ლალი ცერაძე – ქართველი მეომრის ჯვარცმა, გარდაცვალება და ამაღლება (მეორე ნაწილი)

2,831 წაკითხვა

ლალი ცერაძე:

ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანწერეიამჯერად შემოგთავაზებთ ბატონ გენადი კვერნაძის მოგონებას გაგრის ბრძოლის შესახებ. ბატონი გენადი იდგა „საქართველოს გვარდიის“ ჩამოყალიბების სათავეებთან. იგი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ერთგულთა  შორის ბოლო წუთამდე დარჩა და სამხედრო ფიცისთვის არ უღალატია. თბილისის ომში მძიმედ დაჭრილი ძლივს გადაარჩინეს. შემდეგ „განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონში“ მეთაურის მოადგილედ დაინიშნა. თუ ახლოს გაიცნობთ ბატონ გენადის გაგაკვირვებთ მისი შემართება, მოთმინება, იშვიათი პატიოსნება, პატრიოტიზმი და შესანიშნავი ქართული ოჯახი.

ლალი ცერაძე: მისი ბიჭები გაგრაში მოწინააღმდეგის შემოტევას ბოლო წუთამდე იგერიებდნენ ეგერეთ წოდებულ სასტუმრო „კა-ბერ-ცე“-ს შენობაში და შემდეგ იყო მწარე და დამამცირებელი ტყვეობის წამები, წუთები, საათები და დღეები. ბევრი მისი რაზმელი მტრის სიშელეგემ და მხეცობამ იმსხვერპლა, მაგრამ მაიორ გენადი კვერნაძის სამხედრო შემართებამ და რწმენამ, რომ თანამებრძოლებს გადაარჩენდა საბოლოოდ სიცოცხლე აჩუქა მათ. როდესაც იგი თავისი ისტორიის ამ ნაწილს მიყვებოდა, ამდენი ხნის შემდეგ მაინც დავინახე მის თვალებში ჩამდგარი ომის ტრაგიზმის მთელი განცდა და კაეშანი.

გენადი კვერნაძე: რა მოხდა 2 ოქტომბერს გაგრაში „კა-ბერ-ცე“-ს შენობაში როცა ცოტა სიტუაცია დალაგდა ჩემი ბავშვობის მეგობარი სერგო მინაშვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა გვარდიაში ჩავეწეროთო. ჩვენც წავედით სამსახუროდ „განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონში“, რომელსაც დისლოკაცია ქონდა თბილისის არტირელიის სასწავლებელში „ტაოში“ და მაშინ იმყოფებოდა სამაჩაბლოში. ბატალიონის მეთური იყო  ბატონი თამაზ მეფარიშვილი. დავინიშნე მოადგილედ ტოპოგრაფიურლი სამსახურში. საკმაო რაოდენობის მეომარი მოგროვდა, მაგრამ ჩვენს მიმართ მაინც უკვე სხვანაირი დამოკიდებულება ქონდათ, რადგან ზვიად გამსახურდიასთან დავრჩით ბოლომდე. ოფიციალური სტატუსი იყო საჭირო, რომ ბიჭები რაიმე შარში არ გახვეულიყვნენ და ისევ სამშობლოს სადარაჯოზე დავდექით. ითვლებოდა, რომ ჩვენ ვიყავით ზვიადის ერთგული ჯარისკაცები და მაინც ეჭვის თვალით გვიყურებდნენ. ამ დროს ჩვენ ჩვენი ფიცი სამშობლოსადმი და სამხედრო მოწოდებას ბოლომდე ვუერთგულეთ და პოლიტიკაში ნამდვილად არ ვერეოდით.

აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, სამაჩაბლოში ვიყავით ვანათში. გაგრაში ბრძოლები მიდიოდა. შემდეგ თბილისის სატელევიზიო ანაძას ვიცავდით.

1992 წლის სექტემბრის დასწყისი იყო მორიგემ შემატყობინა, რომ პირველია ხაზზეო. მივხვდი თავად ედუარდ შევარდნაძე გვირეკავდა. პირადად დაგველაპრაკა და ბატალიონის მობილიზება მთხოვა, რადგან გაგრას უტევდნენ და თქვენი იმედი მაქვსო. თქვენ გამოცდილები ხართ და თქვენი დახმარება გვესაჭიროებაო.

დავუკავშირდი სამეთაურო შტაბს ბატონ ავთო ცქიტიშვილს და თამაზ მეფარიშვილს. მოგვცეს ამუნიცია და სრული შეიარაღება და 15 სექტემბერს უკვე გაგრაში ვიყავით.

აქ იმ დროს სისხლიმღვერლი ბრძოლა უკვე დამთავრებული იყო 28 აგვისტოს კოლხიდის შტურმით და 3 სექტემბრის სამშვიდობო ხელშეკრულება დადებული იყო. ჩვენი ბატალიონი ასე რომ ვთქვათ გამაგრებაზე გაგზავნეს. ცოტა გაკვირვებულები ვიყავით იმიტომ, რომ ფაქტიურად გაგრიდან შევრდნაძემ გამოიყვანა თავის მომხრე ნაწილები და 72 კაცით ჩვენ გაგვიშვა. ეჭვი შემეპარა ხომ არ გვიმეტებდნენ და უნდა გვთხრათ, რომ ჩემი ეჭვი გამართლდა. თამაზ მეფარიშვილი სამოქალაქო პირი იყო და ამიტომ უშუალო საბრძოლო მოქმედებებში ხელმღვანელობა ჩემს თავზე ავიღე.

თავდაპირველად სოხუმში გადავფრინდით და შემდეგ გაგრაში ვერტმფრენით როგორც იქნა ჩავაღწიეთ. რადგან რუსების სამხედრო ბაზა გუდაუთიდან ჩვენს გადაადგილებას ბლოკავდა, ბატალიონი სამ ნაწილად დავყავი.

