როგორ მოხვდნენ შეწყალებულთა სიაში მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს მკვლელობისთვის, ნარკოტიკების რეალიზაციისთვის და სხვა მძიმე დანაშაულისთვის იხდიდნენ – პროკურატურისთვის მიცემული ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ “ევროპული საქართველო”, 28 აგვისტოს შეწყალების სკანდალური აქტის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მუშაობას იწყებს. დადგენილების პროექტს პარტიის წევრები დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე წარადგენენ. კომისიამ უნდა დაადგინოს რის საფუძველზე ან ვისი რეკომენდაციით შეიწყალა პრეზიდენტმა ეს პირები და ხომ არ იკვეთება საქმეში კორუფციის ნიშნები. „ევროპული საქართველოს წევრის“ სერგო რატიანის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მხარს არ დაუჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი იქნება.
„ჩვენ დღეს დავაყენებთ საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რადგან თუ ხელისუფლება არ ასრულებს თავის ვალდებულებას, ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს პარლამენტმა. უნდა გააცნობიერონ უმრავლესობის წევრებმა, რომ მათთვის დამაზიანებელი იქნება ამ კომისიაზე უარის თქმა“,-განაცხადა სერგო რატიანმა.