოდით ეროვნული გვარდიის გუჯარ ყურაშვილის რაზმის შემოსვლას, მაგრამ ამაოდ. აფხაზებიც დაბნეულები იყვნენ,  მე ჯერ გამომიშვეს საკნიდან და რამდენიმე საათში უკან შემაბრუნეს კიდეც.

რადგან ჩემი ძმები სამხედროები იყვნენ და რა თქმა უნდა განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ ვიყავით. ჩემი ერთი ძმა ვალერი აფხაზეთში „ომონის“ ჩამოყალიბებას ცდილობდა და ამაში როგორც უფრო გამოცდილი სამხედრო ჩემი მეორე მფრინავი ძმა სლავა ეხმარებოდა.  თავიდან სლავა არც აპირებდა რაიმე სახით მონაწილეობის მიღებას კონფლიქტში, არც იყო ამის სიტუაცია. და როდესაც გაიგო ჩემი დაპატიმრების ამბავი, ძალიან განერვიულდა. მან მიიღო სახიფათო გადაწყვეტილება გადმოსულიყო ქალაქში და ტყვეობიდან გავეთავისუფლებინე. ამისთვის ჩვენი ძველი მეგობრები დაუდგნენ მხარში და სპეციალურად  ექვსკაციანი  ჯგუფი  გადმოვიდა. ასეთი გულიანი ძმა მყავდა და იმაზე უფრო ვნერვიულობდი რამე ხიფათში არ ჩავარდნილიყო. ერთი კვირა იყო იყო ქალაქში შემოსული. ტყვარჩელში შახტებიდან ამონალი ამოიღეს და დანაღმეს იქაურობა. რა არ ეცადნენ ჩემი გათავისუფლებისთვის, მაგრამ ყველა მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. ამიტომაც მან  გადაწყვეტილება მიიღო და თითქმის  ფეხით გადავიდა ოქუმში, გალიდან თბილისში ჩავიდა და ქართულ ჯარში უკვე მფრინავად ჩაეწერა.

მე რამდენჯერმე დასახვრეტად გამამზადეს კიდეც და მაშინ იყო, რომ მიმიყვანეს ჩეჩნების საველე მეთაურთან  შამილ ბასაევთან დაკითხვაზე. მკითხა: „აფხაზების წინააღმდეგ იარაღი გეჭირაო?“ სიმართლე ვუთხარი ალალად – არ მეჭირა მეთქი. კიდევ რამდენიმე კითხვა დამისვა და, რა ვიცი, რატომღაც ჩემი თავი აღარ დაახვრეტინა. მოულოდნელად 1992 წლის 15 სექტემბერს გამიშვეს კიდეც პატიმრობიდან და ჩემი ოჯახი რუსლან ქიშმარიას ოჯახზე გადაცვალეს.

მინდა გითხრათ, რომ ჩემი ძმები გამოირჩეოდნენ პატრიოტიზმით და თვლიდნენ რომ საქართველო უნდა ყოფილიყო ერთიანი და ძლიერი, რუსეთისგან დამოუკიდებელი ქვეყანა. ამიტომაც გაწირეს თავები ამ ქვეყნის დასაცავად და მიუხედავად ამისა არავის მიმართ სიძულვილი არ ქონიათ. არ უნდოდათ საქართველო გამხდარიყო  გადამთიელი ბოევიკების სათარეშოდ და ამითვის ყველაფერი გააკეთეს. ჩვენ კიდევაც გამოვნახავდით საერთო ენას აფხაზებთან, მაგრამ გარკვეულ ძალებს არ სურდათ საქართველოს მთლიანობა, დააქციეს  და დაღუპეს აფხაზეთი. დღეს ეს უკვე კარგად ჩანს თუ ვის ხელში გადავიდა აფხაზეთის მართვა და რა ბედი ეწიათ. ჩეჩნებს სურდათ მუსულმანური მთიელ ხალხთა კონფედერაციის შექმნა და მათი დედაქალაქი სოხუმი უნდა ყოფილიყო. მე ვთვლი, რომ რუსებმა არასწორი პოლიტიკა გაატარეს და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აფხაზური სეპარატიზმის გაღვივებას შეუწყეს ხელი და ამის გამო შემდგომში ჩეჩნებთან ომებში ბევრი რუსი მეომარი დაკარგეს კიდეც.