პირველ ოცეულს მე ჩავუდექი, გადავფრინდი და დავუბარე მეთაურს თამაზ მეფარიშვლის, რომ თუ კავშირზე არ გავიდოდი, ესე იგი დავიღუპეთ და აღარ გადმოფრენილიყვნენ. ვერტმფრენი პილოტს ძალიან დაბლა დავაშვებინე, ზღვას გავაკარი როცა ბომბორას აეროპორტს გადავუფრინეთ და თუ აგვაფეთქებდნენ ისინიც ჩვენთან იქნებოდნენ. ამ არჩევანმა გაამართლა და დავჯექით ბოლო-ბოლო გაგრის სტადიონზე. ორი ოცეული ასევე გადმოფრინდა და გამოვცხადდით სარდალთან მიშა მარინაშვილთან შტაბში.

მიშას კარგად ვიცნობდი, რადგან სპორტს ერთად მივდევდით და „ტაოში“ ვვარჯიშობდით. როცა მას დაველაპარაკე, მისი საუბარი რაღაც არ მომეწონა. თბილისის ომის შემდეგ ისევ ეჭვებში ჩავვარდი. ხუმრობით ვუთხარი, „მიშა, ამისთანა დაცვა მოგიხერხებია გაგრაში, ალბათ, გენერლობას მოგანიჭებენ თქო“. რაღაც ცუდი ხმით მიპასუხა „გენო, ეს პოლკოვნიკობაც არ წამართვან და პაგონებიც არ მომხსნანო. აქ ვგრძნობ რაღაც ცუდი სიტუაციაა, თბილისში ვრეკავ და რაღაც უცნაურად მელაპარაკებიანო ან საერთოდ არ მცემენო ხმას. მალე შენ თვითონ მიხვდები ყველაფერსო“. იქ დამხვდა პოლკოვნიკი თემური ცხადაძე. თემურიმ ჩამიყვანა სარდაფში და მანახა მხოლოდ ერთი ცინკი ტყვია-წამალი ქონდათ. გულმა რეჩხი მიყო. ვიფიქრე – „კიდევ რაღაცას ხომ არ გვიწყობენ მეთქი“.

თბილისში ვნახე რა მტერთანაც მქონდა საქმე ანუ ქართველ მეტერთან და დამოუკიდებლობა ფულზე და უსინდისობაზე, რომ გაიყიდა და ზოგი ამიერიკისკენ და ზოგი რუსეთიკენ რომ დარბის ეხლაც საკუთარი კეთილდღეობისთვის და რაღაც ცუდ გუნებაზე დავდექი. მე კარგად მივხვდი, რომ საშიშროების დროს ქალაქის დასაცავად იქნებოდა მძიმე ვითარება. გულში ვფიქრობდი – „რატომ გაიტანეს ტყვია-წამალი? რატომ გაიყვანეს ბატალიონები? აფხაზებს და რუსებს როგორ ენდვნენ მეთქი? თან რაღა ჩვენ შემოგიყვანეს პირველ პოზიცებზე და რაღა შევარდნაძემ დამირეკათქო?“ გული მეუბნებოდა – „წინ დიდი განსაცდელი გელის და ნამდვილად ჩვენი გაწირვა და ამოხოცვა უნდოდათთქო.“

მიშა მარინაშვილს რუქა გამოვართვი და ვუთხარი „ნუ გეშინია მიშა, მე ჩამოვიტანე თბილისიდან ტყვია-წამალი“. გადამეხვია „გენო, შენ გენაცვალეო, აბა თქვენი იმედი მაქვს ბიჭებოო“.

ამიხსნეს ჩემი დისლოკაციის ადგილი და ჩავიბარე პოზიციები კოლხიდას და სომხური დასახლებას შორის გაგრის შემოსასვლელთან ბზიფის მხრიდან.

ვაჟა ქრისტესიაშვილმა ოცამდე საუკეთესო მებრძოლი მხედრიონელი გამაყოლა და მითხრა – „გენადი, ეს ბიჭები კარგი ვაჟკაცები არიან, შენთან წაიყვანეო“. მართლაც, „მხედრიონელები“ საუკეთესო მებრძოლები და ნამდვილი გმირები გამოდგნენ.

ჩემი ძირითადი საზრუნავი ბატალიონის ბიჭების მორალური მომზადება იყო. მეომრებს ფსიქოლოგიური სიმხნევე სჭირდებოდათ. ისინი შიშს რომ არ შეეპყრო, ამ ბავშვებს რომ შევყურებდი რაღაც მამაშვილური გრძნობა მქონდა გულში. ყველას გაფრთხილება მინდოდა, მოფერება. მენანებოდნენ სასიკვდილოდ.

ბატალიონი ორად გავყავი, ერთი გავიყვანე კოლხიდისკენ და მეორე ზღვისპირას სომხურ დასახლებასთან განვალაგე. სასტუმრო „კა-ბერ-ცეში“ გადანახული ტყვია-წამალი წამოვიღეთ და ბიჭებს დავურიგეთ.

ღამით ტერიტორიებს ვამოწმებდით. ერთი კვირა ჩემი ოცეულები პერიმეტრზე გამყავდა საჭირო მიმართულებით.

ზევიდან ტრასამდე გაკეთდა მეომრების ჯაჭვი. ყველას თავისი მეთაური ყავდა. გავაკეთებინე კორიდორი და თუ მტერი შემოვიდოდა პირდაპირ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა. კარგი პლაცდარმი გვქონდა. ტყესთან კარგი ადგილი შევარჩიეთ და ჩავუჯექით, ვუბრძანე – „სანამ მე არ დამიჯდება ავტომატის ლულაზე კაცი და არ ვისვრი, არც ერთი ტყვია არ გავარდეს მეთქი“.  მე მათ ყოველთვის ვასწავლიდი, რომ უნდა მოეკლათ მტერი და თან უნდა გადარჩენილიყვნენ. ბრძოლაში მამიდაშვილი, ბიძაშვილი არ გადის, იქ ნათესაური კავშირები ვერ გიშველის. გაჭირვების დროს მხოლოდ შენი მეგობრის თავგანწირვის იმედი უნდა გქონდეს, რადგან იქ სამშობლოსთან ერთად, ჩვენ ერთმანეთის სიცოცხლესაც ვიცავდით.

მინდოდა გამეგო რა საფრთხე გველოდა და ამიტომ წავედი ორ ჯარისკაცთან ერთად და უმისამართო სროლა ავტეხეთ. აფხაზები გამოგვეპასუხნენ და უკვე მტერი ამოცნობილი და განსაზღვრული იყო. მინდოდა ისინი კორიდორში შემომეტყუებინა, რადგან უკვე სროლები გვესმოდა სხვა პოზიციებიდან, რომ აქეთ გადმოენაცვლებინათ და კოლხიდის სხვა პოზიცებზე ზეწოლა შესუსტებულიყო. მანევრს მიმიხვდნენ და არ შემოვიდნენ.

