როდესაც ლევან თოფაძის დაჭრის საქმეში ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას სახელმა გაიჟღერა, კოლეგებს მაშინვე გაახსენდათ 2015 წელს „ალიაში“ გამოქვეყნებული ექსკლუზივი, სადაც დეტალურად არის აღწერილი, როგორ სცემა მაშინ 20 წლის ბუსა ჟვანიამ, რომელიც იმ დროს ამერიკაში სწავლობდა და საქართველოში იყო ჩამოსული, ბათუმში გია ბარამიძე. კარგია, რომ ეს ამბავი კოლეგებმა, როგორც ხშირდაც ხდება ხოლმე, თავის ექსკლუზივად მაინც არ გაასაღეს და აღნიშნეს, რომ ეს ისტორია „ერთ-ერთ მედიასაშუალებაში“ დაიბეჭდა. ის „ერთ-ერთი მედიასაშუალება“, რა თქმა უნდა, „ალიაა“.
გთავაზობთ 2015 წელს „ალიაში“ გამოქვეყნებულ სტატიის სრულ ვერსიას:
გია ბარამიძე ნაცემია! სკანდალი ბათუმში… რამდენიმე დღის წინ ბათუმში ზურა ჟვანიას ვაჟმა – ბესარიონმა, იგივე ბუსამ, გია ბარამიძეს განაჩენი გამოუტანა და სცემა. მაშ ასე, სკანდალის დეტალები, რა მოხდა ბათუმში?
გია ბარამიძე და ბუსა ჟვანია ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს ჰოლში ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ, ბარამიძე ჟვანიას ვაჟთან მიდის და იწყებს საუბარს: «მე მამაშენის ყველაზე ერთგული მეგობარი ვიყავი, მისი სულის წინაშე მართალი ვარ, ჩემი გაზრდილი ხარ და მინდა ეს იცოდე, მამაშენისთვის არ მიღალატია»… ბარამიძეს მონოლოგი უგრძელდება, ბუსა ჟვანია ცდილობს, ბარამიძე ძალიან ზრდილობიანად მოიცილოს თავიდან, ხმადაბლა და მოკრძალებით პასუხობს: საკმარისია, დაასრულე საუბარი… მაგრამ ბარამიძე ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ბუსა დაარწმუნოს, რომ ვაჟკაცია და… ბარამიძის უნამუსობით გაცეცხლებული ბუსა ჟვანია მდგომარეობიდან გამოდის და ბარამიძეს თავ-პირს უერთიანებს. ბუსა ჟვანიამ ბარამიძეს თავში ისე წამოარტყა, რომ სისხლიც კი წამოუვიდა. ბოლოს კი სულ პანღურით გააგდო, შეძახილების ფონზე: «გეტყობათ ყველას, როგორი მეგობრებიც იყავით და როგორი მეგობრობაც გაუწიეთ მამაჩემს, არაკაცები ხართ და კიდევ ბედავთ, თავს იმართლებთ და შავზე მიმტკიცებთ, თეთრიაო. თქვენ მამა მომიკალით, თქვენი ცხოვრებით შეურაცხყოფთ მამაჩემის სულს, ყველამ იცოდეთ, არ გაპატიებთ და განაჩენსაც მე გამოგიტანთ!»
გია ბარამიძისთვის ბუსას მოქნეული მუშტი და პანღურები მოულოდნელი აღმოჩნდა, მას ხელის შებრუნებაც არ უცდია და თავის დაცვაზე იყო გადასული, დასისხლიანებული ბარამიძე ძლივს გამოჰგლიჯეს ჟვანიას ხელიდან. მეორე დღეს გამწარებული ბარამიძე ბუსა ჟვანიას მობილურ ტელეფონზე «ეს-ემ-ეს-ებს» უგზავნიდა: «…ეს რა გამიკეთე, ბუსა? მე რატომ? რატომ?»…
«ნაციონალური მოძრაობის» წევრებისთვის ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა, მხოლოდ რამდენიმე ლიდერისთვის იყო ცნობილი ინციდენტის დეტალები, თუმცა მკაცრად ასაიდუმლოებენ ბარამიძის ცემა-ტყეპას. რამდენიმე დღეა გია ბარამიძე არსად არ ჩნდება, არც ნაცნობებს ეჩვენება და არც ეკრანზე ჩანს, ეტყობა, ჟვანიას თავში წამორტყმულს მისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია…
ინციდენტის ავთენტურობისა და დეტალების დასადგენად, «ალია» ბუსა ჟვანიას დედას, ქალბატონ ნინო ჟვანია-ქადაგიძეს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ინციდენტი ნამდვილად მოხდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და ტელეფონი მალევე გაგვითიშა.
ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით, «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერს, ნაცემ და ნაბეგვ გია ბარამიძეს.
-ბატონო გია ადასტურებთ, რომ თქვენსა და ზურაბ ჟვანიას შვილს შორის ინციდენტი მოხდა?
– ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ.
– იქნებ დაგვიკონკრეტოთ, ეს ამბავი ბათუმის რომელ სასტუმროში მოხდა?
– თქვენ ვინ გითხრათ ამ ინციდენტის შესახებ?
– ე.ი. ადასტურებთ, რომ ჟვანიას შვილმა გცემათ?
– მე გითხარით, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ, გასაგებია?
«ალია» ზურაბ ჟვანიას მეგობრებსაც დაუკავშირდა, ჩვენთან საუბარში მათ დაადასტურეს ცემის ფაქტი და განაცხადეს: «ბუსა ჟვანიამ ნამდვილად სცემა ბარამიძე და ის, ყველა ჩვენგანზე ვაჟკაცი აღმოჩნდა!!!»…
გოგლა ჟვანიას სკანდალურ განცხადებას შეგახსენებთ: «ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირება მიხეილ სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, გიორგი ბარამიძის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ განხორციელდა. სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი, სულ ცოტა, ხელს აფარებდნენ ზურაბ ჟვანიას მკვლელებს. უბედურების ადგილზე შეკრებილი იყო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბარამიძე და მსჯელობდნენ, რა ნივთები მიეტანათ იქ და სად დაელაგებინათ».
ნინო სამხარაძე, „ალია“