პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა, გადაცემა „რეაქციაში“ გიორგი გაბუნიას საქმეზე ისაუბრა.
მისი თქმით, როგორც სახელმწიფომ, ისე ოპოზიციამ უნდა გამოიჩინონ ადეკვატურობა და ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით უნდა იყვნენ ფრთხილად.
„მოდით დავანებოთ თავი, ამ შეკვეთის მიღმა დგას თუ არა რამზან კადიროვი, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ეს ან დადგინდება, ან არ დადგინდება. დიდი შანსია, რომ არ დადგინდეს.
ხშირ შემთხვევაში ის რაც ადვილად რეალიზებადი ხდება სპეცსამსახურებისთვის, არის სხვა სპეცსამსახურების მიერ ე.წ. „ზონდაჟისთვის“ გაკეთებული. როგორც წესი, როცა მაღალი დონის სპეცსამსახურებიდან იგეგმება ასეთი რაღაცეები, მისი ასე აღმოჩენა ვერ ხდება სამწუხაროდ.
ცოტა ხელოვნურობის და ლეგენდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც შეიძლება შემოგდებულია, ან არ არის.
ისეთი ქვეყანასთან, რომელთანაც არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და ამ ფედერაციის სუბიექტი ემუქრება შენს მოქალაქეს კი არა და ქვეყანას, გაყენებს შეურაცხყოფას, ამბობს, რომ ხარ უძლური და გეუბნება, რომ თუ მოუნდება ამას მართლაც გააკეთებს და ჩვენ ამაზე არ გვაქვს რეაქცია, ეს არის ამ საკითხის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური კონტექსტი.
ხელისუფლება, ასეთ შემთხვევაში უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ გაკეთდეს ადეკვატური განცხადებები. როცა სუსი არ ამბობს იმას, ვისი მკვლელობა არის აცილებული, რისთვის უხდი მადლობას, ცოტა გაუგებარია.
ქვეცნობიერად ვგულშემატკივრობ საგამოძიებო ორგანოებს. ჩვენი არასწორი კომენტარი, შეიძლება აზიანებდეს გამოძიების წარმართვას.
თუმცა, მეტი სიცხადე ცუდი არ იქნებოდა. ამღვრეული წყლის დაწმენდა თუ ხელისუფლების ინტერესშია, მაქსიმალურად სწრაფად, უნდა ეცადოს, რომ მეტი სიცხადე შეიტანოს. ახლა ფეისბუქის ეპოქაა და ძნელია შეინახო საგამოძიებო საქმე 3-4 თვე. უკვე არის იმის დრო, ამას პოლიტიკური კონტექსტიც დაერთოს.
კითხვები მაქვს. გასაგებია, რომ პირველ შემთხვევაში გიორგი გაბუნიას მონოლოგი იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი, მიუხედავად იმისა, მან განაცხადა, რომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება ამ მონოლოგის ეთერში წაკითხვის და საქმის კურსში არავინ ჩააყენა.
ახლა მეორე უცნაურობა, ნიკა გვარამიამ გააკეთა განცხადება გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის საქმეზე მას შემდეგ, როცა დააკავეს სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქე. ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მე ეს აქამდე არ მითქვამს გიორგი გაბუნიასთვისო.
თუ ასეთი ტიპის ინფორმაცია არსებობს და თან მის უკან ასეთი ხალხი დგას, რა გარანტიაა, რომ ამ კაცს შენ გადაარჩენ და მეორეც, რატომ არ აცხადებ ამ ინფორმაციას შესაბამის ორგანოებში?!
მინისტრობის პერიოდში, თუ მივიღებდი ასეთი ტიპის ინფორმაციას, ვერ გავრისკავდი, რომ ობიექტი არ დამებარებინა, არ დავლაპარაკებოდი ასეთი საფრთხის შესახებ. როგორ რისკავ ადამიანი, რომ შენს მეგობარს არ ეუბნები ასეთი სახის ინფორმაციას?! ეს კითხვა მაქვს და მგონი ლეგიტიმურიც.
ეს თემა აჩვენებს რამდენად მყიფეა ჩვენი სახელმწიფო. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის ერთგვარი ტესტი, შევდექით თუ არა სახელმწიფოდ. დღეს ვარ ოპოზიციური ჯგუფის დეპუტატი, მაგრამ დისკურსი რაც არის დღევანდელი ოპოზიციის, ძალიან არ მინდა მას გავყვე და ღია ბრალდებები წამოვაყენო.
სხვა რაღაც მაინტერესებს, როცა შემოყვანილია ჩრდილო კავკასიელი ელემენტი და ამის პედალირება ხდება, ვგრძნობ საფრთხეს.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიყოთ ფრთხილად ასეთ ფაქტებთან მიმართებაში. უნდა გამოვიჩინოთ შესაბამისი ადეკვატურობა, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ.
მოდით ამოვწიოთ ძველი საქმეები, იგივე ლაფანყურის საქმე, თარგამაძის საქმე, გაკეთდეს დიდი მაგიდა და დავუსვათ ყველაფერს წერტილი. “- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.