მთელი ღამე გვათენეთ და დილით გადამოწმება დავიწყე, სად როგორი მდგომარეობა იყო – ვინ დაიჭრა, ვინ დაიღუპა, საბრძოლო განწყობა და ასე შემდეგ. ტყვია-წამალი „ემტელპეში“ ჩავალაგეთ და ორი კაცი წავიყვანე მათ შორის გენერალ კვინიკაძის შვილი ვახო და კიდევ ერთი ჯარისკაცი.

გავიარე კორიდორი და ჩავედი სომხებთან სოფელში. რაცია არ გვქონდა, კავშირი არანაირი. იქვე საბავშო ბაღის შენობა იყო და ხეებთან შევკრიბე მეთაურები და მომახსენეს, რომ მთელი ღამე ესროდნენ. გუჯა ავასაჯანიშვილი, გონერი პავლიაშვილი მიყვებოდნენ, რომ პოზიციაზე ტანკიც კი შემოსულა. გონერის (შემდეგ სოხუმში დაიღუპა) უსვრია ნაღმმტყორცნი და ნაღმები კიდეც მოხვედრია ტანკს და აუსხლეტია. ცოტა დაბნეულები იყვნენ და გაკვირვებულები.

მივხვდი შემოტევა იქნებოდა. დავიწყე ხალხის გამოყვანა ახლომდბარე ბინებიდან – „გამოდით გარეთ, აქ რაღაც მოხდება. ბრძოლა თუ დაიწყო საერთოდ ვერ გააღწევთ, ნაღმებით აიწევა ყველაფერი ჰაერში მეთქი“. ბიჭებს „სგუშონი-მალკოები“ გადავეცი, ადგილობრივი მოსახლე იყო კოკაია, მე გავუკეთებო ჩაის, რომ ცოტა დაესვენათ.

ამის შემდეგ რაღაც საოცარი სიწყნარე ჩამოვარდა. სიმშვიდე იყო. სროლის ხმა არსაიდან არ ისმოდა.

არ დამავიწყდება და გული მიკვდება, როცა 19 წლის აბელ ქართველიშვილის ვიხსენებ, რომელსაც უკვე მოესწრო სამაჩაბლოს ბრძოლაში ყოფნა. ის იყო პირველი მებრძოლი, რომელიც ჩემს თვალწინ დაიღუპა აფხაზეთის ომში.

აბელმა რაღაც ჩაფიქრებულმა მკითხა: „გენადი ბიძია, სიწყნარე რომ არის, იმ მომენტშიც შეიძლება გავარდეს ტყვია? ვუპასუხე: „ომში, სწორედ, მაშინ არის სიფრთხილე საჭირო, როცა სიწყნარეა“…

მოულოდნელად საშინელი სროლა ატყდა. ახლაც თვალწინ მიდგია ვხედავ ჭურვის ნამსხვრევებისგან დაგლეჯილი სისხლიანი ჩემი მებრძოლი ვანო მოყავთ „ესვედე“ გადაკიდებული. „ემ-ტე-ელ-პეში“ ჩავსვი ჩვენი ირაკლი ექიმი და ვანო და გასვლა უნდოდათ. შტაბის უფროსი დათო ძამაშვილი იჯდა მძღოლად.  სწორედ ამ დროს გამოვიდა იქვე მდგარი აბელ ქართველიშვილი და ჩვენსკენ გამორბენა უნდოდა. დავუძახე – „ხოხვით წამოდი მეთქი“, მაგრამ მან დაწოლა ვერ მოასწრო, ტყვია პირდაპირ მუცელში მოხვდა. ორმეტრიანი ბიჭი პირდაპირ ჩემს ფეხებთან უსულოდ დაეცა. აბელიც ავასვენეთ მანქანაზე და  წინ გაიყვანეს.

ამავე დროს დავინახე აფხაზების ტანკი მოგვადგა, ტრასაზე დაწყობილი ბეტონის ბლოკები გადმოანგრია და სიღრმეში დაიწყო შესვლა. ჩვენდა მოულოდნელად აღმოვჩნდით უკან მდგომ ქართველებს და აფხაზებს შორის. მე მათ ვერ ვხედავდი. ვიცოდი, რომ 101 ბატალიონი უნდა მდგარიყო იქვე, მეგრამ მე ადგილზე ვეღარავინ დავინახე. ჩემები ჩვენს მეთაურთან თამაზ მეფარიშვილთან ერთად ზევით იყვნენ სასტუმრო „კა-ბერ-ცეს“ შენობაში. ვერავინ გვიშველიდა და სროლაც დაგვიანდა. ბიჭებს ვუბრძანე – „გაიშალეთ და გახსოვდეთ უკან ჩვენები დგანან და სროლაში არ მოყვეთ მეთქი“ და ისევ ჯაჭვის გაკეთება ვუბრძანე.

მაღლა პარალელურად ტრასა მიდიოდა. იქამდე მინდოდა ასვლა როგორმე და იქ გამაგრება, რომ ზღვაში არ ჩევეძირეთ. პარალელურად დავიწყეთ მაღლა გადანაცვლება და ვხედავ მწყობრი ნაბიჯით მოდის ჩვენსკენ დაწყობილი რაზმი. ყველას „ავღანური“ ფორმა გვეცვა მაშინ და გარკვევა იყო ძნელი მტერია თუ მოყვარე.

ვიფიქრე ვინმეს ცოდვა არ დავიდო მეთქი, ქართველს არ მოვარტყა თქო და „კუროკიდან“ თითი კინაღამ ავიღე. დავუძახე „რომელი პოლკიდან ხართ მეთქი?“. ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ თავის მოძრაობით და ხელის იარაღის წავლებით მივხვდი აფხაზები იყვნენ და სიკვდილს ვუყურებდით პირდაპირ თავალებში.

