„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
საუბარია ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებაზე, რომელშიც მან თქვა, რომ „ქვეყანაში ოპოზიციას არასტაბილურობის განცდა აწყობს”.
ნინო ბურჯანაძე კობახიძის კომენტარებს გამაოგნებელს უწოდებს და აღნიშნავს,რომ ივანიშვილს მოუწევს აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით განმარტების გაკეთება.
„დღემდე კიდევ ვფიქრობდი, რომ ქართულ პოლიტიკაში სიბრიყვეს, თავხედობას და უვიცობას აქვს საზღვარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ უვიცობას და სიბრიყვეს საზღვარი არ აქვს და ყოველდღე შეიძლება ახალ-ახალ სიურპიზებს ველოდოთ. აბსოლუტურად გამაოგნებელი იყო კომენტარები, რომლებიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი სპიკერის მხრიდან საღამოს გადაცემაში, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება ეხმარება შალვა ნათელაშვილის ოფისში მყოფ ოპოზიციას, რომ თურმე რუსეთის ხელისუფლება შეეკრა სააკაშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „ერთიანი საქართველოს“, სხვებს და ჩვენთან ერთად გეგმავს ქვეყანაში არასტაბილურობას. მათ შორის გაბუნიას მკვლელობის მცდელობას იმისათვის, რომ პროდასავლურ ბიძინა ივანიშვილს პრობლემები შეუქმნას. ძალიან დიდი ფანტაზია უნდა მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას.
ახლა, ბატონო ბიძინა, გამობრძანდით და გააკეთეთ კომენტარები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. გააკეთეთ კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ, როგორც პროდასავლურ პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც ყველა დასავლურ ფასეულობას არღვევთ, თურმე გებრძვით რუსეთის ხელისუფლება იმით, რომ გიგეგმავთ საქართველოს ტერიტორიაზე ჟურნალისტის მკვლელობას. გასაგებია, რომ თქვენ გინდათ ამერიკის კონგრესმენების და სენატორების წერილი გადაფაროთ, მაგრამ მსგავს საინტერესო ინტერპრეტაციას ალბათ ვერც ერთი პოლიტიკური ანალიტიკოსი ან პიარ ანალიტიკოსი ვერ შემოგვთავაზებდა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.