ემზარ ჩხეტიანი – „შეტევის დროს, როცა ჩემი მეგობრები მოცელა მტრის ტყვიამ, ჩემი პატარა ვაჟის თვალებმა გამიელვა“

6,696 წაკითხვა

ლალი ცერაძე

ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“, სადაც ვიხსენებთ აფხაზეთსა და სამაჩბლოში განვითარებულ საომარ ბატალიებს. ამჯერად შემოგთავაზებთ კოდორის ხეობის მოხალისეთა რაზმის მეთაურის მოგონებებს ფრონტის წინა ხაზზე და მის მიერ განცდილ და გადატანილ წარსულის ხედვას.

ომი… ომი ძალიან მძიმე  ჟამია ადამიანებისთვის, მოსახლეობისათვის…

ეს უმძიმესი განსაცდელი ჩვენც დაგვატყდა თავს. ვინ იფიქრებდა ჩენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევის გარიჟრაჟზე ამხელა გაჭირვებას, ადამიანურ და მატერიალურ დანაკარგს განვიცდიდით და გადავიტანდით.

რაც მთავარია მაშინ ვერვინ იფიქრებდა, როგორ წარიმართებოდა საქართველოს ბედი და საუბედუროდ დავკარგავდით ჩვენი სამშობლოს ძირძველ ტერიტორიებს, ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწას – სამაჩაბლოს და აფხაზეთს?!

ყველაფერი ნელ-ნელა თითქოს შეუმჩნევლად დაიწყო… მე აფხაზეთის მაცხოვრებელი ვიყავი და თითქოს სიწყნარეში უცბად დაიძაბა მდგომარეობა, სროლების ხმა გაისმა, დენთის სუნი დატრიალდა ჰაერში, შემდეგ უკვე ცეცხლის კვამლი ავარდა და დაიწყო სრული აგონია და კრახი…

საქმე ის იყო,  რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ  პოლიტიკოსემბა ვერ გამონახეს საერთო ენა ერთმანეთში და იმხელა დაძაბულობა განავითარეს, რომ კატასტროფა გარდაუვალი იყო. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მოსვენებას არ აძლევდა ჩვენს მტრებს და კიდევაც აგვიფეთქეს ჩვენი ქვეყნის სისხლხორცეულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოსახლეობა ოსების და აფხაზების, სომხების სახით და შედეგი იყო საომარი ვითარების წინაშე დადგომა. ჩვენ დამოუკიდებლობა გვინდოდა, მათ – რუსეთის მფარველობის ქვეშ ცალკე სახელმწიფოების გამოცხადება.

დღევანდელი დღის გადასახედიდან დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზებიც, ოსებიც და ქართველებიც მოტყუებული დავრჩით და აშკარაა რომ ამ ომით ვერ მოიგო ვერავინ. დაგვეღუპა ოჯახის წევრები, მეგობრები, შვილები, მეუღლეები, მამები ყველა მხარე დაზარალდა. და ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორც საქართველოა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიის დაკარგვა ჩვენი საერთო ეკონომიკური სტაბილურობისთვის კატასტროფიულად დამღუპველი აღმოჩნდა.  დღესაც ასე გრძელდება სამაჩაბლოს და აფხაზეთის ტერიტორიიული და ადამიანური რესურსის გამოუყენებლად და არამთლიანობის გარეშე შეუძლებელია საქართველომ შეასრულოს კავკასიაში სტაბილურობის და ეკონომიური აღმშენებლის ფუნქცია.

თავის დროზე ურაპატრიოტიზმის და ულტრანაციონალისტური იდეების და ლოზუნგების შედეგი იყო ეს ჩვენი მარცხი, რომლის გამოსწორებაზე, ფაქტიურად, დღეს უკვე არავინ არ მუშაობს და იბრძვის.

იმ დროს, როდესაც რომ იტყვიან თბილისში „ქუხდა“ ურთიერთდაპირისპირების სიტყვა, ვერ გამოინახა ისეთი პოლიტიკური გაწონასწორებული ძალა, რომელიც შეძლებდა სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის გარეშე მოეგვარებინა და დაერწმუნებინა მოწინაღმდეგე სხვა ეროვნების მაცხოვრებლები, რომ  ერთიან ქვეყანაში უფრო ადვილი და სასიხარულო გახდებოდა წინსვლა და წარმატებები. ამ არეულობით ისარგებლეს ჩვენთან უხვად ჩანერგილმა ეგრეთ წოდებულმა „გავლენის აგენტებმა“ და გაჩაღებული დაპირისპირების ნაპერწკლები უფრო  გააღვიეს და ხანძრად აქციეს. საუბედუროდ, ქვეყანა ყველა პარამეტრით დამოუკიდებლობისთვის მზად არ აღმოჩნდა.