ჩემს ქვევით ზაზა ბუზიაშვილი იწვა და დაიყვირა „რას უცდი გენადი? ისინი არიანო“ და დაკრა იმ წამში შაშხანით და სიკვდილს გადამარჩინა. შემდეგ ჩემი და ჩემი ბიჭების ავტომატის კაკანიც ატყდა. ამ დროს როცა ისვრი, უკვე გონება არ მუშაობს, მარტო მუშობს გრძნობა – ვინ მოკლა და კიდევ ვინ არის შემდეგი მოსაკლავი.

ომის პრინციპი ასეთია – მოკალი ოფიცერი და მოწინააღმდეგე შენს ფეხქვეშაა. თუ მეთაური მოკლეს ჩათვალე ბრძოლა მოგებულია. ამიტომაც ამომარჩიეს.

გამითავდა „მაგაზინი“და გადავხტი გვერდზე. ჩემმა მეომარმა „შარაპოვმა“ გაუშვა „ეფ-1“ ხელყუმბარა და თვითონ ბეტონთნ ჩაწვა. ყველა ჩაჟლიტა. ესროლა და ესროლა. მოწინააღმდეგე განადგურებული ეყარა სისხლის გუბეებში. საშინელი სანახაობა იყო. ბიჭებს ვუთხარი არ გაკარებოდნენ. ჩემს მეომარს მამუკას ვუბრძანე შეეტყობინებინა ზედა პოზიციებისთვის რაც ხდებოდა. მივხედე დაჭრილი ეგდო.

ძლიერი მეომარი მყავდა მამუკა თუშიშვილი. გადმოხტა აიყვანა და გაათრია. ეს აშკარად ქართველების ტყვია იყო უკნიდან, რადგან ვერ გაარჩიეს წინ რა ხდებოდა დაგვიშინეს. კავშირგაბმულობის უქონლობა თავისას შვრებოდა. დაახლოებით 50 მებრძოლი ალყაში მოვექეცით.

ეს იყო 1992 წლის 28 სექტემბერი. საუბედუროდ, ყველა ბრძოლის თარიღი ვიღაცის სიკვდილის დღეა და საქართველოში წესიერად არავინ არ იცის მათი მნიშვნელობა. უნდა ყველამ იცოდეს, რომ ჯარისკაცების ბოლო სასაკლაო აფხაზეთში სწორედ 28 სექტემბერს დაიწყო   და ეს ხოცვა-ჟლეტა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების და სამხედროების კისერზეა.

შემოტევის დაწყებისთანავე შტაბს დავუკავშირდი და ვთხოვე-ტექნიკა მომაშველეთ თქო. ტექნიკა არა გვყავსო – უაზროდ მიპასუხეს.

ჩვენს შემდეგ ზღვა იყო, ამიტომ უკან დახევას ვერც შევძლებდით. ადგილზე დარჩენის შემთხვევაში კი უეჭველად დავიხოცებოდით.

ვეღარ ვხვდებოდი, სად იყვნენ ჩვენი მეომრები. ავირიეთ და შემდეგ სროლა-სროლით როგორც იქნა გავედით. ყვირილით მიხვდნენ ზედა პოზიციაზე, რომ ქართველები ვიყავით და სროლა შეაჩერეს და წამოგვეშველნენ. შევუერთდით ქართველების ძირითად პოზიციას, გავერთიანდით.

ბიჭები თავგანწირულად იბრძოდნენ. მე დავრწმუნდი, რომ ქართველი კაცი ომში მამაცია და უშიშრად მიდის ტყვიის შესახვედრად.

ამ შეტაკების დროს ტყვია-წამალი შემოგვაკლდა და ხუთი მებრძოლის თანხლებით წავედი შტაბში და ტყვია-წამალი წამოვიღეთ. იქ შემდეგ გაურკვევლობა დაწყებულა და ზოგიერთებმა პოზიცების მიტოვება დაიწყეს. მაინც გამოუცდელები იყვნენ.

უკან დაბრუნებულებს მიხეილ მარინაშვილი შემოგვხვდა. იგი წინ გადაუდგა მებრძოლებს, რომლებიც უკვე ავტობუსში ისხდნენ და პოზიციებს ტოვებდნენ. მან ბიჭებს ბრძოლისკენ მოუწოდა. მისმა სიტყვებმა და ვაჟკაცობამ მეომრებს ბრძოლის დამატებითი სტიმული მისცა. ყველანი ადგილზე დავრჩით და პოზიციები გავამაგრათ.

ჩემი აზრით, მიშა მარინაშვილი იყო პატრიოტი და უშიშარი პიროვნება, რომელსაც, როგორც შეეძლო ისე ალაგებდა იმ ქაოტურ მოცემულობას, რასაც გაგრის ბრძოლა ერქვა.

გაგრის შტაბმა უკან დაიხია პოლიციის შენობაში. მე და თამაზ მეფარიშვილი ბრძანების მისაღებად ისევ მიშასთან მივედით. სარდალმა გასცა განკარგულება დავბრუნებულიყავით სასტუმრო „კა-ბერ-ცეში“ და გაგვემაგრებინა.

1992 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთოდ აურია ჩვენი პოზიციები და ბატალიონების განლაგება. დავკარგეთ სტრატეგიული ადგილები და ამას მოყვა გაგრის სისხლიანი, კოშმარული ტრაგედია, როდესაც ამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ამოხოცეს.

მაგალითად პოზიცია დაატოვებინეს მიხო მორჩილაძის ბიჭებს, რომლებიც ე. წ. „ქათმების ფერმასთან“ იდგნენ. ასევე მიუსერას სიმაღლეზე დაყენებული ორი ქვემეხი, რომელიც ბიჭვინთაზე იყო დამიზნებული მოხსნეს და პოზიცია დაატოვებინეს. ქვემეხების გარდა აქ ტანკიც იყო ჩასაფრებული და მხედრიონელი დავით მუმლაძე იდგა ბორჯომის ბიჭებით.

ისინი საჭიროების შემთხვევაში რუსების და აფხაზების რაზმებს ცეცხლს უხსნიდნენ და აფერხებდნენ მათ გადაადგილებას. აფხაზებმა ბევრჯერ სცადეს ქვემეხების განადგურება და ჩვენი სიმაღლიდან განდევნა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და სოჭის ხელშეკრულების შემდეგ კი, როცა მოხდა ქართულ- აფხაზური პოზიციების გაშორიშორება სწორედ ეს სიმაღლე გადასცეს აფხაზებს.

