„უზარმაზარი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ – ეს ფილმი ყველამ უნდა ნახოს“

2,176 წაკითხვა

გუშინდელი საღამოდან უზარმაზარი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.
დავწერ, წავშლი, დავწერ, წავშლი, რადგან არ მინდა რაც ამ ფილმის ნახვისას განვიცადე მოძებნილმა სიტყვებმა გააყალბოს. ამ ფილმის უპირველესი ღირსება სწორედ ისაა რომ არაფერია ყალბი. საერთოდ არაფერი – საათნახევარში ჩატეული ქართული რეალობიდან დაწყებული მსახიობების თამაშით დასრულებული. მთელ ფილმს ისე უყურებ, ერთხელ არ გაგიფხაჭნის გულს სულ მცირე სიყალბეც კი.
სანამ ვნახავდი, მქონდა რაღაც მოლოდინები, მაგრამ რაც ვნახე ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
ეს არის ძალიან საყვარელი, სიკეთით და იმავდროულად საშინელი სევდით სავსე ფილმი, სადაც ჰომოსექსუალიზმის თემა მხოლოდ საშუალებაა და ძალიან სწორად შერჩეული საშუალება იმ რეალობის საჩვენებლად, რაშიც ვცხოვრობთ.
მე კინოთმცოდნე არ ვარ და ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ იმ სავარაუდო ნაკლებზე, რაც ალბათ აქვს ამ ფილმს, ვერც იმას ვიტყვი, მიიღებს თუ არა უცხოელი იმ შთაბეჭდილებას რაც ჩემზე, როგორც ქართველზე და ამ ფილმში აღწერილ რეალობაში მცხოვრებზე მოახდინა. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი – ეს ფილმი ყველამ უნდა ნახოს, მათაც ვინც კომბლეებით დასდევენ მათგან განსხვავებულებს, რადგან ეჭვი არ ,მეპარება, მისი ნახვა ბევრ მათგანს შეცვლის.
ამიტომ არ მინდა მათი დაცინვა და ლანძღვა, ვინც ასე სამარცხვინოდ მოიქცა ამ დღეებში, ან სახლში ზის და იგივეს ფიქრობს – ეს არ არის ფილმი აგრესიაზე, ეს არის ფილმი სითბოსა და სიკეთეზე და კიდევ საქართველოს არანორმალურ სიყვარულზე.
ეს ფილმი შლის გაუცხოებას, რომელიც არაჰომოფობიურ საზოგადოებას მაინც აქვს დარჩენილი, მთლიანად შლის და აღარ არსებობს ჩვენ და ისინი – ყველა ჩვენ ვხდებით.
ეს ფილმი ჩემზეა, თქვენზეა, ყველაზეა რომელშიც სულ მცირე ნაპერწკალი მაინც დარჩა ადამიანური და ამიტომ ვისაც არ გინახავთ და ისე ილანძღებით, აუცილებლად ნახეთ.
დიდი მადლობა რეჟისორს, მსახიობებს, ყველას, ვინც ამ ფილმის შექმნაში მონაწილეობა მიიღო. არ ვიცი ოსკარზე წარმატებული იქნებით თუ არა, მაგრამ თქვენ მე კიდევ ერთი ნაბიჯი გადამადგმევინეთ იმისკენ რაც ჩვენი სახით შექმნა ღმერთმა – ადამიანისკენ.

ირინა სარიშვილი

Next Post

„რა სარგებელი შეიძლება მიიღოს “ქართულმა ოცნებამ", თუ ქართული ეკლესია დაიშალა?“

სამ ნოე 12 , 2019
2,176 წაკითხვა„ივანიშვილმა აირჩია ის გზა, რაც ყველაზე უკეთესად გამოსდის – ქველმოქმედება. თუ ის განახორციელებს ამ პროექტებს, ქვეყნისთვის მხოლოდ კარგი იქნება, მიუხედავად ოპონენტების კრიტიკისა. ამასთან, აუცილებელია მთავრობის ეფექტიანი მუშაობაც, რისი გაკონტროლებაც მართებს მას, როგორც პარტიის ხელმძღვანელს. ეს ინტერვიუები, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ, შეიძლება ითქვას, პრელუდიაა, მე მისგან გაცილებით დიდ აქტივობას ველი. რაც შეეხება შედეგს, ცალკეული პროექტები ვითარებას ვერ შეცვლის, თუ მთავრობას […]

შესაძლოა მოგეწონოთ