როგორც ახალგზრდა კაცს, რომელსაც გული მერჩოდა, რა თქმა უნდა, მინდოდა მეც გამოვდგომოდი ჩემს ქვეყანას და ისეთ ადამიანებთან მინდოდა ყოფნა, რომელიც სამშობლოს წინსვლას შეუწყობდა ხელს. და ასეთი შემთხვევაც მოხდა, როდესაც მე „საქართველოს მხედრიონში“ მოვხვდი. ეს პირველად, 1989 წლის აფხაზეთში განვითარებული მოვლენების დროს დაიწყო. მოსახლეობაში უკვე საუბრები გაჩნდა სეპარატიზმზე და აშკარად ჩანდა, რომ ბევრს სურდა არეულობის დაწყება და შეხლა-შემოხლები დაიწყო კიდეც სოხუმში. იყო პირველი მსხვერპლიც.

ამ მოვლენებმა ძალზე აწია პატრიოტული გრძნობები და მივხვდი, რომ მაშინ აფხაზეთი იყო ის ადგილი, სადაც ეროვნული სულისკვეთება იყო ერთიანი. სოხუმში უნივერსიტეტში მღველვარებები დაიწყო. მოსახლეობა ეროვნული ნიშნით ფიზიკურად დაუპირისპირდა ერთმანეთს.

ვითარებამ მოიტანა, რომ სრულიად ახალგაზრდა ბიჭი ძალზე მობილიზირებული გავხდი განსაცდელის წინაშე და უკვე დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, როდესაც მე გამაგზავნეს გულრიფშიდან აფხაზეთ-სვანეთში კოდორში უღელტეხილზე. აქ უნდა დავხვედროდი თბილისიდან მომავალ ორმოცდაათკაციან ჯგუფს, რომელიც უნდა დაგვხმარებოდა სოხუმში მდგომარეობის განმუხტვაში და სტაბილიზაციაში.

აქ უღელტეხილზე გამაცნეს შედარებით დროული ასაკის პიროვნება, ძალიან წარმოსადეგი კაცი, რომელიც ჯაბა იოსელიანი აღმოჩნდა. ბატონი ჯაბა მაშინ 63 წლის ასაკს ითვლიდა და როცა ეს ჭარმაგი კაცი დავინახე უღრან ტყეში კლდე-ღრეში მოსიარულე, ჩემს თავს დაუსვი შეკითხვა – მქონდა კი მე უფლება მე, ახალგაზრდა კაცს, სამშობლოსთვის თავი არ გამეწირა?!

მაშინ აფხაზეთში ცოტა ჩაწყნარდა მდგომარეობა და სიტუაცია შედარებით განიმუხტა. შემდეგ ჩემმა ახლობელმა დათო გადრანმა მიმიყვანა თბილისში „ჭადრაკის სასახლეში“, სადაც მაშინ იყო სამხედრო მოხალისეების და პატრიოტების შეკრების ადგილი და დამაახლოვა მხედრიონელებთან. მე არ ვნანობ განვლილ წლებს, რადგან უკან მიხედვის არ მრცხვენია – მე ჩემს მამულს სადაც უჭირდა ყველგან ვიყავი და ვცდილობდი ჩემი ოჯახი და მამა არ შემერცხვინა.

1992 წლის 14 აგვისტოს კოდორის ხეობაში ვიმყოფებოდი სახლში და ჩემმა ბიძაშვილმა შემატყობინა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოვიდნენ ქართული შენაერთები და მძიმე ტექნიკა. ისიც მითხრეს რკინიგზის დაცვის მიზნით მოლაპარაკებულები იყვნენ და გაერთიანებული ძალებით უნდა დაეცვათ ტვირთების გადაზიდვა. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა –  მთავრობის სასახლიდან გვარდიელებმა ჩამოხსნეს აფხაზური დროშა და შემოვიდა მძიმე ტექნიკა, მდგომარეობა უკიდურესად  უფრო დამძიმდა.