აქედან კარგად ჩანდა მარცხნივ გუდაუთა, მარჯვნივ – გაგრა. სიმაღლეზე ერთი დღით დადგნენ რუსები და შემდეგ აფხაზები შემოვიდნენ. ფაქტიურად გაგრა სწორედ იმ დღეს გაიწირა.

მთელი ღამე პოზიციებისთვის იარაღს და ტყვია-წამალს ვამზადებდით. შემდეგ შტაბში წავედით მიშასთან და დისლოკაციის ხელახალი განსაზღვრა ვკითხეთ. ისევ ჩვენი სასტუმრო დაგვისახელა და უკვე უკან ვბრუნდებოდით მე დათო დავითაშვილი და თამაზ მეფარიშვილი. ტყვიების ზუზუნში და წუილ-წულიში ძლივს მივაღწიეთ. აჩქარდი მეთქი მძღოლს ვუთხარი. მაშინვე საბრძოლო ხაზი ზედ ტრასაზე სასტუმროსთან გავაკეთეთ. შენობიდან ვერ ვხედავდი რამდენნი იყვნენ და რა ხდებოდა. მომესმა მძიმე ტექნიკის ხმა. ბიჭებს შევძახე „ახლა, ბიჭებო, თქვენ იცით მეთქი“.

ეს იყო 1992 წლის 1 ოქტომბერი.

ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა, რადგან შენი უცოდინრობით შეიძლება დაღუპო ხალხი და ნამდვილმა ოფიცერმა კარგად იცის, როგორ უნდა გაუფრთხილდეს ადამიანის სიციცხლეს. თუ ჯარი მოუკვდა გენერალი გენერალი აღარ არის და ოფიცერი ოფიცერი. სამი ბავშვი დავტოვე ოჯახში და ეხლაც ცრემლები მომდის, თვალში დამიდგნენ ჩემი შვილები. ამ ხნის ასაკში როგორი იყო უღირსად სიცოცხლის დამთავრება.

დავიწყეთ სროლა. ბიჭები ჯერ გაურკვევლობაში იყვნენ. თვითონ შენობაშიც განვალაგე ხალხი. ჭაბუკა მიშვლაძე რაციაზე მეჯდა. იქვე იყო თამაზ მეფარიშვილი. პირველ სართულზე პულიმიოტზე ვახო კვინიკაძე დავსვი. ლომივით ბიჭი იყო და არის. ვახო გიორგაძე, აჩიკო როზომაშვილი, მერაბ ბალალაშვილი, ალიკა ალიხანაშვილი, ახვლედიანი ვახტანგი, ავსაჯანიშვილი ელგუჯა, ანტონაშვილი თეიმურაზი, თევდორაშვილი სულიკო.

მე სულ დაბლა ჩავედი. სასტუმროში იყო ორი შემოსასვლელი. ერთი ტრასიდან და მეორე მთის მხრიდან გზა პირდაპირ შენობაში შემოდიოდა. შევამოწმე.

მოულოდნელად ვხედავ სასტუმროსკენ მოწინააღმდეგის მეომარი გამოიქცა. მან უცებ ავტომატი მარცხენა ხელში გადაიტანა და ხელყუმბარა ამოიღო და ხელი მოიქნია. იმის ხელის აწევა და ჩემი სროლა ერთი იყო. ავტომატის ჯერი მივუშვი. შენობის მინები ჩაიმსხვრა და აფხაზი იქვე დაეცა, მაგრამ მან შენობაში ხელყუმბარის შემოგდება მაინც მოასწრო. ბიჭები გაშეშდნენ და შეშინებულები მიყურებდნენ. გავბედე და წამში ხელი ვტაცე. იქნებ მოვასწრო და გარეთ გადავაგდო მეთქი. დავხედე ხელყუმბარას – თურმე, საბედნიეროდ, გახსნა ვერც მოესწრო, „ზაპალი“ გატეხილი იყო და მხოლოდ, ამიტომ გადავრჩით. უდავოდ უფალმა გვაჩუქა ეს წამი. მოვისროლე გარეთ და ისევ ზევით ავვარდი.

მესამე სართულიდან დაბლა გადავიხედე. სასტუმროს შენობას ოთხასამდე აფხაზი მებრძოლი უახლოვდებოდა. შტაბს დავუკავშირდი, მდგომარეობა ავუხსენი და ტყვის-წამლის მოშველიება ვთხოვე. მითხრეს – „ცოცხალ ძალას მოგაშველებთო“. თამაზ მეფარიშვილს სამხედრო გამოცდილება არ ქონდა, შტაბნიკი იყო, ცოტა ჩასუქებული კაცი და მითხრა „გენადი, მე ვერავის ვერ ვესვრიო“. ისეთი გაცეცხლებული ვიყავი ვუპასუხე – „ვესვრი კი არა დედებს მოუკითხავ. მე აქ იმისთვის მოვედი, რომ ჩემი სამშობლო დავიცვა მეთქი“.

ბრძოლა უკვე სასტუმროს ფოიეში მიმდინარეობდა. აზარტში შევედი დაუშვი და დაუშვი ტრასირები.

უცებ პირველი სართულიდან აფეთქების ხმა გაისმა. მივხვდი დიდი უბედურება მოხდებოდა.

სანიტარი ლევან ლეშკაშელი ამოვიდა. თურმე ხელყუმბარა შემოეგდოთ პირველ სართულზე. ერთი წამით ჩავიხედე დაბლა საშინელება ტრიალებდა. ყველაფერი სისხლიანი იყო. ხორცის ნაფლეთები აქეთ-იქეთ ეყარა. დანარჩენი მებრძოლები მოვიკითხე. ბიჭებმა მითხრეს – ჯობია ისინი, არ ნახოთო. ზოგს თავი ქონდა მოგლეჯილი, ზოგს – ხელ-ფეხი.

ბიჭებმა საკაცით ამოიყვანეს აჩიკო როზომაშვილი. მთელი სხეული დაფლეთილი ქონდა. ცოტა ხანში ვახო გიორგაძე ამოიყვანეს, რომელსაც ხელყუმბარამ ხელის მტევანი მოაგლიჯა.