ჩემმა  ძმამ  სლავამ. მოასწრო ომის დასაწყისშივე თავი გამოეჩინა, როგორც პროფესიონალ მფრინავს. ის მართავდა „სუ-25“ ბომბდამშენ გამანადგურებელს, რომლის მართვა არც ისე ადვილი იყო. იშვიათი იყო მისი გამოცდილება და პასუხისმგებლობა. დაღლილობის მიუხედავად დღეში 12 საბრძოლო გაფრენას ასრულებდა. არასოდეს არ უღალატია თავისი საქმისთვის, რომელიც  სამხედრო თავდადებაში გადადიოდა.

ავტორი ლ. ც. : როდესაც 1992 წლის 2 ოქტომბერს ბოევიკებმა  ქალაქი გაგრა აიღეს  და ყველამ დაინახა რა საშინელი სისიხლიმსმელი, დაუნდობელი ძალა შევიდა ქალაქში. გადამთიელებმა მშვიდობიანი მოსახლეობა გაანდგურეს  ყველაზე არაადამიანური, სადისტური მეთოდებით, არ დაინდეს ქალები, ბავშვები მოხუცები და თვით მიცვალებულებიც კი  შეურაცხყვეს,  სოხუმელებისთვის უკვე ცხადი გახდა, რომ ქალაქი ამ ბრბოს შემოვარდნისაგან  ნებისმიერ ფასად  უნდა დაეცვათ. ამ დროს ბრძოლები უკვე ეშერასთან მიდიოდა. ახალ ათონთან ერთ-ერთ რესტორანში განლაგებული იყო აფხაზური მხარის შტაბი და აქვე ყავდათ განლაგებული თავისი დაქირავებული ჯგუფები.

ქუთაისის კოპიტნარის აეროდრომიდან აფრინდა ორი „სუ-25“ ტიპის თვითმფრინავი. ერთს მართავდა სლავა ჯაბუა და გამყოლად ყავდა დაქა ყიზილაშვილი. თავიდან სხვა დავალება ქონდათ მიცემული, მაგრამ მოულოდნელად, გაურკევევლია რატომ, რაციით მიიღეს ახალი ბრძანება და მოხდა მათი გადამისამართება ეშერას შტაბის მიმართულებით.

როგორც აშკარად ჩანს, აფხაზები მას ელოდებოდნენ და 1992 წლის 11 ოქტომბერს 15 საათზე და 30 წუთზე სლავას თვითმფრინავს  საზენიტო კომპლექსიდან „იგლა“ მოარტყეს რაკეტა. სლავამ მოასწრო და თვითმფრინავი ზღვისკენ მიმართა და ნაპირიდან დაახლოებით სამ კილომეტრში კატაპულტირება გააკეთა. ამის შემდეგ მისი ბედი ომის პერიპეტიებში საერთოდ იკარგება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო პირველი  „სუ-25“ თვითმფრინავი რომელიც ჩამოაგდეს საქართველოში.

აფხაზურმა მხარემ ძალიან ბევრი მასალა და კომენტარი გააკეთეს სლავას უგზო-უკვლოდ დაკარგვის ვერსიების შესახებ. განსაკუთრებით აქცენტს აკეთებენ აბსურდულ ვერსიაზე, რომ ქართული სამი ვერტმფენი უშედეგოდ ცდილობდა პილოტის აყვანას ზღვიდან ბორტზე. რომ ძლიერი შტორმი იყო და რადგან ვერაფრით ვერ ამოიყვანეს  მეოთხედ შემოფრენილი ვერტმფრენიდან დაცხრილეს და თავად მოკლესო სლავა ჯაბუა. შემდეგ ვითომ გაგრასთან გამორიყა მიცვალებული და გადაცვალეს ქართულ მხარესთან. მაგრამ ამ განცხადებას ცხადად აბათილებს ის ფაქტი, რომ ამ ვერტმფრენებში სლავას ღვიძლი ძმები ისხდნენ და არავითარი გადაცვლაც არ მომხდარა. სლავას ცხედარი ახლაც არ ვიცით სად არის დამარხული. მე მგონი ეს ბრალდებები მათ სჭირდებათ მხოლოდ თავის გასამართლებლად, რადგან საერთაშორისო კონვენციებით პარაშუტით გადმომხტარი მფრინავის მოკვლა აკრძალულია.

აფხაზური მხარის მიერ გავრცელებული მორიგი მითი იმის შესახებ, რომ სლავა მიფრინავდა ახლი ათონის მონასტრის დასაბომბად აბსურდია, მას უფრო ადრეც შეეძლო ამის გაკეთება და ამ სამონასტრო კომპლექსს, როგორც ცნობილია ტყვია არ შეხებია. საერთოდ ქართული მხარე ყოველთვის იჩენდა თავისი ძირძველი ეკლესია-მონსატრების მიმართ სათუთ და გამაფრთხილებელ დამოკიდებულებას.