პირველი შეტაკება დაიწყო გულრიფშში,  აგუძერასთან. იყო მსხვერპლიც. აი, ასე დაიწყო ომი და დაპირისპირება.

სამწუხაროდ, ერთ-ერთი პირველი ამ სროლების დროს  თბილისის პოლიციის მუშაკები დაიღუპნენ. და, როდესაც ჩემი ბავშვობის მეგობარი ბადრი გუჩიანი გამოესალმა სიცოცხლეს, მივხვდი,რომ ომი აფხაზებსა და ქართველებს შორის გარდაუვალი იყო.

რამდენიც უნდა ილაპარაკონ და აბრალონ მხედრიონს ომის დაწყება, ეს არის აბსურდი, რადგან ერთადერთი პატრიოტული ძალა, რომელიც იყო ომის წინააღმდეგი სამაჩაბლოში და აფხაზეთში იყო ბატონი ჯაბა იოსელიანი და „საქართველოს მხედრიონი“. სამაჩაბლოში ბიჭებმა შეასრულეს ურთულესი მისია ოსებს და ქართველებს შორის კონფლიქტის ჩაქრობის და მტყუან-მართლის გარჩევის. ახლა კიდევ აფხაზეთი…

ის ძალა, რომელიც გულში მჯიღს ირტყავდა და სხვა ერის წარმომადგენლებს  განადგურებით ემუქრებოდა მხედრიონი ნამდვილად არ ყოფილა. ამიტომაც პირველივე წუთებში ცდილობდა ბატონი ჯაბა იოსელიანი პოლიციის და გვარდიის წარმომადგენლების შეტაკებები აფხაზებთან რამენაირად ჩაექრო და მოლაპარაკების მაგიდასთან ისევ თავდაპირველი შეთანხმების ჩარჩოებში მოექცია საკითხი – დაეცვათ რკინიგზა გაერთიანებული ძალებით რუსეთის საზღვრებამდე. ამიტომაც ჩავიდა სოხუმში და ელოდა ვლადისლავ არძინმასთან შეხვედრას, მაგრამ არძინბა, მიიღო რა უკვე რუსეთიდან ახალი დავალებები და სხვა გათვლები ქონდა, ამ შეხვედრაზე არ მივიდა.

მაშინ კოდორშივე მომაკითხა  პოლიციის თანამშრომელმა გამგებლის სახელით თხოვნით –  გავყოლოდი სოხუმში. უკვე 1992 წლის 16 აგვისტოს მივედი ე. წ.   „სტალინის აგარაკზე“, რომელშიც ქართული მხარის შტაბში პირდაპირ თათბირზე აღმოვჩნდი, რომელსაც ატარებდა თავდაცვის მაშინდელი მინისტრი თენგიზ კიტოვანი. თათბირს ესწრებოდნენ ასევე ბატონები: გია ყარყარაშვილი, გელა ლანჩავა, ავთო იოსელიანი, გივი ლომინაძე, ბორის კაკუბავა, გენო ადამია და სხვები. უცბად აღელვებული შემოვიდა აფხზეთის სამხედრო პოლიციის უფროსი სოსო ახალაია და თ. კიტოვანს მოახსენა, რომ სოხუმში შექმნილია ცუდი ვითარება, სრული უკონტროლობა, ქაოსია და მოქალაქეები ითხოვენ იარაღის გადაცემას.

მაშინ იარაღის ფლობა არ იყო ადვილი, რადგან ფიზიკურად არ ქონდა ქართულ გვარდიას დასარიგებლად. ბატონ გივი ლომინაძეს ასევე მეც ვთხოვე ჩემი რაზმელებისთვის შეიარაღება. მარტო ორლულიანი სანადირო რამდენიმე თოფის იმედზე ხომ ვერ ვიქნებოდით!? გარეთ აღელვებული ბიჭები მელოდებოდნენ. უარყოფითი პასუხის შემდეგ ცალკე ოთახში თენგიზ კოტოვანს ვთხოვე იარაღის გადმოცემა კოდორის ხეობისთვის შემოსასვლელების ჩასაკეტად. დამპირდა 100 ავტომატს მოგცემთო. ოთახიდან დავურეკე თბილისში ბატონ ჯაბა იოსელიანს და ვითარებაში ვცდილობდი გამერკვია.მეორე დღეს ოცამდე ავტომატი ძლივს მომცეს და რადგან ეს ძალიან ცოტა იყო,  გენო ადამია და ავთო იოსელიანი დამპირდნენ დახმარებას.