ავტომატის „რემენი“ მოვუჭირეთ. მკლავი მთლიანად გაუსივდა, ამიტომ იძულებული გავხდით „რემენი“ მოგვეშვა. რამდენჯერმე გავიმეორეთ ასე. ვახო სისხლისაგან იცლებოდა. სიკვდილის წინ მითხრა – გენო, მე ცოლ-შვილი არ მყავს, ერთოთახიანი ბინა მაქვს გლდანში და ვინმე უპატრონი ბავშვს მიეცითო. შემდეგ სიმღერა დაიწყო და ვაჟკაცურად შეეგება სიკვდილს.  ერთი წაღიღინა, დასუსტდა და სული უფალს მიაბარა კიდეც. ამ ყველაფერმა ძალიან გამამწარა.

შუადღისას აფხაზებმა სროლა შეწყვიტეს და გადამცემით გველაპარაკებოდნენ – გამოდით, მოლაპარაკება დავიწყოთო. ჩვენ სროლას მაინც ვაგრძელებდით. არ გვინდოდა, ეფიქრათ ტყვია-წამალი გაუთავდათო, თანაც შტაბიდან დახმარების იმედი მაინც გვქონდა.

გაანათლე ღმერთო მამუკა თუშიშვილის სული ავტომატი აახმიანა, ამას იქიდან ვახომ კვინიკაძემ დააყარა ტყვიამფრქვევი. შემდეგ მამუკა  შევცვალე ძალიან გადაიღალა. სამი ხელყუმბარა დავილაგე გვერდზე და ახლა მე გავაგრძელე სროლა. ვახო ფეხში დაჭრეს მძიმედ.

მოგვიანებით აფხაზები შენობაში მაინც შემოიჭრნენ და კიბეზე ამოსვლა დაიწყეს. დაიწყეს ხორხოცი, ბღავილი, გნიასი, კივილი და ყვირილი. შეტევაზე რომ გადმოვიდნენ, დააყარეს ჩემმა ბიჭებმა რაც ქონდათ და აიზილა ყველაფერი. სისხლის ტბები იდგა. ქვევით ჩვენს ჩასვლას უკვე აზრი არ ქონდა.

რაციით გაგრას ვუკავშირდებოდით და ვთხოვდით ტყვია-წამალს და დახმარებას. ჭაბუკა მიშველაძეს (შემდეგ აქ დაიღუპა თბილისში) გადმოსცეს, რომ ეცადეთ შენობის სახურავზე თეთრი ზეწრები დააფინოთ ნიშნადო.

მე კი შტაბს დავუკავშვირდი და გამწარებულმა ვღრიალებდი – არ ჩანს დიდი ძალა, დაგვეხმარეთ, ხმაურით წამოდით და ტყვია-წამალი მაინც მოიტანეთ მეთქი. კაცი-შვილი არ მოსულა.

მინდოდა ზევიდან გადამეხედა რა ხდებოდა. ბიჭები ყვიროდნენ ფანჯარასთან არ მიხვიდე გენო სნაიპერი მუშაობსო. მაინც გადავიხედე და უკვე არტირელია მოეგორებინათ და მივხვდი ძალიან ცუდად იყო საქმე. რადგან ავტომატით და ლიმონკით მძიმე ტექნიკის წინაშე უძლური ხარ. ჩვენ შეგვეძლო მესამე სართულიდან გადავსულიყავით ტყეში, მაგრამ აფხაზები ტყიდანაც წამოვიდნენ და იქიდანაც გვესროდნენ.

საერთოდ, მე ნაკლებ მსხვრპლზე ვფიქრობდი და რახან სისხლი დაიღვარა, აქ უკვე ისეთი სიტუაცია იყო ან უნდა გაგვემარჯვა, ან უნდა დავხოცილიყავით. თან იმას ვფიქრობდი, რა უნდა გვექნა არტირელიის წინააღმდეგ. მარტო ვერტმფერნის იმედიღა დაგვრჩა. გვითხრეს აგვიყვანთო. რას ნიშნავდა ეს დღესაც ვერ გამიგია. როგორ უნდა ავეყვანეთ. სნაიპერი თავს არ გაყოფინებდა და გაგანია სროლა მიდიოდა.

ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო, რომ გაგვწირეს. ტყვია-წამალი პრაქტიკულად აღარ გვქონდა.

რახან ბრძანება იყო მამუკა გოგებაშვილი და ალიკას (გვარი არ მახსოვს) ვუბრძანე ასულიყვნენ სახურავზე და ზეწრები გაეფინათ. თან ვაფრთხილებდი – ბიჭებო, თქვენ გენაცვალეთ, ფრთხილად სნაიპერი მუშაობს, ხოხვით გადით სახურავზე და როგორც გველები ისე გასრიალდით. შვილებო, არაფერი მოგვივიდეთ არ მიღალატოთ მეთქი. საწყლები, მართლა ჯოჯოხეთში გავიდნენ და გადარჩნენ. სანამ დაბრუნდნენ ის რამდენიმე წუთი სიკვდილის ტოლფასი იყო. ცოცხლები რომ დავინახე ცრემლები წამომივიდა. გადავეხვიე ძალიან საყვარელი ბავშვები იყვნენ.

ამ დროს მოხდა უცნაური ფაქტი. მოფრინდა ვერტმფრენი და ორი ბომბი ჩამოაგდო. პირდაპირი მნიშვნელობით აბსოლუტურად გადარეული ვიყავი. რა მექნა აღარ ვიცოდი. ჩემი ეჭვები, რომ ჩვენ იქ ორი  მხრიდან გვიტევდნენ ქართველებიც და აფხაზებიც უკვე საბოლოოდ დადასტურდა.

მაკაროვში თითო ტყვია და თითო-თითო ლიმონკა დაგვრჩა. დილით რომ დავიწყეთ უკვე გვიანი ღამე იყო. სიბნელე, არანაირი შუქები. არანაირი ხედვა. სად რა ხდებოდა ვერ გაიგებდი. რამდენიმე საათი გავძელით.

