დამატებით შეკითხვებს ბადებს კარლ ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? – რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში?- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას.
ვოლსკის განცხადებით, გარკვეული რეფორმები საქართველოს განსახორციელებელი აქვს, მაგრამ როცა საუბარია არჩევნებზე, თავად იმ ორგანიზაციამ, რომელსაც ჰარცელი წარმოადგენს, განაცხადა, რომ „გადახრებს” გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე, ხოლო ბევრი ევროპული სახელმწიფო ვერ დაიკვეხნის ისეთი ჩამოყალიბებული საარჩევნო კოდექსით, რაც საქართველოშია.
„ყველაფერი შესრულებული ვერც იქნება, ბევრი რეფორმა განსახორციელებელია, უბრალოდ, კიდევ დამატებით შეკითხვებს ბადებს კარლ ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? ადამიანები არსებობენ საქართველოშიც და ევროპაშიც, რომლებიც ძალადობაზე არიან გადასული უამრავი სხვადასხვა ნიშნით, გენდერული თანასწორობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა უმცირესობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. ან რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში და სასჯელი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიიღოს, ეს ხდება როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, თუკი ეს ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს. რეფორმებს რაც შეეხება და საარჩევნო სისტემას, მე არ მგონია, ბევრი ევროპული განვითარებული სახელმწიფო დაიკვეხნის ისეთ ჩამოყალიბებულ საარჩევნო სისტემას, კოდექსს, რაც საქართველოშია მიღებული. თუკი რაიმე გადახრები იყო, თავად კარლ ჰარცელის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ამ გადახრებს არ მოუხდენია ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე. თუკი რაიმე პროცესია, მაგალითად პოლარიზაცია მედიასივრცეში, აგრესიული ურთიერთობები პოლიტიკურ ველზე, უკიდურესად აგრესიული, მიუღებელი დემოკრატიული სამყაროსთვის, განა ამაში ხელისუფლების რგოლია მხოლოდ დამნაშავე, თუკი საერთოდ არის იგი დამნაშავე?! ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირმა თავის გადაწყვეტილებაში საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.