სლავა  ჯაბუას  ძმა  ვალერი: ჩემი  ძმის საძებნელად მაშინვე  დავიძარით  სამი „მი-8“ ტიპის ვერტმფრენით. ერთ-ერთში მე და პოლკოვნიკი  ჯიმი  მაისურაძე ვიყავით. ჯიმიმ  გაიგონა შეტყობინება  „S0S“  და სწორედ  ამ ადგილისკენ გაეშურა.  კარგი ამინდი  იყო  ზღვის ფსკერიც კი  მოჩანდა  და  მართლც  პარაშუტი  წყალში  ჩაგდებული  დავინახეთ.  თავად  სლავა კი, საუბედუროდ, არსად არ ჩანდა.  ეს ადგილი  იყო  გუმისთასა  და ახალ თონს შორის შაუკვარას დასასვენებელი სახლის მოპირდაპირედ. რამდენჯერმე ჩავუშვით კიდეც  ჩვენი ტექნიკი ამწით რომ პარაშუტი მაინც ამოგვეთრია, მაგრამ უშედეგოდ.  ეშერასთან იყვნენ შეკრებილი სხვადასხვა ჯურის ბოევიკები და მათ  აგვიტეხეს ნაპირიდან გამალებული სროლა.  აშკარა იყო, რომ რუსებმა კატარღით აიყვენეს სლავა წყლიდან  ნაპირზე  ცოცხალ-მკვდარი. როგორც ამბობენ, რომ იგი შემდეგ ახალ ათონში წაიყვანეს ბოევიკებმა და აწამებდნენ, აიძულებდნენ  კამერების  წინ  ეთქვა, რომ ის მივიდა აფხაზურ მიწაზე  მათ  დასახოცად, რომ ეს მიწა ქართველების არ არის. მაგრამ სლავა პასუხობდათ, რომ ის ქართულ  მიწას  იცავდა  გადამთიელებისაგან. თავისას რომ ვერ მიაღწიეს, წამების და ცემის შემდეგ, ამბობენ, რომ მას ბარბაროსულად თავი მოკვეთეს.

ავტორი ლ. ც. – ახალ ათონში სადაც უძველესი ქრისტიანული კერაა და  ჩვენი მაცხოვრის სუნთქვა ჯერაც ისმის, თავი მოკვეთეს სლავა ჯაბუას, ქართული ცის დამცველ გმირს. ამდენი წლის შემდეგ აფხაზეთში ბევრი რამ შეიცვალა, იქნებ ახლა მაინც გამოჩნდეს ის ადამიანი ვინც სლავას შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობს და ამით მაინც გადაიდგას ერთი პატარა ნაბიჯი ჩვენი შერიგებისკენ და თანაარსებობისკენ. მანამდე კი ჩვენი კიდევ ერთი დაუფასებელი ჯარისკაცი იქ აფხაზეთის მიწაზე თავის სამშობლოს ჯერ კიდევ იცავს.

ქართული  ავიაციის  დაარსების  დღედ  1992 წლის  19 სექტემბერი  ითვლება  და  გვინდა სამხედრო  ბატალიების  გახსენების  დროს  ყველას ახსოვდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  კოპიტნარის  სამხედრო  საავიაციო  ესკადრილიის  მფრინავის,  ერთგული მამულიშვილის  ვიცე-პოლკოვნიკ  სლავა ჯაბუას თავდადება და გმირობა.

მისი თვითმფრინავი ცაში აიჭრა და უკან აღარ დაბრუნებულა, მართლაც ზეცაში გაუჩინარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„საზოგადოებამ გადაწყვიტოს, საერთოდ, გვინდა თუ არ გვინდა“ - კახა კალაძე

ოთხ აპრ 22 , 2020
11 879 Viewsდედაქალაქის მერმა დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მის მიერ გამოთქმული ინიციატივა, რომელიც კვირის ან თვის გარკვეულ დღეებში კერძო ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვას ეხებოდა, კიდევ ერთხელ განმარტა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თვის ან კვირის კონკრეტულ დღეებში ავტომობილით გადაადგილების აკრძალვა ამ ეტაპზე მხოლოდ ინიციატივაა და მასზე საზოგადოება მოგვიანებით იმსჯელებს. თბილისის მერის განცხადებით, იდეა ჰაერის დაბინძურების დღევანდელი მაჩვენებლების შარშანდელთან შედარების შედეგად მიღებული რადიკალური განსხვავების […]

mediapress.ge@gmail.com