დაჭრილების კვნესა, ტყვიების ზუზუნი, გინება ყველაფერი ერთმანეთში აირია. ძარღვებში სისხლი გამიშრა, მივხვდი რამდენიმე წუთში ყველა ჩემი ბიჭი დაიღუპებოდა, მაგრამ არ შეგვშინებია. საკუთარი თავის რწმენა თუ გაქვს, შიშს ადვილად დაძლევ. შიშის დაძლევაში ერთმანეთის წინაშე დგომა, ერთმანეთის თვალები დაგვეხმარა. გააფთრებულებმა გავაგრძელეთ ისევ სროლა.

შტაბან კონტაქი საბოლოოდა გაწყდა.  ამ დროს აფხაზები ჩაგვერთნენ რაციით  და გვითხრეს: თქვენი შტაბი ჩვენს ხელშია, თქვენი მეთაურები უკვე დიდი ხანია თბილისში გაიქცნენო, თქვენ გაგწირეს და რა თავებს იხოცავთ ან ჩვენ რას გვხოცავთო? ბიჭებო, ძმურად, გვეყოფა… დიდი მსხვერპლია და ნუღარ დავამატებთ მოლაპარაკება გავმართოთო. ამის შემდეგ მივხვდით, რომ არავის იმედი აღარ უნდა გვქონოდა.

როგორც შემდეგ გაირკვა, 35-მდე აფხაზი დავხოცეთ და ორმოცდაათ კაცამდე დაიჭრა.

სროლა შეწყდა. თამაზ მეფარიშვილმა, ოთხი შვილის მამამ კარგად იცოდა, რაც მოხდებოდა და მკითხა – რა ვქნათო? ტყვია-წამალი პრაქტიკულად აღარ გვქონდა. მე ვუპასუხე – თამაზ, ჩვენ ასაკიანები ვართ, სამი შვილი მე მყავს ოთხი შვილი შენ მეთქი. ამ ბავშვებს ზოგიერთს ქალიც ჯერ არ უნახია და სიყვარულიც არ იციან მეთქი. კაცურად იბრძოლეს და მოიხადეს ვალი. ახლა კი ჩვენი მოვალეობაა გადავარჩინოთ მეთქი. ჩვენ ოფიცრებს დაგვხვრეტენ და ამათ შემდეგ გაცვლიან. უეჭველია ერთადეთი კაცი რომ მაინც გადარჩეს ესეც დიდი საქმე იქნება თქო და ეს ერთადერთი კაცი რომ შენ იყო არ იტყვიან სხვები რატომ არ გადაარჩინაო? თამაზის იმ პირობებში ვერც ვეტყოდი ჩემს ეჭვებზე, მაგრამ ქალაქელი კაცი იყო და უჩემოდაც ისედაც მიხვდა ყველაფერს.

პატარა ბიჭები იყვნენ ოცი წლის. ზოგი დაჭრილი ზოგი სისხლისგან იცლებოდა. კნესა და გმინვა ისმოდა, ხორცის ნაფლეთები აქეთ-იქეთ მიმოიფანტა და ზედ კიდევ დახოცილები ახლა აფხაზები ეყარნენ. საშინელი სანახაობა იყო, სრული ჯოჯოხეთი.

თამაზი კიდევ კარგად მიმიხვდა რასაც ვეუბნეოდი და გადავწყვიტეთ ღმერთს მივენდოთ და მისი სახელის ხსენებით, მის ნებას მივყოლოდით. რაღაც გუმანი თუ ძალა მეუბნეოდა, რომ მე ამ ბავშვებს გადავარჩენდი. ეხლაც მიკვირს, რა იყო ეს გრძნობა. რადგან ისე შემართებით იომეს საკუთარი სიცოცხლის ფასად, რომ მე უკვე მათი გადარჩენა მინდოდა მთელი გულით.

თან იმიტომ კიდევ მეცოდებოდნენ, რომ გაგვწირეს, მიგვატოვეს და კიდევ ჭურვები დაგვაყარეს. ჩასახოცად წაგვიყვანეს და მე თავად არ ვიცი რა მალაპარაკებდა, რომ უფალმა დახმარების ხელი გამოგვიწოდა. ეტყობა ჩვენი დაღუპული მეგობრების სისხლის და გაჭირვების ფასად რომ იტყვიან, ჩვენი ცოდვით დაიწვა და ისეთი მართლები ვიყავით, რომ სხავგარად შეუძლებელი იყო მომხდრიყო.

შევკრიბეთ ბიჭები და ვბჭობდით, როგორ მოვქცეულიყავით. ბესო ნარიმანიძემ გვერდზე გამიხმო და მითხრა: ხელყუმბარა თან მაქვს, ტყვედ ჩაბარების ვარიანტი არ არსებობს… მე ვუპასუხე – ბესო, ომის კანონი ასეთია – მეთაურებს დახვრეტენ, შემდეგ ტყვეებს გაცვლიან. თუნდაც ერთი მებრძოლის სიცოცხლე, რომ გადარჩეს, ესეც დიდი საქმეა-მეთქი.

ამ დროს აფხაზებმა გადმოცემით გვითხრეს, ჩაგვეგზავნა ერთი განიარაღებული მებრძოლი, რომელსაც მათი წარმომადგენლები ამოჰყვებოდნენ და დაგვეწყო მოლაპარაკება. ბიჭებს ვკითხე, რომელი ჩახვალთ მეთქი, ისევ ნავთლუღელმა ბიჭმა ალიკამ თქვა – მე ჩავალო. იარაღი დატოვა, ჯიბეში ხელყუმბარა ჩაიდო და დაბლა ჩავიდა. რამდენიმე წუთში ამოვიდნენ აფხაზი სერგეი და ერთიც ჩეჩენი. ჩეჩენი კაპიტანი იყო. აფხაზს ქართველი დედა ჰყავდა… ჩეჩენმა გვითხრა – „Вы очень бравые ребята. Я такого боя от грузин не видел и не ожидал. Я чеченец и как скажу так и будет. Сдавайтесь сами и сдавайте оружие. В замен я беру на себя вашу безопасность, вы будете официальными военнопленными и я вас приведу к закону и не допущу над вами самосуд. Вас пальцем некто не тронет. Я гарантирую вашу жизнь.“

მე ვუპასუხე – „Мы согласны. Офицер офицеру должен доверять“

არჩევანი არ გვქონდა. ბიჭებს ვუჩურჩულე იარაღი მოშალეთ და ისე ჩააბარეთ მეთქი. დავთანხმდით იარაღის ჩაბარებაზე. ოღონდ ერთი პირობით – დაჭრილებისათვის ოპერაცია გაეკეთებინათ და მიცვალებულები დაემარხათ. შემდეგ მთავრობასთან გამართულიყო მოლაპარაკება.