მე ჩემი რაზმიდან რამდენიმე კაცი გავაგზავნე კოდორში. ხეობაში რაზმი ადგილობრივი სვანებისგან შექმნა ემზარ კვიციანმაც, მაგრამ არც მათ არ ქონდათ შეიარაღება.  რომ ვნახე საშველი არ იყო და მდგომარეობა უფრო და უფრო მწვავდებოდა 19 აგვისტოს თბილისში გადავფრინდი. ბატონი ჯაბა შეძლებისდაგვარად დაგეხმარა.

საოხუმის შემდეგ აშკარად მწვავდებოდა ვითარება ქალაქ გაგრაში. სოხუმში სროლების შემდეგ დაპირისპირება სახეზე იყო. მაშინ გაგრაში რამდენიმე სამხედრო ფორმირება ჩავიდა და ერთ- ერთ საღად მოაზროვნე ძალას წარმოადგენდა „საქართელოს  მხედრიონის“ მცირერიცხოვანი რაზმი, რომელსაც მეთაურობდა ბატონი ბადრი ფირცხელიანი, შემდგომში ქალაქის კომენდანტი.

სოხუმის მსგავსად 15 აგვისტოს ლესელიძეში გადმოსხდა „შავნაბადას“ ბატალიონის დესანტი, რომელსაც მაშინვე თავს დაესხნენ სომხური მოსახლეობისგან შედგენილი რაზმი და რამდენიმე საუკეთესო ბიჭი დაიღუპა კიდეც.

ბატონი ჯაბა იოსელიანი საერთოდ წინააღმდეგი იყო ომის გაჩაღების და თბილისიდან ბადრის სთხოვდა რემენაირად განემუხტათ სტუაცია და აეცილებინათ ფართომაშტაბიანი შეჯახებები. გაგრა პატარა ქალაქი იყო და ყველა ყველას იცნობდა არც აფხაზებს არ სურდათ თავიდან მდგომარეობის გამწვავება, მაგრამ უკვე გამზადებულები იყვნენ საომრად ჩეჩნური რაზმები და კაზაკები, რომლებმაც დაიწყეს გადმოსვლა სხვადასხვა გზებით და დაბანაკება გაგრის გარშემო მთებში. მათ მხარეს იყო სომხური მოსახლეობაც, რომელსაც თბილისიდან გაკეთებული ნაციონალური განცხადებები არ მოსწონდათ და სეპარატიზმს აქეზებდნენ. სულ რამდენიმე დღეში გაგრა გახდა მთავარი დასაცავი ობიექტი, რომლის დაკარგვამაც შემდომში დაგვაკარგინა აფხაზეთი, რადგან საზღვარი იხსნებოდა რუსეთიდან და ჩვენი მტრებისთვის მდინარე გუმისთამდე გზა ხსნილი იყო. სანამ ჩეჩნეთის ომი დაიწყებოდა იდეაში ქონდათ ჩეჩნეთის რუსეთიდან გამოყოფის შემთხვევაში ისლამისტური სახელმწიფოს შექმნა და დედაქალაქი უნდა ყოფილიყო სოხუმი.

აი, ამგვარი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სახელმწიფოს, ჯერ არ შემდგარი ჯარის უიარაღო თავდაცვის სამინისტროს და მხოლოდ შინაგანი ჯარის და კომუნისტების დროინდელი მილიციელების იმედზე შევიდა ჩვენი სამხედრო ძალა გაურკვეველი პოლიტიკური, მე ვიტყოდი, ავანტიურით აფხაზეთში.

მაგრამ ამის ფონზე სხვაა ჩვენი ბიჭების თავგანწირვა და პირადი  შერკინება მოწინააღმდეგესთან. არ დაგვაგვწყდეს რომ ზოგმა სროლაც არ იცოდა და პირდაპირ აღმოჩნდა სასატიკი და დაუნდობელი მოწინააღმდეგის პირისპირ, როდესაც სიკვდილს არავინ არ ელოდა.

20 აგვისტოს სოხუმში ჩავფრინდით. აეროპორტში უამრავი ადამიანი დაგვხვდა. უმეტესობა ჩემი ნაცნობები იყვნენ და ყველა საბრძოლველად იყო განწყობილი. 22 აგვისტოს ბატონ ჯაბასთან ერთად გადავფრინდით გაგრაში. იმდენად მოულოდნელად აღმოვჩნდი წინა ხაზზე, რომ სამხედრო ტანსაცმელიც კი არ მქონდა თეთრი შარვალ კოსტუმით მომიხდა წასვლა.  ჰაერს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. წამოგვეწია რუსების თვითმფრინავი და მოითხოვა ჩვენი გუდაუთაში დაჯდომა. ჩვენი პილოტი მაშინ იყო, ცხონებული ჯიმი მაისურაძე, რომელმაც ვაჟკაცურად გაგვიყვანა სამშვიდობოს.

გაგანია ზაფხულის აგვისტოს თვე იდგა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დამსვენებლებით სავსე იყო გაგრის პლიაჟები და სასტუმროები.

გაგრის ქართული მოსახლეობისათვის ეს სამხედრო მარში ცოტა არ იყოს უცნაური იყო და მათი დახმარების იმედი ზოგიერთი გამონაკლისის გარდა ნაკლებად იგრძნობოდა. მშვიდობიან მოსახლეობაში მაინც ერთგვარი სიმშვიდე იყო, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სულ რამდენიმე კვირაში ქალაქში შემოვიდოდა პირსისხლიანი, დაუნდობელი, დაგეშილი მტერი, რომელიც არავის არ დაინდობდა.

ჩვენ „საქართველოს მხედრიონის“ წევრებთან ერთად აღმოვჩნდით დაბა კოლხიდის თავზე. 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულზე „შავნაბადას“ ბატალიონმა და ჩვენმა ბიჭებმა განახორციელეს შეტევა მთაში, ტრასაზე და  ზღვის სანაპიროზეც. აქ იყო ასევე თელავის ბატალიონიც.  მტერი ჩასაფრებული იყო მთის ფერდებზე გზის გასწვრივ და დაუშინეს ჩვენს კოლონას. საუბედუროდ, დაიღუპა ბევრი ვაჟკაცი მეომარი.

მხედრიონს ასევე დაევალა კოლხიდის მაღლობის გასუფთავება, რადგან სწორედ აქედან აკონტროლებდნენ ქვევით ტრასას. საერთო შეტევა უნდა დამთავრებულიყო ბზიფის ხეობის აღებით. მახსოვს ეს შეტევა ძალიან ძვირად დაგვიჯდა. 

შეტევამ მთაში ცოტა დაიგვიანა. მოწინააღმდეგემ მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწია.  საქმე ის იყო, რომ ჩვენი ოპერაციის ხელმძღვანელი გიგა არველაძე დაგვეჭრა და მისი გადარჩენა გახდა საჭირო.

წინა დღეს შსს პოლიციის აკადემიის კურსანტები ჩახოცა მტერმა და მათი ცხედრების გამოტანაც და მოწინააღმდეგის განდევნა დაგვავალა. ეს არ იყო ადვილი შეტევა, მთაში ბრძოლა ძნელია. საიდან რა ტყვია გამოვარდება გამოუცნობია. მახსოვს ოპერაციაზე გასვლის წინ  ჩემი რაზმის წევრებმა სვანური „ლილეო“ დააჭექეს. მანქანა დაიძრა და ისეთი მხნე შეძახილი გაისმოდა მთაში, ასეთი აღარც მომისმენია მას შემდეგ. ამ სიმღერაში ჩანდა, რომ მამული გვიყვარდა და ერთმანეთს ვემშვიდობებოდით კიდეც, რადგან არავინ იცოდა ცოცხალი უკან ვინ დაბრუნდებოდა.

კურსანტების დაღუპვიან მეოთხე დღეს 28 აგვისტოს სიმაღლეზე ავაღწიეთ და საშინელი სურათი გადაგვეშალა თვალწინ. სული მეტკინა – ერთ დროს ულამზესი ვაჟკაცი ბიჭების ცხედრები მზეზე გადაშავებული ეყარნენ. ზოგს ყელი ქონდა გამოჭრილი და ენა ამოყოფილი, ზოგს ყურები წაჭრილი, ზოგს – ცხვირი. ცხედრებზე ათასგვარი შეურაცხმყოფელი ნივთები ეყარა. მიცვალებულები ვიღაც მანქურთებს გაემასხარავებინათ. მტერი ჩასაფრებული დაგვხვდა და ატყდა ერთი გნიასი და სროლა. ჩვენს არ დავიბენით და ვუპასუხეთ. ვერ ვიტყვი მაინც და მაინც ჩვენს დაწოლას გაუძლესო. დაჯიჯგნილი ცხედრები ბრძოლის ველიდან წამოვასვენეთ და ვგრძნობდით ისინი ჭეშამრიტად უანგარო მამულიშვილები იყვნენ…