ჩეჩენ კაპიტანს ქამარში ჩავავლე ხელი და სიბნელეში გავყევი. იქ  წელზე ეკიდა ხელყუმბარები, პატარა იარაღიც და ასე უცნაურად ვენდეთ ერთმანეთს და გავედით. ორმოცდაათ კაცამდე ვიყავით. გვემატებოდნენ ადგილობრივი შენობის მომსახურე პერსონალიც.

კორიდორში აფხაზი და ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების ყვირილი და ხორხოცი ისმოდა. გადარეულები იყვნენ ამდენი მეგობარი დაეღუპათ. მათ ჩვენი დახოცვა უნდოდათ, აშკარად სისხლი სწყუროდათ.

ჩეჩენი კაპიტანი მიხვდა საშიშროებას და გაისროლა, რათა ისინი შეეჩერებინა –

– „Я не дам вам их убивать! Они солдаты и исполняли свой долг и проявите к ним уважение!“

შემოიყვანეს ბორტიანი მანქანა და ჩეჩენმა მითხრა – „Я сяду рядом с шафером и приведу вас к закону и там будут решать вашу судьбу. Я буду вас защищать, потому что вы оказались настоящими мужиками и бойцами. И поэтому закон и решит вашу жизнь.“

ჩეჩენი მძღოლის გვერდით დაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით წაგვიყვანეს. მიგვიყვანეს მილიციის შენობაში გაგრაში და აფხაზი მებრძოლებისგან გაკეთებულ კორიდორში გაგვატარეს ცემა-ტყეპით.

შეგვიყვანეს საკნებში ჩაგვსვეს. ჩეჩენს მოველაპარაკე და დაჭრილები წაიყვანეს საავადმყოფოში და მიცვალებულები დასამარხად წაიღეს.

დაიწყეს ჩვენი ზურგჩანთების შემოწმება და იქ ჭუჭყიანი „პარტიანკების“ მეტი ვერაფერი ნახეს. ესეც გაუკვირდათ ნაყაჩაღარი არ აღმოგვჩნდა. ჩემმა მეუღლემ, ქეთინომ წასვლის წინ მომცა ცოტაოდენი ფული და ხელის სამკლაურში მედო. ამოვიღე და მივეცი.  „Зачем вам нужны были деньги?“ – მკითხეს. „Чтобы в будке купить сигареты“. „Вы что их покупали?“ – ესეც გაუკვირდათ.

მე ვუპასუხე – „Я офицер, а не маленький пацан чтобы у кого то отнимать что нибудь“

რატომღაც მომინდა მათთვის ღირსეულად ქართველი ოფიცრის სახე დამენახებინა. ისინი „ნაიომნიკები“ იყვნენ და საკუთარ მამას მოკლავდნენ ფულისთვის და ჩემი ოფიცრის ღირსება ამაყად წინ წამოვწიე, რადგან უკვე მაინც დახვრეტის მოლოდინი გაგვიჩნდა.

შეურაცხოფას არავის არ ვაყენებ, მაგრამ ქართველებზე კარგი წარმოდგენა არ ქონდათ. ამბობდნენ, რომ ჩვენ ქართველებმა გავძარცვეთ და დავაყაჩაღეთ გაგრელები და პატივისცემას არ ვიმსხურებდით და ჩვენგან ასეთი თავდადება გაუკვირდათ. სახლებს რაღაც გვიწვავდითო? გეცხოვრათო? ათასი პრეტენზიები ქონდათ..

მე კიდევ იმაზე ვფიქრობდი ეს რა დაგვემართა – თბილისში გვესროდნენ ქართველები, გაგრაში მესროდნენ აფხაზები და ქართველებმა მიღალატეს? რა ჯოჯოხეთი ხდებოდა ჩემს თავს ვეღარ ვიგებდი. და თან ვწუხდი რომ სწორედ იმიტომაც გაგვიმეტეს დასახოცად, ზვიად გამსახურდიას და სამშობლოს ფიცის ერთგული ჯარისკაცები ვიყავით – „განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის“ მეომრები.

მათ შეძლეს და მოინდომეს ჩვენი გაწირვა და შემდეგ ალბათ სურდათ ჩვენი მოღალატეებად გამოცხადება. ედუარდ შევარდნაძის პირობებში ამიტომაც ვერიდებოდი ამ საკითხებზე საუბარს და რადგან საეჭვო პირობებში დაიღუპა მიხეილ მარინაშვილი, ააფეთქეს სამხედრო მოსამსახურეები და პარტიის ლიდერებიც დახოცეს.

მე მაინც ჩემს გადარჩენილ ბიჭებს ვუფთხილდებოდი და ვიცოდი რასაც დაგვმართებდნენ მათი სპეცსამსახურები.

მაგრამ უფალი უფრო მეტი აღმოჩნდა და დღეს ჯერ კიდევ ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ვარ და ჩემს საყვარელ შვილიშვილებსაც ვეფერები.

მართლაც, რომ როგორც ამბობენ, „Пути Господни не исповедими“ – უფლის გზები და სურვლები გამოუცნობია.

Next Post

„სრულიად წარმოუდგენელი სცენა.. ექიმები ჯგუფურ-კლასტერულ სურათს იღებენ“ - კოტე მათითაშვილი

შაბ აპრ 25 , 2020
2,831 წაკითხვასაუნივერსიტეტო კლინიკაში შეკრებილმა ექიმებმა კონფერენციის შემდეგ ჯგუფური ფოტო გადაიღეს, რასაც მათივე კოლეგებისგან გაკვირვება მოჰყვა. პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ან მე ვერ ვხვდები ვერაფერს ან ესენი ყველანი ავად არიან Covid -19 ით, ან სხვა უკურნებელი სენით და ჯგუფურ-კლასტერულ სურათს იღებენ … დისტანციის და დაცვის საშუალებების დედაც … სრულიად წარმოუდგენელი სცენა … დღეს … გაგანიაკარანტინია ქვეყანაში!“

შესაძლოა მოგეწონოთ