შეტევის დროს მოგვიკლეს ჩვენი თბილისელი დედისერთა ვაჟკაცი მიხეილ ბურძგლა, ვალერი ფანგანი, ჯონდო ხაფთანი. ჩემი რაზმის წევრები: მალხაზ კორძაია, თემურ გადრანი, ზაზა არღვლიანი, გურამ გადრანი,  გოგი ჯაფარიძე, ჯეირან ფარჯვლიანი, მურმან გურჩიანი, ემზარ აფრასიძე  და სხვა მეომრები ალყაში მოაქცია მტერმა.  გვებრძოდა საკმაოდ დაუნდობელი ჩეჩენი საველე მეთაური შამილ ბასაევი თავისი რაზმით.

მიუხედავად დიდი დანაკარგისა ალყა გაირღვა, ბიჭებმა შესანიშნავად იბრძოლეს, გადავეხვიეთ ერთმანეთს და ვულოცავდით მტრის მოგერიებას. ჩემს გვერდით იყვნენ ძმები ვაშაკიძეები, შვიდი ძმა აფრასიძე, ძმები ჯაფარიძეები, ელგუჯა გერლიანი, ალეკო სუხაშვილი, ემზარ ონიანი,  და სხვები. ისინი ყოველ დღე გადიოდნენ პოზიციებზე, თავი არსად არ შეურცხვენიათ და შემცვლელი კი არ ჩანდა. ბიჭები ძალიან გადაიღალნენ.

სწორედ ჩვენი მეომრების გმირობა ჩაიდო იმ ხელშეკრულებაში საფუძვლად, რომელიც უკვე 1992 წლის  3 სექტემბერს მოსკოვში დაიდო ჩვენს და აფხაზებს შორის დაზავებაზე და ცეცხლის შეწყვეტაზე. რომელიც შემდეგ მუხანათურად დაირღვა და გაგრა დაიკარგა კიდეც.

გაგრის შტაბში მე შევესწარი ბატონ ჯაბა იოსელიანის და ბატონ ედუარდ შევარდნაძის სატელეფონო საუბარს. ბატონი ჯაბა მთელი ხმით ყვიროდა, რომ არაფრით არ შეიძლებოდა გაგრიდან ჩვენი შენაერთების გაყვანა. პირიქით გაგრის დაცვა უნდა გაძლიერებულიყო, თორემ მერე გვიან იქნებოდა.მაგრამ ვინ მოუსმინა?! სწორედ ის მაღლობი, რომელზეც ჩვენი არტირელია იდგა და ბზიფი იბომბებოდა დატოვეს ჩვენმა მეომრებმა და მძიმე იარაღი გამოიტანეს. და რა თქმა უნდა  ეს ქალაქი განწირული იყო.

შინაგანად ამ ხელშეკრულების არ გვჯეროდა არც მე და არც სხვას. ერთ-ერთ მუხლში იდო გაგრიდან, როგორც არაფორმალური შენაერთის, „საქართველოს მხედრიონის“ რაზმის გამოყვანა.

ისეთ ოჯახში გავიზარდე, რომ არც მამას და არც ჩემს ძმებს იარაღი არ გვყვარებია არასდროს. დაუჯერებელია, რომ სვანს კაცს იარაღი არ უყვარდეს, მაგრამ ეს ფაქტი იყო.

თავად ბრძოლის მიმართ ჩემი გრძნობა ასეთი იყო, რომ მე სხვებს ვერ ჩამოვრჩებოდი, ვერც მივატოვებდი ჩემს იმედზე მყოფ თანამებრძოლს და შეტევაზე აუცილებად უნდა წავსულიყავი ნებისმიერ ფასად, რადგან მე სხვაგვარად არ შემეძლო. რაღაც უხილავად ვგრძნობდი, რომ ჩემს თვალწინ საქართველო დაკარგავდა რაღაც ძალიან უძვირფასეს განძს და ამის დაშვება ჩემი ღრმა რწმენით არ შეიძლებოდა. როცა მამაპაპური სისხლით გაჟღენთილ ჩემს მიწა-წყალს ვიღაც გადამთიელები და გადარეულები მგლეჯდნენ მე ქალაჩუნურად სახლში ვერ დავჯდებოდი. კი, ამას ნამდვილად ბრძოლის ველზე სიკვდილი მერჩია…

თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის მაშინ წარმოუდგენელი იყო ადამიანის მოკვლა. ეს უნდა ნამდვილად ვაღიარო.. პირველად სისხლში მცურავი დაღუპული მეომარი რომ დავინახე, კარგა ხანს ვერც ვაცნობიერებდი, რომ არ სუნთქავდა და ცოცხალი არ იყო.

ძალიან ძნელია როდესაც მიდიხარ ომში, გადიხარ პოზიციაძე და გყავს ორი თვის ბიჭი. მიდიხარ ბრძოლაში და გრძნობ რომ ცოტა ხანში მარადისობის საკუთრება გახდები და შენს შვილს გულში ვერ ჩაიკრავ ვერასოდეს. ახლ უკვე ვიცი, რომ ჩემი შვილი მაშინ ყველაზე მეტად მიყვარდა. მაგრამ ჩემს გვერდზე მყოფი ბიჭებიდან ბევრს ეს მამობრივი გრძნობა არც განეცადა და ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან.

უფალს ვთხოვდი: ისე ნუ მომკლავ ჩემს შვილს კიდევ ერთხელ ჩამახუტე მეთქი. იმ გნიასში, აგონიურ ღრიანცელში, როცა ჩემს გარშემო ჩემი მეგობრები მოიცელნენ, მხოლოდ ჩემი ვაჟის თვალები მედგა თვალწინ…

გაგრიდან გამოვედით, ბარჟებით ვერტმფრენებით, კატერებით. წამოვასვენეთ ჩვენი მეგობრები თავის ოჯახებში. გაგრაში შემოიყვანეს რეზერვის გამოუცდელი ბატალიონები და დარჩა გაგრის კემენდატურის, მხედრიონის მცირე რაოდენობა. ერთ თვეში, 1992 წლის 2 ოქტომბერს მოწინააღმდეგემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და განიარაღებულ ქალაქზე შემოტევა დაიწყო. ხალხი დაიბნა, არ ელოდნენ.

მტერს ბოლომდე შეაკვდა გაგრის პოლიციის თანამშრომელთა და სწორედ მხედრიონელთა ერთი გუნდი. რომელმაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მტერს და მათი ცხედრებით მოფენილი იყო ქუჩები. ისინი დღესაც უგზო-უკვლოდ არიან დაკარულები.

 ქალაქში დარჩენილმა თითქმის განიარაღებულმა ბატალიონებმა ვერ გამონახეს საერთო ენა ვერ დაგეგმეს ქალაქის დაცვა, ბევრი ტყვედ ჩავარდა კიდეც,  მშვიდობიანი მოსახლეობა კი მტერმა სასტიკად ამოხოცა, აწამა, გააუპატიურა. თავისი ველური მხეცობით გააკვირვეს მთელი ქვეყანა და ყველა მიხვდა, რომ მოწინააღმდეგე იყო სრულიად არაცივილური, ველური ბუნებით დაგეშილი მტერი, რომელმაც დანდობა არ იცოდა.

(ნაწილი პირველი)

Next Post

ნინო ლომჯარიას თანამდებობიდან მოსაშორებლად პეტიციას ვამზადებ – მანჩო გიორგობიანი

ოთხ იან 22 , 2020
6,696 წაკითხვასამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შესახებ წერს სოციალურ ქსელში: „ამ ოცნებაში, კიდევ კარგი , ადრე თუ გვიან მაინც ხვდებიან და აცნობიერებენ საკუთარ შეცდომებს, აღიარებასაც არ ერიდებიან… მიუხედავად იმისა, ლომჯარიას ომბუდსმენობაც იმ სერიიდან არის – აიი, ხომ გეუბნებოდით?!!. ფაქტია, ნინო ლომჯარიას ომბუდსმენობა იმთავიდანვე უკანგადადგმული და მეტიც მოღალატეობრივი ნაბიჯი იყო ქვეყნისთვის და ამას ხმამაღლა ვამბობდით ბევრნი … ოცნების […]

შესაძლოა მოგეწონოთ